Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ოზ კლარკი - ღვინის სნობიზმის წინააღმდეგ

თეა თოფურია

სანამ მსოფლიოში სახელგანთქმული დეგუსტატორი გახდებოდა, ოზ კლარკი მსახიობი იყო. მიუზიკლში კაგებეს თანამშრომლის როლს ასახიერებდა. ერთხელაც, მორიგი სპექტაკლის შემდეგ ბარში შემთხვევით გაიცნო ადამიანი, რომელმაც ღვინის ავკარგიანობაზე წიგნის დაწერა შესთავაზა. ,,კაფეში 20 წუთით ადრე ან გვიან რომ შევსულიყავი, დღემდე კაგებეს თანამშრომლის როლს ვითამაშებდი”, - გაიხსენა კლარკმა მოგვიანებით, როცა უკვე ღვინის ცნობილი ექსპერტი იყო. 

წიგნის დასაწერად ოზთან შემთხვევით არ მისულან, ჯერ კიდევ მაშინ დადიოდა ხმები, რომ კლარკი ღვინოებში ერკვეოდა. საკუთარ თავში ამ ნიჭს სრულიად მოულოდნელად მიაგნო. ოზს სჭირდებოდა ადგილი (ბარი, წვეულება ან რამე ამდაგვარი), სადაც გოგოს დაპატიჟებდა და ეს ძვირიც არ დაუჯდებოდა. ასე მოხვდა ფრანჩესკასთან ერთად დეგუსტაციაზე და მაშინვე ორი რამ აღმოაჩინა: პირველი - ღვინის საოცარი ხიბლი, მეორე კი ის, რომ წვეულებაზე ჯინსები მხოლოდ მას ეცვა.

აღიარება ცოტა ხნის შემდეგ მოვიდა, როდესაც ინგლისელებმა, რომელთა შორის კლარკიც იყო, ღვინის დეგუსტაციაში ფრანგებს აჯობეს. ოზი მაშინვე მოხდა გაზეთებში, მათ შორის ფრანგულშიც, იმ განსხვავებით, რომ იქ დამარცხების შესახებ ნიუსი შავ ჩარჩოში ჩასვეს.

მოგვიანებით გაზეთის ფურცლებიდან კლარკმა ტელევიზიაშიც გადაინაცვლა. მას გადაცემა მიყავდა, რა თქმა უნდა, ღვინოზე. ოზი პირდაპირ ეთეში სინჯავდა ღვინოებს. იგივეს აკეთებდა ეკრანის წინ მჯდარი ტელემაყურებელიც. ზოგი, პირიქით, გადაცემის მერე მიდიოდა მარკეტში იმ სასმელის შესაძენად, რომლის დეგუსტაციასაც ეს-ესაა უყურა.

,,გვინდოდა, გადაცემა მხიარული და საინტერესო გამოგვსვლოდა. ღვინის გარდა სხვა სასმელებზეც ვსაუბრობთ. ჩვენი ძირითადი მიზანი ღვინის დემოკრატიზება იყო, რადგან არცთუ დიდი ხნის წინათ ეს სასმელი ბრიტანეთში მაღალ საზოგადოებაზე გათვლილ, ელიტარულ სასმელად მიიჩნეოდა. მე კი ასე არ ვფიქრობდი, ღვინო ნებისმიერი ადამიანის ცხოვრების ნაწილი უნდა იყოს, როგორც ეს საფრანგეთში, ესპანეთსა და იტალიაშია მიღებული.

80-იანი წლებიდან ბევრი ინგლისელი შვებულებას საზღვარგარეთ ატარებდა, იქ, სადაც ღვინო გასტრონომიული კულტურის განუყოფელი ნაწილია და როდესაც ისინი უკან ბრუნდებოდნენ, ბუნებრივად უჩნდებოდათ კითხვა: რატომ არ შეიძლებოდა მისი თავისუფლად მირთმევა სამშობლოშიც. წინათ მიზეზი კლასთა სისტემა იყო, რომელიც ამბობდა: "არა! ღვინო თქვენი თანამოძმისთვის არაა განკუთვნილი." ჩვენ კი ვამბობთ, რომ ღვინო ყველასია, ვისაც სურს, მისით ისიამოვნოს. ღვინის სნობიზმი ნამდვილი წყევლა იყო, ინგლისის შავი ჭირი და ჩვენ ვითარების შეცვლა გვინდოდა.

80-იან წლებში ინგლისში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა სუპერმარკეტები. ინგლისელებში საზოგადოებრივი შეგნება ყოველთვის მუშაობს, ჩვენ კი ამას ვებრძოდით, ჩვენ გვინდოდა, რომ ადამიანს, რომელიც თაროდან ბოთლს აიღებდა, დანაშაულის შეგრძნება არ გასჩენოდა. რასაკვირველია, ქვეყანაში კოლოსალური ცვლილებები მოხდა. 50-იანი წლების ბოლოს ღვინოს ინგლისელთა მხოლოდ 5% მიირთმევდა, დღეს კი ეს ციფრი 85%-მდე გაიზარდა. ამაში ჩვენც მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანეთ”, - ამბობს კლარკი.

ოზის რეფორმა საკმაოდ დროული იყო, რადგან თუ ღვინოს არ დალევ ახლა, მომავალში იგივე ღვინოს უბრალოდ ვეღარ იშოვი. ეკონომიკა ღვინის ბაზარს ცვლის, გლობალური დათბობა კი იმ ტერიტორიებს, რომელზედაც ვენახია გაშენებული. ყურძნის მოყვანა უკვე შვედეთში, დანიაში, ფინეთშიც დაიწყეს. ,,ჩვენი შვილიშვილები სულ სხვა ღვინოებს დალევენ, იმ ვენახების ღვინოებს, რომელებიცჯერ არ დაურგავთ ან მივიწყებულია”, – ეს კლარკის პროგნოზია, მან იცის რასაც ამბობს, რადგამ იმ პირველი შეთავაზების შემდეგ, ამ თემაზე უამრავი წიგნი დაწერა. ღვინის ატლასის მომავალ გამოცემაში უკვე შეიძლება იმ ქვეყნის ღვინოებიც შევიდეს, რომლებიც ჯერ სხვა წიგნებში არ მოხვედრილან. კლარკი მიიჩნევს, რომ მომავალში გლობალური ბრენდები იმდენი არ იქნება, რამდენიც ახლაა, მომავალი უფრო მიტოვებულ ვენახებს ეკუთვნით.

თავის გადაცემაში ოზ კლარკი ძირითად ისეთი ღვინოების პრეზენტაციას ახდენდა, რომელთაც გამოკვეთილი გემო ჰქონდათ. გემოს გადმოსაცემად, რა თქმა უნდა, მისი აღწერა და ბოთლის ეტიკეტის წაკითხვა არ კმაროდა, დაგემოვნების შემდეგ სახე ღიმილს უნდა გაენათებინა. კარგად შერჩეული ღვინო და მსახიობის კარიერა ამისთვის სრულიად საკმარისი იყო. ოზის კამერის წინ დგომა ისევე არ გასჭირვებია, როგორც წიგნის დაწერა. მრავლმხრივი ნიჭი ღვინის სნობიზმის წინააღმდეგ! ღვინო კარგია და ყველასია! ეს თვალსაზრისი ოზის, როგორ ჩანს, დაბადებიდან დაჰყვა. ის ერთ კურიოზულ შემთხვევას იხსენებს.

,,როცა სამი წლის ვიყავი, მთელი ოჯახი კემბრიჯთან ახლოს პიკნიკზე წავედით. მოულოდნელად ჩემი ძმა მდინარეში ჩავარდა, მამა მას მიჰყვა. დედაჩემი ისტერიკაში იყო. მე კი დრო ვიხელთე და ღვინის ბოთლი მოვიყუდე”.

