Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

2011: ღვინო და ტენდენციები

ნინა ახლოური

როდესაც 2011 წლის ღვინის ბიზნესის პერსპექტივებზე წერილის დაწერა გადავწყვიტე, არ მიფიქრია, რომ ეს ასეთი რთული და იმავდროულად, მარტივიც იქნებოდა. თვალი გადავავლე რა გასული წლის მოსავალს და შემდეგი წლისთვის მარკეტინგულ კვლევებს, მივხვდი, ისეთ არაპროგნოზირებად სამყაროში, როგორშიც ჩვენ ვცხოვრობთ, წინასწარ მიღებულ გადაწყვეტილებებს არც ისე დიდი მნიშვნელობა აქვს. ვინ რამდენი, როგორ ხარისხის ღვინო დაამზადა, რა თქმა უნდა, საინტერესოა, მაგრამ როგორ გაიყიდება ის, ამაზე არა იმდენად მომხმარებლის გემოვნება თუ კომპანიების სტრატეგიული გეგმა მოქმედებს, რამდენადაც გარეშე ფაქტორები, მაგალითად, ეკონომიკური კეთილდღეობა, სხვადასხვა ვალუტის სტაბილურობა, ტემპერატურის ცვალებადობა და ა.შ.

     აქედან გამომდინარე, პროგნოზების გაკეთება უადგილოდ მიმაჩნია. ამისთვის, ალბათ, მსოფლიოს ცნობილ ეკონომისტებთან თუ კლიმატოლოგებთან ხანგრძლივი კონსულტაციები გახდებოდა საჭირო, ზუსტ პასუხს კი მაინც ვერ მივიღებდი. ამიტომ, მოცემულ შემთხვევაში, ყველაზე რეზონული გასული წლის ტენდენციების შეჯამება და მის ანალიზზე დაყრდნობით მოსალოდნელი შედეგების გამოვლენა მიმაჩნია.

     ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ტენდენცია, ალბათ, აზიური ღვინის ბაზრის განვითარებას უკავშირდება. ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ჩინეთსა და ჰონგ კონგში ექსპორტირებული ღვინის რაოდენობამ უდიდეს რიცხვს მიაღწია. როგორც ამბობენ, უახლოეს ისტორიას არ ახსოვს ფაქტი, რომ ღვინის ბაზარი რომელიმე რეგიონში ასე გაზრდილიყოს. ასევე შთამბეჭდავია ამ ზრდის ტემპიც. აზიაში კი ღვინის ფასი იციან და ძირითადად ევროპულ პრემიუმ კლასის ღვინოებს ეტანებიან. განსაკუთრებული პოპულარობით აზიელებში ბორდო სარგებლობს. როგორც ფრანგული მხარე აცხადებს, ბორდოს ღვინოების ორმოცდაათ პროცენტზე მეტი აზიაში ექსპორტირდება, ჰონგ კონგზე კი ყველაზე დიდი წილი მოდის. 2009 წლის ნოემბრიდან 2010 წლის ოქტომბრამდე მხოლოდ ჩინეთსა და ჰონგ კონგში 251 000 ჰექტოლიტრზე მეტი ბორდო გაიყიდა, რამაც ჯამში 333 მილიონი ევროს ღირებულება შეადგინა. თუმცა აზიის რეგიონში ჩინეთის ბაზარი ღვინის გასაღებისთვის ერთადერთ პერსპექტივას არ წარმოადგენს. ვითარდება სინგაპურის ბაზარიც და რაც მთავარია, ინტერესი დასავლური ღვინოების მიმართ საოცრად იზრდება. ამასთან, ბორდო არ არის აზიელების ინტერესის ერთადერთი საგანი, ამიტომ დროა ქართული ღვინის კომპანიებმაც აქტიურად დაიწყონ მათთან მოლაპარაკებების წარმოება, რადგან ჩვენი ხარისხიანი პროდუქტის გატანით უდაოდ დიდ მოგებას ვნახავთ. აქვე აღსანიშნავია ერთი საყურადღებო ფაქტიც: ბოლო ხანებში დასავლეთის უნივერსიტეტებში მეღვინეობა-მევენახეობის ფაკულტეტებზე ჩინელი სტუდენტების რაოდენობა იზრდება. აქედან გამომდინარე, შესაძლოა ჩინურ ბაზარზე ღვინის ექსპორტირებას არც ისე მასშტაბური და გრძელვადიანი პერსპექტივა ჰქონდეს, რადგან ექსპერტებსაც მიაჩნიათ, რომ მალე დასავლური განათლების მქონე ჩინელები თავიანთ სიტყვას იტყვიან საკუთარი მეღვინეობის განვითარების საქმეში.

     ეკონომიკურმა არასტაბილურმა სიტუაციამ მეღვინეობის სფეროში მთელი მსოფლიოს მასშტაბით არსებითი ცვლილებები განაპირობა. ყველაზე დადებითი შედეგები ამ ფაქტორმა სამხრეთ ამერიკული ღვინოებისთვის მოიტანა. იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო ხანებში ყველაზე გაყიდვადი ღვინოების საფასო სეგმენტმა 9-12 დოლარამდე დაიწია, ხოლო 50 დოლარის ზემოთ სასმელი ე.წ. "მკვდარ ზონაში" მოხვდა, არგენტინას და ჩილეს ექსპორტის გაზრდა არც ისე გასჭირვებიათ. ორივე ქვეყანა საკმაოდ კარგ და ხარისხიან ღვინოს აწარმოებს, თანაც მისაღებ ფასებში, რამაც განაპირობა კიდეც კრიზისის პირობებში მათი აქტუალურობა. როგორც ცოტა ხნის წინ Wine Enthusiast-ის მთავარმა რედაქტორმა, ადამ შტრუმმა გასული წლის შეჯამებით მოხსენებაში აღნიშნა, არგენტინული და ჩილეური ღვინოების წილი მსოფლიოს ბაზარზე, განსაკუთრებით კი შეერთებულ შტატებში შესამჩნევად გაიზარდა და ეს ტენდენცია ახლაც გრძელდება.

     თუმცა, თუ არგენტინული მალბეკი წელს ყველაზე მოდური ღვინო იყო, ყოველ შემთხვევაში, შეერთებულ შტატებში, ეს მაინც არ ნიშნავს იმას, რომ ის საუკეთესო სასმელი იყო ამ ქვეყნის ბაზარზე. Wine Spectator-ის წლის საუკეთესო ღვინოების ათეულში ხუთი ეროვნული, კალიფორნიული იყო. ამბობენ, რომ უკანასკნელ ხანებში კალიფორნიას გარკვეული პრობლემები შეექმნა საირიგაციო სისტემებთან დაკავშირებით, რის გამოც წყალი გაძვირდა, ამან კი, შესაბამისად, გავლენა მოახდინა ღვინის ფასზეც. თუ ასე გაგრძელდა, მიუხედავად ბრწყინვალე ხარისხისა, კალიფორნიულ ღვინოს გაუჭირდება კონკურენცია გაუწიოს ძალიან დემოკრატიული ფასების ლათინურ ამერიკულ ღვინოს.

     Wine Spectator-ის რეიტინგმა კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი გამოავლინა: ევროპული ღვინის პრესტიჟი ეცემა (ზოგის აზრით ამაზე ამერიკელმა ღვინის კრიტიკოსებმაც იზრუნეს). ეს აიხსნება ბოლო პერიოდში ევროპის ტერიტორიაზე ანომალიური კლიმატური ცვლილებებით, გვალვებითა და ყინვებით. კრიზისზე ისიც მიანიშნებს, რომ ევროკავშირმა მეღვინეობის განვითარებისთვის 828 მილიონი ევრო გამოჰყო. ჩემდა გასაკვირად, შტრუმის მოხსენებიდან ისიც შევიტყვე, რომ იტალიურ ღვინოს საქმე უკეთ აქვს, ვიდრე ფრანგულს - იტალია ევროპაში ბოლო ხანებში ღვინის ნომერი პირველი ექსპორტიორია.

     ღვინის მომხმარებელი კი ეკონომიკურმა კრიზისმა საკმაოდ გაანებივრა. იმისათვის, რომ გაყიდვები გაეზარდათ, მათ მოსაზიდად მწარმოებლებმა ათასგვარ ხერხს მიმართეს. როგორც არასდროს, პოპულარული გახდა სადეგუსტაციო ოთახები, ღვინის კლუბები, აქციები რესტორნებსა და სუპერმარკეტებში. აქტუალური გახდა ღვინის ბლოგერობა, ანუ ინტერნეტის გამოყენება პროდუქტის ცნობადობის გაზრდის მიზნით. რამდენადაც დაზარალდნენ მწარმოებლები, იმდენად დიდი სარგებელი ნახა მომხმარებელმა - როგორც იქნა, მასიურად გახდა შესაძლებელი კარგი ღვინის ყიდვა გონივრულ, ხარისხის ადეკვატურ ფასებში. მიუხედავად იმისა, რომ კრიზისი ზოგიერთ ქვეყანაში საკმაოდ შესუსტდა, ღვინის კომპანიები მარკეტინგულ პოლიტიკას უცებ ვერ შეცვლიან, ამიტომ მოსალოდნელია, რომ დაბალფასიანი ხარისხიანი ღვინოების მოთხოვნის ტენდენცია შენარჩუნდება.

     მწარმოებლების საყურადღებოდ: სულ უფრო იმატებს მომხმარებლის მხრიდან მოთხოვნა ეკოლოგიურად სუფთა, "მწვანე" ღვინოებზე. ორგანულ, ბიო პროდუქტზე მოთხოვნა ზოგადად გაიზარდა და ეს ღვინოებსაც შეეხო. ქიმიკატებზე უარის თქმა და ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტით ღვინის დამზადება რომ ამ უკანასკნელზე კარგად მოქმედებს, ეს რამდენიმე ქართული ღვინის მაგალითზეც შესანიშნავად ვიცით. ამასთან, აქტუალური ხდება არა იმდენად ორგანული ღვინის წარმოება, არამედ ამის გაკეთება ისე, რომ გარემოზე მავნე ზემოქმედების თავიდან აცილება გახდეს შესაძლებელი. ეს, თავის მხრივ, ამცირებს "სათბურის ეფექტის" წარმოქმნას, ჩვენ კი ყველამ კარგად ვიცით, ეს რა მნიშვნელოვანია მეღვინეობის გრძელვადიანი პერსპექტივებისთვის, რადგან დათბობა შესამჩნევად გააუარესებს ღვინის ხარისხს სამხრეთულ ქვეყნებში.

     ბოლო წლების ეკონომიკურმა კრიზისმა ღვინის დიზაინსაც თავისი დაღი დაასვა. ღვინის მწარმოებლები შეეცადნენ, რაც შეიძლება მეტად გაეკეთებინათ ეკონომია ისეთ მხარეზე, როგორიც დიზაინია. 2011 წლიდან ელოდებიან, რომ სიტუაცია შეიცვლება და ბრენდინგზე მეტი ფული დაიხარჯება. სასმელების შესაფუთი მასალის გასაღების ყველაზე დიდი ბაზარი კი, უკანასკნელი მონაცემებით, კვლავ ჩინეთია.

     არ შეიძლება არ აღინიშნოს iPad-ების მზარდი პოპულარობაც და ამგვარივე წვლილიც ღვინის ბიზნესის განვითარების საქმეში. მართალია, არც ისე დიდი ხანია, რაც მსოფლიოს წამყვანი ქალაქების რესტორნებმა iPad ღვინის სიების გამოყენება დაიწყეს, თუმცა უკვე დამაჯერებლად შეგვიძლია ამის შედეგებზე საუბარი. კონკრეტულად კი, მას შემდეგ, რაც რესტორნები ასეთი მოწყობილობებით აღიჭურვა, ღვინის გაყიდვებმა მთელი თერთმეტი პროცენტით მოიმატა. თუ გავითვალისწინებთ იმას, თუ რას სთავაზობს 25 სანტიმეტრიანი დაფები მომხმარებელს, ეს შედეგი არც ისე გასაკვირია. iPad მათ არამხოლოდ ღვინოების ყოველდღიურად განახლებულ სიებს სთავაზობს, არამედ მათ რეიტინგებს, კრიტიკოსების მიმოხილვებს და ცხადია, ფასებსაც. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ სიებში ღვინოების დახასიათებასთან ერთად წარმოდგენილია მათი შესაფერისი მეწყვილე კერძებიც. ეს ფაქტი ძალიან აშინებს სომელიეებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ iPad ღვინის სიები მოკლე ხანში მათ უმუშევრებს დატოვებს. ამბობენ, რომ რესტორნის კლიენტები, მიუხედავად ამ სიახლისა, მაინც კითხულობენ პერსონალის აზრს და iPad-ში ჩატვირთულ სიებსაც ყველა სასადილო ადგილზე ვერ შეხვდებით, რაც განაპირობებს იმ აზრის არსებობას, რომ სომელიეებს არაფერი აქვთ სადარდებელი. ჩემი აზრით კი, არგუმენტი საკმაოდ სუსტია და მხოლოდ დროის საქმეა ამ პროფესიის ხალხის ტექნოლოგიებით ჩანაცვლება.

     რაც შეეხება აღმოსავლეთ ევროპას, შესაძლოა კონკურენცია მოლდავურ და ქართულ ღვინოს შორის კიდევ უფრო გაიზარდოს. არასტაბილური რუსული ბაზრის თუ პოლიტიკის გამო, მოლდავეთმა როგორც ჩანს ყურადღება მის მეზობელზე გადაიტანა. შედეგად, ზოგიერთი წყაროს თანახმად, წელს უკრაინაში მოლდოვური იმპორტირებული ღვინის მოცულობა შესაძლოა დაახლოებით ოცი პროცენტით გაიზარდოს.

     რეგიონში ჩვენი ღვინისთვის კონკურენციის გასაწევად სომხები ემზადებიან. ჩვენი მეზობლები ამ წლის შემოდგომაზე არაგაცოტნის მხარეში ღვინისა და კონიაკის ახალი ქარხნის მშენებლობას დაასრულებენ. მწარმოებელი "გოლდენ გრეიფ არმასი" ქარხანას იტალიური ტექნოლოგიებით აღჭურავს. თავიანთი ნაწარმის ექსპორტირებას კი სომხები რუსეთში, უკრაინაში, ევროპასა და შეერთებულ შტატებში გეგმავენ.

     ვფიქრობ, ქართველ მეღვინეებს წელს ლავირება არ უნდა გაუჭირდეთ. ტენდენციები საკმაოდ არაერთგვაროვანია და თუ ზოგადი სურათი უცვლელი დარჩა, ქართული ღვინო გასაღების ბაზარს ყველგან იპოვის. მთავარია ხარისხის შენარჩუნება და პროდუქტზე ადეკვატური ფასის დადება. თანაც, მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური კრიზისი საბოლოოდ დაძლეული არ არის, დაბალი და საშუალო ფასის სეგმენტის ღვინოებზე არანაკლებ აქტუალური ხდება ძვირფასი ღვინოების წარმოებაც, რაც, როგორც უკვე აღვნიშნე, აზიის ბაზრის მოთხოვნამ განაპირობა. ასე რომ, არ ღირს მხოლოდ დაბალფასიან სეგმენტზე ორიენტირება - ხარისხის გაზრდა ახალი კონტაქტების დამყარებასთან ერთად კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ქართული ღვინის წარმატებისკენ.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.