ერმილე ნაკაშიძე, მევენახეობა-მეღვინეობა გურია-სამეგრელოში, აჭარაში და აფხაზეთში. სახელგამი, 1929
აქ მე საჭიროდ ვრაცხ მოვიყვანო ცნობები გურია-სამეგრელოს იმ ღვინოებზე, რომელნიც ცნობილი ყოფილან დასავლეთ საქართველოში თავისი განსაკუთრებული თვისებით:
1. ჩხავერი ანუ ჩხავრის ღვინო. - ასე უძახიან თეთრ ღვინოს ამავე სახელის ჯიშის ყურძნიდან (წმინდა თეთრი და ღია-ქარვის ფერიდან მკრთალ ვარდის ფერამდე), ის არის მაგარი, არომატიანი, ნაზი, ცქრიალა, სასიამოვნო, ტკბილი ცოტათი მომჟავო გემოსი, რითაც მიემსგავსება შამპანურ ღვინოს. ამზადებენ ჩხავერის და აგრეთვე თეთრიშა ჯიშებისგან და ყოველთვის ადუღებენ უჭაჭოდ. საუკეთესო ჩხავერი ღვინო დგებოდა სოფლებში: ასკანა, ოცხანა, შემოქმედი, მაკვანეთი და ლიხაური. ეს ჯიში ეხლა გურიაში ბევრგან დაბლარადაც არის გაშენებული.
2. საჯაოხური - წითელი, ძალიან მაგარი (ძნელი) ღვინო, კარგი არომატიანი; საუცხოვოდ იტანს მგზავრობას (გადატან-გადმოტანას) და დიდხანს ინახება. ამზადებდენ სხილათობანის და მტევან-დიდის ჯიშებისგან საჯაოხოს რაიონში¹) და ამიტომ უძახიან საჯაოხურს. ნაცრის გაჩენამდე საჯაოხურ ღვინოს დიდი გასავალი ჰქონდა ქუთაისში და დასავლეთ-საქართველოს სხვა ქალაქებში და დაბებში; მაშინ მხოლოდ ამ ღვინოებს ეჭირა იქაური ბაზარი, სვირის და რაჭის ღვინოები ჯერ კიდევ არ იყვნენ ცნობილი.
¹)საჯაოხოს რაიონში შედის გარდა ოზურგეთის მაზრის ორი თემისა: ნანეიშვილი და ზემოხეთის (ეხლა ზემოხეთი, კოხნარი და საჭამიასერი), კიდევ 3 მომიჯნავე თემი ქუთაისის მაზრისა -აბაშის, მუხაყრუის და ტობანიერის (ეხლა გამოჩინებული და ტობანიერის თემები).
3. ჯანი ანუ ჯანის ღვინო - წითელი ღვინო, რომელიც განირჩევა თავისი სიმაგრით და სასიამოვნო არომატით ძალიან წააგავს ოჯალეშს და არაფრით არ ჩამოუვარდება კახურ ღვინოს. ჯანის ღვინო მზადდებოდა მარტო ჯანის ჯიშიდან სოფლებში: ბუკის-ციხე, იანაული, ერკეთი და მათ მიდამოებში. ეს ჯიში გურიაში ეხლა ბევრგან არის გაშენებული დაბლარადაც.
4. სოფლებ ბაღდადში, ბახვში და ასკანაში მტევან-დიდის ჯიშიდან აკეთებენ მუქ-წითელ ღვინოს, რომელიც განსხვავდებოდა თავისი სიმაგრით და არომატით; ის კარგად ინახებოდა და კახურ ღვინოს არაფრით არ ჩამოუვარდებოდა (ხშირად ხმარობდნენ სამკურნალო მიზნითაც* - "Кавказ. Сельск. Хозяйство" #53, 1894 г.). ეს ჯიშიც არის ეხლა გურიაში ზოგიერთ სოფლებში დაბლარად გაშენებული.
5. სამეგრელოს ღვინოებში პირველი ადგილი ეჭირა ოჯალეშის ღვინოს; ის მუქი წითელია, სქელი, მაგარი, სასიამოვნო არომატით, თავისი გემოთი და სიმაგრით გვაგონებს ევროპიულ ღვინოებს - ბურგუნდიის და პორტვეინს; ხშირი გადაღებით უმჯობესდება, ინახება დიდხანს და მგზავრობას კარგად იტანს. ზოგი ოჯალეშის ღვინო თავისი თვისებით არაფრით ნაკლები არ იყო კარგ კახურ ღვინოზე და ითვლებოდა ერთ-ერთ საუკეთესო ღვინოდ არა თუ სამეგრელოში, არამედ მთელ საქართველოში* - ცნობილი მოგზაური შარდენი, რომელიც სამეგრელოში იყო 1672 წელს, ამ ღვინოზე ამბობს, რომ ის მაგარია, სრული ტანის, სასიამოვნო გემოსი და სტომაქისთვის სასარგებლო - " il a de force et beaucoup de corps, il es ageable au gout et bon a l'estomac" (Voyages dut Chevalier Chardin en Perse et autres lieux De L'Orient)).
ოჯალეშის ღვინის საწარმოვო რაიონი იყო სამეგრელოს მაღლობი ნაწილი მდ. ტეხურის და აბაშის ხეობები, რომელიც გაჭიმულია სოფელ ვახადან შხეფამდე 40 ვერსის მანძილზე და შეიცავს სოფლებს, რომელნიც განთქმული იყვნენ ოჯალეშის ღვინით: ვახა, სალხინო, სკურდი, ჩაჩხური, თამაკონი, გურძემი, თარგამეული, ნახუნეო, აბედათი, ჯოლევი, უშაფათი, უფალიკარი და შხეფი. სულ ეს მთაგორიანი ზოლი ნიადაგის მხრივ კირნარია, მიქცეულია მზისკენ, ძევს მზის საფიცხებელზე და ამით ჩაყენებულია მეღვინეობისთვის საუკეთესო პირობებში. თვითონ ღვინის სახელიც წარმოშობილია ვენახების ადგილმდებარეობის დახასიათებით: ბჟა მეგრულად ნიშნავს მზეს, ბჟალეში ანუ ობჟალეში, - გაცხელებული, გახურებული, მზისგან დამწვარი და აქედან გადამახინჯებული სიტყვა ოჯალეში. ბურგუნდიის ღვინის სახელი "cote rotie" ეფარდება ოჯალეშის სახელს და წარმომდგარია. ადგილის მდებარეობის იმავე პირობებში. ოჯალეში კეთდება სვანური ანუ შონური ყურძნის ჯიშისგან, რომლის ვაზები აშვებული იყო განსაკუთრებით ხურმაზე (Diospyors Lotus L), იშვიათად თხმელაზე (მურყანზე).
სვანური ჯიშის გაშენების რაიონში საუკეთესო ღვინო დგებოდა სოფელ სალხინოში (სალხინოში ჰქონდა საზაფხულო სასახლე სამეგრელოს მთავარს, დიდი სივრცის ვენახები და მარანი, სადაც იყო ჩარგული დიდრონი ჭურები (ქვევრები) ოჯალეშის ღვინოებისათვის. ერთი ამ დიდ ჭურთაგანი, რომელშიც ჩადის 300 კოკამდე (საწყავი), ეხლაც არის სალხინოს სახალხო მამულში (პრინცესა მიურატის ყოფილი მამული)) სამეგრელოს მთავრის დადიანების ვენახებში. ეხლა ეს ჯიში სამეგრელოში მაღლარად არსად არის, დაბლარად კი, ბევრგან გვხვდება აქაურ სოფლებში.
6. ჭვიტილური - თეთრი ღვინოა, ასე ჰქვია ჯიშის გამო; ის ძალიან მაგარია, სურნელოვანი, და ნაზი, თავის გემოთი ჩხავერის ღვინოს გვაგონებს. ეს ღვინო დგებოდა ზუგდიდის მაზრის ჩრდილო-აღმოსავლეთის ნაწილში, მთაგორიან ზოლზე მდინარე ხოპის და ჭან-წყალის შუაგულ ხეობების სოფლებში: ჯვარი, საჩინო, ჯგალი პუკი, წალენჯიხა, მუხური, ჭვადუაში, კორცხელი, ყულისკარი, ობუჯი, მოიდანახე, ახუთი, კირცხი, ჯაგრა, ჭაკვინჯი და სხვა. ამ სოფლებიდან საუკეთესო ღვინოები დგებოდა სოფლებში: პუკი, წალენჯიხა, ჯგალი (ჯიხას ფერდი) და ჯაგრა. ჭვიტილური დაბლარადაც არის გაშენებული ზოგიერთ სოფლებში და აქა-იქ მაღლარადაც გვხვდება.
7. - სოფელ პახულანში და მის მიდამოებში მდ. ენგურის გაღმა კოლოშის ჯიშისგან აყენებდენ სასიამოვნო, მაგარ, ვარდისფერ ღვინოს, ნაზი არომატით. ამ ჯიშის ყურძენი კიდევ შეიძება იყოს მაღლარად აქ-იქ ამ რაიონში.
8. აქ ჩამოთვლილი საუკეთესო ღვინოები გურია-სამეგრელოში მოდიოდა იმ ვენახებში, რომელნიც გაშენებული იყვნენ განსაკუთრებით მაღლობ და ზეგან ადგილებში; დაბლობი ვაკე-ადგილების ღვინოები იყო ნელი, წყლიანი, უარომატო და საზოგადოდ ჰქონდა ყველა ის თვისებები, რითაც განსხვავდებიან ცუდი ღვინოები. მაგრამ ამ შემთხვევაში გამონაკლისს შეადგენდა სამეგრელოს ვაკე-ნაწილი, საჭილაო და საჭყონიდლო, სადაც პუმპულა ანუ პუმპულაშის ჯიშიდან დგებოდა კარგი, ნაზი, მკრთალი ვარდის ფერი, მსუბუქი, სუფრის, სასიამოვნო გემოს ღვინო. ამ ღვინის შესანახად სამეგრელოს მთავარს საჭილაოში ჰქონდა განსაკუთრებული მარანი, რომლის ნაშთი ეხლაც არის სოფელ მარანში, რომელმაც ეს სახელწოდება მიიღო მარანის გამო. ეს ჯიში იყო აშვებული განსაკუთრებით თხმელებზე; ნაცარი ყველაზე უფრო ამ ჯიშს მოეკიდა და ამიტომ ეს ჯიში თითქმის მთლად მოისპო და მეტად საეჭვოა, რომ სადმე კიდევ დარჩენილი იყოს.
რაც შეეხება ადესის (იზაბელის) ღვინოს, საუკეთესო დგებოდა და ეხლაც დგება სწორედ იმ რაიონში, სადაც უწინ ადგილობრივი ჯიშები კარგ ღვინოს იძლეოდა. ზოგიერთი მოწინავე მეურნეებმა ადესის ტკბილიდან საცდელად დაიწყეს სხვადასხვა წესით ღვინის დამზადება და მიიღეს რამდენიმე კარგი შედეგი.
ერთი ამ წესთაგანი არის ტკბილის ცეცხლზე ხარშვით დადუღება. ამისთვის ახლად გამოღებულ ტკბილს ასხამენ ქვაბში და ნელ ცეცხლზე აორთქლებენ, სანამ ერთ მყკაველს არ დაიკლებს. ამასთან ტკბილს თან ქაფვენ; შემდეგ ცეცხლს უმატებენ და ტკბილს ადუღებენ, სანამ არ დავა განსაზღვრულ ზომამდე, ჩვეულებრივ ერთ მესამედამდე. ამის შემდეგ გაცივებულ ტკბილს ასხამენ ჭურში დასადუღებლად ჩვეულებრივი წესით. მაისში გადაიღებენ სხვა ჭურში და ამ ხნიდან შეიძლება მისი სასმელად ხმარება ერთი წლის განმავლობაში.
თუ ღვინო საძველოდ, დიდხანს შესანახად უნდათ, მაშინ ტკბილი ცეცხლზე ნახევრად უნდა დაადუღონ და შემდეგ დასადუღებლად ჭურში ჩაასხან. მაისში გადაიღებენ პირველად, მეორედ ოქტომბერში, მაგრამ ბოჭკებში, ან ბოთლებში, დაუცვამენ კარგად თავს და ისე ინახავენ. ყოველ წელს ორჯერ მოაშორებენ თხლეს და გადაიღებენ სხვა ამგვარსავე ჭურჭელში.
პირველ ორ წელს ეს ღვინო ტკბილია, მესამე წელს კარგავს სიტკბოს, იღებს უფრო მუქ ფერს, სიმაგრეს, იძენს არომატს და სრულ სიმწიფეს მხოლოდ მეოთხე წელიწადს. რაც მეტ ხანს ინახება, მით უფრო იძენს სიმაგრეს, არომატს და გემოს, რომელიც ხერეს გავაგონებს.
ადესის ღვინო აორთქლის საშუალებით დაზადებული, მაგარია, სპირტიანი, ტკბილი, დამწვარი შაქრის გემოსი, არომატიანი, ფერად მუქ ოქროს ფერიდან მკრთალ მიხაკის ფერამდე. თავის ხარისხით და სიმაგრით რამდენიმედ წააგავს და გვაგონებს ისპანიის ღვინოებს ხერესს და მალაგას.
მიუხედავად ამ ღირსებისა, ამ ღვინოებს თანდაყოლილი აქვს რაღაც სამკურნალო წამლის სუნი და ძლიერ განსხვავდება ბუნებრივი ღვინოებისგან, ამის გამო ამ წესით დამზადებულმა ღვინომ ვერ მიიღო გავრცელების ფართო ხასიათი გურია-სამეგრელოში. მას ამზადებს ხილად მხოლოდ თითო-ოროლა მეურნე არა გასაყიდად, არამედ თაავისთვის მოსახმარად.
ამნაირად მევენახეობა-მეღვინეობას გურია-სამეგრელოში ნაცრის გაჩენამდე სოფლის მეურნეობის დარგთა შორის ეჭირა თვალსაჩინო ადგილი; ღვინო, რომელიც აქ მოდიოდა ზოგიერთ ადგილებში, განთქმული იყო თავის ღირსებით მთელ დასავლეთ საქართველოში, რომლის ბაზრებზე მარტო ამ ღვინოებს ჰქონდა გასავალი. ამ ავადმყოფობის შემდეგ გურია-სამეგრელოს მევენახეობა-მეღვინეობა ეცემა და მეურნეობის ეს დარგი გადადის ზემო-იმერეთში (შორაპნის, სვირის და ობჩა-ბაღდადის რაიონები) და რაჭა-ლეჩხუმში, თანდათან ვითარდება და ამათი ღვინოები იჭერს დასავლეთ საქართველოს ბაზრებს.
აქაური ადგილობრივი ჯიშები შეცვალეს ადესის ჯიშზე, რომელსაც ნაცარი არ ეკარება, მაგრამ ღვინოს კი ცუდს იძლევა.
უწინდელ ნატურალურ მეურნეობის დროს, როცა ყოველსავე წარმოებას ჰქონდა მიზნად მხოლოდ მწარმოებლის საკუთარ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება, ერთი ღვინის მეორე უფრო ცუდი თვისების ღვინოთი შეცვლამ, გურია-სამეგრელოს მეურნეობაში ვერ მოახდინა თვალსაჩინო ცვლილება.
მოსახლეობამ იწყო მიწის ნაყოფიერების სავსებით გამოყენება და გამონახა ცხოვრების ახალი წყარო სიმინდის წარმოებაში. ჰქონდა რა საყოფად მჭადი და ადესის ღვინო, თუმცა მდარე თვისების, მაგრამ უხვად, ის შეურიგდა ამ მდგომარეობას და არ ეცადა გაეუმჯობესებია თავისი მევენახეობა ვაზის წამლობით, ან და გამოეცვალა მისი გაშენების წესი.
სულ სხვანაირად იმოქმედა ფილოქსერის გაჩენამ: ადესის ჯიშის ვაზმა ამ განადგურებულ მავნებლის გამო მოსავალს თანდათან უკლო; ამასთან მშრომელი მოსახლეობა დარწმუნდა, რომ ვენახის წამლობა სოკომაგვარი ავადმყოფობის წინააღმდეგ სასარგებლო და საჭიროა და ამიტომ იძულებული შეიქნა გამოეცვალა ვენახის გაშენების წესი და გადასულიყო დაბლარზე, ან იმნაირ სახის მაღლარზე, რომ ადვილი ყოფილიყო მისი წამლობა.
მაგრამ ეს საქმე გურია-სამეგრელოს მშრომელ მოსახლეობისთვის ადვილი არ დარჩა, მას მოუხდა ზედიზედ მევენახეობაში ორი მისთვის უცხო ახალი წესის შემოღება: მაღლარი ვენახიდან დაბლარზე გადასვლა და ამერიკულ ვაზზე დამყნილის შემოღება.
მშრომელი მოსახლეობა ენერგიულად შეუდგა ამ სიძნელის გადატანას და სწული იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ საბჭოთა მთავრობის დახმარებით გურია-სამეგრელოში მალე იქნება აღდგენილი მევენახეობა და ეს მხარე დაიბრუნებს მეურნეობის ამ დაკარგულ დარგს.
ამნაირად ყველა აქ მოხსენებული ცნობებიდან ნათლად სჩანს, რომ გურია სამეგრელოც ეკუთვნის საქართველოს იმ ნაწილს, საცა მევენახეობა-მეღვინეობას უჭირავს თვალსაჩინო ადგილი.
ღვინო აქ, როგორც ყოველგან, საქართველოში, შეიცავს ხალხის საკვებ სანოვაგეს; ჭირში და ლხინში ქართველისათვის ღვინო მიუცილებელ საჭიროებად ითვლება. ამიტომ მეტად საჭიროა, რომ ამ მხარეს მეურნეობის ამ დარგში მეტი ყურადღება მიექცეს.
გურია-სამეგრელოში მევენახეობის აღსადგენად და გასაუმჯობესებლად საჭიროა მიღებულ იქნეს შემდეგი ზომები:
1. დაარსდეს ამერიკული ვაზის და ნამყენის სანერგე; შეიკრიბოს და გამოიცადოს ყველა ადგილობრივი ჯიშები; ქობულეთ-აჭარის ზეგნებში, დღესაც მოიპოვება ბევრი იმნაირი ვაზის ჯიშები, რომლებიც არ ინაცრებიან და კარგ მოსავალს იძლევიან.
ამ სანერგემ უნდა შეიმუშავოს მყნობის წესები საკუთრივ ამ მხარისთვის. შენიშნულია, რომ აქ ვაზის ძირ-ფესვები უფრო განზე მიდის, ვიდრე ძირის სიღრმეში, ამიტომ საჭიროა ვაზის ნამყენი ადგილი მიწაზე ზევით უფრო დაშორებით იქნეს, ვინემ ეხლაა მიღებული.
2. გაშენდეს მარტო ადგილობრივ ჯიშებისგან საცდელი სამაგალითო ვენახები ადგილსა და ჰავასთან შეფარდებით: დაბლარი, ოლიხნარი, ანუ მაღლარი.
3. გაიხსნას საწყობები საწამლებელი მასალის და სამუშაო იარაღების, რომ მშრომელ მოსახლეობას გაუადვილდეს მათი შეძენა და
4. მოწვეულ იქმნას ამ დარგებში ცოდნის გასავრცელებლად ინსტრუქტორები.
© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი
თქვენი კომენტარი