2018 წლის 1 თებერვლიდან ღვინის ეროვნულ სააგენტოში სერტიფიცირების ელექტრონული სისტემა ამოქმედდება. ამის შესახებ დღეს, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა ღვინის კომპანიების წარმომადგენლებს განუცხადა.
სასტუმრო „ბილტმორში“ გამართულ შეხვედრაზე, ზემოთ აღნიშნულ სიახლესთან ერთად, ასევე განხილული იყო „ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელისა და ყურძნისეული წარმოშობის სპირტის სერტიფიცირების წესში“ ცვლილებების პროექტი, რომლის მიზანი პროდუციის ხარისხის კონტროლის გაუმჯობესებაა.
გიორგი სამანიშვილმა აღნიშნა, რომ ელექტრონული სისტემის დანერგვით გამარტივდება სერტიფიცირების პროცედურები. მწარმოებელი ინტერნეტის მეშვეობით შეძლებს დეკლარაციის შევსებას, განაცხადის გაკეთებას და მხოლოდ მზა სერტიფიკატის ასაღებად მოუწევს სააგენტოში მისვლა.
ხარისხის კონტროლის სისტემის სრულყოფისა და სერტიფიცირების წესში დაგეგმილი ცვლილებებზე მუშაობის პროცესში ღვინის კომპანიები აქტიურად იყვნენ ჩართულნი. "მთავრობა და კერძო სექტორი თანხმდება, რომ დაბალხარისხიანი ან უხარისხო ღვინო საქართველოში არ უნდა იწარმოებოდეს“ - განაცხადა შეხვედრაზე გიორგი სამანიშვილმა.
ღვინის კომპანიების წარმომადგენლებმა ტრენინგი გაიარეს ახალ, ელექტრონულ სერტიფიცირების სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით. საჭიროეების შეთხვევაში, სააგენტო მზად არის მსურველებს ჩაუტაროს დამატებითი კონსულტაციები.
მეღვინეობის დარგის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ასევე განხილული იყო „ვაზისა და ღვინის შესახებ კანონში“ შესულ ცვლილებებთან დაკავშირებული საკითხები. კერძოდ, მიმდინარე წლის 1 იანვრიდან სავალდებულო დეგუსტაციას დაექვემდებარა ყველა კატეგორიის საექსპორტო ღვინო. აქამდე ეს მხოლოდ ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოებს ეხებოდა. გიორგი სამანიშვილის თქმით, აღნიშნული ცვლილების ინიციატივა კერძო სექტორის მხრიდან მოდიოდა და პროცესი შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს.
© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი
თქვენი კომენტარი