Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ხელისუფლება და სიგარა


უინსტონ ჩერჩილი: "წამართვით სიგარა და მე თქვენთან ომს დავიწებ".

ექსპერიმენტული ციკუარისტიკა

     ციკუარისტიკა, როგორც ექცპერიმენტურ-გამოყენებითი სისტემა, ინტეგრირებულია თანამედროვე ფსიქოლოგიის ზოგიერთ მიმართულებაში. ზოგიერთი განმარტებითი ლექსიკონის თანახმად, ციკუარისტიკა - ეს არის მეცნიერება სიგარის შესახებ.

     თავის წარმომავლობას ეს ტერმინი სიტყვა "ციკუარს" (ციკუარა, სიგარა) უნდა უმადლობდეს. ინდიელების ერთ-ერთი ტომის - მაიას ენაზე ეს სიტყვა აღნიშნავდა "ყველაფერს, რაც იწვის და იფერფლება". ფართო გაგებით, ციკუარისტიკა - ეს არის ცდა, შევაფასოთ სიგარის მოწევის კულტურის გავლენა საზოგადოებისა და ინდივიდის განვითარებაზე.

ციკუარისტიკის პირველი "ევრიკა"

     ცნობილია, რომ არქიმედეს აღტაცების წამოძახილი ახალი კანონის აღმოჩენას მოასწავებდა, რომლის თანახმადაც, სითხეში სხეულზე მოქმედებს ამომგდები ძალა, რომელიც გადმოღვრილი წყლის მასის ტოლია. მსგავსად ამისა, გერმანული "ბილდისა" და ბრიტანული "გარდიანის" პუბლიკაციები ციკუარისტიკის პირველ "ევრიკად" იქცნენ.

     რამდენიმე წლის წინ "ბილდმა" “Lovenstein Institute”-ის (პენსილვანიის შტატი) კვლევის მონაცემები გამოაქვეყნა, რომელიც 1945 წლიდან მოყოლებული ამერიკის ყველა პრეზიდენტის ინტელექტის კოეფიციენტს (IQ) განსაზღვრავდა. ტრადიციულად, ინტელექტის კოეფიციენტის გამოსათვლელად საგანგებო ტესტირებაა საჭირო. ამ შემთხვევაში კი, როგორც გერმანული გაზეთი წერდა: "ამერიკელმა მკვლევარებმა შეიმუშავეს სპეციალური მეთოდი, რომელიც აერთიანებდა გამოკვლეული პრეზიდენტების ისეთ მახასიათებლებს, როგორიცა: სწავლის დონე საშუალო თუ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში, აზრის ზეპირი თუ წერილობითი ფორმით გამოხატვის უნარი, ცვლილებებთან ადაპტირება და .."

როგორც მოსალოდნელი იყო, ეს პუბლიკაციები მსოფლიო სენსაციად იქცა, სტატიებმა აშშ-ში უდიდესი რეზონანსი გამოიწვია. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი (IQ 91) ამერიკის ახლანდელ პრეზიდენტს, ჯორჯ ბუშ უმცროსს ჰქონდა. რეიტინგის მაღალი ადგილები კი დაიკავეს რიჩარდ ნიქსონმა (IQ 155), ჯონ კენედიმ (IQ 174), და ბილ კლინტონმა (IQ 182).

ამ თემაზე ჩატარებულმა გამოკვლევამ კი საზოგადოება კიდევ უფრო გააკვირვა. აღმოჩნდა, რომ პენსილვანიის შტატში არავითარი “Lovenstein Institute” არ არსებობს. ეს "კვლევითი ცენტრი" სინამდვილეში ერთი თანამშრომლისგან შედგებოდა და ეს თანამშრომელი, არც მეტი, არც ნაკლები, კატაფალკის მაგვარი ფურგონი იყო.

