<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<
სალომე: ქართული ღვინის კომპანიები დიუსელდორფში, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო გამოფენაზე წარსდგებიან. პროვაინი - ასეთია ქართული ღვინოებისთვის უკვე ტრადიციული გამოფენის სახელწოდება, რომელი 25 და 26 მარტს გაიმართება და მასში მონაწილეობას 12 ქართული ღვინის კომპანია მიიღებს. მათ შორის არიან - ბესინი, მეღვინეობა ხარება, თბილღვინო, კახური ტრადიციული მეღვინეობა, შუხმანის ღვინოები, კორპორაცია ქინძმარაული და კიდევ რამდენიმე. ღვინის კომპანიების გარდა, ამ გამოფენას საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი და ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებიც დაესწრებიან.
გამოფენა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია მთელს ევროპაში, იგი ასობით ღვინის კომპანიის წარმომადგენელს უყრის თავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან, რაც ღვინის მწარმოებლებს საშუალებას აძლევს უშუალოდ შეხვდნენ ევროპელ დისტრიბუტორებს და ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მსხვილ გამყიდველებს, აწარმოონ მოლაპარაკებები და მეტი ცნობადობა მოიპოვონ საერთაშორისო ბაზარზე. შეხვედრებისა და დეგუსტაციების გარდა, გამოფენა სხვადასხვა ღონისძიებებსაც მასპინძლობს. აღსანიშნავია, რომ სტუმრებს შორის ყველაზე ცნობილი და გამოცდილი ღვინის ექსპერტებიც არიან.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ გამოფენაზე ქართული ღვინის კომპანიები უკვე წლებია მონაწილეობენ. მასში ახალი სამყაროს ქვეყნებიც ძალიან აქტიურად ერთვებიან, მათ შორის აზიური ღვინის კომპანიებიც. წელს განსაკუთრებული მოლოდინი და ყურადღება ბერძნული ღვინისადმია მიპყრობილი. გამოფენის ოფიციალურ ვებ-გვერდზე აღნიშნულია, რომ ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, ასეთი მაღალი ხარისხის და მრავალფეროვანი ღვინო ბერძენ მწარმოებლებს საერთაშორისო ასპარეზზე დიდი ხანია არ წარმოუდგენიათ.
დაინტერესებულ სტუმრებს, ქართული ღვინის გაცნობა და დაგემოვნება 52-ე სტენდთან შეეძლებათ. 24 მარტს სწორედ ამ სტენდთან გამართავენ პრესკონფერენციას სოფლის მეურნეობის მინისტრი და ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი. ისინი ადგილობრივი და საერთაშორისო მედიის კითხვებს უპასუხებენ.
<<<<<<<<<<<<<<<<<<
მალხაზი: ვიდრე დიუსელდორფის გამოფენა გაიხსნება, გავიგოთ როგორ ჩაიარა ნატურალური ღვინის გამოფენამ ინგლისში, რომელსაც ქვევრის ღვინის ქართველი მწარმოებლებიც დაესწრნენ. Real Wine Fear – ასე ქვია გამოფენას, რომელსაც სპეცილისტებისა და სომელიეების გარდა, მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნიდან ჩამოსული ღვინის მწარმოებლებიც დაესწრნენ. საქართველოდან გამოფენას რამაზე ნიკოლაძე, იაგო ბიტარიშვილი, სოლიკო ცაიშვილი, გაიოზ სოფრომაძე, ნიკი ანთაზე, მალხაზ ჯაყელი, კახა ბერიშვილი და კიდევ რამდენიმე მწარმოებელი სტუმრობდა. მათი ინფორმაციით, გამოფენა წარმატებით დასრულდა, ისინი ადგილობრივ მწარმოებლებს და რეტორნების სომელიეებს შეხვდნენ, რომლებიც ქართული ნატურალური ღვინის შესყიდვით კიდევ უფრო დაინტერესდნენ. იაგო ბიტარიშვილი ამბობს, რომ ქართველმა მწარმოებლებმა უფრო მეტი შეკვეთა მიიღეს:
„კონკრეტული შედეგის თქმა ძნელია, იმიტომ რომ ასეთ ღონისძიებებს უფრო შემდეგში მოაქვთ შედეგი. ის შეიძლება ითქვას, რომ თანდათან უფრო ცნობადი და პოპულარული ხდება ქართული ღვინო და ხშირ შემთხვევაში ეს ცნობადობა განაპირობებს გაყიდვას, რაც 4-5 წლის უკან წარმოუდგენელიც კი იყო“,- აღნიშნა იაგო ბიტარიშვილმა რადიო „ცხელ შოკოლადთან“ საუბარში.
ღონისძიება სპეციალურად სტუმრებისთვის განკუთვნილი საღამოთი დასრულდა, რომელსაც ქართულმა ტრადიციულმა სამზარეულომ უმასპინძლა. ქართული კერძები სპეციალურად ამ გამოფენისთვის „ხოხბის ცრემლების“ მზარეულმა ადგილზევე მოამზადა. დღეს ჩვენთან სტუმრად მალხაზ ჯაყელი მოვიწვიეთ, ამ ღონისძიების ერთ–ერთი მონაწილე. რამდენიმე წამში ჩემს სეხნიასთან ერთად ვისაუბრებთ ამ გამოფენის შესახებაც და ნატურალური ღვინოების პერსპექტივებზე საქართველოში და მსოფლიოში.
<ტიხარი. სტუმარი>
<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<
სალომე: კიდევ ერთი საერთაშორისო ღონისძიების შესახებ გეტყვით, რომელზეც საქართველო განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდა. ეს არის ღვინის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია, სადაც ქართველი მომხსენებლები - ია თაბაგარი (ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია) და ირაკლი ჩოლობარგია (ღვინის ეროვნული სააგენტო) წარსდგნენ. კონფერეცია მოიცავს ვორქშოფების, სემინარებისა და გაცვლითი შეხვედრების სერიას, რომელსაც ქართული ღვინის კომპანიების და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებიც დაესწრნენ. კონფერენციის მნიშვნელობის შესახებ რადიო „ცხელ შკოლადს“ ია თაბაგარი ესაუბრება:
„მნიშვნელობა საკმაოდ დიდია და თუნდაც, შარშანდელმა მონაწილეობამ განაპირობა ის, რომ წელს უკვე შესამჩნევი იყო ქართული ღვინისა და ღვინის ტურიზმის ცნობადობა საერთაშორისო საზოგადოებისთვის. ჩვენი ამოცანაც ეს არის. გვინდა, რომ საქართველო აღმოჩნდეს ღვინის ტურიზმის რუკაზე. ეს ერთდროულად რამდენიმე დარგს ემსახურება, როგორც ღვინის, ისე ქვეყნისა ტურიზმის ცალკეული პროდუქტების გაზრდას. წელს ჩვენი მონაწილეობა ამ კონფერენციაში ცოტათი განსხვავებული და წარმატებულიც იყო. ეს არ იყო მხოლოდ ტურისტული პროდუქტის გაცნობა, არამედ ეს იყო ჩვენი ხედვა, როგორ განვავითაროთ ღვინის ტურიზმი, როგორ დავეხმაროთ მცირე საწარმოებს, რომ გაზარდონ თავიანთი ბიზნესი“.
ია თაბაგარი, ჩვენს ეთერში, იმ ხედვის შესახებაც საუბრობს, რომელიც საქართველოში ღვინის ტურიზმის განვითარებას შეეხება:
„პირველ რიგში ეს არის საგანმანათლებლო ხედვა. ეს ნიშნავს საზოგადოებასთან ურთიერთობას. არსებობს მოთხოვნები, რომელსაც ტურიზმის ეს დარგი ღვინის რეგიონებს, ანუ მომავალ მომწოდებლებს უყენებს. ეს არის ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა უნდა იცოდნენ გიდებმა - კვების ობიექტები, პატარა სასტუმროები, ვენახები, სადეგუსტაციო ადგილები, ღონისძიებების დარბაზები და ა.შ., ანუ ამ დარგში მომუშავე ადამიანებისთვის გაწერილი სამუშაოს არსი, მეთოდოლოგია და სწავლების პრინციპები“.
კონფერენცია 15 და 16 მარტს ხორვატიის დედაქალაქში - ზაგრებში გაიმართა. მისი ოქროს სპონსორი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გახლდათ და საკმოდ მნიშვნელოვანი დადასტურებაა ქართული დელეგაციის მხრიდან ის ფაქტი, რომ 2014 წელს ღვინის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია თბილისში გაიმართება. უკვე ცნობილია ზუსტი თარიღიც - 20 და 21 მარტი, ანუ ზუსტად ერთ წელიწადში. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ასობით ჟურნალისტი, ღვინის სპეციალისტი და ტურისტი ეწვევა.
<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<
სალომე: ღონისძიებების მხრივ, არანაკლებ დატვირთული კვირა იყო საქართველოშიც. სწორედ გუშინ დასრულდა უფასო ტრენინგების პირველი ეტაპი, რომელიც ღვინის კლუბის ორგანიზებით კახეთში, წინანდლის ღვინის სკოლაში გაიმართა. მასში მონაწილეობმა 80-მდე მსურველმა მიიღო, რომლებიც ძირითადად ღვინის კომპანიებს, სასტუმრეობსა და რესტორნებს და ასევე საგანამანათლებლო დაწესებულებებს წარმოადგენდნენ. მათ შორის იყვნენ გიდებიც, რომლებიც ღვინის ტურიზმის მიმართულებით მუშაობენ. ტრენინგების მნიშვნელობის შესახებ რადიო „ცხელ შოკოლად“ ალავერდის ღვინის მარნის წარმომადგენელი ქეთი ხიზანიშვილი ესაუბრება:
„დამატებითი ცოდნა ზედმეტი არასდროს არის. გარდა ამისა, ეს იყო შანსი, შევხვედროდი სხვადასხვა კომპანიების წარმომადგენლებს, გამეცნო და დავახლოებოდი მათ, იმიტომ რომ ღვინო განსაკუთრებით კარგ ატმოსფეროს ქმნის, რათა ადამიანები ერთმანეთთან დაახლოვდნენ. ამისთვის არაჩვეულებრივი გარემო შეარჩიეს, სეზონიც შესაფერისია, ძალიან დატვირთულები არ ვართ სტუმრების მიღებით ჩვენს მარნებში. ზოგადად USAID და EPI-ის პროგრამები ყოველთვის მისასალმებელია, იმიტომ რომ ყოველთვის სიახლეს სთავაზობენ სფეროს წარმომადგენლებს. მე სხვა კომპანიებსაც მოვუწოდებ, რომ ეს შანსი ხელიდან არ გაუშვან და აუცილებლად გამოიყენონ“.
ტრენინგის თემა ასეთია - „როგორ გავაცნოთ ქართული ღვინო სტუმარს“, რომელსაც WSET (Wine and Spirit Educational Trust) ოთხი კურსდამთავრებული - მალხაზ ხარბედია, გიორგი ბერიკელაშვილი, მაკა თარაშვილი და სანდრო ჯანდიერი უძღვებოდნენ. ტრენინგი დილიდან საღამოს 5 საათამდე გაგარძელდა და რამდენიმე ძირითად ნაწილად იყო გაყოფილი, კერძოდ მოიცავდა ისტორიულ ნაწილს, საქართველო – ღვინის სამშობლო, მოკლედ ღვინის დაყენების შესახებ, ქართული მეღვინეობის ტრადიციული მეთოდები, ჯიშები, ადგილწარმოშობები და სხვ. ამის შემდეგ გაიმართა 10-მდე სხვადასხვა ტიპის ქართული ღვინის დეგუსტაცია, დახასიათებები, მსჯელობები, რომელსაც შესვენების შემდეგ ქართული ღვინისა და კერძის შეხამების სპეციალური სავარჯიშოები მოჰყვა. ტრენინგი ქართული და უცხოური ღვინოების შესახებ საუბრითა და მომსახურების სერვისის კონკრეტულ დეტალებზე აქცენტირებით დასრულდა, მაგალითად, როგორ უნდა შესთავაზო ქართული ღვინო საქართველოში ჩამოსულ უცხოელს და არა მხოლოდ მათ. ტრენინგები, სწორედ ამ კუთხით შეაფასა ენოლოგმა გიორგი სამანიშვილმა, რომელიც ასევე ესწრებოდა ღონისძიებას:
„საქართველოში ღვინის კულტურა იმდენად ძირძველია და თითქმის დავიწყებასაც ეძლევა, რომ ყველა ღონისძიება, რაც ამ დარგის პოპულარიზაციისკენ იქნება მიმართული, მისასალმებელია. ბევრს ჰგონია, რომ ვიცით ღვინო და ტრადიციების დაცვა, მაგრამ ხშირად არასწორად ვიქცევით ხოლმე, ამიტომ ყველაფერი ეს, ღვინის კულტურა იქნება ეს თუ დეგუსტაცია, სულ უნდა გავიხსენოთ ხოლმე, რომ არასწორ ტრადიციამდე არ უნდა მივიდეთ. რატომღც გვგონია, რომ ჩვენი ტრადიციაა, რომ ბევრი უნდა ვსვათ სუფრაზე. გარდა ამისა, განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ კერძების მომზადებას და ნაკლებად ღვინოს, რომელიც შეიძლბა კერძს არ მოუხდეს და ყველაფერი წყალში ჩაიყრება. ანუ იმდენივე ყურადღება უნდა ღვინოს, რამდენიც კერძს“
აღნიშნული ტრენინგიები ღვინის კლუბის ორგანიზებით და USAID-ის პროგრამის - „ეკონომიკური აღმავლობის“ ინიციატივის (EPI) მხარდაჭერით ხორციელდება. ის კახეთიდან დაიწყო, შემდეგში თბილისსა და საქართველოს რამდენიმე რეგიონში გაგრძელდება და ივლისში დასრულდება. დეტალური ინფორმაციისთვის თვალი ადევნეთ ღვინის კლუბისა და ჩვენი გადაცემის გვერდს ფეისბუქზე.
მალხაზი: ვაგრძელებთ ღვინის განათლების თემას, სალომეს სიუჟეტიც ამავე თემას ეძღვნება, ანუ რა განათლება სჭირდება მეღვინეს და არის თუ არა ქართული განათლების სისტემა ამის ადეკვატური? მოვუსმინოთ სალომეს სიუჟეტს.
