Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ხსოვნა - თამაზ კანდელაკი

ლევან სეფისკვერაძე

28 მარტს, 79 წლის ასაკში, ცნობილი ქართველი მეღვინე და ღვინის ექსპერტი, თამაზ კანდელაკი გარდაიცვალა. თამაზ კანდელაკმა ბავშვობა წინანდალში გაატარა, ახალი ქართული მეღვინეობის აკვანში, სადაც ალექსანდრე ჭავჭავაძის მამულები იყო და სადაც პირველად დამზადდა ქართული ღვინო ევროპული ტექნოლოგიების დაცვით. ბატონი თამაზის მამა, ცნობილი ქართველი მეღვინე, საქართველოს დამსახურებული მეღვინე, გური კანდელაკი, იმ დროს მუშაობდა წინანდლის ღვინის ქარხნის მთავარ მეღვინედ. აქედან გამომდინარე, თამაზ კანდელაკი ჯერ კიდევ ბავშვობიდან ეზიარა ღვინის სიყვარულს და მეღვინეობის საიდუმლოებებს.

შემდეგ წლებში, თამაზ კანდელაკის მამა გადმოიყვანეს მთავარ მეღვინედ ვერაზე მდებარე თბილისის ღვინის პირველ ქარხანაში. თამაზ კანდელაკმა თბილისში დაამთავრა მეშვიდე ვაჟთა სკოლა (დღევანდელი 53-ე სკოლა) და მამის კვალს გაჰყვა. სწავლა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში გააგრძელა, რომლის დამთავრების შემდეგ, მუშაობა დაიწყო თბილისის კონიაკის ქარხანაში. ამ ქარხანაში იმ დროს მუშაობდა მსოფლიოში ცნობილი კონიაკის სპეციალისტი, ვახტანგ ციციშვილი. ვახტანგ ციციშვილთან ერთად, ბატონმა თამაზმა რამდენიმე წელიწადი გაატარა და სწორედ იქიდან დაიწყო მისი, როგორ მეღვინის წარმატებები.

“მეღვინეობა ხელოვნებაა და არა ხელობა“

კონიაკის ქარხნიდან, თამაზ კანდელაკი მალევე გადავიდა მევენახეობა-მეღვინეობის კვლევით ინსტიტუტში, სადაც დაიცვა დისერტაცია. მისი მოღვაწეობის შემდეგ წლები მთლიანად მეღვინეობის დარგს უკავშირდება. იყო “სამტრესტის” ცენტრალური ლაბორატორიოს უფროსი, საწარმოო გაერთიანება ”თბილღვინოს” გენერალური დირექტორი, ”სამტრესტის” მმართველის მოადგილე, და შემდეგ უკვე ”სამტრესტის” მმართველი. თამაზ კანდელაკის მეგობრები იხსენებენ პერიოდს, როდესაც ბატონი თამაზი თავისი მუშაობით ახალგაზრდებს აძლევდა მაგალითს იმისა, თუ როგორი უნდა ყოფილიყო ქართველი მეღვინე.

შემდეგ, წლების მანძილზე სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში ხელმძღვანელობდა მეღვინეობის ფაკულტეტის გამოსაშვები კურსების სამეცნიერო დაცვებს. მის ხელში ამთავრებდნენ სტუდენტები ინსტიტუტს და იგზავნებოდნენ ქარხნებში. თამაზ კანდელაკის სტუდენტებს წარმატება თან სდევდათ. როგორც თამაზ კანდელაკი ხშირად ამბობდა ხოლმე: ”მეღვინეობა ეს არის ხელოვნება და არა უბრალოდ ხელობა”. ბატონ თამაზს ჰქონდა ძალიან ბევრი ტიტული, რაზეც ის საჯაროდ არასოდეს საუბრობდა.