მოგვიანებით, გერი ტრიუდომ, ინტერნეტ საიტ Doonesbury.com-ის შემქმნელმა (ეს ცრუ ინფორმაცია პირველად სწორედ ამ საიტზე გამოჩნდა) აღნიშნა, რომ იგი მოატყუა ერთ-ერთმა წყარომ, რომელსაც ის სანდოდ მიიჩნევდა

პოლიტიკური ციკუარისტიკა

დრო გავიდა. სკანდალი მიწყნარდა და ბუშის ავტორიტეტიც გაიზარდა. მაგრამ ყველა ის პრეზიდენტი, რომელმაც გამოკვლევაში მაღალი შეფასება მიიღო, სიგარის განსაკუთრებული თაყვანისმცემელი აღმოჩნდა. ნუთუ ეს შემთხვევითია? არის თუ არა ამ დამთხვევებში რაღაც კანონზომიერება? ერთი რამ კი ფაქტია, რომ ამერიკის 41 პრეზიდენტიდან 21 მათგანი, რომელმაც ამ ქვეყნის ზესახელმწიფოდ გადაქცევაში უდიდესი წვლილი შეიტანა, სიგარის მოყვარული და დამფასებელი აღმოჩნდა. მათ შორის აღმოჩნდნენ ლეგენდარული ჯონ ადამსი, ჯეიმს მედისონი და ჯონ ფიცჯერალდ კენედი. ისინი თავიანთი პოლიტიკური შეხედულებით მკვეთრად განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან და სხვანაირად ხედავდნენ ამერიკის მომავალს. მათ ჰქონდათ ერთი იდეა - შეეცვალათ სამყარო უკეთესობისკენ და ერთი ვნება - სიგარა, რომელიც, როგორც ჩანს, ეხმარებოდა მათ პოლიტიკური მეცნიერების ზოგიერთი საიდუმლოს ამოხსნაში.

სიგარისადმი განსაკუთრებული ლტოლვა ბილ კლინტონსაც ამოძრავებდა, რის გამოც მან სამუდამოდ "გადაიკიდა" მეუღლე ჰილარი და ამერიკული საზოგადოების შედარებით კონსერვატიული ნაწილი. კონფლიქტი იმით დასრულდა, რომ ჰილარი კლინტონმა თეთრ სახლში მოწევა აკრძალა და პრეზიდენტის რეზიდენციის ყველა ოთახიდან და კაბინეტიდან საფერფლეების გატანა ბრძანა. რთულ მომენტში ბილმა გამომგონებლობას მიმართა. მან სასწრაფოდ "გამოიგონა" სიგარით ტკბობის ახალი ფორმულა, რომელსაც ვერც ჰილარი შეეწინააღმდეგა და ვერც ამერიკული პრესა. პრეზიდენტს თეთრ სახლში მხოლოდ სიგარის მოკიდება არ შეეძლო, მაგრამ მას ვერავინ წაართმევდა უფლებას - ჭეროდა ხელში ახალი სიგარა და დამტკბარიყო მისი არომატით. როგორც კი პრეზიდენტს ამის საშუალება მიეცემოდა, ის სიამოვნებით თავისუფლდებოდა ნებისმიერი შეზღუდვებისაგან და არ კარგავდა შანსს დაეკმაყოფილებინა საკუთარი ვნებები. კლინტონისთვის ასეთი შანსი საზღვარგარეთ დაგეგმილი საქმიანი შეხვედრები იყო.

პლანეტის ყველაზე ცნობილი სიგარის მოყვარულის სტატუსი დღემდე შემორჩა უინსტონ ჩერჩილს. ბრიტანელი პრემიერმინისტრის თანამებრძოლები თავიანთ მემუარებში წერდნენ, რომ სერ უინსტონ ჩერჩილს შეეძლო დღეში 12-მდე სიგარა მოეწია. მან სიგარა პირველად კუბაში გასინჯა. ჩერჩილი იქ 1895 წელს ჩავიდა, როცა ცდილობდა "რეალურ ომში" მოხვედრილიყო და ნამდვილი სამხედრო კარიერა შეექმნა. ჰავანაში ორი ცნება: "სიგარა" და "კუბა" მისთვის სინონიმებად იქცა.

ბრიტანელებს არ შეეძლოთ წარმოედგინათ საკუთარი პრემიერმინისტრი სიგარის გარეშე. ამბობენ, რომ ჩერჩილმა საგანგებო ჟანგბადის ნიღაბიც კი დაამზადებინა, რომელიც მას საშუალებას მისცემდა არაჰერმეტულ თვითმფრინავშიც კი დამტკბარიყო ცისფერი ბოლის არომატით. თვითმფრინავით მგზავრობა კი მეორე მსოფლიო ომის დროს მას არც თუ იშვიათად უხდებოდა.

სიგარის სიყვარულში ბრიტანელ პრემიერმინისტრს არც გერმანელი კანცლერი ოტო ფონ ბისმარკი ჩამოუვარდებოდა. ამ მხრივ მან ჩერჩილსაც კი "გაუსწრო". ცნობილია, რომ ბისმარკს დღეში 15 სიგარის მოწევა შეეძლო. "ნებისმიერი ადამიანისთვის განკუთვნილია განსაზღვრული რაოდენობის ღვინო და თამბაქო, მე ჩემთვის 100 000 სიგარასა და 5 000 ბოთლ ღვინოს ვისურვებდი"- ამბობდა კანცლერი, რომელიც ამტკიცებდა, რომ "სიგარა გონებას ანათებს და სულს ამშვიდებს, ამასთან, ის გავლენას არ ახდენს ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე".

ბისმარკის ესტაფეტა წარმატებულად გააგრძელა გერმანიის კიდევ ერთმა კანცლერმა გერხარდ შროდერმა, რომელმაც სიგარა საკუთარი პოლიტიკური იმიჯის განუყოფელ ნაწილად აქცია. თუმცა, შროდერის დაუფარავი მიდრეკილება სიგარებისადმი ხშირად გამხდარა საზოგადოებისა და პოლიტიკოსების კრიტიკის საგანი.

საინტერესოა ასევე ისრაელის ყოფილი პრემიერმინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს ისტორიაც. ისრაელმა - ქვეყანამ, რომელიც უკომპრომისოდ ებრძვის და ამხილებს სახელმწიფო ბიუჯეტის გაფლანგვის ნებისმიერ ფაქტს, უეცრად აზრი შეიცვალა. როცა ისრაელში გადასახადების ამკრეფების რისხვის სამიზნე პრემიერმინისტრი და მისი სიგარისადმი მიდრეკილება გახდა, ბენიამინს ადვოკატის როლში საზოგადოება მოევლინა. როგორც სოციოლოგიურმა გამოკითხვებმა ცხადყო, ისრაელის მოსახლეობამ სავსებით დასაშვებად ჩათვალა ნეთანიაჰუს ეს "სისუსტე". მიუხედავად იმისა, რომ პრემიერმინისტრი ძვირფას სიგარებს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე ყიდულობდა.

საზოგადოებისათვის სიგარა არცთუ იშვიათად გამხდარა ამბოხისა და რევოლუციის სიმბოლო. დროთა განმავლობაში ვნებები ცხრებოდა, რევოლუციონერები ხელისუფლებაში მოდიოდნენ, მეამბოხეები კი კონსერვატორები ხდებოდნენ, მაგრამ სიგარა მაინც იმაგრებდა საკუთარ პოზიციებს და ლიდერის იმიჯის განუყოფელი ნაწილი ხდებოდა.