<ტიხარი. სიუჟეტი>
<<<<<<<<<<<<<<<<<<<<
მალხაზი: მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ღვინის კლუბის ეს ორივე ტრენინგი წინანდლის ღვინის სკოლაში გაიმართა და ამისთვის კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო მათ ამ პროქეტის მხარდაჭერისთვის. ახლა ღვინის კლუბის კიდევ ერთი ნიუსი... რა არის ღვინის ტიპიურობა? - ეს იყო ის მთავარი საკითხი, რომელიც სამშაბათს, ღვინის კლუბში გამართულ ლექციაზე დასვა ენოლოგმა ნუგზარ ქსოვრელმა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტების - ღვინის ჩამოხმის წელთან, ვენახებთან, ადგილწარმოშობასთან დაკავშირებული შესაბამისობები, ასევე გემო, არომატი და ფერი, რომელიც აუცილებელია იმისათვის, რომ, ღვინის ტიპიურობა განვსაზღვროთ. ძირითად საკითხებთან ერთად, მომხსენებელმა ქართულ მეღვინეობა-მევენახეობაში არსებულ პრობლემებსაც გაუსვა ხაზი, რომელიც ვენახების კადასტრის, ანუ დეტალური აღწერის არარსებობას, სამეცნიერო-კვლევების სიმცირეს და სხვადასხვა სპეციფიკურ ფაქტორებს უკავშირდება. ღვინის ტიპიურობას, ნუგზარ ქსოვრელი „ცხელი შოკოლადის“ მსმენელსაც უხსნის:
“ტიპიურობა კომპლექსური თემაა და ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. კონკრეტულად კი - ვაზის ჯიშზე, მოსავლის წელზე, ვაზის ხნოვანებაზე, ვენახის ადგილმდებარეობაზე და რა თქმა უნდა, ტექნოლოგიაზე. ეს 4 ძირითადი ფაქტორია, რომელიც ღვინის ტიპიურობას განსაზღვრავს, თუმცა აქ სხვა პატარა ფაქტორებიც მოქმედებს. ღვინის ტიპიურობა წინასწარ განსაზღვრავს და ჩვენ გვაძლევს მონაცემებს თუ რა პოტენციალი იმალება ამა თუ იმ ჯიშში, ადგილში, სადაც ვენახია გაშენებული. ამის არცოდნა უარყოფით შედეგებს იძლევა. ტიპიურობის მონაცემთა ბაზის არარსებობა ფაქტობრივად იმაზე მიუთითებს, რომ ღვინის სწორი შეფასება ვერ მოხდება. ამის მიხედვით ხდება ვენახების გაშენება, ყურძნის გადამუშავება, ამიტომ ეს მონაცემთა ბაზა ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაკეთდეს საქართველოში“.
<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<
სალომე: რუსი ექსპერტების საქართველოში ვიზიტის მეორე ეტაპი დროებით გადაიდო. ჯერ-ჯერობით უცნობია ზუსტი თარიღი, როდის ეწვევიან როსპოტრებნადზორის წარმომადგენლები ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების იმ ქართულ კომპანიებს, რომელთა შემოწმება ინსპექტირების პირველ ეტაპზე ვერ მოესწრო. ღვინის ეროვნული სააგენტო კომენტარს ჯერ-ჯერობით არ აკეთებს, ის ვიზიტის ხელახალი თარიღის განსაზღვრას ონიშჩენკოს უწყებისგან ელოდება. როსპოტრებნადზორის ვებ-გვერდზე კი წერია, რომ დოკუმენტების მიწოდება, რომელიც მათ მოითხოვეს, ქართულმა მხარემ გარკვეული შეფერხებებით განახორციელა. გარდა ამისა, გაიზარდა შესამოწმებელი კომპანიების ჩამონათვალიც, რაც ნიშნავს იმას, რომ ქართული კომპანიების მიერ წინაწარ გაგზავნილი დოკუმენტების შემოწმებისთვის საჭირო დროც გაიზრდება.
ექსპერტების მეორე ვიზიტამდე, ქართული ღვინის კომპანიების წარმომადგენლები რუსულ ბაზარზე დაბრუნების პერსპექტივას აფასებენ და ამბობენ, რომ რუსული ბაზარი მათთვის არ იქნება დომინანტი გასაღების ბაზრებს შორის, რადგან ქართული კომპანიების უმეტესობას საკუთარი პროდუქცია არანაკლებ მნიშვნელოვან ბაზრებზეც გააქვს. რუსეთის ბაზარზე დაბრუნება ეს იქნება ბალანსის შენარჩუნება იმ ბაზრებთან მიმართებაში, რომელზეც ქართული კომპანიები წარმატებით არიან წარმოდგენილნი - აცხადებენ ქართველი ბიზნემენები.
<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<
სალომე: „აქვს თუ არა რუსეთში მომავალი ქართულ ღვინოს?“ - სტატიას, ამ სათაურით რუსულენოვანი „ფორბსი“ ავრცელებს და აღნიშნავს, რომ რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნებულმა ღვინომ შესაძლოა რუსეთში მომხმარებელი ვერ იპოვოს. „ფორბსისთვის“ განსაკუთრებული ინტერესის საგანი ქართული ღვინის ფასი გახლავთ, რომელიც მნიშვნელოვნად უკავშირდება მყიდველის მოლოდინს ღვინის ხარისხთან დაკავშირებულ მოლოდინს.
„თავის პირველ კომენტარებში ღვინის რუსი მოვაჭრეები აღნიშნავდნენ, რომ ქართული ღვინის საცალო ფასი 300 რუბლიდან დაიწყება, თუმცა რეალურად ეს მოლოდინების დონეს უფრო გამოხატავს. ქართველი მეღვინეების ამბიციები კი, განსაკუთრებით რუსულ ბაზარზე, ასე იაფი ვერ იქნება,“ - წერს რუსულენოვანი „ფორბსი“ და კიდევ ერთ შეკითხვას სვამს: მაშინაც კი, თუკი ქართველი მეღვინეები ქამრებს შემოიჭერენ და ჩაეტევიან ბაზრის მიერ შეთავაზებულ საფასო პარამეტრებში, იქნება თუ არა ქართული ღვინო რუსეთში მოთხოვნადი?
ამასთან ერთად, როგორც გამოცემა შენიშნავს, ხანგრძლივი შესვენების შემდეგ ქართული ღვინისთვის რუსეთის ბაზარზე „შესასვლელი ბილეთი“ სავარაუდოდ გაძვირდება და მისი გაზრდილი ღირებულება სავარაუდოდ ფასზეც აისახება. „ფორბსი“ ქართველ მეღვინეებს მარკეტინგულ კამპანიას უწუნებს და ამბობს, რომ რუსი მომხმარებლების სიმპათიების მოსაპოვებლად, მათ უფრო აქტიური მარკეტინგული ღონისძიებები უნდა განეხორციელებინათ, თუმცა ამ კითხვას თავადვე პასუხობს და ამბობს, რომ ღვინის მარკეტინგის იდეა რუსული კანონმდებლობით აკრძალულია. სტატიის ავტორის დასკვნა კი ასეთია: მიუხედავად იმისა, რომ ქართველი მეღვინეებს რუსულ ბაზარზე დაბრუნებასთან დაკავშირებით მისალოცი ჯერ არაფერი აქვთ, რუსეთში ახლაც და აკრძალვების, პოლიტიკური დაძაბულობის პერიოდშიც არსებობდა მომხმარებელთა ის კატეგორია, რომელიც ქართულ ღვინოს ყოველგვარი ეჭვების გარეშე სხვამდა.
<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<
მალხაზი: რა ინფორმაცია უნდა გვქონდეს იმის დასამტკიცებლად, რომ საქართული ღვინის სამშობლოა? - ეს კითხვა ჩვენ ტურისტულ გიდს - მაკა თარაშვილს დავუსვით, რომელმაც ღვინის კლუბის ორგანიზებით ჩატარებულ ტრენინგებზე, სწორედ ქართული ღვინის შესახებ არსებული ისტორიული ინფორმაციისა და მისი ზუსტად გადმოცემის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, გიდები და ღვინის თემით დაინტერესებული ადამიანები ხშირად უშვებენ შეცდომებს, როდესაც დაუდასტურებელი ლეგენდების შესახებ ყვებიან და ცდილობენ ტურისტს არაზუსტი ინფორმაციია გააცნონ. ამ საკითხის შესახებ მაკა თარაშვილი ჩვენს მსმენელსაც ესაუბრება:
„მთავარია, რომ კარგად ვიცოდეთ ღვინის ისტორია, ის რაც მეცნიერულად და არქეოლოგიური გათხრებით უკვე დადასტურებულია. ყოველთვის უნდა განვსაზღვროთ რა უნდა მოვუყვეთ უცხოელ სტუმარს - ის, რაც მას ესიამოვნება, დააინტერესებს და ჩვენი კულტურისადმი დადებითად განაწყობს“
<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<
მალხაზი: ცნობილი რუსი კინორეჟისორი და მსახიობი ნიკიტა მიხალკოვი იტალიური ღვინის წარმოებით დაინტერესდა. ის ტოსკანაში 100 ჰექტარზე გაშენებულ ვენახს ფლობს, რომელსაც ამჟამად, ადგილობრივი მევენახეები უვლიან. რეჟისორი იმედოვნებს, რომ ყოველწლიურად, ის 250 ათას ბოთლამდე კაბერნე სოვინიონის ჩამოსხმას შეძლებს. ღვინის მისივე ფილმის სახელწოდების მიხედვით - „12“ ეწოდა.
„მეღვინეობა ნადირობას ჰგავს, ეს საქმე უნდა იცოდე. სულ სხვა შეგრძნებაა, როცა სიამაყეს არა საკუთარი შემოქმედების, არამედ სრულიად განსხვავებული საქმის წარმატების გამო განვიცდი“ - ამბობს მიხალკოვი, რომლის ღვინო რუსულ ბაზარზე წელსვე გამოჩნდება. როგორ უპასუხებს მიხალკოვის ამ ნაბიჯს მეორე დიდი რუსი მეღვინე ჟერარ დეპარდიე, ალბათ მალე ვნახავთ.
<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<
სალომე: „მარანის“ ახალ ნომერში შემდეგ თემებს გაეცნობით: მთავარი თემა ახალი ქართული ვაზის ჯიშების გამოჩენა გახლავთ, რომელიც სტანდარტული სორტიმენტის საზღვრებს სცილდება და თავის დამკვიდრებას ცდილობს. სტატიის ავტორი რამდენიმე ქართულ ღვინის კომპანიას და მცირე მარანს გვაცნობს, რომლებიც ამ ახალი ტენდენციას მიყვებიან. აქვე განხილულია ის ახალი ქართული ვაზის ჯიშები, რომლებიც უფრო აქტიურად ცდილობენ თავის დამკვიდრებას ტრადიციულ სორტიმენტში. ამავე ნომერში წაიკითხავთ სტატიას ე.წ. „მეორე ღვინოების“ შესახებ. ეს ფენომენი პირველად ბორდოში, მე-18 საუკუნეში გაჩნდა. სხვადასხვა მიზეზის გამო, იმ დროს მოსავალი არც სტაბილურობით და არც ხარისხით არ გამოირჩეოდა, რის გამოც ყურძენს არჩევდნენ და საუკეთესო ნაწილს ძირითადი ღვინის წარმოებაზე უშვებდნენ, მორჩენილ ნედლეულს მეორეზე. სწორედ ეს პრინციპები დაედო საფუძვლად „მეორე ღვინოების“ კონცეფციას, რომელიც გარკვეული დროის მანძილზე დავიწყებას მიეცა და მხოლოდ მე-20 საუკუნეში აღსდგა. სტატია ამ პრინციპით დაყენებულ ყველაზე ცნობილ ღვინოებს გვაცნობს და ზოგადად ამ მიდოგმის პერსპექტივებზეც საუბრობს. მეტი თვალსაჩინოებისთვის, გაზეთში „მეორე ღვინოების“ ფოტო-გალერეასაც იხილავთ. „მარანში“ ამ ნომერშიც გრძელდება ორგანული მეღვინეობის თემა, რომლის ავტორი ენოლოგი გიორგი სამანიშვილი გახლავთ. კულინარიის გვერდი კი შედარებით ვრცელ რუბრიკაში ინდური სამზარეულოს მიმოხილვას, გაზეთის ბოლო გვერდზე კი ტრადიციულად რამდენიმე კერძის მოკლე რეცეპტს გთავაზობთ.
© რადიო "ცხელი შოკოლადი"
თქვენი კომენტარი