Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინის ტური "ძველსა" და "ახალ სამყაროში"

სოფიკო კვანტალიანი

ღვინო, საკვები და ცხოვრების სტილი - ტურისტულ ინდუსტრიაში ახალი ტრენდებია. თეორეტიკოსები, რომლებიც მსოფლიო ტურიზმის ტენდენციებს იკვლევენ, თვლიან, რომ დაახლოვებით ათი წლის შემდეგ თემატური ტურიზმი სუპერპოპულარული რამ გახდება, განსაკუთრებით კი მისი მნიშვნელოვანი სეგმენტი - ღვინის ტურიზმი.

დღეს ღვინის რეგიონების ტურისტებისთვის, გარდა ტრადიციული ღვინის მარშრუტებისა და სპეციალური ცერემონიალებისა (მასში შედის შემეცნებითი ექსკურსიები, ვენახებისა და მარნების მონახულება, ღვინის საწარმოს მონახულება, ასევე მონაწილეობა თემატურ კულტურულ ღონისძიებებში, მაგალითად ღვინის დაწურვის დღესასწაულზე და ა.შ. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ღვინის ტურის დროს შეგიძლიათ შეიძინოთ ორიგინალური ღვინო და საჩუქრადაც კი მიიღოთ იგი. ამ ტურში მხოლოდ დეგუსტაციისთვის არავინ მიდის, აქ მთავარი იმ საიდუმლოსთან ზიარებაა, რომლის მიხედვითაც მზადდება ესა თუ ის აუთენტური ღვინო) თითქმის ყველაფერია შესაძლებელი - ვენახში პიკანტური ქორწილის გადახდიდან, თუ ვენახების თავზე საჰაერო ბურთით ფრენიდან დაწყებული, გლეხებთან ერთად ყურძნის კრეფითა და ცხენებით ჯირითით დასრულებული.

ენოტურიზმისადმი ინტერესი ეკოლოგიურ და აგროტურიზმთან ერთად იზრდება. თანამედროვე "მაღალი სამზარეულო" და გასტრონომიული იდეაც ფოკუსს ხომ სწორედ ღვინოზე აკეთებს. ამიტომაც არის, რომ ახალ სამყაროში ღვინის საწარმოების ზრდის მაჩვენებელი წარმოუდგენლად გაიზარდა.

ჰიპების კვალდაკვალ...

1960-70-იან წლებში სან-ფრანცისკოს, კეიპტაუნის და ადელაიდას მცხოვრებლებისთვის მოდური იყო უიქენდზე ოჯახთან ერთად წასვლა ნაპას ხეობაში, სტელენბოშშსა და ბაროსაში, რათა სწორედ ადგილობრივ ღვინის საწარმოებში შეეძინათ ღვინო და იქვე მახლობელ მინდორზევე მოეწყოთ პიკნიკი. ბუნებაში განთავსებული ასეთი სპეციალური ბაღები ძალიან პოპულარულია. დღესაც სწორედ ამგვარი ადგილების მონახულებისას მიხვდებით, თუ როგორი კომფორტული და დემოკრატიულია ჰიპების მიერ წლების წინ დამკვიდრებული ტრადიცია.

ღვინის სოფლები

ახალი სამყაროს ღვინის რეგიონებში უკვე კარგა ხანია საგანმანათლებლო ცენტრების თუ ღვინის სოფლების შენება დაიწყო. ეს უკანასკნელი მაღაზიებს, რესტორნებს, მუზეუმებს, სადეგუსტაციო დარბაზებს და ყველაფერ იმას მოიცავს, რაც ღვინოსთან არის დაკავშირებული. ასეთია მაგალითად Copia ნაპაში ან მაგალითად McLaren & Fleurieu Visitor Center.

პოპულარული "ენოთეკის" (cellar door)კონცეფციაც 1970-იან წლებში დაიბადა, რათა იგი ღვინის გაყიდვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არხი ყოფილიყო. მაშინვე პირველად გაჩნდა ხარისხიან  ღვინის საწარმოებთან არსებული რესტორნების ქსელიც, რამაც საშუალება მისცა სტუმრებს ადგილობრივი ღვინო ადგილობრივ სამზარეულოსთან ერთად გაესინჯათ. მაგალითად, ბაროსა თავდაპირველად პოპულარული ადგილი იყო ადგილობრივი გერმანელი ემიგრანტებისთვის, ამიტომ თითქმის ყველა მათგანს გერმანული სახელწოდება ქონდა - Die Weinstube, Die Gallerie, Weinkeller.