სწორედ ამაშია პოლიტიკური ციკუარისტიკის არსი: საზოგადოებას შეუძლია ადვილად შეეგუოს მმართველის ამ "მავნე ჩვევას", თუ მწეველი მას ლიდერის როლში მოევლინება. სიგარის მოწევა არა მხოლოდ ინდივიდის მხრიდან თამბაქოს ნაწარმისადმი უპირატესობის მინიჭებას ნიშნავს, ეს უკვე პოლიტიკური იმიჯის განუყოფელი ელემენტია.

დრო იცვლება, მაგრამ ზოგიერთი ფასეულობა უცვლელი რჩება. განსაკუთრებით ის, რომლის ფესვებიც მისტიკურ-რელიგიური სფეროდან მოდის. ქარიზმა, მათ შორის პოლიტიკურიც - ეს თავისი არსით რელიგიური ფენომენია, ისევე, როგორც სიგარის მოწევა, რომელიც ძველი წეს-ჩვეულებების თანამედროვე ფორმას წარმოადგენს.

როგორც კაცობრიობის შექმნის, ასევე სიგარის ძირითადი საწყისი კვამლი და ცეცხლია, ანუ "ყველაფერი ის, რაც იწვის და იფერფლება". სხვათა შორის, ციკუარისტიკის გაჩენამდე ბევრად ადრე სწორედ ამის შესახებ წერდა ვიქტორ ჰიუგო, რომელსაც ეკუთვნის შემდეგი სიტყვები: "სიგარის მოწევა - ეს ღვთაებრივია".

    

მოწევის ხელოვნება: როგორ მოვწიოთ სიგარა                      

     სიგარის მოწევა - ეს განსაკუთრებული ხელოვნებაა. სანამ პირველ სიგარას მოწევდეთ, აუცილებლად უნდა ფლობდეთ გარკვეულ სინატიფესა და დახვეწილობას. იმისათვის, რომ თქვენი ნაცნობობა სიგარების უნიკალურ სამყაროსთან წარმატებული აღმოჩნდეს, უცილებელია იცოდეთ და დაიცვათ ის განსაზღვრული წესები, რომლის გარეშეც მოწევა სიამოვნებას ვერ მოგანიჭებთ. ამისათვის თქვენ რამდენიმე მარტივი რჩევა დაგეხმარებათ, რომლის წყალობითაც აუცილებლად მიაღწევთ სასურველ რეზულტატს. როგორც ამბობენ: სიგარა - ეს ფილოსოფიაა, სიგარის ყიდვა - ხელოვნება, მოწევა კი - სიამოვნება.

     თავდაპირველად თქვენ წინდახედულობა უნდა გამოიჩინოთ, რათა თავი აარიდოთ ყალბ სიგარას. ყურადღებით დააკვირდით შეუფუთავ ყუთს, შეამოწმეთ, არის თუ არა მასზე საგარანტიო ბეჭედი. (ჩვეულებრივად, ის მარჯვენა კუთხეშია მოთავსებული.) მოითხოვეთ ყუთის გახსნა და უფრო ყურადღებით დააკვირდით თავად სიგარებს, ისინი დაახლოებით ერთი ფერის უნდა იყოს. შეეცადეთ ხელით შეეხოთ მას, ნამდვილი სიგარა შეხებისას ზამბარასავით რბილი უნდა იყოს.

     გახსოვდეთ, რომ სიგარა - ეს არა მარტო სიამოვნებაა, ის გემოვნებას ავითარებს და თანდათანობით სრულყოფს. მაშ ასე, რამდენიმე სასარგებლო რჩევა მას, ვინც უკვე მოაჯადოვა სიგარების საიდუმლოებით მოცულმა, იდუმალმა სამყარომ.

     პირველი: ყოველთვის აირჩიეთ განსხვავებული ფორმატის სიგარა, ყველა სიტუაციას თავისი სიგარა "უხდება". ამგვარად, გამოიყენეთ მრავალფეროვნება და გქონდეთ თადარიგში განსხვავებული ფორმისა და ზომის სიგარები. წინდახედულ მწეველს თადარიგში ყოველთვის მინიმუმ სამი ტიპის სიგარა  აქვს.

მეორე: არ შეიძინოთ სიგარა ნებისმიერ ადგილზე, სადაც კი ის ხელმისაწვდომია, არამედ, ისარგებლეთ სპეციალური მაღაზიებისა და დაწესებულებების მომსახურებით. ჩვეულებრივ, ასეთი მაღაზიების მფლობელები აფასებენ ნამდვილ სიგარას. შესაბამისად, მათ რაიმე ძვირფასი და სასარგებლო რჩევის მოცემაც შეუძლიათ. სიგარა ყოველთვის ორი ცალი იყიდეთ: მეორე სიგარა აუცილებლად გაამყარებს ან უარყოფს თქვენს შთაბეჭდილებას პირველზე.

     მესამე: ჩაწვდით სიგარის ხელოვნებას, ნუ იქნებით ერთფეროვნები. არ არის აუცილებელი ერთი მარკის სიგარით შემოფარგვლა, ყოველთვის მოსინჯეთ ახალი სორტები და თქვენ ახალ შეგრძნებებსა და შთაბეჭდილებებს აღმოაჩენთ.

     მეოთხე: შემეცნების მწვერვალს აუჩქარებლად მიაღწიეთ, ისე, რომ არ გამორიცხოთ არც ერთი ეტაპი. ნუ დაგაბნევთ მეზობლის რჩევა, რომელსაც განსხვავებული გემოვნება აქვს. მოერიდეთ პატარა ფორმატის სიგარებს. უწყინარი შესახედაობის მსუბუქი სიგარა შესაძლოა მაგარი აღმოჩნდეს. ამასთან, მხედველობაში გქონდეთ, რომ ისინი სრულად ვერ გადმოგცემენ იმ ხარისხს, რომელსაც ესა თუ ის მარკა გვთავაზობს. დამწყებმა მოწევა ყველაზე პრესტიჟული მარკებით არ უნდა დაიწყოს.

     მეხუთე: აარჩიეთ სიგარა ისე, რომ თქვენი ფინანსური შესაძლებლობებიც გაითვალისწინოთ. ერთი ქვეყნის შიგნით ერთნაირი ფორმატის სხვადასხვა სიგარის ფასი შეიძლება ვარირებული იყოს. სანამ სიგარაში ძვირს გადაიხდიდეთ, დარწმუნდით, რომ ეს გამართლებულია.

     მაშ ასე, სიგარაც არჩეულია და მოსაწევად გამზადებული. ყველაფერი რიგზეა. სანამ სიგარას მოუკიდებთ, მისი ერთი ბოლო უნდა მოჭრათ შესაბამისი ინსტრუმენტით, რომელიც საგანგებოდ სიგარებისთვის გამოიყენება. ამ შემთხვევაში ნუ შეეცდებით დანის, ან საკუთარი კბილების გამოყენებას. მოუკიდეთ ასანთით ან გაზის სანთებელით. ცეცხლის ალი გარკვეული დაშორებით გეჭიროთ, რათა სიგარა არ დააზიანოთ. ამ დროს სიგარა ხელით უნდა გეჭიროთ და არა პირით. გახსოვდეთ, სიგარა ჩვეულებრივი სიგარეტისგან განსხვავდება, მისი მოწევისას აჩქარება საჭირო არ არის. გაიჩერეთ ბოლი, დაძაბეთ ყურადღება, რომ უკეთ შეიგრძნოთ სიგარის გემო და არომატი. სცადეთ გონებაში გაანალიზოთ და აღწეროთ ეს ყველაფერი. საინტერესო დეტალი: სურნელი (უფრო სწორად არომატი) მოკიდებული სიგარისა მკვეთრად განსხვავდება მოუკიდებელი სიგარის არომატისგან, ასე რომ, ამ დეტალსაც მიაქციეთ ყურადღება. იცოდეთ, რომ ბოლიც იცვლება. მოწევის შემდეგ არომატის ზოგიერთი თვისება სრულად გამოვლინდება, ზოგიერთი კი - არა. ისაუბრეთ მოწევის შემდგომ შთაბეჭდილებებზე - ეს თქვენს გარშემომყოფებთან აუჩქარებელი საუბრის კიდევ ერთი საგანია. სიგარებში და ალკოჰოლურ სასმელებში გარკვეულობა - საუბრის საუცხოო თემაა. კონიაკი, ვისკი, რომი და კარგი ღვინო სიგარით მიღებულ სიამოვნებას გაგიორმაგებთ. თუმცა, გახსოვდეთ, რომ სიგარა და ალკოჰოლური სასმელები ერთმანეთში არ უნდა გაურიოთ, ეს თქვენს ჯანმრთელობაზე უარყოფითად იმოქმედებს. თქვენ შესაძლოა სასმელებიც დააფასოთ და სიგარაც, მაგრამ აუცილებლად ცალ-ცალკე.

