საჭირო მასალა: 50 გ პარმეზანი, 75 გ ჩედერი, 115 გ ყვავილოვანი კომბოსტო, 115 გ ბროკოლი, 150 მლ რძე, 40 გ კარაქი, 40 გ ფქვილი, 3 ცალი კვერცხი, 230 მლ 10%-იანი ნაღები, 1 ს.კ. მარცვლოვანი მდოგვი, რამდენიმე ცალი პამიდორი ჩერი, 3-4 კბილი ნიორი, ზეითუნის ზეთი, პროვანსული სანელებელი, მარილი და შავი პილპილი, ცხიმი - ფორმებისთვის.
მომზადება: ღუმელი გავახუროთ 180 გრადუსამდე. პარმეზანი გავხეხოთ წვრილ სახეხზე, ჩედერი – მსხვილზე. სუფლეს ფორმებს წავუსვათ ცხიმი და მოვაყაროთ პარმეზანი. რაც დარჩება, შევინახოთ. ბროკოლი და ყვავილოვანი კომბოსტო მდუღარე მარილწყალში ჩავყაროთ და მოვხარშოთ, სანამ არ დარბილდება, შემდეგ გადავავლოთ ცივი წყალი და ავთქვიფოთ ბლენდერში. ღრმა ტაფაში გავადნოთ კარაქი, დავუმატოთ ფქვილი და 30 წამი ვშუშოთ. გადმოვდგათ ცეცხლიდან, დავუმატოთ ბოსტნეულის პიურე, მარილი და პილპილი. როცა შეგრილდება, კვლავ დავაბრუნოთ ცეცხლზე და ვურიოთ. როდესაც პიურე შესქელდება, შევურიოთ კვერცხის გულები ისე, რომ მორევა არ შევწყვიტოთ. ბოსტნეულის პიურეს დავუმატოთ ჩედერი და დარჩენილი პარმეზანი. კარგად ავთვიფოთ კვერცხის ცილა და ფრთხილად შევურიოთ მომზადებულ მასას. პიურე გადავანაწილოთ ფორმებში. განიერ, ღრმა საცხობ ტაფაში ჩავასხათ ცხელი წყალი და შიგ ჩავაწყოთ სუფლეს მასით სავსე ფორმები ისე, რომ წყალი ფორმებს შუამდე მოადგეს. ვაცხოთ 25-30 წუთის განმავლობაში, სანამ არ გაფუვდება და გაოქროსფრდება. სუფლე შევაგრილოთ, კიდეებზე დანა მოვატაროთ და ფრთხილად გადმოვიღოთ ფორმებიდან. გადავიტანოთ სხვა კერამიკულ ფორმებში. ნაღები და მდოგვი ავურიოთ და მოვასხათ მომზადებულ სუფლეს. დავაწყოთ თუნუქის ფორმაზე, სუფლეებზე დავაწყოთ პამიდვრები და ნიორი. მოვასხათ ზეითუნის ზეთი და მოვაყაროთ პროვანსული სანელებელი. ვაცხოთ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 15-20 წუთის განმავლობაში. მივირთვათ ცხლად.
© ღვინის კლუბი/Weekend
თქვენი კომენტარი