Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მსოფლიოს ხალხთა საახალწლო-საშობაო ტრადიციები

  

შობა და ახალი წელი ის დღესასწაულებია, რომელსაც მთელ მსოფლიოში დიდი სიხარულით აღნიშნავენ, თუმცა ყველა ქვეყანას თავისებური წესები და ტრადიციები აქვს. მ სტატიაში ყურადღებას კულინარიულ ტრადიციებზე გავამახვილებთ.

            ყველას მოგეხსენებათ, რომ ქართული საახალწლო სუფრა წარმოუდგენელია საცივის, გოზინაყისა და ჩურჩხელების გარეშე. საინტერესოა, რა კერძები ამშვენებს სხვადასხვა ქვეყნის საშობაო თუ საახალწლო სუფრას? შობა უამრავ ქვეყანაში ყველაზე საყვარელ საოჯახო დღესასწაულად ითვლება და საშობაო სუფრაც საუკეთესო ადგილია საყვარელი ადამიანებისა და ახლობლების ერთად შესაკრებად.

         გერმანული შობის ღამე ერთდროულად ძალიან საზეიმო და მადისაღმძვრელია. დიდი ხნის განმავლობაში ღორის ხორცი საშობაო სუფრის მთავარი კერძი იყო, მაგრამ თანამედროვე გერმანიაში მას ნელ-ნელა ფარშირებული შემწვარი ინდაური ანაცვლებს. პოპულარულია პატარა ფხვიერი ორცხობილები, რომელთაც ნაძვის ხის, ვარსკვლავის, თოვლის ბაბუას ფორმა აქვს და ვანილის, დარიჩინის, ილის სურნელს აფრქვევენ. თუმცა მთავარი საშობაო დესერტი მაინც შტოლენია - წაგრძელებული ფორმის არომატული ნამცხვარი, რომელშიც ჩირეული, ნუში, ქიშმიში, რომი, სანელებლები შედის და შაქრის პუდრითაა დაფარული. ეს ნამცხვარი ყრმა ქრისტეს სიმბოლოა.

            ბელგიასა და ლუქსემბურგში შობა წარმოუდგენელია დარიჩინიანი თაფლაკვერების გარეშე, რომელთაც სხვადასხვა პერსონაჟის ფორმა აქვთ. სუფრაზე აუცილებლად დევს შემწვარი ბატი ან ინდაური. ახალი წლის დღეს კი მიირთმევენ ტრადიციულ შუკრუტს: მჟავე კომბოსტოს კერძს, მომზადებულს სხვადასხვა სახის ძეხვეულთან და ხორცთან ერთად.

         ბულგარეთში სუფრაზე უნდა იდოს შვიდი, ცხრა ან თორმეტი სახის კერძი, კვირის შვიდი დღის, ორსულობის ცხრა თვისა და წელიწადის თორმეტი თვის აღსანიშნავად. აცხობენ პურს ,,ბოგოვა პიტას’’, რომელშიც აყოლებენ პატარა მონეტას. ბულგარელების რწმენით, ამ მონეტის მპოვნელს მთელი წელი ბედნიერება არ მოაკლდება.

            ყველა დანიელის სახლში აუცილებლად ცხვება პატარ-პატარა საახალწლო ორცხობილები და ნამცხვრები, ხოლო სუფრას შემწვარ ინდაურთან ერთად ყოველთვის ამშვენებს თევზეული, განსაკუთრებით კი ქაშაყი.

         ესპანეთის კულინარიული ტრადიციები პროვინციების მიხედვით განსხვავდება, თუმცა საშობაო-საახალწლო მენიუ ძირითადად ერთნაირია: შემწვარი ცხვრის ბარკალი, ზღვის პროდუქტი და ინდაური. საშობაო სადილი, როგორც წესი, შუაღამემდე მთავრდება, რადგან თითქმის ყველა ჩქარობს ოჯახთან ერთად შუაღამის წირვაზე დასწრებას. ტკბილეულობიდან ყოველ ესპანურ სუფრაზე შეხვდებით ტურონს: ეს არის შოკოლადის ან ნუგას სახეობა, რომელშიც ამოვლებულიათხილი, ნუში, ნიგოზი, ჩირეული, ჰაეროვანი ბრინჯი და ა.შ. ძველად,  ესპანური ტრადიციის მიხედვით მეზობლები ერთმანეთს ჩუქნიდნენ საუკეთესო ადგილობრივი პროდუქტით - ზეითუნის ზეთით, ღვინით, თხის ყველით, ნუშით, ძეხვეულით და ა.შ. სავსე კალათებს. დღეს ასეთი კალათები ყველა ესპანურ მაღაზიაში იყიდება.

         ფინურ საახალწლო სუფრას ზღვის პროდუქტები ამშვენებს: ორაგული, ქაშაყი სხვადასხვა სოუსით, ხიზილალა. დესერტად კი ზღვის ვარსკვლავის ფორმის ნამცხვარს ამზადებენ.

         პორტუგალიაში მთავარი საახალწლო კერძია ვირთევზა კარტოფილით და ზეითუნის ზეთით და შემწვარი ციკანი. თუმცა თანამედოვე ევროპული გავლენა აქაც შეიმჩნევა და ციკანს სულ უფროდა უფრო ხშირად ანაცვლებენინდაურით.

         ფრანგული საშობაო სუფრა ნამდვილად პომპეზურია. ეს ის დღეა, როცა ყოველი ფრანგი თავს უფლებას აძლევს დელიკატესები დააგემოვნოს: ფუა გრა, ხამანწკები, შებოლილი ორაგულის ფილე თითქმის ყველა სუფრას ამშვენებს. ინდაური წაბლით ტრადიციული საშობაო კერძია საფრანგეთში, ხოლო საშობაო რულეტი - უცვლელი ტკბილეული. საფრანგეთის პროვინციებს, რა თქმა უნდა, თავიანთი წეს-ჩვეულებები აქვთ. მაგალითად, პროვანსში დღემდე ცოცხლობს 13 სახის დესერტის მომზადების ტრადიცია, რომელიც ქრისტესა და მისი 12 მოწაფის სიმბოლოა. ალზასში კი მე-16 საუკუნიდან მოყოლებული, დღემდე ამზადებენ თაფლაკვერს ნუშით, დარიჩინით, ილითა და თაფლით, რომელსაც წმინდა ნიკოლოზს სწირავენ.

         უნგრეთში დიდ ყურადღებას აქცევენ საახალწლო სუფრის დეკორაციას და ხშირად იყენებენ უნგრეთის დროშის ფერებს: წითელს, თეთრსა და მწვანეს. მთავარი კერძი თევზია, ხოლო დესერტად ხაშხაშიან და ნიგვზიან ნამცხვარს ამზადებენ, სადაც ყაყაჩო ერთობისა და ქორწინების სიმბოლოა, ნიგვზის დახმარებით კი მომავალს წინასწარმეტყველებენ.

         იტალიური შობა წარმოუდგენელია ტრადიციული პენეტონეს გარეშე. მისი მრავალი სახეობა არსებობს: კრემიანი, შოკოლადიანი, ჩირეულით და ა.შ. ეს ნამცხვარი შუა საუკუნეებიდან მოყოლებული მზადდება იტალიაში. რეგიონების მიხედვით მრავალფეროვანია ტკბილეულიც, სიცილიაში წარმოუდგენელია დღესასწაული ტრადიციული ტორონის გარეშე. Eეს ესპანური ტურონის აქაური ვარიანტია. ტოსკანაში პანფორტეს ამზადებენ, ეს არის ნუშით, ჩირეულით, ციტრუსით და თაფლით მომზადებული ტკბილეული.

         ჰოლანდიაში საახალწლოდ ინდაურს, ბატს ან კურდღელს ამზადებენ, ტკბილეულიდან კი დარიჩინიანი ნამცხვრებია პოპულარული.

            ტრადიციული პოლონური მენიუ გულისხმობს სოკოს სუპს, ხორცეულს,  სხვადასხვა გულსართიან ღვეზელს, ყაყაჩოს თესლისგან დამზადებულ ნამცხვრებს და 12 სხვადასხვა ხილის კომპოტს, 12 მოციქულის პატივსაცემად.

         ბრიტანული საშობაო სადილის აუცილებელი შემადგენელი ნაწილია შემწვარი ხორცი, ინდაური ან ბატი. საშობაო პუდინგი კი ტიპური ინგლისური დესერტია.

         შვედური საშობაო სადილი ტრადიციული ცივი კერძებით, სმორგასბორდით იწყება: აქ შედის დამარინადებული  ქაშაყი, პაშტეტი, სხვადასხვა სახის ძეხვეული. დესერტად მიირთმევენ რძეში მოხარშულ სანელებლებიან ბრინჯს. ტრადიციული შვედური სასმელია გლოგი - სანელებლებიანი ცხელი ღვინო ქიშმიშითა და ნუშით.

            საინტერესოა უკრაინული საშობაო სუფრა, სადაც ძირითადად მარცვლეულისგან დამზადებული კერძები, ხილი, ბოსტნეული და თევზეულია წარმოდგენილი. მაგიდაზე აუცილებლად უნდა იდოს ხორბლის თავთავი და სამი ერთმანეთზე დაწყობილი სხვადასხვა ზომის საშობაო პური, რომელიც წმინდა სამებას განასახიერებს. რა თქმა უნდა, სუფრას აუცილებლად ამშვენებს მრავალნაირი უკრაინული  ღვეზელი და ვარენიკი.

         ჩინეთში ახალი წელი გაზაფხულზე დგება დასაახალწლო წეს-ჩვეულებებიც განსხვავებულია რეგიონების მიხედვით, მაგრამ არის რამდენიმე კერძი, რომელსაც ჩინელები მთელ ქვეყანაში ერთნაირად აფასებენ და ამზადებენ. ასეთია, მაგალითად, ჩინური რავიოლები Jiaozi,რომელსაც ორთქლზე ამზადებენ და ახალ წელს მიირთმევენ, ხშირად მასში პატარა მონეტას ან სხვა სიურპრიზს დებენ, რომელსაც, მათი რწმენით, მპოვნელისთვის ბედნიერება მოაქვს. ასევე ყველა ჩინელი ახალ წელს აუცილებლად მიირთმევს ბრინჯისგან დამზადებულ ნამცხვარს და ხორბლის ან ბრინჯის ფქვილისგან დამზადებულ გრძელ “სპაგეტის”, რომელიც დღეგრძელობის სიმბოლოა.

         იაპონიაში ახალი წლის აღნიშვნის განსხვავებული წესი აქვთ. Aტრადიცია მოითხოვს, რომ ამ დღეს არაფერი გააკეთონ, საჭმელიც კი, ამიტომ იაპონელი დიასახლისები საახალწლო კერძებს წინასწარ ამზადებენ და ინახავენ. ახალ წელს იაპონიაში აუცილებლად მიირთმევენ სუპს zoni, რომელსაც ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში განსხვავებულად ამზადებენ, თუმცა რამდენიმე უცვლელი ინგრედიენტი აქვს. პოპულარულია ბრინჯის ნამცხვრები და ზღვის პროდუქტის კერძები.

         ამერიკის შეერთებულ შტატებში ტრადიციული საშობაო-საახალწლო მენიუ არ არსებობს. რადგან ინდაური მადლიერების დღის სიმბოლოა, საახალწლოდ შემწვარი ხორცია მთავარი კერძი, სტარტერად შებოლილი ორაგულისგან დამზადებულ სხვადასხვა ვარიაციას მიირთმევენ, დესერტი კი რეგიონალურ კულინარიაზე ან თავად მზარეულზეა დამოკიდებული. თეთრ სახლში აუცილებლად მიირთმევენ ე.წ. ,,პრეზიდენტის ნამცხვარს”, რომლის რეცეპტიც აბრაამ ლინკოლნის დროინდელია. სამაგიეროდ, მთელს ამერიკაში მიირთმევენ ლიქიორ Egg Nog-ს. ეს არის სქელი, სურნელოვანი სასმელი რომით, კვერცხით, სანელებლებითა და რძით.

© ღვინის კლუბი/Weekend



ძალიან საინტერესო ინფორმაციება და რაც მთვარია კარგად ვიყენებ მადლობა იმედია კიდევ დაამატებთ სხვა ქვეყნებს მათშორის საქართველოს კუთხეებზე

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.