     დამწვარ სიგარას არ აფერფლებენ. ფერფლი თავად უნდა ჩამოშორდეს მას, როცა ამას თავად სიგარა ჩათვლის საჭიროდ. მწეველთა შორის ხშირად იმართება კიდეც კონკურსი, ვინ უფრო დიდი ხნის განმავლობაში დაწვავს სიგარის ფერფლს, ვის სიგარას ექნება ყველაზე გრძელი ფერფლი. როგორც ამბობენ, სიგარის ამ უცნაურ თვისებას კარგად ამჩნევდა ბრიტანეთის პრემიერმინისტრი - ლეგენდარული სერ უინსტონ ჩერჩილი. საკუთარ მრჩეველებთან და ურყევი ნებისყოფის ლიდერებთან შეხვედრებისა და რთული საუბრების წინ ის საკუთარ სიგარას გამართულ სამაგრზე ამაგრებდა. დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ მის თანამოსაუბრეებს აღარ შეეძლოთ სხვა რამეზე ეფიქრათ, გარდა ერთისა: ჩამოვარდება თუ არა ბოლოს და ბოლოს ეს საშინლად გრძელი ფერფლი სიგარიდან?!

     სიგარას არ აქრობენ. როგორც იტყვიან: მიეცით სიგარას ნება თავად დალიოს სული და ღირსეული სიკვდილით მოკვდეს. თუმცა ხარისხიანი სიგარა საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში, დაახლოებით რამდენიმე წუთი "თვლემს" საფერფლეში, იმის მოლოდინში, რომ თქვენ მას კვლავ მიუბრუნდებით. თუ ის თქვენ "არ დაგელოდათ", მაშინ, გავრცელებული აზრის თანახმად, მისი თავიდან მოკიდება არ ღირს. რა თქმა უნდა, შესაძლოა საწინააღმდეგოდაც მოიქცეთ, მაგრამ, ამ შემთხვევაში გამოიყენეთ ასეთი ხერხი:

- ფრთხილად გადააფერფლეთ ნამწვავი. (ამ შემთხვევაში გადაფერფლება შეიძლება)

- სანთებელის ალით ნელ-ნელა მოუკიდეთ სიგარას 8-10 წამის განმავლობაში.

- ფრთხილად "შეუბერეთ" სიგარას. ამ მეთოდის ენთუზიასტები ირწმუნებიან, რომ სიგარა ახალივით იქნება.

დაბოლოს, თუ თქვენ სიგარის მოწევა გიყვართ, მაშინ მუდმივად სიახლის ძიებაში უნდა იყოთ. არ დაკმაყოფილდეთ მხოლოდ ერთი მარკის ნაწარმით. XX საუკუნის ცნობილი ბიზნესმენი და მსოფლიოში სიგარის უმსხვილესი მწარმოებელი ზინო დავიდოვი ამბობდა: "საუკეთესო სიგარა სწორედ ის არის, რომელსაც თქვენ უპირატესობას მიანიჭებთ".