თამაზ კანდელაკი იყო: საქართველოს დამსახურებული მეღვინე, მევენახეობა-მეღვინეობის საერთაშორისო აკადემიის აკადემიკოსი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, საერთაშორისო ღვინის ექსპერტი, მეღვინე-დეგუსტატორი. გარდა ამისა, თამაზ კანდელაკმა თავისი მოღვაწეობის პერიოდში არაერთი ღვინის მარკა შექმნა, რომლებიც შემდგომში ქართული მეღვინეობის სახედ ჩამოყალიბდნენ. ეს ღვინოები იყო, მაგალითად: ”ნაფარეული”, ”ყვარელი”, ”ვაზისუბანი”, ”თბილისური”, “მთაწმინდა” და მრავალი სხვა, რომლებიც ბატონი თამაზის ინიციატივით ისხმებოდა და მრავალ ჯილდოსაც ღებულობდნენ.

მეღვინე და მასწავლებელი

ბოლო ოცი წელი თამაზ კანდელაკმა თავის მეგობრებთან ერთად გაატარა ღვინის კომპანია “ჯი ვი ეს”-ში, რომელიც მათ მიერვე იყო დაფუძნებული. იგი იყო ამ კომპანიის პირველი მთავარი მეღვინე, და მან წლების განმავლობაში 200-ზე მეტი ჯილდო დაიმსახურა. თითქმის ყველა ღვინო, რომელიც კომპანია ”ჯი ვი ეს”-ში ჩამოისხა, ასევე მაგარი სასმელები და ცქრიალა ღვინო, ბატონი თამაზის შექმნილი იყო. მას ჰყავდა გუნდი, რომელთან ერთად მუშაობდა და თვითონ იყო ამ გუნდის წინამძღოლი.

თამაზ კანდელაკი შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბედნიერი ადამიანი იყო, რადგან მას ჰყავდა კარგი ოჯახი (მეუღლე, ქალიშვილები, შვილიშვილები) და თავისი უკანსაკნელი წლები გაატარა იმ იმედით, რომ ქართული მევენახეობა-მეღვინეობის აღორძინებას მოესწრებოდა, რისთვისაც იღწვოდა კიდეც წლების მანძილზე.

თამაზ კანდელაკი მოღვაწეობდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. როგორც ექსპერტი, როგორც სადეგუსტაციო კომისიის წევრი. მას აქვს მონაწილეობა მიღებული ლონდონის, ბორდოს, დიუსელდორფის, მაიამის, ჩიკაგოს, ნიუ-ორლეანის და სხვა ღვინის გამოფენებში. უცხოეთში გამართული ღვინის გამოფენებიდან დაბრუნების შემდეგ, მხრცოვან მეღვინეს წესად ჰქონდა, რომ თავის სტუდენტებს და ახალგაზრდა მეღვინეებს ხვდებოდა და იქაურ შთაბეჭდილებებს უზიარებდა. თამაზ კანდელაკის მოსწავლეები იხსენებენ, რომ ბატონ თამაზს ახალგაზრდებისათვის რჩევის მიცემა და ცოდნის გაზიარება ყველაზე მეტად უყვარდა. დღეს ქართულ მეღვინეობის დარგში თამაზ კანდელაკის მიერ გაზრდილი არაერთი ცნობილი მეღვინე მოღვაწეობს, რომლებმაც შემდგომში საკმაოდ დიდ წარმატებებს მიაღწიეს.

როდესაც ახალგაზრდა მეღვინეები დიპლომს დაიცავდნენ, მათ აგზავნიდნენ ღვინის ქარხნებში მეღვინეებად. შემდეგ ეს მეღვინე მუშაობდა ქარხნაში, იმაღლებდა თავის ოსტატობას და ინიშნებოდა მთავარი მეღვინედ. თამაზ კანდელაკის მეგობრები იყვნენ საბჭოთა პერიოდში ყველაზე ცნობილი ქართველი მეღვინეები: გოგი თუშმალიშვილი, ელიზბარ გულისაშვილი, ლევან დემეტრაძე, გივი მიქაშავიძე, გივი ნიკოლეიშვილი, გივი გუჯეჯიანი, ელგუჯა ბაკურაძე, ბიძინა ჯაველიძე, შოთა გიორგობიანი და სხვები. ხოლო, თამაზ კანდელაკის გაზრდილებია არიან მთელი თაობა მეღვინეებისა, რომლებიც დღეს წარმატებით მოღვაწეობენ სხვადასხვა ქარხნებში.  

ტარხუნის არყით გახსნილი ”რკინის ფარდა”

თამაზ კანდელაკის მეგობარი და კოლეგა, მეღვინე და ალკოჰოლური სასმელების ცნობილი სპეციალისტი, ბონდო კალანდაძე იხსენებს იმ 50 წელს, რომელიც მან და ბატონმა თამაზმა ერთად გაატარეს: ღვინის სარდაფში, სადეგუსტაციო ოთახში, გამოფენებზე თუ მარნებში. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თამაზ კანდელაკი და ბონდო კალანდაძე მსოფლიოს 38 ქვეყანაში ერთად არიან ნამყოფები.

ბონდო კალანდაძე, მეღვინე, პროფესორი: ”ის წარმატებები და მიღწევები, რაც ადრე ქართულ ღვინოს ჰქონია, იყო სწორედ იმის დამსახურება, რომ საქართველოში არსებობდა ისეთი მეღვინეები, როგორიც იყო ბატონი თამაზი. მე სხვა მარავალი ქვეყნის გარდა, მასთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებშიც ვიყავი. თან ვიყავი ისეთ დროს, როდესაც ამერიკაში ქართული კი არა, საერთოდ საბჭოთა პროდუქცია საერთოდ არ გადიოდა. ჩვენ ამერიკაში პირველებმა ჩავიტანეთ ”არაყი ტარხუნა”. ტარხუნის არაყის პრეზენტაციაზე, ბატონი თამაზი, მე და ჯემალ მესხი წარმოვადგენდით იმ ქართულ დელეგაციას, რომლებიც პირველნი ჩავიდნენ ამერიკაში და ეს იყო დიდი მოვლენა, რომელმაც ქართველ მეღვინეებს შემდგომში ამერიკის გზა გაუკვალა.

შემთხვევით არ მითქვამს, რომ იმ პერიოდში (1989 წელს) საბჭოური მართლა არაფერი იყიდებოდა შტატებში. საბჭოურ თვითმფრინავებსაც კი არ სვამდნენ ამერიკის კენედის სახელობის აეროპორტში იმის გამო, რომ დიდი გამონაბოლქვი ჰქონდა. ასევე არ აძლევდნენ რუსულ ავტომობილებს ამერიკაში მოძრაობის ნებას იმიტომ, რომ ძალიან ხმაურიანი ძრავები ჰქონდათ. ამის გამო, საბჭოთა კავშირის ელჩი იძულებული იყო, რომ ამერიკული მანქანით ეარა. საბჭოთა კავშირიდან ამერიკაში ერთადერთი რაც შევიდა, ეს იყო ბატონი თამაზ კანდელაკის და ჩვენი მეცადინეობით შექმნილი ”არაყი ტარხუნა”. მანამდე, ამერიკაში კი შევიდა რუსული არაყი ”სტალიჩნაია”, მაგრამ ეს არაყი ამერიკაში კი არ გაიყიდა, რუსებმა გაცვალეს ”პეპსის” ქარხნებში. ამერიკელებმა საბჭოეთში ააშენეს ”პეპსის” ქარხნები და მის სანაცვლოდ, წაიღეს რუსული არაყი.

როდესაც ბატონ თამაზთან ერთად ნიუ-იორკში ჩავედი, ჩვენ ისეთი შეხვედრები გვქონდა, რომ შეიძლება ითქვას, არყით გავარღვიეთ ის ბარიერი, რაც ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობდა. ჩვენმა ტარხუნის არაყმა ამერიკაში გაყიდვების თვალსაზრისით ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. 120 ათასი ყუთი გაიყიდა. არ დამავიწყდება ის დღეები და ამ წარმატების გამო გახარებული თამაზ კანდელაკი, რომელიც ძალიან ბედნიერი იყო იმით, რომ როგორც იქნა, ჩვენმა სასმელმა ამერიკაშიც შეაღწია” – იხსენებს ბონდო კალანდაძე.