ევროპული მოდელები

თითქმის ყველა პოტენციურ ენოტურისტს თავიდან მაინც საფრანგეთსა და იტალიაში მიუწევს გული, მხოლოდ ამის შემდგომ - ნაპასა და მაკლარენში. ეგზოტიკა კარგია, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში ღვინო გაცილებით მნიშვნელოვანია! კარგი ტურის დამოუკიდებლად მოწყობა კი დამეთანხმებით, საკმაოდ რთული საქმეა.

ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ღვინის რეგიონებში საუკეთესო მეურნეობები თვლიან, რომ ღვინის ტურისტი ეს სწორედ ის არის, ვისი სტუმრობაც მათ ყველაზე ნაკლებად სურთ. ასე რომ, ძველ სამყაროში ღვინის მარშრუტის დაგეგმვა ხშირად შედარებით ბევრ სირთულსეთანაა დაკავშირებული, მაშინ როცა ახალ სამყაროში წინასწარ შეგიძლია განსაზღვრო მთლიანი მარშრუტი. ინფორმაციაც, როგორც წესი, ამ რეგიონის საიტზე დევს. ძველ სამყაროში სასურველია წინასწარ იცოდეთ, თუ რომელ მეურნეობას უნდა ესტუმროთ (განსაკუთრებით კი საფრანგეთში), რომ დეტალებზე წინასწარ მოილაპარაკოთ, ახალ სამყაროში კი ამ კუთხით წინასწარ არაფერის დაგეგმვაა საჭირო, მხოლოდ ღვინის მარშუტის შერჩევაღა მოგიწევთ.

საფრანგეთი

საფრანგეთში დაახლ. 5000 ღვინის საწარმოა, აქედან მხოლოდ რვა რეგიონშია იგი მნახველებისთვის ოფიციალურად გახსნილი, თუმცა პრაქტიკულად ყველა საავტომობილო გზაზე შეხვდებით აბრას წარწერით Route du Vin (ღვინის გზა), მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ პირველსავე შესახვევში იპოვით სადეგუსტაციო დარბაზს, სადაც თბილად მიგიღებენ, დასაგემოვნებლად ათობით სახეობის ღვინოს შემოგთავაზებენ, სასურველი რომ აირჩიოთ და შედარებით იაფად შეიძინოთ. ვენახების ნახვა აქ მხოლოდ გზიდან თუ შეგეძლებათ, ღვინის დაგემოვნება კი მხოლოდ რესტორანში.

ბორდო

ვინომანებისთვის საყვარელ ბორდოს რეგიონს არც ისე სტუმართმოყვარე ადგილის რეპუტაცია აქვს. რაც არ უნდა პარადოქსული მოგეჩვენოთ, აქ დღესაც საკმაოდ ცოტაა კარგი და ძალიან კარგი სასტუმრო, ხოლო "რესტორანი შატოსთან" - უფრო ფანტაზიის სფეროა, ვიდრე რეალობა. გარდა იმისა, რომ აქაურ არისტოკრატებს ტურისტები დიდად არ ეპიტნავებათ, სხვა უფრო მნიშვნელოვანი მიზეზიცაა, იმისა, თუ რატომ არ არის განვითარებული შესაფერისი ინფრასტრუქტურა: აქ საწარმოდან ღვინოს მხოლოდ პირდაპირ ნეგოციანტებზე ყიდიან.

პირველი ტიპის შატოს ნახვა ბორდოში რიგითი სტუმრისთვის შეუძლებელია, მათზე თვალის შევლება მხოლოდ გზიდან ანუ ღობიდან თუ შეიძლება. შედარებით უფრო დაბალი კლასის შატოში შესვლა შესაძლებელია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გაგიმართლათ. ასე რომ, უნდა ვაღიაროთ, რომ ბორდო ღვინის ტურიზმის მხრივ არც ისე განვითარებული რეგიონია. აქ ბევრი შატო მხოლოდ საოჯახო კუთვნილებაა და მეპატრონეს სულაც არ სიამოვნებს ტურისტის სტუმრობა. ახალ სამყაროში კი სრულიად სხვაგვარადაა საქმე – აქ თავიდანვე ჩადებულია პროექტი - cellar door, რესტორნები და ა.შ. 

ბურგუნდია

დაახლოებით 4 ათასი ღვინის მწარმოებლიდან ბურგუნდიაში ღვინის ტურისტის მისაღებად რეალურად მხოლოდ 15(!) მათგანია მზად. მიზეზი გასაგებია: ადგილობრივ პატარა მეურნეობებს, რომლებიც შესანიშნავ ღვინოს ამზადებენ, არც მათი გასაღება უჭირთ. იმ ღვინის საწარმოთაგან, რომლებიც მზად არიან სტუმრის მისაღებად და ბურგუნდიული მეღვინეობის საიდუმლოს გასაზიარებლად, პირველ რიგში Maison Olivier Leflaive-ია აღსანიშნავი, რომელიც პიულინი-მონრაშეში (Puligny-Montrachet)მდებარეობს და Domaine Jean-marc-ი, რომელიც შაბლშია განთავსებული.

ესპანეთი

ხერესის და რიოხას ღვინის დიდი სახლები უკვე კარგა ხანია მასპინძლობენ სტუმრებს მთელი მსოფლიოდან. ბევრი ესპანური მეურნეობა მსოფლიო რეიტინგების საუკეთესო ნაკრებშია. მეღვინეები ცნობილ არქიტექტორებსა და დიზაინერებს იწვევენ, რომ ინფრასტრუქტურა მაქსიმალურად თანამედროვე და მიმზიდველი გახადონ. ასე რომ, ესპანეთი სულ მალე გვპირდება იყოს არამარტო კრეატიული სამზარეულოს ეპიცენტრი, არამედ უზარმაზარი მაგნიტი მათთვის, ვისაც სურვილი აქვს გაიგოს, როგორ მუშაობს ღვინის საწარმო, რომელიც გარედან გუგენჰაიმის მუზეუმს გვაგონებს. ასეთი საწარმოები ესპანეთში სოკოებივითაა, მაგალითად რიოხაში Finca Allende-ს მეურნეობა, რომელმაც სულ ახლახან XVI საუკუნის კოშკი სასტუმროდ გაადააკეთა.

დღეს ესპანეთში ღვინის ტურიზმი 19 ღვინის მარშრუტს ეფუძნება. კოორდინაციას ორგანიზაცია Acevin-ი აწარმოებს, რომელსაც ესპანეთის ტურიზმის სამინისტრო და სხვა სახელმწიფო ორგანიზაციები უჭერენ მხარს.

იტალია

იტალიელები, ფრანგებისგან განსხვავებით, ღვინის ტურისტებს საკმაოდ ხალისიანად ხვდებიან. აქ გავრცელებულია "აგრიტურიზმო"(Agritourism) - ანუ სასტუმრო, რომელიც სწორედ ვენახებშია განთავსებული.

            ახალი სამყაროს ღვინის რეგიონებში სტუმრობისას თქვენ რატომღაც სურვილი გიჩნდებათ მოინახულოთ რაც შეიძლება მეტი მეურნეობა, დღეში სამიდან ხუთამდე. თითოეულში სწრაფად დააგემოვნოთ ღვინოების მთელი ხაზი, შეიძინოთ რამდენიმე ყუთი ღვინო, ესტუმროთ რამდენიმე რესტორანს... იტალიაში კი ყველაფერი ისეა მოწყობილი, რომ თუ თქვენ რამდენიმე დღით დასახლდით რომელიმე მეურნეობის "აგრიტურიზმოში", არც კი მოგაგონდებათ, რომ სხვა საწარმოებს ესტუმროთ, რადგან ამ ტიპის სასტუმროში ცდუნება დიდია და ხანგრძლივი.  

ღვინის ტურისტები ღვინოსთან დამოკიდებულების მიხედვით რამდენიმე ტიპად იყოფიან:

  1. შემთხვევითი - მათ საბაზისო ცოდნა აქვთ ღვინოზე, მეურნეობაში მხოლოდ რეკლამის ნახვის შემდგომ ან ვინმეს რჩევით ხვდებიან და ღვინოს, ძირითადად, განწყობის მიხედვით იძენენ.  
  2. დაინტერესებულები - ისინი ღვინის მეურნეობებს უბრალოდ ტურისტული მარშრუტის ნაწილად თვლიან, ცოდნა კი პირველი ტიპის ტურისტებზე შედარებით მეტი აქვთ. ღვინოს იმპულსურად ან პროფესიონალთა რჩევის გათვალისწინებით ყიდულობენ.
  3. ენთუზიასტები - ეს ტურისტების ის ტიპია, რომლებიც ამ საქმით არიან გატაცებულნი. მათთვის ღვინის საწარმოში სტუმრობა რეგიონში ვიზიტის მთავარი მიზანია. ისინი პროფესიულ ლიტერატურას კითხულობენ და რეგულარულად აწყობენ ასეთ ტურებს. ყიდულობენ იშვიათ ღვინოებს, ისეთებს რომლებსაც სხვაგან ვერსად შეიძენენ, გარდა კონკრეტული მეურნეობისა.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.