Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მოგზაურობა პოიაკში

თუ გარონის მარცხენა ნაპირით ქალაქ ბორდოს ჩრდილოეთისკენ აუყვებით, დაინახავთ 4 პრესტიჟულ, დიდებულაპელასიონს: მარგოს, რომელსაც მოსდევს სენ-ჟიულიენი, პოიაკს, და, ბოლოს, ყველაზე ჩრდილოურ სენტ-ესტეფს.   ამჯერად ჩვენ ვისაუბრებთ პოიაკის შესახებ, სადაც კონცენტრირებულია ყველაზე მაღალი სტატუსის მქონემამულები. ეს აპელასიონი ფრანგული მევენახეობისა და მეღვინეობის ფლაგმანადაა მიჩნეული. პოიაკის ვენახებისსაერთო ფართობია 1200 ჰა, რომელზეც 18 კლასიფიცირებული ვენახია განთავსებული. მათ რიცხვში შედის 3 "პრემიერ კრიუ": "შატო ლაფიტ-როტშილდი" (Château Lafite-Rothschild) "შატო მუტონ-როტშილდი" (Château Mouton-Rothschild), და "შატო ლატური" (Château Latour). პოიაკი აწარმოებს მედოკის ყველაზე ძვირ და პრესტიჟულღვინოებს დახვეწილი ბუკეტით და დამახასიათებელი შავი მოცხარისა და ფიჭვის არომატით, რომლებიცჰარმონიულად ითავსებს ძალასაც და სინატიფესაც. გარკვეული სიმაგრისა და სიმკაცრის გამო, მათ მამაკაცურღვინოებსაც ეძახიან. აქვთ კარგი შედედების უნარი, სიმკვრივე, მაღალი ტანინიანობა.

რეგიონის აღწერა

ადგილმდებარეობა

ჩრდილოეთით პოიაკი ესაზღვრება სენტ-ესტეფს და სამხრეთით სენტ-ჟიულენს.

კლიმატი

პოიაკი ორივე მხრიდან - ატლანტის ოკეანიდან და ჟირონდიდან გარშემორტყმულია წყლის მასებით, რომლებიც წარმოადგენს სითბოს რეგულატორს და უზრუნველყოფს მევენახეობისთვის მშვენიერ მიკროკლიმატს. გოლფსტრიმის გავლენის წყალობით, ზამთარი სენტ-ესტეფში, როგორც წესი, ზომიერად გრილია, ზაფხული თბილი, შემოდგომა გრძელი და მზიანი. რაიონი დაცულია დასავლეთის და ჩრდილო-დასავლეთის ქარებისგან ფიჭვის ტყეების უწყვეტი სანაპირო ზოლით, რომელიც თითქმის მედოკის საზღვრის პარალელურად მდებარეობს.

რელიეფი

პოიაკი შედგება ორი დიდი დაბლობი პლატოსგან, რომელთაგან ერთი მდებარეობს ქალაქ პოიაკის ჩრდილო-დასავლეთით, მეორე - რეგიონის სამხრეთ-დასავლეთით. მხარე ღიაა მზის სინათლისთვის, წყალი ჩაედინება დამრეც ფერდობებზე: აღმოსავლეთით ჟირონდისკენ, დასავლეთით ტყეებისკენ, ჩრდილოეთით და სამხრეთით არხებისა და მდინარეებისკენ.

ნიადაგი

პოიაკის ორივე პლატოსთვის დამახასიათებელია ხრეშიანი ნიადაგის მასობრივი ბუდობები, რომელთა სისქე მედოკში აჭარბებს ყველა სხვა დანარჩენს. წყალი ჟონავს ნიადაგიდან და ვერ აღწევს ფიქლის ქვენიადაგამდე. სენტ-სოვიეში ნიადაგი ქვიშიანია, დასავლეთით ქვიანი ქვენიადაგით, და ცენტრსა და სამხრეთში ფიქლის საფუძვლის მქონე ხრეშიანი ნიადაგით.

მევენახეობა და მეღვინეობა

პოიაკის სახელწოდებას ატარებენ მხოლოდ წითელი ღვინოები. შატოების უმრავლესობაში ტრადიციულად გამოიყენება inn depresse. ჭაჭის კონტაქტი კანთან საშუალოდ 3-4 კვირას გრძელდება, კასრებში დაძველების პროცესი კი 18-24 თვეს.

ყურძნის ძირითადი ჯიშები

კაბერნე სოვინიონი, კაბერნე ფრანი და მერლო.

ყურძნის მეორეხარისხოვანი ჯიშები

კარმენერი, პტი-ვერდო და მალბეკი.

