Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ღვინის გზამკვლევი 2013

ეს ქართული ღვინის გზამკვლევის მეორე, 2013 წლის გამოცემაა.

პირველი გამოცემიდან ერთი წელი გავიდა და ამ დროის მანძილზე ქართულ მეღვინეობაში ძალიან ბევრი რამ შეიცვალა. პირველ რიგში ის, რომ ქართულმა ღვინომ კიდევ რამდენიმენიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა თვითგამორკვევის გზაზე, ჩვენმა მეღვინეებმა კი ცხადად გააცნობიერეს, რომ ტრადიციული, ათასწლეულების მანძილზე ჩამოყალიბებული მეთოდი, რომელიც ქვევრში ღვინის დაყენებას გულისხმობს, ჩვენს უპირველეს ღირებულებას წარმოადგენს და რომ სწორედ ეს ღვინო უნდა იქცეს ქართული ღვინის სახედ. შარშანდელ გზამკვლევში მხოლოდ 21 დასახელების ქვევრის ღვინო მოხვდა, წელს მათი რიცხვი გაცილებით მეტია და უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ტრადიციულმა ღვინოებმა გზამკვლევში წამყვანი ადგილი დაიკავეს და მათი ჩამონათვალი წელს გაცილებით მრავალფეროვანიც გახდა.

დღეს, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ქვევრის ღვინის აღორძინების ხანა დგას და თუკი ორი-სამი წლის წინ მხოლოდ კახური ტრადიციული ღვინოები იყო ბაზარზე, ახლა საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში აყენებენ ისეთ ქვევრის ღვინოს, რომელიც მომხმარებლამდეც მიდის. განსაკუთრებით, 2012 წელია ამ მხრივ აღსანიშნავი, წელს კიდევ არაერთმა დამწყებმა თუ გამოცდილმა მეღვინემ გადაწყვიტა ქვევრთან მუშაობა და მომავალი ღვინის გზამკვლევებში, იმედი მაქვს, კიდევ უფრო კარგად გამოჩნდება ამ მუშაობის შედეგები.

ძალიან იმატა ჩვენს ქვეყანაში ხარისხიანი ვარდისფერი ღვინოების, Rosé-ების რიცხვმაც. ამ ტიპის ღვინო სულ რამდენიმე წელია დაუბრუნდა ქართულ ბაზარს, დაუბრუნდა ძალზე აქტიურად, იმდენად, რომ წლევანდელ გზამკვლევში ათამდე Rosé მოხვდა ჩამონათვალში. როზე მოდაშიც კია საქართველოში, ყველა კომპანია თავს ვალდებულად თვლის ვარდისფერი ღვინო დააყენოს, ხან საფერავიდან, ხანაც თავკვერიდან, ასევე საერთაშორისო ჯიშებიდან - კაბერნე, მუსკატი და სხვ. როგორც იტყვიან, "ახალი ცოცხი კარგად გვისო", როზეს შემთხვევაში სწორედ ასეა, თუმცა, ვიმედოვნებ, რომ როზეს ხარისხი სულ უფრო გაიზრდება და დროთა განმავლობაში, ჩამონათვალიც უფრო მრავალფეროვანი გახდება.

სამწუხაროდ, იგივეს ვერ ვიტყვით ქართულ ცქრიალა ღვინოზე, ამ სფეროში ბოლო ორი წლის მანძილზე განსაკუთრებული არაფერი მომხდარა და ბაზარზე დღესაც ძველი პროდუქციაა წარმოდგენილი. მაინცდამაინც ყოჩაღად ვერც თეთრი კლასიკური (ე.წ. ევროპულად დაყენებული) ღვინოები გამოიყურებიან, სამაგიეროდ წითელი მშრალები შესანიშნავ ფორმაში არიან, ხოლო წითელმა ნახევრადტკბილებმა, შეიძლება ითქვას, გვასახელეს, განსაკუთრებით ადგილწარმოშობის ღვინოებმა - ამდენი ხარისხიანი ქინძმარაული და ხვანჭკარა მემგონი არასდროს ჩამოსხმულა საქართველოში, როგორც ჩანს, ქართველ მეღვინეებს გუმანმა უკარნახა, რომ 2013 წელი რუსეთის ბაზარზე დაბრუნების წელი იქნებოდა, ასერომ, მათ თამამად შეუძლიათ თავიანთი 2011 წლის შესანიშნავი მოსავლის ნახევრადტკბილი ღვინოები რუსეთისნაირ სპეციფიურ ბაზარზეც წარადგინონ.

რუსეთის ბაზარზე შესვლა ცალკე საუბრის თემაა. როგორც ჩანს, ეს ამბავი ძალიან მალე გადაწყდება და თითქმის შვიდწლიანი პაუზის შემდეგ, ქართული ღვინო ისევ დაუბრუნდება რუსულ ბაზარს, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება, თუმცა ამავდროულად უდიდეს რისკებსაც შეიცავს. მთავარია, ქართული ღვინო ახალი, ღირსეული სტატუსით დაბრუნდეს რუსულ ბაზარზე და ერთხელ და სამუდამოდ ვთქვათ უარი პოსტსაბჭოთა იმიჯზე.

წლევანდელ ღვინის გზამკვლევში რამდენიმე ახალი რუბრიკაა დამატებული, პირველ რიგში ესაა ვრცელი თავი ღვინის ტურიზმის შესახებ, სადაც საქართველოს ყველა ენოტურისტული კერაა ჩამოთვლილი, აქვეა დეტალური ღვინის რუკა, წლის მოსავლის მიმოხილვები და სხვა საინტერესო სიახლეები. როგორც ყოველთვის, ცენტრალური ადგილი უკავია გზამკვლევში ღვინის დახასიათებებს. ერთიორი გამონაკლისის გარდა, 2013 წლის გამოცემაში ღვინოების მთლიანად განახლებული შემადგენლობაა. წიგნში ნახავთ ღვინოებს, რომლებიც პირველ რიგში თავისი სტილით გამოირჩევიან, ასევე ღვინოებს, რომლებიც ტერუარს გამოხატავენ. უფრო რომ დავაზუსტოთ, აქ ყველანაირ ღვინოს შეხვდებით, ისეთებს, რომელსაც განსაკუთრებით ატყვიათ ადამიანის ხელი და ისეთებსაც, რომლებიც პირველ რიგში თავის ადგილზე და წარმოშობაზე მიგვანიშნებენ.

შესავალს კი დიდი ბერძენი ფილოსოფოსის, ჰერაკლიტეს სიტყვების ჩემეული ინტერპრეტაციით დავასრულებ, რომელიც გასულ წელსაც ვახსენე ერთ-ერთ თავში - "ორჯერ ერთ მდინარეში ვერ შეხვალ", თქვა ოდესღაც ჰერაკლიტემ, მე კი დავძენდი - "ორჯერ ერთ ღვინოში ვერ შეხვალ"!... ეს განსაკუთრებით ქართულ ღვინოს შეეხება, რომელიც ბოლო წლების მანძილზე ელვის სისწრაფით ვითარდება და აცნობიერებს საკუთარ არსებას. ასერომ, დაიმახსოვრეთ ყოველი წამი, რომელსაც ქართულ ღვინოსთან ერთად გაატარებთ. ყველაზე საინტერესო სწორედ ეს ჩამოყალიბების, თვითგამორკვევის წლებია. არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენ ღვინის უძველესი კულტურის აღორძინების მომსწრენი ხართ. რა უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, ეს სიძველე და არქაულობა, თანამედროვე სამყაროში სიახლესა და ინოვაციასაც შეიძლება ნიშნავდეს.

მალხაზ ხარბედია

ღვინის კლუბის პრეზიდენტი

ეს გახლავთ ავტორის შესავალი წერილი "ქართული ღვინის გზამკვლევი 2013"-სთვის. წიგნის შეძენა უკვე შეგიძლიათ "წიგნის სახლში ბახტრიონზე", ბახტრიონის 11ბ, "სანტა ესპერანსა", სანკტ პეტერბურგის 12, ღვინის ბარი "ღვინო ანდეგრაუნდი", ტაბიძის 15.



აუ, რამდენი ღვინო მაქვს გასასინჯ-დასალევი


აუ მეეც.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული