2016 წელს Boston Wine Expo-ზე ქართული ღვინო ადგილობრივ მომხმარებლებს, პროფესიულ საზოგადოებას, გაყიდვების სფეროს წარმომადგენლებსა და მსხვილი კომპანიების ხელმძღვანელებს ქართული ღვინის იმპორტიორმა კომპანიამ, Georgian Toast-მა გააცნო. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო კომპანიების - თბილღვინოს, ჯაყელების ორგანული ვენახისა და ღვინოების და კახური ტრადიციული მეღვინეობის 6 ღვინო: საფერავი 2012 - ჯაყელების ორგანული ვენახი და ღვინოები; რქაწითელი 2014, საფერავი 2013, საჩინო 2014 - Georgian Velleys (თბილღვინო), რქაწითელი 2013, ორბელური ოჯალეში 2012 - კახური ტრადიციული მეღვინეობა.
ღვინის საინფორმაციო ცენტრი დაუკავშირდა კომპანია Georgian Toast-ს, სთხოვა გაეზიარებინა შთაბეჭდილებები Boston Wine Expo-ს გარშემო და ორიოდე სიტყვით მოეთხრო საკუთარი მისიისა და საქმიანობის შესახებ.
გთავაზობთ ინტერვიუს კომპანიის ერთ-ერთ დამფუძნებელთან, თემო აბულაძესთან.
თუ შეიძლება, გაგვაცანით თქვენი კომპანია, მისი მიზნები.
დიდი მადლობა, რომ დაინტერესდით ჩვენი კომპანიით. Georgian Toast გასულ წელს დაარსდა ოთხი მეგობრის მიერ, რომელთაგან ორი ქართველია. ჩვენი მიზანია, ქართულმა ღვინომ ადგილი დაიმკვიდროს და ცნობადი გახდეს აშშ-ში, ისევე, როგორც სამხრეთ აფრიკამ, ახალმა ზელანდიამ და ავსტრალიამ. ჩვენ კონცენტრირებულები ვართ ექსკლუზიურად ქართულ ღვინოებზე და საკუთარ თავს მოვიაზრებთ ქართული ღვინისა და კულტურის ელჩებად. ჩვენთვის განათლება უმთავრესი პრიორიტეტია და გვჯერა, რომ ჩრდილოეთ ამერიკაში ერთგული და მზარდი მომხმარებლის მოპოვების ერთადერთი გზა ჩვენი ღვინოების შესახებ საზოგადოებისა და შესაბამისი ბაზრის ინფორმირებაა.
Georgian Toast იყო ის კომპანია, რომელმაც წლევანდელ Boston Wine Expo-ზე ქართული ღვინო წარმოადგინა. როგორია გამოფენასთან დაკავშირებული შთაბეჭდილებები?
Boston Wine Expo მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო ჩვენთვის. ეს არის ნამდვილად ეროვნული მნიშვნელობის ღონისძიებაა, შესაბამისად, გვქონდა პატივი, შევხვედროდით კვებისა და სასმელების ინდუსტრიის არაერთ ხელმძღვანელს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჩვენ, ელჩების როლში, დიდი სიამოვნებით ვუამბეთ ხალხს ქართული ღვინისა და კულტურის შესახებ. ღვინოების დაგემოვნების შემდეგ ყველა აღფრთოვანებული დარჩა და შეფასებებიც ყოველმხრივ დადებითი იყო. უმეტესობას, ვინც გამოფენას ესწრებოდა, არასდროს სმენოდა ქართული ღვინის შესახებ, თუმცა როგორც კი დააგემოვნეს, ყველა ცდილობდა, რაც შეიძლება მეტი გაეგო. როგორც ქართული ღვინის ახალი დისტრიბუტორები აშშ-ში, ჩვენ ძალიან გაგვახარა ამგვარმა აღტაცებამ.
ქართული ღვინო აშშ-ში, შეიძლება ითქვას, პირველ ნაბიჯებს დგამს. თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, რა გამოწვევებმა იჩინა თავი ქართული ღვინის წინაშე ამერიკის ბაზარზე?
მიუხედავად დადებითი გამოხმაურებებისა, ჯერ კიდევ ბევრი რამაა გასაკეთებელი. ჩვენ რთულ მწვერვალებს შევეჭიდეთ. ამერიკული ბაზარი საოცრად კონკურენტულია და მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელები ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტ ღვინოს სვამენ და დახვეწილი გემოვნება უყალიბდებათ, ქართული ღვინის შესახებ მათ ჯერ კიდევ არ იციან.
ჩევნ გვჯერა, რომ გრძელვადიან ჭრილში, ერთადერთი გამოსავალი, რაც ამ პრობლებას გადაჭრის, ეს არის საქართველოს მთავრობის, მეღვინეობებისა და იმ კომპანიების თანამშრომლობა, რომლებიც ქართულ ღვინოს თავიანთი პორტფოლიოს ბოლოსკენ, სხვათაშორის კი არ დაურთავენ, როგორც ამას ჩვენამდე ბევრი აკეთებდა, არამედ, უშუალოდ კონცენტრირებულნი არიან მასზე. სახელმწიფო უნდა დაეხმაროს იმ კომპანიებსა და ადამიანებს, რომლებიც უდაოდ მოწადინებულნი არიან, რომ ქართული ღვინო პრორიტეტული გახდეს.
რას მოიაზრებთ თქვენს უახლოეს გეგმებში?
ჯერჯერობით, გვაქვს პატივი, ვიმუშაოთ რამდენიმე არაჩვეულებრივ მეღვინეობასთან და, ამასთანავე, ვცდილობთ ჩვენი პორტფოლიოს განვითარებას. ჩვენი კონტეინერი 30 მარტამდე საქართველოშია. ვიწვევთ ნებისმიერ მარანს, მოგვაწვდინონ ხმა, ვისაც უნდა, რომ გავითვალისწინოთ აშშ-ში იმპორტისა და დისტრიბუციისთვის.
ესაუბრა ქეთო ნინიძე
19/02/2016
© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი
თქვენი კომენტარი