კარგი საქმეები არ უნდა იკარგებოდეს!

იმ პერიოდში, როდესაც თამაზ კანდელაკი ”სამტრესტს” ხელმძღვანელობდა, თითქმის ყველა კატეგორიის ალკოჰოლური სასმელი მის ხელში გადიოდა და მისი მეთვალყურეობით მზადდებოდა. როგორც ღვინოები, ასევე ცქრიალა ღვინოები, კონიაკი, ლიქიორი, არაყი, ძმარი, ღვინის სიმჟავე... ბატონი თამაზი იყო თითქმის ყველა დეგუსტაციის მონაწილე და იცოდა პრაქტიკულად ყველა ქართული ალკოჰოლური სასმელის ხარისხობრივი მაჩვენებელი. მას ჰქონდა უნარი, რომ თავისი ცოდნა მუდმივად გაეზიარებინა სხვებისათვის. ცოდნა იმისა, თუ რას ნიშნავს ღვინის შექმნა, ღვინის მოხმარება, დეგუსტაცია და სხვა... იმ დროს, როდესაც “სამტერსტს“ სათავეში თამაზ კანდელაკი ედგა, ”სამტრესტში” შედიოდა 120 ე.წ. პირველადი ღვინის ქარხანა და 25 მეორადი ჩამომსხმაელი ქარხანა, მათ შორის 14 ყოფილ საბჭოთა კავშირის რვა რესპუბლიკაში

საქართველოში იმ პერიოდში მზადდებოდა 30 მილიონი დეკალიტრი ღვინო, რომელიც იგზავნებოდა 15 რესპუბლიკაში. 6 მილიონი დეკალიტრი ღვინო იყიდებოდა საქართველოში (რაც ძალზედ მნიშვნელოვანი მაჩვენებელია). მზადდებოდა 2 მილიონი დეკალიტრი კონიაკი, მილიონი დეკალიტრი არაყი და ლიქიორი, 25 მილიონი ბოთლი შამპანური, 300 ათასი დეკალიტრი ძმარი, 300 ტონა ღვინის სიმჟავე. ვფიქრობთ, მეტად შთამბეჭდავი ციფრებია...

თამაზ კანდელაკის “სამტრესტში” მუშაობის პერიოდში, მისი ინიციატივით, თვეში ერთხელ ცნობილი და გამოცდილი მეღვინეები დეგუსტაციებზე იკრიბებოდნენ, სადაც ძირითადად ხდებოდა ახალგაზრდა მეღვინეების მიერ დამზადებული ღვინის გასინჯვა. მაშინ ყველა ახალგაზრდა მეღვინის ოცნება იყო, რომ მის ღვინოზე თამაზ კანდელაკს რაიმე დადებითი ეთქვა. თამაზ კანდელაკის სიტყვები იყო ერთგვარი გზის გაკვალვა ახალბედებისათვის.  

ქართველი ვეტერანი მეღვინეები გულისტკივილით ამბობენ, რომ თამაზ კანდელაკის გარდაცვალებით, ჩვენმა მეღვინეობამ, მეღვინეობის პატრიარქი დაკარგა. ამიერიდან, როდესაც ღვინის მაღაზიებში შევალთ და ღვინოებს: “ნაფარეულს”, ”ყვარელს” და ”ვაზისუბანს”, ”თამადას”, ”ძველ თბილისს” და სხვას შევიძენთ, გვახსოვდეს, რომ ღვინის ეს მარკები ქართული მეღვინეობის პატრიარქის, თამაზ კანდელაკის შექმნილია.

კარგი საქმეები არ უნდა იკარგებოდეს!

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.