თუმცა ოზს ღვინო არ შეარგეს. ერთი შვილის გადარჩენის შემდეგ, მდინარიდან ამოსულმა მამამ, ახლა მეორის გადარჩენას მიჰყო ხელი და ყველა ღონე იხმარა, რათა ალკოჰოლი ბავშვის ორგანიზმში არ დარჩენილიყო.

უფრო ხეირიანად ღვინო ოზმა დის ნთლობაზე გასინჯა, თუმცა დაუსჯელი არც მაშინ გადარჩენილა. ახლა ის ,,მსოფლიოს საუკეთესო ცხვირია” და ყნოსვის დაკარგვის ისევე ეშინია, როგორც ოპერის მომღერალს – ხმისა. ერთი გაციება ორკვირიან ,,დისკვალიფიკაციას” ნიშნავს. კიდევ უარესია გრიპი, ვირუსმა შეიძლება ყნოსვის რეცეპტორები სამუდამოდ დააზიანოს, როგორც ეს რამდენიმე დეგუსტატორს დაემართა. თუ ყნოსვა არა გაქვს, ღვინოს ვერაფერს გაუგებ, ეს კი უკვე ტრაგედიაა. მითუმეტეს, ოზ კლარკს მხოლოდ ღვინის არომატი როდი ხიბლვს. როგორც პროფესიონალი, ის ყველა სასიამოვნო სურნელს აფასებს: ,,ჩაი, რომელსაც ახლა ვსვამ სრულიად განსხვავდება იმისგან, რომელიც გუშინ დავლიე. თუ როდესმე ღინოს შევეშვი, ჩაიზე გადავალ. არომატების უსასრულო ვარიაციებია”.

თუმცა, მიუხედავად ამისა, ღვინის მიტოვების თეორია ოზ კლარკისთვის მხოლოდ სიტყვაზე ნათქვამია და მეტი არაფერი. მას შემდეგ, რაც მწვანეთმიან ფრნჩესკასთან ერთად ღვინის პირველ დეგუსტაციაზე მოხვდა, კლარკმა მთელი ცხოვრება ღვინოზე ააწყო. მას მოგებული აქვს ღვინის მწერლობაში არსებული მთავარი პრიზები, დიდ ბრიტანეთში, შეერთებულ შტატებში, საერთაშორისო კონკურსებზე... ამასთან პრიზების უმეტესობა მას უკვე რამდენიმეჯერ გადასცეს. 

,,დეგუსტაციის დრო ჩემთვის მნიშვნელოვანია, რადგან გვიან ვფხიზლდები. მოხუცები ამბობენ, რომ ყველაზე უკეთესი დეგუსტაცია დილისაა, მაგრამ მე მათ არ ვეთანხმები, სრულფასოვანი მუშაობისთვის კარგად გამოძინება მესაჭიროება. საუკეთესო ვარიანტია, როდესაც დეგუსტაციას თორმეტის ნახევარზე ვიწყებ. შემდეგი ეტაპი ოთხის ნახევარზე ან ხუთზეა. თუ კარგ ფორმაში ვარ, თავსაც კარგად ვგრძნობ და დეგუსტაციაც უკეთ გამომდის. თუ მზე ანათებს და ჩემს გვერდით კარგი ადამიანები არიან, დეგუსტაციაც უფრო სასიამოვნოა, მაგრამ თუ დამსწრე საზოგადოება არ მომწონს, მაშინ კარგი ღვინოც ვერ გიშველის”.

კლარკი ამბობს, რომ ხანდახან დეგუსტაციაზე ადამიანები აგრესიულნი ხდებიან, მაგიდაზე აბრახუნებენ და ამტკიცებენ, რომ მაინცდამაინც მათი მოწონებული ღვინოა საუკეთესო. ასეთ შემთხვევაში ის პროცესს წყვეტს და იცდის, სანამ ექსპეტები თავად დაწყნარდებიან.

სხვა გამოსავალი უბრალოდ არ არის, იმ სფეროშიც კი, სადაც გემოვნება ყველაზე მთავარია, გემოვნებაზე არ დაობენ.

©ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული