Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ძველი ქართული საღვინე ჭურჭელი

გაბერილი ტიკი, გასიებული რუმბი და დაგორებული კასრი

ლევან სეფისკვერაძე

კარგი ღვინის დაყენება სწორად შერჩეული და ხარისხიანი საღვინე ჭურჭლის გარეშე შეუძლებელია. საქართველოში ადრეული პერიოდიდან გამოიყენებოდა ისეთი ძველი საღვინე ჭურჭელი, როგორიცაა: ტიკი, რუმბი, ქვევრი, კასრი და სხვა. თუმცა, როდესაც მინის ჭურჭელი შემოვიდა, ძველი საღვინე ჭურჭლის დამზადების ტრადიცია თანდათან მოიშალა და ბევრი ადამიანის ხსოვნაში მხოლოდ ადრეულ ლექსებსა და მოთხრობებში შემორჩა.

ტიკი და თულუხჩი

საღვინე ტიკს ძველ საქართველოში ამზადებდნენ ხარის, თხის, ან კამეჩის ტყავისგან, რომელსაც ქვემოდან სახელოსავით ჰქონდა მიკერებული ღვინის ჩამოსასხმელი. იტევდა 4-5 ფუთ ღვინოს ან წყალს და ყულფებით იყო დამაგრებული ცხენის ან სახედრის კეხზე. ღვინოს ტიკში პირიდან ასხამდნენ, იქიდან ჩამოსხმა კი "სახელოდან" ხდებოდა. 1893 წლიდან ქალაქის თვითმმართველობამ თბილისში დიდი ტიკები ხის კასრებით შეცვალა. კასრებით წყლის ან ღვინის მზიდავს კი მაინც თულუხჩი ან მეთულუხჩე ერქვა.

ძალიან საინტრესოა ის ფაქტი, რომ ტიკი თავისი არსით იყო წყლის გადასაზიდი და არა შესანახი ჭურჭელი. ერთ კვირაზე მეტ ხანს ტიკში გაჩერებული ღვინო კარგავდა თავის საუკეთესო თვისებებს და დაძმარებას იწყებდა. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ ტიკებს შიგნიდან შავი გუდრონით (იგივე ფისით) გლისავდნენ. ამიტომ, კარგი მეღვინე ტიკში ღვინოს 1-2 დღეზე მეტ ხანს არასოდეს აჩერებდა - ან ქვევრში ასხავდა, ან კასრში და ანაც რუმბში. 

რა იყო რუმბი

რაკი რუმბი ვახსენეთ, ბარემ კიდეც დავახასიათოთ, ეს უფორმო, უზარმაზარი ჭურჭელი.

     გიორგი ბერიძე, ეთნოგრაფი: "რუმბი იყო მრავალნაირი და ბევრნაირი დანიშნულების. რუმბი კეთდებოდა: სპილენძისაგან, კამეჩის ტყავისგან ან ალუმინისაგან. თბილისში ყევლაზე დიდი რუმბები სომხებს ჰქონდათ, რომლებიც შემოდგომაზე ნაყიდ ღვინოს ინახავდნენ და გაზაფხულზე და ზაფხულში კარგ ფასად ყიდდნენ. არსებობდა ერთტონიანი, ორტონიანი და ხშირად სამტონიანი რუმბებიც კი. ასეთ ჭურჭელს გადასატანად ხარ-კამეჩები სჭირდებოდა. რუმბების ფორმებიც განსხვავებული იყო. არსებობდა დიდმუცელა, ვიწროყელიანი რუმბები, რომელსაც თავზე სველი თიხით შელესილ ხეს აფარებდნენ. ასევე იყო მოგრძო დიდყელიანი რუმბებიც. საერთოდ, უნდა ითქვას, რომ რუმბებს, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ყველაზე კარგად სპარსელი ხელოსნები აკეთებდნენ. მოგეხსნებათ, სპარსელებს ღვინის დალევას რელიგია უკრძალავთ, მაგრამ როგორც ჩანს, თბილისელი სპარსელები განსაკუთრებულად ღრმადმორწმუნე მუსლიმანები არ იყვნენ".

ჭაბუა ამირეჯიბი "დათა თუთაშხიაში" ძალიან კარგად აღწერს ყანდურის მიერ რუმბების მოტაცების ამბავს:

"- ვინ მოგპარა ტიკები, კაცო?... ყანდურმა?

- ყანდურმა. ეხლა ანაფორა ჩაუცვამს, გრძელი წვერი მოუშვია და ხალხს სინდის-ნამუსს ასწავლის... მაგრამ ეგეთი ხასიათის კაცი ვარ! განა სულ ტიკი იყო? ორი რუმბი იყო და ოთხიც ტიკი - კამეჩის რუმბები იყო. აბა, რომელმა იცით, სულ დიდი რუმბი იყოს, კამეჩისა.

- ღვინო რამდენი ჩავა შიგ?.. არ იცით, არა?.. გეტყოდით, მაგრამ დამავიწყდა. მას აქეთ კამეჩის რუმბი აღარა მქონია. თხუთმეტი წელიწადია, რაც მომპარა. არ დამვიწყებოდა, რათა გკითხავდით, რა!.. დამიჭით, დამიჭით ყანწები!"

     როგორც ზემოთ ვთქვით, ძველი ქართული საღვინე ჭურჭელი, განსაკუთრებით - რუმბები, დღესდღეისობით ყველაზე კარგად ქართულ ლიტერატურაშია შემონახული. გავიხსენოთ ტიციან ტაბიძის ცნობილი ლექსი "ცხენი ანგელოსით":

"გადმოფრენილი

ჰოლანდიელი,

თუჯის მხედარი,

ხანა პეტერბურგის.

შაბიამანში გატყდება ცხენი

და როგორც რუმბი,

გასივდება თუჯის მხედარი.

ახალ ევგენის წინ გაიგდებს ცხენი ანგელოსით.

შორი გზა არ ღლის,

ვეშაპი ვერ მოჰკლავს,

დევნი უფრთხიან".

     რუმბს სულხან-საბა ორბელიანიც ახსენებს თავის ერთ-ერთ იგავ-არაკში: "რა მთას ავედით, ორნი დიდნი კაცნი შუღლობდენ. ჩემსა უფრო იყვნენ, თვარა მისოდენი არ იყვნენ. ამაზე შეცილებულიყვნენ. ერთს კაცს ზურგს ერთი რუმბი ღვინო ჰკიდებოდა და აღმართში დამძიმებოდა, მეორე მოსწეოდა და ეთქვა: თუ გემძიმება, მე ამკიდე, მთამდის ავიტან და მუნ ერთი ხლაპი მაქნევინეო".

     მიუხედავად იმისა, რომ რუმბი ფაქტობრივად გაქრა ქართული მეღვინეობიდან, სამეტყველო ენაში დღესაც ხშირად გაიგებთ სიტყვებს: "რუმბივით გასივებული" "მუცელი რუმბივით მქონდა" და სხვა.

კასრი, დიოგენე და შარდენი

კასრი, მარცვლეულისა და ღვინის საწყაო ჭურჭელი იყო ჯერ კიდევ XVI—XVII საუკუნეების იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქართლ-კახეთში. XVIII საუკუნის აღმოსავლეთ საქართველოში ღვინის ჭურჭელთან ერთად, კასრი იყო მარცვლეულის საწყაო (ასაწონი) ერთეული და კოდის 1/2 ან 16,5-ს (17 კგ) უდრიდა. ხოლო დასავლეთ საქართველოში ღვინის საწყაო კასრი — საშუალოდ 46 ლიტრის მოცულობისა იყო. კასრი კეთდებოდა: მუხის, ნაძვის და კოპიტის ხისაგან, თუმცა სხვა ჯიშის ხეებსაც ხშირად იყენებდნენ. მაგალითად, მე 18-ე საუკუნის ერთ-ერთ ისტორიულ წყაროში აღწერილია ამბავი, როგორ დაუგორდათ გორში ვაჭრებს მთიდან კაკლის ხის კასრები და რომ ამ კასრებმა რამდენიმე სახლიც დააზიანა. ვაჭრები პატიოსანი ხალხი გამოდგნენ და დაზიანებული სახლის პატრონებს უნებლიედ მიყენებული ზარალი აუნაზღაურეს.

მეტად საინტერესოა, ვიცოდეთ, რომ სიტყვა "კასრი" სულხან-საბა ორბელიანის "სიტყვის კონაში" ორნაირადაა განმარტებული: "სახლი მომცრო სათავისწინაო" და "ჩასასხამი ღვინისა". სულხან-საბას მიერ კასრის სახლად წარმოდგენისას, რა თქმა უნდა, ყველას ძველი ბერძენი ფილოსოფოსი დიოგენე გაახსენდება, რომელმაც თითქმის მთელი ცხოვრება კასრში გაატარა. კასრი სახლად მქონდაო, სწორედ დიოგენემ უნდა თქვას.

XVII საუკუნის 70-იანი წლების ფრანგი მოგზაური ჟან-პოლ შარდენი ღვინოზე, საღვინე ჭურჭელზე და საერთოდ, ქართული სუფრის, ქეიფისა და ღვინის სმის ტრადიციაზე ძალიან საინტერესო ცნობას გვაწვდის: "სამგვარი საჭმელი მოვიდა სუფრაზე. ყველა სამოცამდე ვეება ლანგრით; მოვიდა ყველა ჯურის ფლავი, ბრინჯი ხორცთან ერთად მოხარშული. აკეთებდნენ სხვა და სხვა ფერისას და გემოვნებისას; ყვითელ ფლავს შაქრით, დარიჩინით და ზაფრანით აზავებდნენ; წითელს ბროწეულის წვენით. თეთრი ფლავი კარგი და გემრიელი საჭმელია... აზიზი და შემრგე... მერე თავად შემოიტანეს კუპატები, ყაურმა, მშვენიერი მომჟავო, მოხრაკული ხორცი და სხვა ამგვარი საჭმელები... საკვირველი წესიერებით და სიჩუმით მიმოჰქონდათ საჭმელები. ყველა უთქმელად აკეთებდა თავის საქმეს. სუფრაზე სამი ევროპელი ვიყავით და ჩვენ უფრო მეტს ვხმაურობდით, ვინემ ეს 150 კაცი, რომელიც სეფაში იყო... მეტად საკვირველი იყო სუფრის იარაღი და ავეჯეულობა. 120-მდე ღვინის სასმელი ჭურჭელი იყო სუფრაზე: ბადიები, თასები, ყანწები, კულები, 12 აზარფეშა და სხვანი..."

საწყენი ისაა, რომ წარმოშობით ფრანგმა კაცმა ქართული სუფრისა და ღვინოსთან დაკავშირებული ტრადიციების შესახებ უფრო მეტი იცოდა, ვიდრე შემდგომ პერიოდში რუსეთს მიკედლებულმა ბევრმა ქართველმა გენერალმა.

ცოტა რამ ისტორიიდან

ქართული მევენახეობა-მეღვინეობის აღმავალ პერიოდად XIV ს-ის პირველი ნახევარი უნდა ჩაითვალოს, რასაც "კარის გარიგებანი" გვიდასტურებს. ეს დარგი იმ დროს მთავრობის ზრუნვისა და ზედამხედველობის საქმედ იყო მიჩნეული. სახელმწიფო მმართველობის აპარატში ცალკე უწყებაა შექმნილი, რომელსაც დიდი მოხელე მეღვინეთუხუცესი ხელმძღვანელობს. იგი განაგებს უზარმაზარ სამეფო ზვრებს, ღვინის შემოსავალს ზვრებიდან, საგლეხო ბეგარებიდან, სახელმწიფო ღვინის გადასახადს (კულუხს), ღვინის ხარჯს სამეფო კარზე. მას ექვემდებარება ძალზე დიდი და მრავალშტატიანი დაწესებულება "საღვინე", რომელსაც ემსახურებიან საღვინის ხელისუფალნი: "მეღვინენი", "საღვინის მოლარე", "მემარნე", "მეზვრენნი" და სხვ.

არსებობდა მევენახეობა-მეღვინეობის დიდი საბატონო მეურნეობები. მაგ.: გელათის მეურნეობაშიც ჰყოლიათ საკუთარი მეღვინეთუხუცესი, ხოლო გელათური საუკეთესო ღვინო ყოველწლიურად ძღვენის სახით უნდა მიერთმიათ მეფისათვის. დიდი მეურნეობების მაგალითად შეიძლება კარის გარიგებაში აღწერილი სამეფო-საბატონო მეურნეობა მივიჩნიოთ.

ზვრებში სამუშაოების ზედამხედველობა და კონტროლი აქ საპოლიციო მოხელეებს - მანდატურებს ევალებათ. ჩანს, რამდენად მძიმე იყო ზვრებში მუშაობა, რომ იგი პოლიციის გარეშე გარანტირებული ვერ ყოფილა. მანდატურებს ეკისრებოდათ წინასწარი სიებით გლეხობის სამუშაოზე გამოყვანა იმის მიხედვით, თუ ვის როდის უწევდა იგი. ზვრების მოვლის საქმე ევალებოდათ აგრეთვე "მეღვინეებს", "საღვინის მუქიფს", და "ღვინის მკრეფელებს".

"საღვინეში" ინახებოდა ღვინის ჭურჭელი და თვით ღვინო, სამეფო კარზე ყოველდღიურ სახმარად და ხარჯვისათვის იყო საჭირო. ღვინის მოსავალი კი ჩვეულებრივად ადგილზე, მარნებში იყო შენახული. ღვინის ყოველგვარი შემოსავალი, ხარჯი და საღვინე ჭურჭელ-იარაღი ჩვეულებრივ ყოველ წლისთავზე (როგორც სხვა უწყებებში) აღირიცხებოდა და იანგარიშებოდა.

"საღვინის მუქიფი" ზვრების საქმეს განაგებდა მეღვინეთუხუცესთან ერთად. ის საღვინიდან გასული ან შემოსული ძღვენის საქმეს აწესრიგებდა. "მეღვინეებს" ევალებოდათ "საღვინიდან" გამოტანილი ჭურჭლის თვალყური და ისევ თავის დროზე სალაროში შენახვა, ზვრებში მუშაობის ზედამხედველობა, მეფის პირადი მომსახურება ღვინის მხრივ. ყოფილა ცალკე "პირის მეღვინეც". "საღვინის მოლარეს" საღვინის ქონების აღწერა-დაცვა ევალებოდა.

ღვინის დიდ შემოსავალზე და მის სახელმწიფოებრივ დანიშნულებაზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ ღვინო მეფის კარზე გამოყენებულია მოსახლეობის გასამრჯელო-სარგოდ: მეღვინეთუხუცესს სარგოდ ეძლევა თითო ზვრიდან თითო ჭური ღვინო, ამაზე "უმცროსი" ჭური საღვინის მუქიფს ეძლევა, საღვინის მოლარეს ისტუმრებს მეზვრე იმის მიხედვით, თუ "ვითარ ზვარი იყოს, ანუ მეზვრე", ხოლო მეღვინეები სარგოს იღებენ ღვინის ბეგრიდან, როცა ისინი "ღვინის ულუფას" მოკრეფენ.

     ჩვენ შეგნებულად არ ვისაუბრეთ ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და ტრადიციულ ქართულ ღვინის ჭურჭელზე - ქვევრზე. ქვევრი ნამდვილად იმსახურებს იმას, რომ ცალკე სტატია მიეძღვნას.

ხოლო ის ფაქტი, რომ ქართველი გლეხების დიდმა ნაწილმა საერთოდ დაივიწყა ძველი ქართული ღვინის ჭურჭლის მოხმარება და გამოყენება, ჩვენი დროის საქართველოს დიდ სირცხვილად უნდა შეფასდეს.

© „მარანი“

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული