Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართველი მეღვინეები რუსეთის ბაზრის გახსნის მოლოდინში

 
კახა მჭედლიძე
 
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან ოფიციალურმა თბილისმა სასურველი სიგნალი მიიღო. მოსკოვში მზად არიან დაიწყოს მოლაპარაკება რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინის დაბრუნების შესახებ. საქართველოში ბევრი მიესალმება რუსეთის ბაზრის გახსნას, თუმცა არიან ისეთებიც, ვინც ქართული ღვინისთვის რუსეთის საზღვრების გახსნაში საფრთხესაც ხედავს. რა სარგებელი ან ზიანი შეიძლება მოუტანოს ქართული ღვინის ინდუსტრიას რუსეთში დაბრუნებამ?
 
საქართველოს ახალმა მთავრობამ, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, რუსეთის მიმართულებით რამდენიმე პოლიტიკური ნაბიჯი გადადგა. რუსეთის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად ზურაბ აბაშიძის დანიშვნის შემდეგ იმედოვნებდნენ, რომ მოსკოვიდან შემხვედრი ნაბიჯები არ დააყოვნებდა. ამას დაემატა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ინიციატივაც, რომელიც ითვალისწინებს რუსეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის, მათ შორის, ღვინის დაბრუნების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას. თბილისიდან გაგზავნილ სიგნალებს 15 ნოემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან გამოეხმაურნენ.
 
რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრ ლუკაშევიჩმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე დაადასტურა, რომ ქართული ღვინის რუსეთის ტერიტორიაზე დაშვების თაობაზე მუშაობა დაწყებულია: 
 
”რუსეთში უყვარდათ და უყვართ ქართული ღვინო - ნამდვილი ქართული ღვინო. საგარეო საქმეთა სამინისტრო არ არის დაკავებული ბაზრების გახსნით, მაგრამ ჩვენ ყოველგვარ დახმარებას ვუწევთ ასეთი საკითხების გადაწყვეტას. ამ ეტაპზე ჩვენ კონკრეტულად ვერ გეტყვით შეთანხმების მიღწევის შესახებ, მაგრამ ის, რომ მოძრაობა ამ მიმართულებით მიდის, ეს კარგის ნიშანია”.
 
ალექსანდრ ლუკაშევიჩის განცხადებას თბილისშიც გამოეხმაურნენ. მთავრობაში განაცხადეს, რომ პროცესს ყოველგვარ ხელშეწყობას აღმოუჩენენ. სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით კირვალიძემ ტელეკომპანია "რუსთავი 2-ს" განუცხადა, რომ რუსეთის სანიტარული ექიმის გენადი ონიშჩენკოს მოთხოვნებზე დამაკმაყოფილებელი პასუხი გასცეს:
 
”ბატონ ონიშჩენკოს მხრიდან მოთხოვნა იყო, რომ სახელმწიფოს არ შეეშალა ხელი, ვინც გამოხატავდა სურვილს, რომ წასულიყო რუსეთის ბაზარზე და ჩვენგან იყო ამის მკაფიო პასუხი, რომ არა თუ ხელს შევუშლით, ყველას ხელს შევუწყობთ. და მეორე, იყო მისი სურვილი, რომ მათი სამსახურის ექსპერტებს ადგილზე მოენახულებინათ ყველა ის საწარმო, რომელიც გამოთქვამდა ინტერესს”.
 
2006 წელს რუსეთში ქართული ღვინის შეტანა სწორედ რუსეთის მთავარი სანიტარული ექიმის გენადი ონიშჩენკოს გადაწყვეტილებით აიკრძალა. მაშინ სანიტარული ნორმების მომიზეზებით მიღებული გადაწყვეტილების უკან ორ ქვეყანას შორის გაუარესებული პოლიტიკური ურთიერთობები იკვეთებოდა, თუმცა რუსეთში ექსპორტირებული ქართული ღვინის ხარისხიც ბევრ კითხვას ბადებდა.
 
მას შემდეგ საქართველოს ღვინის მწარმოებლებმა ევროპისა და ამერიკის ბაზრებზე შესვლის მცდელობის პროცესში პროდუქციის ხარისხიც გააუმჯობესეს და იმაზე მეტი შემოსავალიც ნახეს, ვიდრე რუსეთის ბაზრიდან იღებდნენ.
 
თუ რუსეთში ქართული ღვინის ექსპორტის პიკის დროს წლიური შემოსავალი 40 მილიონი აშშ დოლარის ფარგლებში იყო, გასულ წელს მსოფლიოს ბაზრებზე ღვინის რეალიზაციით ქართულმა კომპანიებმა 60 მილიონამდე აშშ დოლარი მიიღეს. 2012 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით კი, ღვინის შემოსავალი დაახლოებით 20 პროცენტით გაიზარდა და ასეთმა დინამიკამ ბევრ ძველ თუ ახალ მწარმოებელს ბიზნესის განვითარების სტიმული მისცა. ქართული ღვინის მწარმოებლები და ამ სფეროს ექსპერტები აღიარებენ, რომ რუსეთის ბაზრის გახსნით პერსპექტივები კიდევ უფრო ფართოვდება. ღვინის კლუბის წევრი, ჟურნალისტი ალეკო ცქიტიშვილი იმ რისკებზეც საუბრობს, რაც დამახასიათებელია რუსეთის ბაზრისთვის:
 
”ჩვენ ვიცით რუსეთის ბაზრის სპეციფიკა, - წარსულში, ყოველ შემთხვევაში, ასე იყო, ემბარგომდე პერიოდში, - რომ იქ შეიძლებოდა დაბალხარისხიანი პროდუქტის მოხვედრა.  ემბარგოს შემდეგ ქართულ მეღვინეობაში მოხდა სასიკეთო ძვრები, გაიზარდა ქართული ღვინის ხარისხი და რუსულ ბაზარზე დაბრუნებამ არ უნდა გამოიწვიოს ამ ხარისხის უკან დაწევა. ანუ ისევ არ უნდა მოხდეს უხარისხო და ფალსიფიცირებული ღვინოების წარმოების მაშტაბის ზრდა”.
 
ალეკო ცქიტიშვილის მიერ ნახსენებ ამ საფრთხესთან ერთად არსებობს პოლიტიკური რისკიც, რომელიც 6 წლის წინ ქართული ღვინის და სხვა ქართული პროდუქციის აკრძალვის მიზეზი გახდა. ამ რისკისგან თავდაცვის მექანიზმად ბაზრების დივერსიფიკაციას მიიჩნევენ. ასე ფიქრობს ღვინის კლუბის წევრი ალეკო ცქიტიშვილიც:
 
”მარტო ერთ ბაზარზე არ უნდა იყოს მიბმული ქართული მეღვინეობის დარგი, როგორც ადრე იყო. თუ არ იქნება ერთ ბაზარზე მიბმული, მაშინ პოლიტიკური გადაწყვეტილება, ანუ ემბარგო, რუსეთის მხრიდან აღარ იქნება ისეთი მტკივნეული, როგორც იყო ადრე”.
 
ალეკო ცქიტიშვილი და სხვა ექსპერტებიც აღნიშნავენ, რომ ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიებისთვის რუსეთის ბაზარზე შესვლა იოლი საქმე არ იქნება. 2006 წლის შემდეგ რუსეთის დახლები ავსტრალიურმა, ახალზელანდიურმა და ამერიკულმა დაბალფასიანმა და ხარისხიანმა ღვინოებმა შეავსეს. ვარაუდობენ, რომ, მიუხედავად ქართული ღვინის მაღალი ცნობადობისა,  მათთან კონკურენცია მარტივი არ იქნება, პოლიტიკური რისკი კი მარკეტინგულ ხარჯებს კიდევ უფრო ამძიმებს. ამ რისკებზე ამახვილებს ყურადღებას ქართული ღვინის ერთ-ერთი მწარმოებელი, კომპანია «თელიანი ველის» ხელმძღვანელი შოთა ხობელია:
 
”კომპანიამ რომ გასწიოს მარკეტინგული ხარჯები, შეავსოს ქსელიც და რამდენიმე ხნის მერე გვითხრან, თქვენი ღვინო მაინც არ არის კარგი და უნდა წახვიდეთ ბაზრიდანო, ეს საკმაოდ სარისკოა”.
 
მსგავსი რისკის შესახებ ლაპარაკობს ზოგიერთი სხვა კომპანიის წარმომადგენელიც, რომლებმაც ერთი წლის წინაც თავი შეიკავეს რუსეთის ბაზარზე დაშვების მოთხოვნისგან, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთისგან მზაობის სიგნალები მაშინაც ისმოდა.
 
მიუხედავად ფრთხილი განწყობისა, ღვინის ბიზნესის თითქმის ყველა წარმომადგენელი მიესალმება რუსეთის დიდი ბაზრის გახსნის შესაძლებლობას. ამ ეტაპზე რუსეთის შესაბამის უწყებაში - "როსპოტრებნადზორში" - ღვინის ბაზარზე დაშვების მოთხოვნა წარდგენილი აქვს 8 ქართულ კომპანიას. მოელიან, რომ ამ საწარმოების ხარისხის შესამოწმებლად რუსი ექსპერტები საქართველოში ერთი თვის მანძილზე ჩამოვლენ.
 
© radiotavisupleba.ge

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული