Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ახალი ამბები – გადაცემა "ღვინის გზამკვლევი" (18) 18.01.2013

<<<<<<<<<<<<<<

ქართული ღვინისა და მინერალური წყლების რუსეთის ბაზარზე დაბრუნებასთან დაკავშირებით ქართული და რუსული მხარის შეხვედრა მოსკოვში, იანვრის ბოლო კვირაში გაიმართება.  ამის შესახებ რუსული საინფომრაციო სააგენტო, “რია ნოვოსტი” იუწყება. შეხვედრის სავარაუდო თარიღი, რუსეთის სანიტარული სამსახურისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამსახურის უფროსმა გენადი ონიშჩნეკომ, გასულ კვირას თავად დაასახელა. მისი თქმით, მათ არაოფიციალური წყაროებისგან აქვთ ინფორმაცია, რომ საქართველოს დელეგაციაში მთავრობის წარმომადგენლებიც იქნებიან, რაც მისი შეფასებით, ნიშნავს იმას, რომ საქართველოსთვის ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია. შეგახსენებთ, რომ ქართული პროდუქციისთვის რუსული ბაზრის გახსნისთვის საჭირო უფრო ეფექტური ნაბიჯების გადადგმის მიზნით, რუსულ მხარესთან შეხვედრის ინიციატივა, სოფლის მეურნეობის მინისტრმა - დავით კირვალიძემ, ღვინის ეროვნული საგენტოს ხელმძღვანელთან და რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან - ზურაბ აბაშიძესთან ერთად, გასული წლის 26 დეკემბერს, ღვინის კომპანიების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე გამოთქვა.

<<<<<<<<<<<<<< 

ქართული ღვინოები ინდოეთში გამართულ ღვინის ფესტივალზე წარმოადგინეს. ფესტივალი წელს უკვე მეოთხედ, იანვრის პირველ კვირაში, მუმბაიში გაიმართა. ქართული ღვინოებიდან, ფესტივალზე საფერავი, მწვანე და რქაწითელი იყო წარმოდგენილი. ადგილობრივი მედიის ცნობით, ქართული ღვინო კიდევ ერთხელ წარმოჩინდა, როგორც ფესტივალის საუკეთესო ღვინო - “ქართული ღვინო, ეს არის კარგად დაბალანსებული, მომხიბლავი შეფუთვის და მისაღები ფასის მქონე ღვინო” - აღნიშნულია ინდურ საინფორმაციო წყაროებში.

<<<<<<<<<<<<<<< 

კომპანია “თბილღვინო” უკრაინის ბაზარზე კიდევ ერთი სავაჭრო ნიშნით წარსდგება. ეს გახლავთ - “ივერიული”, რომელიც 2010 წელს დაარსდა და კომპანიის 18 ღვინოს აერთიანებს. “ივერიულის” ღვინოების გავრცელებას მეზობელი ქვეყნის ბაზარზე უკრაინის უმსხვილესი გადამზიდველი კომპანია - Fozzy Group უზრუნველყოფს. აღსანიშნავია, რომ იმ 28 ქვეყანას შორის, რომელებიც კომპანიის საექსპორტო ბაზარს წარმოადგენენ,  უკრაინა მეორე ქვეყანაა და ის “თბილღვინოს” ექსპორტის საერთო მაჩვენებლის 17%-ს შეადგენს. კომპანიის ინფორმაციით, 2013 წელს უკრაინის ღვინის ბაზარზე “ივერიულის”  დაახლოებით 120 ათას ბოთლამდე ღვინო გამოჩნდება.

<<<<<<<<<<< 

ინტელექტუალური დაცვის საკითხებთან დაკავშირებით, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ცენტრის ორგანიზებით, 19 და 20 იანვარს, გუდაურში სპეციალური სემინარი გაიმართება. სემინარის პროგრამის თანახმად, მომხსენებლები ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრებენ, როგორიცაა - საავტორო უფლებების დაცვის საკითხი საქართველოში (ელენე ქემაშვილი), სასაქონლო ნიშნები და გეოგრაფიული აღნიშვნები (გიორგი ქურდიანი), გამოგონებების, დიზაინის და ახალი ჯიშების დაცვის თავისებურებები და ახალი ტენდენციები (ზვიად მათიაშვილი). საქპატენტის თავმჯდომარე ირაკლი ღვალაძე კი ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ცენტრის საქმიანობას შეაჯამებს  და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრებს.

<<<<<<<<<<< 

ამერიკის შეერთებულ შტატებში, პრეზიდენტ ბარაქ ობამას ინაუგურაციამდე რამდენიმე დღით ადრე, იმ სასმელებისა და დელიკატესების შესახებ იმსჯელეს, რომლითაც ინაუგურაციაზე მისულ სტუმრებს გაუმასპინძლდებიან. უმსხვილესი ამერიკული გამოცემის  „ვაინ სპექტატორის“ ინფორმაციით, ამერიკული სასმელებიდან კალიფორნიული ცქრიალა ღვინო - კორბელი (Korbel) შეარჩეს. თუმცა, აქ საინტერსოა ის ფაქტი, რომ ინუგურაციის პროტოკოლში კორბელი მოხსენიებულია, არა როგორც ცქრიალა ღვინო, არამედ როგორც შამპანიური, რასაც „შამპანიურის ადგილობრივი ბიუროს“ პრეზიდენტი სემ ჰიტნერი ( Sam Hainter) საფრანგეთისადმი უსამართლო დამოკიდებულებად მიიჩნევს, რადგან შამპანიური სწორედაც რომ ფრანგებმა შექმნეს. აღნიშნული ბიუროს ხელმძღვანელის ამგვარ შენიშნვნას წინ უძღოდა „კორბელის“ მფლობელის  განაცხადი იმის შესახებ, რომ ისეთი ისტორიული დღე, როგორიც ინაუგურაციია, ისეთი ამერიკული ცქრიალა ღვინით აღნიშვნას იმსახურებს, რომელიც ნამდვილად ამერიკის ფესვებთან იქნება დაკავშირებული.

სადღესასწალო მენიუში, ასევე აღნიშნულია, რომ ოფიციალური ცერემონიის შემდეგ, სტუმრებს ცქრიალა ღვინის გარდა, ორი სახეობის ღვინით - 2009 წლის მოსავლის მერლოთი ( Bedell Cellars Merlot 2009) და 2010 წლის  მშრალი რისლინგით გაუმასპიძნლდებიან (Tierce Dry Riesling 2010).წელს, საპრეზიდენტო ინაუგურაციაა 21 იანვარს გაიმართება, რომელზეც ცქრიალა ღვინოს, „კორბელს“ უკვე მერვედ, სპეციალურად ინაუგურაციისთვის განკუთვნილი შეფუთვით წარმოადგენენ.

<<<<<<<<<<<<< 

სამხრეთ აფრიკაში ღვინის ექსპორტი, წინა წლის მონაცემებთან შედარებით 17%-ით გაიზარდა. არასამთავრობო ორგანიზაცია “სამხრეთ აფრიკის ღვინოების” ინფორმაციით, თუკი 2011 წელს აფრიკელებმა ათ მილიონ ლიტრამდე ღვინო აწარმოეს, 2012-ში იმავე მაჩვენებელმა 417 მილიონ ლიტრს მიაღწია. ამის მიზეზად ორგანიზაციის ხელმძღვანელი ევროპაში, ლათინურ ამერიკაში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში ყურძნის მოსავლის შემცირებას ასახელებს. მისი თქმით, უმჯობესი იქნება თუკი სამხრეთ აფრიკელი მეღვინეები განსაკუთრებულ აქცენტს ღვინის შეფუთვის ინდუსტრიაზე გააკეთებენ და ამავე დროს შეინარჩუნებენ მათ მიერ წარმოებული ღვინის მაღალ ხარისხს. ამავე ორგანიზაციის ცნობით, ხელსაყრელი ეკოლოგიური პირობების გამო, 2013 წელს, რთველი სამხრეთ აფრიკაში კიდევ უფრო მეტად შემოსავლიანი იქნება.

<<<<<<<<<< 

პროფესიონალ მძლეოსნებს  წითელი ღვინის საჯარო სმისგან თავის შეკავება მოუწევთ. ლონდონის კინგსტონის უნივერსიტეტის მკვლევრების ამ დასკვნას ჟურნალი Nutrition აქვეყნებს. მეცნიერები ფიქრობენ, რომ სპოტსმენები შეიძლება დოპინგის მიღებაში დაადანაშაულებენ. ამ მოსაზრების დასადასტურებლად, მეცნიერებს ის არგუმენტი მოჰყვათ, რომ  წითელ ღვინოში შემავალი ნივთიერება - ტესტოსტერონი ადამიანის სხეულს აძლიერებს და კუნთების გამოკვეთას უწყობს ხელს. თუკი ორგანიზმში ამ ნივთიერების შემადგენლობა იზრდება,  ეს უპირველესად ანალიზებში აისახება, რაც სპორტსმენების დიკვალიფიკაციის მიზეზი შეიძლება გახდეს. თუმცა, ამ დასკვნის საპირისპირო მოსაზრება აქვს კინგსტონის ერთ-ერთი სკოლის მკვლევარს, რომელიც ამბობს, რომ  წითელ ღვინოში შემავალი სხვა ნივთიერებები (quercetin) ხელს უწყობს ტესტოსტერონის გამოყოფის რეგულირების პროცესს. „თეორიული მტკიცება წითელ ღვინოში ტესტოსტერონის არსებობის შესახებ საკმარისი საბუთი არ არის სპორტსმენების მიერ დოპინგის მიღების ბრალდების საქმეში. ამას კლინიკური დადასტურებაც სჭირდება“ - ამბობს მკვლევარი.

<<<<<<<<<<< 

ჩვენ კვლავ ვუბრუნდებით მეღვინეობა-მევენახოების შესახებ ერთადერთ ქართულ ყოველკვირეულ გამოცემს - „მარანს“, რომელიც გაზეთი „ვიკენდის“ ყოველკვირეული დამატება გახლავთ. დღეს „მარანის“ 2013 წლის პირველი ნომერი გამოვიდა. გეტყვით, რომ მთავარი თემად შერჩეულია გასული წელს ქართულ მეღვინეობა-მევენახეობაში მომხდარი მნიშვნელოვანი ამბების მიმოხილვა. სტატიის ავტორი მეღვინეობა-მევენახობის დარგის მკვლევარი - გიორგი ბარისაშვილია, რომელიც კახეთში სტიქიით განადგურებული ვენახების, სუბსიდიის მნიშვნელობის, საქართველოში ნატურალური ღვინის აღზევებისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების საინტერესო მიმოხილვას გთავაზობთ. აქვეა „ქართული ღვინის გზამკვლევის“ ავტორის ტექსტი, რომელიც წიგნის შესავალ ნაწილში დაიბეჭდა. კულინარიის გვერდი კი რეცეპტების გარდა, თიხისგან დამზადებულ სამზარეულოს ჭურჭლის ისტორიას გაგცნობთ.

 © რადიო "ცხელი შოკოლადი"

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.