Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

თიხა და ღვინო. ტოსკანა 2014

გიორგი ბარისაშვილი

თიხა და ღვინო (La Terracotta e il Vino), სწოდერ ამგვარი სახელწოდებით მიმდინარე წლის 22 – 23 ნოემბერს ძალზე საინტერესო ღონისძიება გაიმართა ტოსკანაში, ქალაქ ფლორენციის მახლობლად, პატარა სოფელ - იმპრუნეტაში. ღონისძიებას კონფერენციის ხასიათი ჰქონდა, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლები: იტალიიდან, აშშ-დან, ავსტრალიიდან, ახალი ზელანდიიდან, საქართველოდან... სულ 30 მეწარმე. მომსვლელი სტუმრების გარდა ღონისძიებაში 100-მდე დამსწრეც იღებდა მონაწილეობას. თუმცა ამ მრავალეროვან საზოგადოებას ჰქონდა ერთი საერთო, ეს იყო ღვინის დასაყენებელი თიხის ჭურჭელი. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ უცხოელ მეღვინეს ღონისძიებაზე საქარველოდან წაღებულ ქვევრებში დაყენებული ღვინო ჰქონდა წარმოდგენილი; ზოგ მეღვინს „ამფორაში“ დაყენებული ღვინო ჰქონდა მოტანილი; ზოგს, მაგალითად ცნობილ იტალიელ მეღვინე ქალბატობს - ელისაბედ ფორადორის კი „ტინახაში“ დაყენებული ღვინო და სხვ. ცალსახად უნდა აღინიშნოს, რომ მთელი ღონისძიების განმავლობაში მცდელობაც კი არავისგან ყოფილა, რომ ქვევრი ამფორად მოენათლად. არადა, როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, ზოგიერთი ვაიქართველი ამფორისა და ქვევრის გაიგივებას ხელსაც კი უწყობს...

ღონისძიების პირველი დღე დაეთმო მოხსენებებს, რის დროსაც ქართულ მხარეს საშუალება გვქონდა გაგვეკეთებინა პრეზენტაცია და მოხსენება თემაზე - „ქვევრის კულტურა საქართველოში“. ერთ-ერთმა უცხოელმა მომხსენებელმა დამსწრე საზოგადოების წინაშე განაცხადა, რომ თურმე მსოფლიო მევენახეობა-მეღვინეობის საწყისიც, კერაცა და აკვანიც სომხეთი ყოფილა... სწორედ ეს გახდა საბაბი იმისა, რომ კონფერენციის ქართველ მონაწილეს - ბექა გოცაძეს, მეორე დღეს საკუთარ მოხსენებაში დამსწრეთათვის გაეკეთებინა ამ ყოველივეს მართებული ახსნა-განმარტება. მანვე ისაუბრა იმ მნიშვნელოვან მოვლენაზე, რომელიც ეხება იუნესკოს მიერ ქვევრში ღვინის დაყენების უძველესი ქართული მეთოდის არამატერიალური კულტურული მეკვიდრეობის სტატუსის მინიჭებას. პირველი დღის მოხსენებების შემდეგ გაიმართა ღვინის დაგემოვნება, სადაც ქართულმა მხარემ წარმოადგინა 3 ღვინო და 1 ჭაჭა:

1. ბექა გოცაძე - ქვევრში დაყენებული საფერავი და კახური მწვანე;

2. იაგო ბიტარიშვილი - ქვევრში დაყენებული ჩინური;          

3. გიორგი ბარისაშვილი - ქვევრში დავარგებული ჭაჭა.

ის, რომ ჩვენს მიერ წარმოდგენილმა სასმელებმა დიდი მოწონება დაიმსახურა, იმითაც დამტკიცდა, რომ ქართულ მხარეს ღვინის საგამოფენო მარაგები დროზე ადრე შემოელია... ჩვენი კუთხე გამორჩეული იყო. მას ამკობდა საქართველოს დროშა, ხოლო მთელი ღონისძიების მანძილზე ჩვენი სტენდის ერთ-ერთ კედელზე პროექტორის მეშვეობით ტრიალებდა მარნებისა და ქვევრების ძველი სურათები, რითაც არაერთი სტუმარი დაინტერესდა. გარდა ამისა, მომსვლელებს საშუალება ჰქონდათ გაესინჯათ გოცაძეების ოჯახის მიერ გამოფენაზე სპეციალურად ჩამოტანილი დედას პური და ჩურჩხელა. შეიძლება თამამად ითქვას, რომ ქართული მხარე აღნიშნულ ღონისძიებაზე ნამდვილად ღირსეულად წარდგა, რაშიც ჩვენ ძალიან დაგვეხმარა უკრაინელი მეგობარი, დენის მარჩენკო, რომელიც ქართული ტრადიციული ღვინის დიდი გულშემატკივარი და თაყვანისმცემელია. უნდა ითქვას, რომ მსოფლიოში ქვევრში დაყენებული ქართული ღვინო სულ უფრო და უფრო ცნობადი ხდება, რაც უპირატესად „ქვევრის მეგობრების“ დამსახურებაა, რომელთაც ამ რთული საქმის შესასრულებლად არაერთი წინააღმდეგობის გადალახვა მოუწიათ.

წარმატებას ვუსურვებთ ქართულ მართალ ღვინოს და იმედს ვიტოვებთ, რომ ქვევრში დაყენებულ ღვინოს ქართველები მსოფლიო ხალხებს კვლავაც მართებულად წარუდგენენ.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.