Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

რთველის რიტორიკა

მალხაზ ხარბედია

წლების განმავლობაში საქართველოში რთველის გარკვეული ნორმები ჩამოყალიბდა. სამწუხაროდ, ამ ნორმებს არაფერი აქვს საერთო მეღვინეობასთან, თუმცა კი ძალზე ზუსტად ასახავენ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს. ასე იყო 70-იან წლებში, რთველი (და ზოგადად ვენახი) მაშინაც გარკვეული პოლიტიკის თუ იდეების მსხვეპლად იქცეოდა ხოლმე, და ასეა ახლაც, როცა სოფლის მეურნეობის სამინისტრო ერთი თვის განმავლობაში ფაქტობრივად ძალოვანების დაქვემდებარებაში გადადის, მათი ოპონენტები კი არაფრისადმი ინტერესს არ ამჟღავნებენ, გარდა ქარხნებთან შექმნილი რიგებისა. რთველის დაწყებასთან ერთად ორმხრივი უსაგნო კამათი იწყება, რომელშიც ვერც ვაზს ნახავთ სადმე და ვერც ღვინოს, სამაგიეროდ ბევრისთვის ეს “კამათი” ქულების დაგროვების კარგი საშუალებაა, წლების მანძილზე ნაწრთობი “რთველის რიტორიკა” კი უფრო იხვეწება.

ამ რიტორიკის მთავარი შემადგენელი გლეხია. როცა იტყვიან, “გლეხი”, იქ თავისთავად იგულისხმება ხოლმე “მევენახეც” და “მეღვინეც”, იმას კი არავინ იაზრებს, რომ ყველა ნაგულისხმევი “გლეხი” კარგი მევენახე და მეღვინე ვერ იქნება, რომ მხოლოდ შეწამლვაზე და დროულ გაფურჩნაზე არაა დამოკიდებული ხარისხიანი მოსავალი და კარგი ღვინო, და რომ მარტო გლეხური ინტუიცია არ კმარა საამისოდ. შეიძლება ითქვას, ყველა გლეხს “იცავს”, ყველა მისი სახელით სპეკულირებს, ხელისუფალიც, ოპოზიციონერიც და პრესის ზოგიერთი წარმომადგენელიც, არსებითად კი, სამივე თავგზას უბნევს მას და ყველაზე მოტყუებული ბოლოს სწორედ გლეხი რჩება. მოტყუებული, ანუ ცოდნის, სახსრისა და იმედის გარეშე.

ყველაფერმა ამან იქამდე მიიყვანა გლეხი, რომ აღარავის ენდობა, აღარც კოოპერატივის იმედი აქვს და არც ამხანაგობების. საქმე კი წინ არ მიიწევს, ცოდნაზე და განათლებაზე არავინ ზრუნავს, დაკვალიანებაზე და სტანდარტების დადგენაზე არავინაა პასუხისმგებელი, არავინ საუბრობს ღვინის ხარისხზე. დღესაც, ძველებურად, რაოდენობა ფასდება ყველაზე მეტად, ღვინის არსი და გნებავთ ღვინის ფილოსოფია ყველამ დაივიწყა. ბევრნი, იმის ნაცვლად, რომ საფუძვლიანად შეისწავლონ საკითხი, ეძიონ გამოსავალი, გაითვალისწინონ უცხოური გამოცდილება და კომპეტენტური აზრი გამოთქვან, ქარხანასთან ჩამწკრივებული მანქანების რიგს ზომავენ დიდი ნაბიჯებით და ამათუიმ ქარხნის შარშანდელი დავალიანების შესახებ გვაუწყებენ მხოლოდ.

ყოველ წელს ერთიდაიგივე მეორდება, ამიტომ რთველზე სტატიის დაწერა შესაძლოა მოსაბეზრებელ საქმიანობადაც იქცეს. არ იცვლება რთველის შეფასების კრიტერიუმები, მიდგომები, ყურძნის ფასის დადგენის საქმეში სრული ქაოსია. ერთ ფასად იბარებენ წინანდლისა და ჩალაუბნის რქაწითელს, მუკუზნისა და თოხლიაურის საფერავს. გარდა ამისა, თითქმის არაა ფასში სხვაობა საფერავსა და რქაწითელს შორის. ამის შესახებ ერთხელ უკვე გვქონდა საუბარი, რომ აუცილებელია ვენახების გარკვეული საფასო კლასიფიკაცია გაკეთდეს, შეიქმნას ე.წ. “კრუს ტაბულა”, სადაც ყოველი რთველის წინ გარკვეული კოეფიციენტის მიხედვით შეფასდებოდა ყურძენი. კახეთში თუნდაც ერთ მიკროზონაში რომ განხორციელებულიყო ეს სიახლე, დარწმუნებული ვარ, პირველივე წელს მივიღებდით შედეგს და გამოჩნდებოდა ამ მეთოდის უპირატესობა დღევანდელ აბსურდულ კლასიფიკაციასთან შედარებით. ყოველ წელს მიდის საუბარი იმის შესახებ, რომ ერთხელ და სამუდამოდ აღიწეროს ვენახები, დადგინდეს მიკროზონების საზღვრები, ვენახების ზუსტი ფართობი და მისი პოტენციალი, მაგრამ საქმეს ხან რა უშლის ხელს, ხან რა, სწორედ ამიტომაც, გვაქვს 10-ჯერ მეტი “მოსავალი” ხვანჭკარაში, ვიდრე ეს 300-400 ჰექტარზეა შესაძლებელი (სხვა მონაცემებით ხვანჭკარა 150-170 ჰექტარს მოიცავს მხოლოდ), და აუარება “წინანდალი”, რომელიც შეუძლებელი იყო 600 ჰექტარზე მოწეულიყო.

წლევანდელი მოსავალი

19-ე საუკუნის 40-იან წლებში, კახეთში ერთი გერმანელი მეღვინე ცხოვრობდა, გ.ი. ლენცი, რომელმაც მაშინდელ პრესაში არაერთი საინტერესო სტატია გამოაქვეყნა ქართული ღვინის შესახებ. იგი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინაც ვორონცოვის მმართველობის პერიოდში სერიოზული ყურადღება მიაქცია ადგილობრივ ჯიშებს და ქართული მევენახეობა-მეღვინეობის გაუმჯობესების საქმეს ჩაუდგა სათავეში. 1846 წელს, გაზეთ “კავკაზში” გამოქვეყნებულ ერთ-ერთ წერილში მან რამდენიმე შენიშვნა მისცა ტრადიციული მევენახეობის მიმდევრებს. ლენცი ძალიან აფასებდა ქვევრს და მას ღვინის ყველა სხვა დანარჩენ (სადუღარ თუ დასაძველებელ) ჭურჭელზე მაღლა აყენებდა, თუმცა ბევრი რამ იყო ისეთი, რაც მიუღებელი აღმოჩნდა გერმანელი მეღვინესთვის, განსაკუთრებით კი ეს შენიშვნები ნაადრევ რთველს ეხებოდა. იგი წერდა: “აქაურები, რთველს, როგორც წესი, ალავერდობის მეორე დღეს, 15 სექტემბერს იწყებენ (ახალი სტილით, 29 სექტემბერს), რაც ძალიან ადრეა”-ო.

თავად ლენცი რუისპირში დასახლებულა თურმე, გაუშენებია ვენახები და მისი მეცადინეობით მთელს სოფელში ოქტომბრის მეორე ნახევრისკენ გადაწეულა რთველი. საქმე ისაა, რომ 1845 წელს მას გლეხებისგანაც მიუღია ყურძენი და რადგანაც ლენცზე უკეთესი მუშტარი არა ჰყავდათ რუისპირელებს, იძულებულნი გახდნენ, გვიან დაეწყოთ მოსავლის აღება, გერმანელის გემოვნების მიხედვით.

ეს დიდი ხნის წინ ხდებოდა, მას შემდეგ 160-ზე მეტი წელი გავიდა და ბევრი რამ შეიცვალა, მათ შორის რთველის დაწყების პრინციპებშიც, თუმცა ვერც ლენცი და ვერც მისი თანამედროვე გლეხები ვერ წარმოიდგენდნენ, რომ 2008 წელს კახელები სექტემბრის პირველ რიცხვებში (ანუ ალავერდობამდე ერთი თვით ადრე) დაიწყებდნენ ნაცრიანი ყურძენის კრეფას. დაიწყებდნენ არა სადმე დედოფლისწყაროს რაიონში, სადაც, როგორც წესი, ადრე მწიფდება ყურძენი, არამედ კარდენახში, გურჯაანში და ალაზნის მარცხენა ნაპირზეც, ყვარლის რაიონის ზონებში.

წელს ყველაფერი ერთმანეთს დაემთხვა. ძალზე ცივი და წვიმიანი გაზაფხულის შემდეგ, ივნის-ივლისში კიდევ უფრო აირია ამინდები და ისე უცნაური მონაცვლეობით მიყვა ერთმანეთს წვიმა და სიცხეები, რომ აშკარა გახდა, ნაცარი გარდაუვალი იყო. ბევრმა სათანადოდ ვერ ან არ უწამლა ვენახს და მოსავლის დიდი ნაწილიც დაკარგა. ყურძენს თავისი დაღი დაასვა გვალვიანმა აგვისტომაც, სიცხეებმა მარცვალს განვითარების საშუალება არ მისცა და წვიმამაც ყველაზე უდროო დროს, რთველის წინა და ზედ რთველის პერიოდში მოუსწრო ვაზს. თუკი ივლისში ჯერ კიდევ იყო დაზიანებული ვაზის გადარჩენის შანსი, სექტემბრის უამინდობამ ეს შანსიც გამორიცხა.

შარშანდელი დიდი მოსაალის გამო ბევრ ვენახში ნაკელის და სხვა სასუქის შეტანა გახდა საჭირო და ვინც ეს ვერ მოახერხა, შესაბამისად, გამოსავალიც ნაკლები ჰქონდათ.

ყველაზე დიდი პრობლემა კვლავ ავდარი აღმოჩნდა. აღმოსავლეთ საქართველოში ძალიან ბევრგან დაისეტყვა ვენახები, ქართლიდან მოყოლებული (მაგ. მცხეთაში) – კახეთის ბოლო სოფლებით დამთავრებული. დაისეტყვა საგარეჯოს, გურჯაანის, თელავის, ყვარლის რაიონები, განსაკუთრებით, სოფლები ბუშეტი, ქვემო ხოდაშენი, ვანთა, აკურა, წინანდალი, შილდა, საბუე, გავაზი. წინანდლის მიკროზონაში თითქმის ნახევარი მოსავალისა გაფუჭდა, ვერც მუკუზანში მოვიდა შარშანდელისნაირი საფერავი, მანამდე კი ნაცარმა დააზიანა კარდენახის, ვაქირისა და ბევრი სხვა სოფლის ვენახები. სხვებთან შედარებით უკეთესი ხარისხის ყურძენი მოვიდა ნაფარეულის მიკროზონაში, ასევე ახმეტის რაიონშიც.

შედარებით უკეთესი ვითარება იყო ქართლში, თუმცა, თუკი გავითვალისწინებთ იმას, რაც წლევანდელ აგვისტოსა და სექტემბერში შიდა ქართლში ხდებოდა, ეს “ვითარებაც” ძალზე მუქ ფერებში უნდა დავინახოთ. ქართლში შარშანდელთან შედარებით გაცილებით ნაკლები რაოდენობით ყურძენი მოვიდა და აქაც საკმაოდ გვიან, სიმწიფის პერიოდში გამოვლინდა ჭრაქი, თუმცა მოსავლის დიდი ნაწილი კომპანია “ბაგრატიონმა” ჩაიბარა (ჩინური - 80 თეთრად) და დაბინავების პრობლემა გლეხებს არც გასჩენიათ.

წვიმიანი და ტალახიანი რთველი იყო იმერეთშიც. ბაღდათის, ზესტაფონისა და თერჯოლის რაიონის 20-ზე მეტ სოფელში, სადაც კი მომიწია ყოფნა, ყველგან დაზიანებული იყო ცოლიკოურის, ციცქასა და კრახუნას ვენახები. შედარებით კარგად ეჭირა თავი ოცხანურ საფერეს.

რაჭული რთველი

წვიმებისა და უამინდობის გამო წელს რაჭაში რთველი შარშანდელზე გაცილებით გვიან დაიწყო. ხვანჭკარის მიკროზონაში შემავალ ზოგიერთ სოფელში კი ნოემბრის პირველ რიცხვებამდე არ იყო ყურძენი დაკრეფილი.

საკმაოდ დაბალი იყო მოსავლის ხარისხიცა და რაოდენობაც, რაც გამოიწვია არასახარბიელო კლიმატურმა პირობებმა. უამინდობამ ყვავილობის პერიოდიდან მოყოლებული – მწიფობამდე, არ მისცა საშუალება ყურძენს ბოლომდე განევითარებინა მიკროზონისთვის დამახასიათებელი თავისებურებები. ზოგიერთ ნაკვეთზე, როგორც მაგალითად, სოფ. სადმელში, რიონისპირა ჭალაში (ვაშლარი), ძირაგეულში და სხვ. ძალზე მცირე რაოდენობით საღი მტევანი გადაირჩა.

მოსავლის დიდი ნაწილი საკმაოდ გვიან, მწიფობის პერიოდში გაფუჭდა, მაშინ, როცა შეწამვლითი თუ ყველა სხვა ოპერაცია დასრულებული იყო. მაგალითად, სოფელ წესში, ზოგიერთ ვენახში სულ რამდენიმე საათის განმავლობაში განადგურდა წულუკიძის თეთრას მოსავალი.

ერთიანი სურათის მიუხედავად, ბევრ ნაკვეთში ძალზე კარგი მოსავალიც მოვიდა (იგულისხმება ხარისხი და არა რაოდენობა) და დაუზიანებელი მტევნების გადარჩევის შემთხვევაში ხარისხიანი ღვინომასალის მიღებაც შეიძლება.  

ყურძნის მიღება თავდაპირველად ხვანჭკარისა და ბუგეულის ქარხნებმა დაიწყეს. ხვანჭკარაში (შპს “ხვანჭკარა”) ხელშეკრულების თანახმად გადამუშავდა 70 ტონამდე ყურძენი, ბუგეულში (შპს “ალექსანდროული”) კი ტკბილის წასაღებად უკვე 20-22 ოქტომბრიდან ჩავიდნენ კომპანია “ვაინმენი”, “თბილღვინო”, “თელიანი ველი” და მთლიანად გადამუშავდა 235 ტონა ყურძენი. ასევე ჩაიბარეს ყურძენი “ქართული ღვინის სახლმა რაჭაში” (80 ტ.), ჭრებალოში შპს “რაჭულმა ღვინომ” (75 ტ.) და ამბროლაურში, “ოქროს ხვანჭკარამ” (50 ტ.). ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენი დაიკრიფა კომპანიებისა და ადგილობრივი ღვინის საწარმოების კუთვნილი ვენახებიდანაც, სოფლებში: ჭყვიში, ჟოშხა, ბუგეული, ძირაგეული, სადმელი.

ჩაბარების ფასით უკმაყოფილება ნაკლებად შეიმჩნეოდა, თუმცა ხვანჭკარის მიკროზონის ზოგიერთ სოფელში (განსაკუთრებით იმ სოფლებში, რომლებიც საკმაოდ მოშორებულია ამ მიკროზონის გულ სოფლებს) დიდი უკმაყოფილება ჩანდა იმის გამო, რომ მათ ყურძენს არ იბარებდნენ “სახვანჭკარედ”, ანდა ძალზე დაბალ ფასში ითხოვდნენ მის ჩაბარებას. არადა სოფლები, რომლებზეცაა საუბარი (მაგ. წესი, ქვიშარი, ხიმში და სხვ.) კანონის მიხედვით, ხვანჭკარის მიკროზონაში შედის.

საუბარი იყო იმაზეც, რომ ყურძნის საერთო ფასიდან (3 ლ.) გლეხები მხოლოდ სახელმწიფოს მიერ დამატებულ 1 ლარს იღებდნენ, დანარჩენი 2 ლარის გადახდას კი რამდენიმე თვის შემდეგ პირდებოდნენ.

ფასები და მომავალი

რაჭას ფასის მხრივ ნაკლები პრობლემა ჰქონდა, აი კახეთში კი წარმოუდგენლად რთული გახდა ღვინის დაბინავება ან ნორმალურ ფასში მისი ჩაბარება. ცალკე საკითხია ფასების კონტროლის ბოლო დროს დამკვიდრებული წესები, როცა დაინტერესებული პირები (ადგილობრივი ადმინისტრაცია, ძალოვანები და სხვ.) ცდილობენ თბილისიდან ან საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან ჩასული მყიდველი აკონტროლონ, რათა მათი ნებართვის გარეშე მევენახეებთან არ მივიდნენ და იმაზე მეტი არ გადაიხადონ, ვიდრე ქარხნები იხდიან. წელს, სუბსიდია კახეთშიც გამოიყო გლეხების დასახმარებლად, რომელიც გულისხმობდა ე.წ. “ქარხნის ფასზე” გარკვეული თანხის დამატებას: თეთრ ყურძენზე 15 თეთრს, წითელზე კი 25-ს. ბევრს იმედი გაუჩნდა, რომ შარშანდელ ფასს (დაახლ. 30-50 თეთრი) დამატებული 15-20 თეთრი შეღავათი იქნებოდა გლეხისთვის, თუმცა საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ქარხნები 20 თეთრზე ძვირად არ იბარებდნენ ყურძენს, შესაბამისად კი ფასი შარშანდელს არ ასცილებია. პროგრესი გასულ წელთან შედარებით ის იყო, რომ წელს გაცილებით მცირე მოსავალი მოვიდა, რის გამოც განსაკუთრებულ ექსცესებსაც გადაურჩა კახეთი. ამაში პოლიციამაც შეიტანა თავისი წვლილი. სექტემბრის შუა რიცხვებში “რეზონანსის” ჟურნალისტი წერდა: “კახეთის სოფლებში სპეცრაზმი და პოლიციართველი - 2008“-ისთვისაც მობილიზებულია, ოღონდ ნიღბების გარეშე. გლეხებს პროტესტის გამოხატვა ამჯერადაც აუკრძალეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაემუქრნენ, რომ მათ მოსავალს ქარხანა დაიწუნებს და შემოსავლის გარეშე დარჩებიან”. აქედან სრულიად აბსურდული სიტუაცია მივიღეთ, რომლის შესახებაც რადიო “ჰერეთის” ერთ-ერთ ნიუსში ამოვიკითხე. სიღნაღის რაიონის სოფელ ვაქირის მკვიდრს წამოსცდა: ყველაფერს ვაკეთებთ რაც შეგვიძლია და თუ უკმაყოფილებას მაინც ხმამაღლა გამოთქვამთ, დასჯის ნიშნად, არცერთი ღვინის ქარხანა თქვენს ყურძენს არ მიიღებსო, - შემოგვითვალეს გამგეობიდან. ისედაც არ იბარებენ ჯერ-ჯერობით ამ ყურძენს და როცა ჩაიბარებენ, მაშინაც რომ არ მიიღონ ჩვენი მოსავალი, პურის გარეშე დავრჩებით“.

სამართალდამცავების გააქტიურებას არც თავად ძალოვანები და ყოფილი ძალოვანები (როგორც მაგალითად გიორგი ღვინიაშვილი, კახეთის გუბერნატორი) უარყოფდნენ: „სახელმწიფომ ბიუჯეტიდან გამოყო სუბსიდია, რომლის ფარგლებშიც მევენახეები შავ ყურძენზე 25 თეთრს, ხოლო თეთრ ყურძენზე დამატებით 15 თეთრს მიიღებენ. ამ ვაუჩერებით ღვინის ქარხნის მეპატრონეებმა რომ არ ისარგებლონ ბოროტად და საკუთარ ვენახებში დაკრეფილ ყურძენზე არ გასცენ სუბსიდიით გათვალისწინებული თანხა, ამ ფაქტების თავიდან ასაცილებლად პოლიცია გაძლიერებული რეჟიმით მუშაობს“, - აღნიშნავდა გიორგი ღვინიაშვილი. ქარხნების მესვეურები კი ძალიან დაბნეულები ჩანდნენ. ზოგი ამბობდა, რომ აპირებდნენ ყურძნის მიღებას, მაგრამ ვერ ახერხებდნენ, რადგანაც სუბსიდიის ვაუჩერებს ვერ იღებდნენ. სხვები სასწორის გაუმართაობას ადანაშაულებდნენ. ერთი ქარხნის დირექტორმა აღნიშნა: ,,ქარხანას აქვს სურვილი, ყურძენი მიიღოს, მაგრამ ორგანიზაციას, რომელსაც ჩვენთან ყურძნის მიღებაზე ხელშეკრულება უნდა გაეფორმებინა, კონტრაქტი ამ დრომდე არ გაუფორმებია. შესაბამისად, ყურძენს ჯერჯერობით ვერ მივიღებთ”-ო. მეორემ კი დაამოწმა: ,,ამ დროისთვის სპონსორთან გვაქვს მოლაპარაკება, რომელიც არ ვიცი, როგორ დამთავრდება. მოლაპარაკების ფარგლებში საუბარია მხოლოდ თეთრი ყურძნის მიღებაზე (1 კილოგრამი 20 თეთრად), რასაც დაემატება სახელმწიფო სუბსიდიით გათვალისწინებული თანხა, 15 თეთრი. საფერავის მიღებას საერთოდ არ ვგეგმავთ, თუ არ დაგვავალეს“-ო.

დღეს კახეთში შექმნილ სიტუაციაზე პასუხისმგებელნი გარკვეულწილად ეს ამორფული, უსახური ქარხნებიც არიან, რომელთა პროდუქცია, როგორც წესი, საერთოდ არ ჩანს ხოლმე ბაზარზე, რომლებიც ლამის ყოველ წელს იცვლიან დასახელებას, არ ზრუნავენ ღვინის ხარისხზე და ძირითადად სახელმწიფოსა და გლეხის შუამავლობით არიან დაკავებულნი. როგორც გამოჩნდა, ბევრი მათგანი უპირო შუამავალია, სწორედ მათ გამოა, რომ გლეხი ყველაფერს ეჭვის თვალით უყურებს. არადა საბედნიეროდ არსებობენ საქართველოში კომპანიები, რომელთაც ღვინის საკუთარი ფილოსოფია გააჩნიათ და უკანასკნელი წლების განმავლობაში საგრძნობი წინსვლა აქვთ ხარისხის და სიახლეების თვალსაზრისით. ზოგ მათგანს ვენახებიც თავისი აქვს, თუმცა გლეხებისგან მაინც საკმაო რაოდენობით ყურძენს შეისყიდიან, თანაც გლეხმა თავისი დამკვეთისგან ზუსტად იცის, თუ როგორი ხარისხის უნდა იყოს ყურძენი და ისიც მთელი წლის მანძილზე ზრუნავს ხელსაყრელ ადგილას გაშენებულ თავის ვენახზე და თუ საჭირო გახდა, ხელოვნურადაც ამცირებს მოსავლიანობას. მთელი კახეთი რომ ამგვარ სისტემაზე გადავიდეს, ყველა მცირე საწარმო თუ კომპანიამ რომ ხარისხზე ზრუნვა დაისახოს მთავარ მიზნად და ზედმიწევნით დაიცვას კანონი (1. არ შეურიოს ადგილწარმოშობის ღვინოებში სხვა ზონაში დაკრეფილი უხარისხო ყურძენი, 2. არ ჩამოასხას ერთიდაიგივე ცისტერნიდან 5 დასახელების ღვინო და ა.შ.), გლეხის პრობლემაც შედარებით ადვილად დარეგულირდება.

სამწუხაროდ, დღეს ქართული ღვინო შიდაპოლიტიკური თამაშების იარაღად და გარეპოლიტიკის მსხვერპლად აღიქმება, არადა უკეთესი იქნებოდა ქართული ღვინო საგარეო კულტურული პოლიტიკის ნაწილად გვექცია და ერთიანი გეგმა შეგვემუშავებინა მისი ღირსებების უკეთესად წარმოსაჩენად. ბალტიისპირეთის ქვეყნებში სოლიდარობის ნიშნად ნაყიდი ქართული ღვინო ან პოლონეთში რაკეტსაწინააღმდეგო დანადგარების განთავსების შესახებ შეთანხმების აღსანიშნავად რუსების ჯინაზე გახსნილი რამდენიმე ბოთლი კახური საფერავი, სამწუხაროდ საქმეს ვერ უშველის.

© vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.