 

სიგარის გემოსა და არომატთან დაკავშირებული ტერმინები:


არომატული მდგრადობა - არომატის თვისება გაგრძელდეს დიდი ხნის განმავლობაში

მწარე - სიგარის არომატის კლასიკური კომპონენტი.

გრძელი - ასე ხასიათდება სიგარის ღრმა, მდგრადი არომატი.

სიმჟავე - შეგრძნება მოწევის დაწყებისა და დამთავრების შემდეგ.

კომპლექსური - იგულისხმება მდგრადი და ცვალებადი არომატის ერთობლიობა, რომელთა გარჩევაც არცთუ იოლია.

მოკლე - გაჯერებული არომატი, რომელიც დიდხანს არ გრძელდება.

მძლავრი - იგულისხმება სიგარა, რომლის მომეტებული სიმაგრე ვერ ამცირებს მის არომატს.

სახაზავი - ერთფეროვანი გემო.

გაჟღენთილი - დადებითი მახასიათებელი სიგარისა, რომელიც მდიდარია კარგი თვისებებით.

დათმობა - როცა სიგარის დეგუსტაცია წარმატებით ჩაივლის.

დამლაშება - იშვიათი არომატი.

ტკბილი - არომატი, რომელიც შესამჩნევია მოწევის დასაწყისში.

ვიწრო - არომატის ვიწრო დიაპაზონი.

ქალბატონი სიგარით - ის ყოველთვის მიმზიდველია 

მამაკაცებს ყოველთვის ახსოვთ, ვინ გაიტანა გადამწყვეტი გოლი 1986 წლის საფეხბურთო ჩემპიონატზე, ადვილად შეუძლიათ არჩევნების შედეგების პროგნოზირება, უკეთესად ატარებენ ავტომობილს, უყვართ გოლფის თამაში. საქმიანი მამაკაცისათვის კი სიგარა ისეთივე განუყოფელი ელემენტია, როგორც, თუნდაც ჰალსტუხი. ეს ყველაფერი მამაკაცური ცივილიზაციის განსაკუთრებული მონაპოვარია.

ადრე, როცა მსოფლიო ნაკლებად დემოკრატიული იყო, ჯენტლმენებისათვის ცალკე კლუბები იყო გამოყოფილი, ქალები შენობებში საგანგებოდ მათთვის განკუთვნილი ლიფტებით ("for ladies”) სარგებლობდნენ.  ციხესიმაგრე აუღებელი ჩანდა, მაგრამ ეს ბარიერი სიგარამ მაინც გაარღვია. ქალი სიგარით - დღეს უკვე ბუნებრივია, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ეს ყველაფერი უჩვეულოდ ჩანდეს. 8% ქალებისა, რომლებიც სიგარის მაღაზიებს ხშირად სტუმრობენ, სიგარას "თავისთვის" ყიდულობენ. რამდენიმე წლის წინ კი ისინი ასეთ დაწესებულებებში მხოლოდ მამაკაცისათვის საჩუქრის საყიდლად თუ შემოიხედავდნენ. დღეს უკვე ქალებისთვისაც იქმნება სიგარის კლუბები. ასეთი კლუბები უკვე არსებობს ამერიკულ და ბრიტანულ უნივერსიტეტებში. მათი სტუმრები კი სრულებითაც არ არის აუცილებელი, რომ წარმატებული ბიზნესმენები იყვნენ. ყველაზე ფეშენებელური სიგარის კლუბი ქალებისათვის "Les Volutes მონაკოშია. ბოროტი ენები ამბობენ, რომ ამ კლუბის წევრები მხოლოდ მომხიბვლელი ქალბატონები არიან, რომლებიც წარმატებით ხარჯავენ თავიანთი მდიდარი ქმრების ფულს.

ნებისმიერ შემთხვევაში, სიგარის მოწევა ან არმოწევა დღეს არჩევანია. ეს არჩევანი კი არანაირად არ არის დაკავშირებული სტერეოტიპებთან, ცრურწმენებთან და ცხოვრების წესთან. ამ მხრივ სრული თავისუფლებაა! თუმცა კი, სიგარის ქალ მოყვარულებს გარკვეული სიძნელეების გადალახვა მოუხდათ იმისათვის, რომ ტრადიციულ მამაკაცურ სფეროში დაემკვიდრებინათ თავი. დღეს ქალებს სიგარის მოწევის კულტურას 150 დოლარად ასწავლიან, ხოლო მამაკაცებმა, რომელთაც ამ პროცესის ნახვა სურთ, 290 დოლარი უნდა გადაიხადონ. ევროპაში დაახლოებით ქალბატონების 1% ეწევა სიგარას. როგორც ნებისმიერი სხვა არასტანდარტული გართობა, ეს საქმიანიბაც საშუალებას იძლევა თავი ახალ ფორმაში და სტილში იგრძნოთ. ახალი ჟესტები, ახალი ინტონაცია, სიარულის მანერაც კი შეიძლება ოდნავ მაინც შეიცვალოს, რა თქმა უნდა, უკეთესობისკენ.

პირველად სიგარა შეგიძლიათ ყველგან გადაეყაროთ: კლუბურ საღამოზე, ვახშამზე რესტორანში, ბარში ან ბილიარდის მაგიდასთან, მეგობართან, რომელიც ეს-ესაა დაბრუნდა ლათინური ამერიკიდან. შესაძლოა სიგარა უბრალოდ იყიდოთ, შეფუთოთ და გასაჩუქებლად გაამზადოთ, ან აიღოთ და თავადაც გასინჯოთ. შეგიძლიათ გამყიდველს სთხოვოთ, რომ პირველი ცდისთვის რაიმე უფრო მსუბუქი შეგირჩიოთ. პირველი სიგარის მოწევა მარტოობაში არ ღირს. სიგარის მოწევის კულტურა "ხელიდან ხელში" გადადის. ეს თითქმის რიტუალური ქმედებაა, შეთქმულება იმათთვის, ვისაც ესმის...

ცნობილი ქალბატონებიდან სიგარის თაყვანისმცემლები არიან: პოპ-მუსიკის დედოფლად წოდებული მადონა და ჰოლივუდის ვარსკვლავი დემი მური. როგორც ჩანს, სიგარას სუსტი სქესის წარმომადგენლებიც არანაკლებ აფასებენ. ქალი სიგარით ყოველთვის მიმზიდველია, თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ქალბატონები ერიდებიან მსხვილი ფორმატის სიგარების მოწევას.

მოამზადა გიორგი კოტრიკაძემ

© "მარანი"

                                                                



dzalian magari tema iyo..= ) sagol, chagetvalat! vgijdebi sigaraze da im xalxze vinc sigaras afasebs..= ) ise am bolo dros wvril sigaraze gadavedi..= ))))))))))))


დავბერდი ამ საიტზე და დღეს პირველად წავიკითხე ეს სტატია. ძალიან კარგი სტატიაა, მე თვითონ ძალიან დიდი მოყვარული გახლავართ სიგარის. ასე რომ საინტერესო რჩევებისთვის დიდი მადლობა მახოსა და თავად სტატიის ავტორს.


დიდი ხანია სიგარებს ვეწევი, მაგრამ ბევრი რამ ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ გავიგე. ძალიან საინტერესო წერილია. მადლობა


გამარჯობა. თუ შეგიძლიათ მითხრათ სად შეიძლება შევიძინო სიგარები. სად არის ყველაზე კარგი არჩევანი მათ შორის ქართული სიგარებიც.?


გთხოვთ მიპასუხეთ სიგარაში არის ნიკოტინი ?

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული