ადრე თვლიდნენ, რომ იაპონია, ნალექის სიუხვის და ტემპერატურის გამო, ვაზის გასაშენებლად არახელსაყრელი ქვეყანა იყო, მაგრამ დღეს იაპონური ღვინო ნამდვილ აღმავლობას განიცდის და ვენახებიც საკმაოდ დიდ ფართობებზეა გაშენებული. იაპონური ღვინო განსაკუთრებული დელიკატურობითა და ელეგანტურობით გამოირჩევა.
როგორც აღვნიშნეთ, წიგნი 12 თავისგან შედგება და ამდენივე მარანს გვაცნობს. მასში მოთხრობილია 16 მეღვინის ამბავი, რომელთაგან ოთხი, წყვილია. იაპონელი მეღვინეები საზღვარგარეთ ნასწავლი, ნაკითხი და ღირსეული ხალხია, მაგრამ მათ შორის გამოირჩევა ორი მეღვინე, რომელთა დამსახურებაცაა იაპონური მეღვინეობის აღორძინება.
ასაი შოგოს (Asai Shōgo) თანამედროვე იაპონური ღვინის მამას უწოდებენ. იგი ღვინის რამდენიმე ქარხანასა და მარანს უძღვებოდა, ავტორია წიგნისა The Philosophy of Making Wine, რომელიც ასაი უსუკეს ფსევდონიმით გამოსცა. სამწუხაროდ, 2002 წელს, 71 წლის ასაკში, ასაი შოგო გარდაიცვალა. მის ცხოვრებაზე გადაღებულია ფილმი.
მეორე ადამიანი, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა იაპონური მეღვინეობის დარგზე და ,,დიდ ამაღორძინებელს“ უწოდებენ, არის ამერიკელი მეღვინე ბრუს გუტლავი (Bruce Gutlove). იგი 1961 წელს, ნიუ იორკის შტატში დაიბადა, სწავლობდა კალიფორნიის უნივერსიტეტში, 1989 წელს კი იაპონიაში გადავიდა და წლების განმავლობაში ასწავლიდა სტუდენტებს. 2009 წლიდან გუტლავი კუნძულ ჰოკაიდოზე ცხოვრობს, სადაც ცოლთან, რიოკოსთან ერთად უძღვება წარმოებას და ყველანაირად ეხმარება ადგილობრივ მევენახეებსა და მეღვინეებს.
იაპონური ღვინის ისტორია სულ რაღაც 140 წელს ითვლის. მან თანდათან დაიწყო მსოფლიოს ყურადღების არეალში მოქცევა, თუმცა მაინც ახალბედად მიიჩნევა ევროპის იმ ქვეყნებთან შედარებით, რომლებსაც მეღვინეობის ათასწლოვანი ტრადიციები აქვთ. წიგნის ავტორი იმედოვნებს, რომ მისი ნაშრომი კიდევ უფრო გაუთქვამს სახელს იაპონურ ღვინოს, რადგან მასში მოთხრობილია იაპონელი მეღვინეების, ნამდვილი პიონერებისა და პირველაღმომჩენების შესახებ, რომლებმაც ქვეყანა მეღვინეობის კიდევ ერთ რეგიონად აქციეს მსოფლიოში.
©ღვინის კლუბი/vinoge.com
თქვენი კომენტარი