პოიაკის შეხამება გასტრონომიულ დელიკატესებთან

პოიაკის რეგიონის ღვინოებისთვის რეკომენდებულია დაძველება. გასტრონომიულ დელიკატესებთან შეხამების დროს ახალგაზრდა პოიაკი ვერ აღწევს აუცილებელ ჰარმონიას. ის დომინირებს საჭმელზე. ამის მიზეზი კი მის ინტენსიურ ბუკეტში მდგომარეობს. ამიტომ, ახალგაზრდა ღვინო, როგორც მინიმუმი, ერთი წლით უნდა დაძველდეს, რათა ხილის არომატი ახალი, გაცილებით რთული ბუკეტის საფუძვლად იქცეს, სადაც ჭარბობს ტყავის, ფიჭვის და თვით ევკალიპტის ფოთლის ნოტები. ასეთი დაძველების მქონე პოიაკი მშვენივრად ეხამება დელიკატესებს.

ეს  ღვინო, რა თქმა უნდა, უხდება ცხვრის ხორცს, და მისი შეხამება ასევე მუდამ წარმატებულია ისეთ დელიკატესთან, როგორიცაა ხბოს მკერდი. პოიაკი, ისევე როგორც მისი მსგავსი ღვინოები, მაგალითად, სენტ-ჟულიენი, სენტ ესტეფი ან მარგო, კარგად მიდის ტრიუფელთან. ისინი ერთად თითქმის პარფიუმერულ არომატს ქმნიან.

პოიაკი კარგად ეხამება მოშუშულ კერძებსაც. ის თითქოს სიმტკიცეს მატებს მათ. პოიაკი კარგ წყვილს ქმნის ნანადირევთან, მაგრამ მისი მიწოდება უკეთესია ფრინველის ხორცთან.

ყველა სხვა წითელი ღვინის მსგავსად, პოიაკი უხდება როგორც მთის, ისე ტრადიციულ ჰოლანდიურ ყველს. მაგრამ საუკეთესო გემოს ალიანსს იგი სენტ-ნექტერის (saint-nectaire) ყველთან ერთად ქმნის.

 შალვა ხეცურიანი

შატოს ფილოსოფია

ფრანგული ღვინის კლასიფიკაცია ძალიან ჰგავს რუსულ მატრიოშკას. მთავარი, დიდი მატრიოშკა არის საფრანგეთი, მერე მოდის შედარებით მომცრო მატრიოშკა - ბორდო, ბორდოს მატრიოშკებს შორისაა მედოკი, და მედოკის მატრიოშკებიდან ერთ-ერთი გახლავთ პოიაკი, რომელიც ბორდოში ყველაზე მაგარ აპელასიონად ითვლება. სწორედ აქ მზადდება მსოფლიოში ხუთი ყველაზე მაღალი კლასის ღვინიდან სამი: "შატო ლატური", "შატო მუტონ-როტშილიდი" და "შატო ლაფიტ როტშილდი".

საერთოდ, მთელი ფრანგული მეღვინეობა, ეს არის შატოს ფილოსოფია, და იგი აქვს ფრანგული ღვინოების მხოლოდ ოთხ-ხუთ პროცენტს. როდესაც ლაპარაკია ფრანგულ ღვინოებზე, არავინ გულისხმობს ქარხანას, აქ ლაპარაკი ყოველთვის შატოებზეა. სწორედ შატოა ფრანგული მეღვინეობის ლოკომოტივი.  

წარმოიდგინეთ, დგას ულამაზესი, ვენახებით გარშემორტყმული კოშკი, სადაც ცხოვრობს მისი მფლობელის ოჯახი, შატოს გვერდით კი დგას ეგრეთ წოდებული შე (Chais), სადაც ის ღვინოს აწარმოებს. ღვინის ბოთლის ეტიკეტზეც, შატოს მფლობელებს თავიანთი შატო აქვთ გამოსახული. დედამიწის ზურგზე ამ წესიდან გამონაკლისს წარმოადგენს ერთადერთი შატო - შატო მუტონ-როტშილდი (Château Mouton-Rothschild), რომელსაც სინამდვილეში შატო არა აქვს. საფრანგეთში მოგზაურობისას ყველაზე მეტად სწორედ ეს და კიდევ ერთი შატო - შატო ლიანჩ ბაჟი (Chateau Lynch-Bages) დამამახსოვრდა.

ამჟამად შატო მუტონ-როტშილდის მფლობელი არის ლეგენდარული ქალბატონი, ბარონესა ფილიპინა დე როტშილდი. ამ მეურნეობის ისტორია იწყება მე-17 საუკუნიდან, როდესაც მას Brane-Mouton-ი ერქვა. ფილიპინას ოჯახმა, როტშილდების ინგლისურმა შტომ, ციხე-სიმაგრე 1853 წელს შეიძინა და პრემიერ კრიუ კლასსეს შორის უძველეს მფლობელად ითვლება. იმ დროიდან მოყოლებული, 85 ჰა-ზე გადაჭიმული ვენახები თითქმის არ შეცვლილა. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ის ასეთი წარმატებული შატოს მფლობელია, ბარონესა ფილიპინა დე როტშილდს არ უყვარს იმის შეხსენება, რომ 1855 წელს, მედოკის ღვინოების კლასიფიკაციის მიხედვით, შატო მუტონ-როტშილდმა ვერ მიიღო პრემიერ კრიუ კლასსეს წოდება და მას ეს სტატუსი მხოლოდ 1973 წელს მიენიჭა.

პირველი კლასის სახელი მუტონმა უშუალოდ ფილიპინას მამის, ბარონ როტშილდის მუხლჩაუხრელი შრომის შედეგად მოიპოვა. იგი იყო ციხე-სიმაგრის მფლობელი 1920 წლიდან გარდაცვალებამდე - 1988 წლამდე. თავად ბარონი, ნამდვილი რენესანსული ტიპი იყო, მას თანაბარი წარმატებები ჰქონდა როგორც ინგლისური პოეზიის თარგმანში, ისე რბოლაში.

პირველმა სწორედ მან მიმართა ცნობილ მხატვარს, ჟან კარლუს (Jean Carlu) ღვინის ეტიკეტის გასაფორმებლად და ამით საფუძველი ჩაუყარა ტრადიციას, რომელშიც თავი წარმოაჩინეს მე-20 ასწლეულის საუკეთესო მხატვრებმა. მათი ღვინის ეტიკეტები (სულ დაახლოებით 100-მდე ეტიკეტი), დახატული აქვთ ისეთ ცნობილ მხატვრებს, როგორებიც არიან შაგალი, ბრაკი, პიკასო, კანდინსკი და სხვ. გამონაკლისი იყო 2000 წელი, როდესაც შატოს მეპატრონეებმა დასვენება გადაწყვიტეს და იმ წელს შავ ეტიკეტზე მხოლოდ ცხვრის თავი მიახატეს.

შატოს ბევრი მფლობელი მინახავს წარმოსადეგ ფორმაში, მაგრამ უკვე ასაკში შესული ბარონესა, წარსულში მსახიობი და ახლა ცნობილი მეღვინე, ფილიპინა დე როტშილდი, ყოველთვის ყველასგან გამოირჩევა თავისი დახვეწილი გემოვნებით. იგი ძირითადად ცხოვრობს პარიზში, მაგრამ დროდადრო თავის პატარა კოშკშიც ჩადის ხოლმე, რომელსაც ჰქვია პტი შატო, ანუ პატარა შატო. იგი მართლაც პატარა, კოხტა დასასვენებელი ადგილია.

ზემოთ გითხარით, რომ შატო როტშილდი არ არის ნამდვილი შატო, და სწორედ ამიტომ, შატოს მფლობელებმა, ამ ნაკლის შესანიღბად ააშენეს უზარმაზარი, ლამაზი კედელი, რომ მის შემხედვარე კაცს ეფიქრა, ამის უკან ნამდვილად რაღაც გრანდიოზული იმალებაო. სინამდვილეში, შიგნით შესულს იქ დაგხვდებათ ღვინის მუზეუმი და გიდისგან უამრავ საინტერესო ამბავს მოისმენთ შატოს შესახებ. მუზეუმი წარმოადგენს კოლექციას, რომელსაც მრავალი წლის მანძილზე აგროვებდა ბარონი ფილიპ დე როტშილდი. აქვე ნახავთ სომელიეს, და მთელი ეს ფანტასტიკური სიამოვნება ბოლოს შეიძლება დაგვირგვინდეს თავად მუტონის დაგემოვნებით, რომელსაც თავისი სხეულიანობის გამო, რუბენსის ნახატების ფუმფულა ფიგურებსაც ადარებენ.

რაც შეეხება შატო ლიანჩ ბაჟს, ეს არის დიდებული ციხე-სიმაგრე და პოიაკის რეგიონის კლასიფიცირებული გრან-კრიუ. შატოს პირველი მფლობელი იყო ახალგაზრდა ირლანდიელი გოლვეიდან (Galway) ჯონ ლიანჩი, რომელიც 1691 წელს სამშობლოდან გაიქცა. მე-18 საუკუნეში ბორდოს მერმა, გრაფ ჟან-ბაპტისტ ლიანჩმა მემკვიდრეობით მიიღო მამული და მისი მართვის უფლება თავის ძმას, მიშელ ლიანჩს გადასცა, რომელიც საფრანგეთის რევოლუციის დროს ქალაქ პოიაკის მერი იყო.

1934 წელს მამული იყიდა ჟან-შარლ კაზმა, რომელსაც მედოკში დიდ პატივს სცემდნენ იმის გამო, რომ კარგად იცოდა ყურძნის მოვლა და მეღვინეობაშიც დიდი გამოცდილება ჰქონდა. თავის შვილ ანდრესთან ერთად მან 35 წელზე მეტი მთლიანად მამულ Lynch-Bages-ის (ლიანჩ-ბაჟი) აღორძინებას მიუძღვნა. 1974 წელს მისმა შვილიშვილმა ჟან-მიშელმა დაიწყო მამულის გარდაქმნა, აღჭურვა იგი უახლესი ტექნიკური მოწყობილობებით და, ამასთან, შეინარჩუნა ძველი, წინა ასწლეულის კასრები, ინვენტარი და სარდაფები. ყურძენს აქ ხელით კრეფენ, ღვინოს თერმორეგულაციის სისტემით აღჭურვილ სპეციალურ შენობაში ამზადებენ, რომელშიც უჟანგავი ფოლადის 35 კასრია განთავსებული. შერევისა და მკაცრი შერჩევის შემდეგ მიიღება "მეორე ღვინო", Chateau Haut-Bages Averous-ი, რომელსაც ბოთლებში ჩასხმამდე 12-დან 15 თვემდე ტრადიციულად მუხის პატარა კასრებში აძველებენ.

დღეს მამულის ხედი ერთ-ერთი ულამაზესი პეიზაჟია მედოკში. Lynch-Bages-ის ვენახები განლაგებულია ბაჟის (Bages) პლატოზე ქალაქ პოიაკის მახლობლად, მდინარე ჟირონდის შესართავის გვერდით.

უკვე მრავალი წელია, რაც მამულში თეთრ ღვინოსაც აწარმოებენ, რომელიც ძვირად ფასობს მსოფლიოში. ეს არის კაშკაშა, კარგად დაბალანსებული ღვინო - სოვინიონ ბლანის, სემიიონისა და მუსკადელის ელეგანტური შეხამება.

მე მქონდა ბედნიერება, პირადად გამეცნო ამ შატოს მფლობელი ჟან-მიშელ კაზი (Jean-Michel Cazes), ბორდოული მეღვინეობის პატრიარქი, რომლის სახელიც დღეს დედამიწის ზურგზე მეღვინეობაში ჩახედულმა ნებისმიერმა ადამიანმა იცის. ეს არის საოცრად ბავშვური ხასიათის მქონე ადამიანი.მან თავის სფეროში, ფაქტობრივად, ზენიტს მიაღწია; დღეს იგი ფინანსურად აბსოლუტურად უზრუნველყოფილია და მისთვის მეღვინეობა ნაკლებადღაა ბიზნესი. ბატონმა ჟან-მიშელმა თავად დამათვალიერებინა მთელი თავისი ქონება, ამიყვანა სხვენში და მაჩვენა ზემოთ ნახსენები ძველი მოწყობილობები, რომლითაც მისი წინაპრები აკეთებდნენ ღვინოს. შემდეგ შევედით ოთახში, სადაც მთელი კედელი სავსე იყო თაროებზე შემოწყობილი ათასნაირი სათამაშოებით, ძირითადად თოჯინებით, რომელთაგან ერთ-ერთი, კალიფორნიიდან ჩამოტანილი, მან დაუნანებლად მაჩუქა. რადგან ვიცოდი მისი ამ ბავშვური გატაცების შესახებ, მეც წინასწარ ვიყავი მომზადებული და ჩვენებური, ჩოხიანი ქართული თოჯინა შევმატე მის კოლექციას.

აი, ასეთი იყო ამ ზღაპრულ შატოებში მოგზაურობის ჩემეული შთაბეჭდილებები, რომელიც, დიდი იმედი მაქვს, რომ ძალიან მოსაწყენად არ მოვყევი.

 * * *

დაბოლოს, ორიოდ სიტყვა მინდა ვთქვა თავად ქალაქ პოიაკის შესახებ. ეს არის პატარა, მშვიდი ქალაქი, სადაც ჩემდა გასაოცრად, თითქმის არავინ არ ცხოვრობს. ვენახების მფლობელები ერთიანად დიდ ქალაქებში არიან გაკრეფილი და აქ მხოლოდ რთვლის დროს ჩამოდიან. აი, მაშინ კი ვეღარ იცნობთ ქალაქს, რომლის ორი პატარა რესტორანი ხალხს ვეღარ იტევს და, თუ დროზე არ დაიკავე რიგი, შეიძლება სადილის გარეშეც დარჩე. კინაღამ ასე დაგვემართა მე და ჩემს თარჯიმანს, მაგრამ მერწმუნეთ, ნამდვილად ღირდა 4 საათი რიგში დგომა იმ სიამოვნებად, რომელიც მომქანცველი ლოდინის შემდეგ, მშვენიერ დელიკატესებთან ჰარმონიულად შეხამებული ადგილობრივი ღვინის მირთმევით მივიღეთ.

 © „მარანი“

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული