Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

Gotsa-ს მარანის 2018 წლის მოსავლის ღვინოებმა “დემეტერის“ სერთიფიცირება გაიარეს

გაიცანით ქართული ღვინოები, რომლებიც მსოფლიო ბიოდინამოკოსებმა აღიარეს

ლევან სეფისკვერაძე 

რამდენიმე დღის წინ, ქართული ბუნებრივი ღვინის მოყვარულებისათვის მეტად სასიხარულო ამბავი გახდა ცნობილი. Gotsa- მარნის 2018 წლის მოსავლის ღვინოებმა ბიოდინამიური წესით მოყვანილი სოფლის მეურნეობის პროდუქტების მსოფლიოში მთავარი სერთიფიცირების ორგანოს, Demeter-ის სერთიფიცირება გაიარეს და გახდნენ პირველი ქართული ბუნებრივი ღვინოები, რომელთა ბოთლებზედემეტერისლოგო იქნება დატანილი.

“დემეტერ ინტერნეიშენალი“ საერთაშორისო სერთიფიცირების ორგანოა და მსოფლიოს არაერთ ქვეყანას მოიცავს. “დემეტერს“ თავისი ფილიალები აქვს დასავლეთ ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში, ავსტრალიაში, აშშ-ში და ეგვიპტეშიც კი. დემეტერი ორგანული და ბიოდინამიური წესით მოყვანილი სოფლის მეურნეობის პროდუქების მთავარი პროპაგანდისტია და მის მიერ მინიჭებული სერთიფიკატი, შეიძლება ითქვას, რომ უკვე ნიშნავს ამ პროდუქტების უდიდეს პოპულარობას.

ბექა გოცაძე, მევენახე, მეღვინე: “ყველაფერი დამოკიდებულია ვენახზე. როცა ვენახს უვლი, კარგად ხედავ მას რა სჭირდება და რა ადგება. მე არც ბიოდინამიკის პროფესორი ვარ და არც შტაინერის ფილოსოფიის მიმდევარი, მაგრამ მას მერე, რაც ბიოდინამიურ მეთოდებს ასე თუ ისე დავეუფლე, ვხედავ, რომ ვენახს ეს ყველაფერი ერგება. მე მარტივად ვასრულებ ყველაფერს, რაც ბიოდინამიურ ვენახს ჭირდება, რათა ის იყოს ჯანმრთელი და საღი. აი ეს და მხოლოდ ესაა ყველაფერი, რამაც “დემეტერის“ სერთიფიცირებამდე მიგვიყვანა.

ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ჩემს ვენახში იყო ბევრი პრობლემა და მინდოდა ამ პრობლემების გამოსწორება. ვენახი არის გვალვიან ადგილზე, ძალიან უჭირდა ვაზს, ზრდის პრობლემები ჰქონდა. ამ პერიოდში გავიცანი დამწყები მევენახე, ახლა უკვე ჩემი მეგობარი მამუკა ბლიაძე, მას უკვე ჰქონდა კავშირი დამყარებული დემეტერთან, მეც მამუკასთან ერთად მოვიწვიე დემეტერის მრჩეველი, რომელმაც პირველი ნაბიჯები გადამადგმევინა. ბალახეული ნაყენები წარმოადგენს ვენახის მოვლის ძირითად პრინციპს. ამასვე მეუბნებოდა და მასწავლიდა აწ გარდაცვლილი ჩვენი მეგობარი მეღვინე სოლიკო ცაიშვილიც, რომელიც სულ მირჩევდა, რომ ნაყენები გამომეყენებინა პრობლემების აღმოსაფხვრელად. სოლიკო იყო პირველი პიონერი ქართველი მეღვინე, რომელიც ბიოდინამიკით დაინტერესდა. შემდეგ „რუისპირის ბიოდინამიური მეურნეობის“ მეღვინე-მევენახე გიორგი ალადაშვილი გავიცანი, ასევე ამ საქმის სპეციალისტი, შვეიცარიელი ქალი სახელად იზაბელ დუკრეტი, რომელმაც გიორგისთან ერთად საბოლოოდ დამაყენა სწორ გზაზე. ეს ხალხი რომ არ ყოფილიყო, არაფერი გამომივიდოდა. სწორედ მათ მომცეს პირველად პრეპარატები და ამიხსნეს ამ საქმის ბევრი საიდუმლოება და არსი, რისთვისაც მათი უზომოდ მადლიერი ვარ.

- ჩვენს მკითხველს ეგებ მოუყვეთ მეღვინესათვის რას ნიშნავსდემეტერისსერიფიცირება და რატომაა მნიშვნელოვანი?

- ორგანური ღვინის სერთიფიკატი “BIO” ჩემთვის ძირითადად ვენახის მოვლაშია მისაღები, მაგრამ რაც შეეხება მეღვინეობას, მათი სტანდარტებით იმდენი რამეა დასაშვები, რომ ჩემი აზრით ღვინო კარგავს თავის ბუნებრიობას და წარმომავლობას.

 ჩვენ სულ ყველა საერთაშორისო გამოფენაზე ვიძახით, რომ გვაქვს ნატურალური ღვინო, მაგრამ არ გვქონდა არავისგან მონიჭებული ხარისხის სტანდარტი ამის დასადასტურებლად. უცხოეთში ქართველ მეღვინეებს ძალიან კარგი მეგობრები გვყავს და ისინი სერთიფიკატების გარეშეც გვენდობოდნენ და გვეხმარებოდნენ ღვინის წარდგენაში, მაგრამ დრო იცვლება და დიდხანს ესე ვერ გასტანს. საბედნიეროდ ახალი მარნების რაოდენობა სულ იზრდება, უნდა მოხდეს ტერმინის „ნატურალური ღვინო“ მოწესრიგება, მას შემდეგ რაც ასევე სოლიკო ცაიშვილის ინიციატივით შეიქმნა “ასოციაცია ბუნებრივი ღვინო“, ასოციაციამ ითავა თავისი წევრების შემოწმება–სერთიფიცირება, რაც პირველი პრეცენდენტია ჩვენს ბაზარზე. მე “დემეტერთან“ ურთიერთობა 2016 წელს დავიწყე, მაშინ სამწუხაროდ ჩვენი ასოციაცია ჯერ შექმნილი არ იყო, ანუ საით მიმყავს საუბარი: საჭიროა ჩვენს ღვინოებს ჰქონდეს ნატურალურობის რაიმე დამადასტურებელი ნიშანი, რაც თავისთავად გულისხმობს მარნების მონიტორინგს.

- რა პრივილეგიას ან უპირატესობას განიჭებთდემეტერისსერთიფიცირება?

- ღვინოს ცხრა ქვეყანაში ვყიდი, მათ შორის მთავარი ქვეყნებია აშშ და იაპონია. როდესაც ამ ღვინოებს ჩამოვასხამ, ყველა ჩემს იმპორტიორს ახლა უკვე “დემეტერის“ მიერ სერთიფიცირებულ პროდუქტს გავუგზავნი და დავაკვირდები ეს რამდენად დიდ გავლენას მოახდენს ჩემი ღვინის ცნობადობაზე ან ფასის ზრდაზე. დიდი იმედი მქავს, რომ ცვლილებები მხოლოდ დადებითი იქნება.

- თქვენ ან თქვენს კოლეგებს ადრე თუ ქონიათ ამგვარ სერთიფიცირებაზე დადგომის მცდელობები?

- “დემეტერის“ მიერ ჩემს გარდა სერთიფიცირებულია უკვე ხსენებული ჩემი მეგობრის მამუკა ბლიაძის ვენახიც, შიდა ქართლში, სოფელ ატენში, ცხადია, როდესაც მამუკა ღვინოს დააყენებს, ისიც სერთიფიცირებული იქნება.

- გვითხარით, რა უპირატესობები აქვს ბუნებრივ მევენახეობა-მეღვინეობას და რა პერსპექტივები აქვს მეღვინეობის ამ მიმართულებას საქართველოში და არა მარტო?

– გეომეტრიული პროგრესიით იზრდება ბუნებრივ ღვინოზე მოთხოვნა მთელს მსოფლიოში. ხალხს მობეზრდა ღვინის ერთი და იგივე გემო ყოველ წელს. ჩვენი ბუნება კი მოგეხსენებათ როგორი მრავალფეროვანია. ღვინის მოყვარულს აინტერესებს შენი ტერუარი, ვაზის ჯიში, ვინ ხარ, საიდან ხარ, რამდენად არის ამაში ჩართული შენი ოჯახი, სული და გული. მომხმარებელი თანდათან ხვდება რა არის უკეთესი.

- რას ურჩევდით დამწყებ მევენახე-მეღვინეებს, რომლებიც ბუნებრივი ღვინის მიმართულებას ანიჭებენ უპირატესობას?

- მთავარია მოუარონ ვენახს მხოლოდ და მხოლოდ ბუნებრივად! ხოლო თუ როგორ უნდა მოუარონ - ვურჩევ წაიკითხონ “ასოციაცია ბუნებრივი ღვინის“ მანიფესტი. იქ ყველაფერი ნათლად წერია. მინდა გითხრათ, რომ ჩვენი მანიფესტის მიერ დაწესებული მოთხოვნები “დემეტერზე“ უფრო მკაცრია! რამაც არ უნდა შეაშინოთ. შორს არ არის ის დრო, როცა ჩვენი ხარისხის ნიშანი არაფრით არ ჩამოუვარდება საერთაშორისო ნიშნებს.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.