საფრანგეთი, რა თქმა უნდა, იტალიასთან ერთად, „ძველი სამყაროს“ ის ნაწილია, სადაც განსაკუთრებული პატივისცემით სარგებლობს ბუნებრივი ღვინოები. ყოველწლიურად აქ ეწყობა რამდენიმე დიდი გამოფენა, სადაც თავს იყრიან ღვინის მწარმოებლები მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან; ახალი და კარგად დავიწყებული ძველი მოსავლების ღვინოებს შეაჯამებენ და გაცვლიან კონტაქტებს ამ ღვინოებით შთაგონებულ იმპორტიორებთან, მწერლებთან, სასტუმრო-რესტორნების წარმომადგენლებთან და სხვა დაინტერესებულ ადამიანებთან.
იანვარ-თებერვლის გასაყარზე საფრანგეთში ორი ასეთი მნიშვნელოვანი გამოფენა ტარდება - La Dive Bouteille და Les Penitentes, სადაც ბუნებრივი ფრანგული ღვინოების გვერდით, მონაწილეობას იღებენ მოწვეული სტუმრები მსოფლიოს მეღვინეობის სხვადასხვა რეგიონიდან. ამ გამოფენებზე სტუმარი მიზნობრივია, ღვინოების არჩევანი კი - მრავალფეროვანი. აქ მოსულმა ყველაზე კარგად იცის, რომ გემოვნებაზე არ დავობენ, ამიტომ ზოგი მიზანმიმართულად, ბორდოსა და ლუარის წითელი ღვინოების რიგში დგება, ზოგიც - ფრიულის, თუ საქართველოს ნარინჯისფერ-ქარვისფერების. გამოფენები რამდენიმე დღეს გრძელდება და ამ პერიოდში საფრანგეთში თავს იყრის მსოფლიოს ნატურალური ღვინის მწარმოებელთა და მოყვარულთა დიდი ოჯახი.
როგორც ბუნებრივი ღვინის მწარმოებელი, სოლიკო ცაიშვილი აღნიშნავს, ნატურალური ღვინის გამოფენები მსოფლიოში, დაახლოებით, 2006-07 წლებში, გაცილებით მცირე მასშტაბებს აღწევდა. ბოლო ათი წელია, ბუნებრივი ღვინოების მიმართ ინტერესი განსაკუთრებით იზრდება და ღვინის სამყაროში ეს მოძრაობა ანგარიშგასაწევ ძალას ქმნის.
ბუნებრივი ღვინის მწარმოებლები საქართველოდან - იაგო ბიტარიშვილი (იაგოს ღვინო), ნიკი ანთაძე (ნიკი ანთაძის მარანი), ჯონ ვურდემანი (ხოხბის ცრემლები), ჯონ ოქრუაშვილი (OKRO Wines) ამ გამოფენებში წელს უკვე მეოთხედ მონაწილეობდნენ. მათ გარდა, წელს აქ საკუთარი ღვინოები წარმოადგინეს მარიამ იოსებიძემ, რამაზ ნიკოლაძემ და გიორგი ნათენაძემ.
რადგან ღონისძიებები, თითქმის, ერთდროულად მიმდინარეობდა, ქართული მარნები, პირობითად, ორ გუნდად გაიყო. ერთ ჯგუფი ანჟეში, Les Penitentes-ში მიავლინეს, სადაც მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდული იყო და გამოფენის მიმართულებაც უფრო პროფესიონალური გახლდათ; მეორე - სომიურში, La Dive Bouteille-ში იღებდა მონაწილეობას. ეს გამოფენა გამორჩეული იყო თავისი მასშტაბურობით და კონცეფციით - გარემო არაფორმალური იყო, უშუალო და ღია კომუნიკაციისთვის.
მარიამ იოსებიძემ La Dive Bouteille-ზე საკუთარი ღვინოები წელს მეორედ გამოიტანა. მისი დაკვირვებით, ქართული ღვინის, განსაკუთრებით კი - ქვევრის ღვინის ცნობადობა ამ გამოფენაზე შარშანდელთან შედარებით, საგრძნობლად გაიზარდა. „ბევრი ინტერესდებოდა ღვინის წარმოების ტექნოლოგიით. ბევრ კითხვებს სვამდნენ ქვევრის მეთოდზე“ - ამბობს მარიამი.
თუმცა, როგორც ირკვევა, ქვევრის ღვინოს მხოლოდ საქართველო არ წარმოადგენდა. პირველ რიგში აქ უნდა მოვიხსენიოთ ტიერი პუზლა, რომელსაც ვიცნობთ, როგორც ქვევრის ღვინის მწარმოებელს ლუარადან და ქართული ღვინის დიდ ქომაგს. ტიერის გარდა, დაინტერესებულ პირებს ქვევრის ღვინოებს სთავაზობდა ჰერვე ვილმადი (hervé villemade) ლუარადან, პოლ ესტივი (Paul Estève) რონიდან, ქვევრის ღვინოების არჩევანი იყო ფრიულიდანაც. მოგეხსენებათ, ეს ის რეგიონია, სადაც საქართველოს ფარგლებს გარეთ, პირველად დაიწყეს ქვევრის ღვინის წარმოება.
გამოფენებში ქართველი მწარმოებლების მონაწილეობა უზრუნველყო ღვინის ეროვნულმა სააგენტომ. სააგენტოს მხარდაჭერითვე საფრანგეთის ბუნებრივი მეღვინეობის ერთ-ერთმა მთავარმა ფიგურამ - ტიერი პუზლამ ქართული ღვინოების სამი დეგუსტაცია ჩაატარა: პარიზში (Le Cave), ორლეანსა (Les Becs a Vin) და ბლუაში (Les 400 Coups). თუკი დიდ გამოფენებზე ინტერესი, მეტ-ნაკლებად, თანაბრად გადანაწილდა შედარებით ნაკლებად ცნობილი რეგიონების მიმართ, ქართული ღვინის დეგუსტაციებზე ეს ინტერესი გაცილებით ნათლად გამოიკვეთა. შენობაში ტევა აღარ იყო და დეგუსტაციამ გარეთ, ქუჩაში გადაინაცვლა. ბევრი კითხვა იყო ქვევში ღვინის დაყენების მეთოდთან დაკავშირებით; იყო ქარვისფერების სტილითა და შეფერილობით გაოცებული სახეებიც, თუმცა, ძირითადად, ესწრებოდნენ პროფესიონალები და მომხმარებლები, ვინც საკმაოდ გაცნობიერებულნი იყვნენ ქართული ღვინის სტილსა და ავტენტურ მეთოდებში.
2015 წელს საქართველოდან საფრანგეთში ექსპორტზე გავიდა 38 000 ბოთლი ღვინო, რაც 2014 წლის მაჩვენებელს 190 %-ით აღემატება. როგორც ღვინის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, ექსპორტის ძირითადი წილი, სწორედ ქვევრის ღვინოზე მოდის.
© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი
თქვენი კომენტარი