თამარ კვინიკაძე
დღეს არ ვიდავებთ საცივის ფესვებზე და გოზინაყის წარმომავლობაზე; არც ბაჟას და არც შემწვარი გოჭის გემურ თვისებებზე; არ შემოგთავაზებთ არც საპასუხო ვერსიებს ხუმრობანარევ საახალწლო კითხვაზე, რომელიც ასე ჟღერს: რატომ ვამზადებთ მთელი ერი გოზინაყს მხოლოდ წელიწადში ერთხელ? ან ასე: რა დააშავა საცივმა თებერვალ-დეკემბრამდე პერიოდში?
დღეს, მით უფრო, არ განვიხილავთ მეორე მარადიულ თემას - რატომ გვაქვს ორ-ორი ახალი წელი და შობა, თუმცა, აი, ამ ბოლო პარადოქსისგან დარჩენილ უსიამო შეგრძნებებს კი აუცილებლად შევეხებით. წინასწარ უნდა მოგიბოდიშოთ პირადი ფსიქოლოგიურ-ფიზიოლოგიური შეგრძნებების გაზიარებისთვის, მაგრამ ვფიქრობ, მათი განზოგადებით ყველა იმ ადამიანის მდგომარეობას აღვწერ, ვინც ახალი წელი, ქართული წესისა და რიგის მიხედვით იზეიმა.
ზოგიერთ საახალწლო წვეულებაზე სასმელიც მომივიდა ბევრი, მაგრამ სულ რომ არაფერი დამელია, თავისი ქნა 31 დეკემბრის ღამეს გახსნილად გამოცხადებულმა უთავბოლო ჭამის სეზონმა. შემდეგ დღეებში მართალია, უკვე ვნანობდი, თავს ამდენის უფლება რომ მივეცი, მაგრამ პირობა პირობა იყო. ამ დღეებში დავუშვი, რომ არ ვიფიქრებდი ზედმეტ კილოგრამებზე და ვჭამდი ნებისმიერ დროს, დღეც და ღამეც, ტკბილსაც და მწარესაც, ან… ზოგჯერ, განსაკუთრებული სიხარბის წუთებში - ორივეს ერთად (რას არ მოგაფიქრებინებს აღგზნებული კულინარიული ფანტაზია).
მუდამ გაშლილი სუფრიდან გავლა-გამოვლაზე აღებულმა გოზინაყმა, შოკოლადის ფილამ და “ერთი, ეს გამისინჯე, როგორი გამომივიდა”-მდა “ქეთოს ხაჭაპური რომ არ ვჭამო, ისე რა ბედობა იქნება”– მთავისი ქნა. ბევრი ჭამა ასე შვრება ხოლმე - უკიდურესი სიმაძღრის განცდა ცუდ განწყობაზე გაყენებს ადამიანს და მეც ეს დამემართა. აღარ მინდოდა, მაგრამ მაინც… აღარ მომწონდა, მაგრამ მაინც… მოკლედ, წრე იყო, გაუთავებელი, თან სასიამოვნო, თან მტანჯველი. თან ეს ყველაფერი ერთ ახალ წელსა და შობამოლეულზე, როცა მეორე ახალი წელიწადის ზეიმი ისევ წინ მქონდა…
და რა გამოდის, ორიოდე დღეში, კიდევ ერთხელ უნდა ჩავისუნთქოთ ღრმად და ვეცეთ ბაზრებსა და მარკეტებს? გადავახალისოთ საახალწლო სუფრა (და, ცხადია, განწყობაც?)ვაი! ესე იგი, ეს ნიშნავს, რომ უნდა გამოვაძვრინოთ კარადის სიღრმიდან სპეციალურად 14-ისთვის გადანახული გოზინაყი, ღვინო და ჩურჩხელები და იმ იმედით, რომ ეს იანვრის გასტრონომიული სიგიჟის ბოლო დღე იქნება, ისევ ომახიანად მივულოცოთ ერთმანეთს ახალი წელი…
ახლა ოდნავ სხვა თემა:
ეჭვი მეპარება, ჩვენთანაც ატარებდნენ ისეთ საჭირო კვლევებს, როგორიც გუშინ გამოქვეყნდა ბრიტანეთში. ამ კვლევის ავტორები წერდნენ, რომ ზოგადად და განსაკუთრებით საახალწლო პერიოდში აუარება ოდენობის საკვები იყრება. აი, ასე - ზეიმის საერთო ისტერიას აყოლილი ადამიანები ყიდულობენ და ყიდულობენ პროდუქტს, ამზადებენ და ამზადებენ ხორაგს და მერე… იმდენია, რომ ვეღარ აუდიან, ვეღარ ჭამენ და ყრიან. ამ კვლევის მიხედვით, ჯამში, ბრიტანელები ყრიან 2 მილიონ ინდაურს, 5 მილიონ საშობაო პუდინგს და 74 მილიონ ხორცის ღვეზელს…
ადამიანებისთვის გადასახადები რომ მტკივნეული თემაა, მოგეხსენებათ, ამიტომ გაზეთი “გარდიანის” მიმომხილველმა “მტკივნეულ” ადგილზე დაარტყა ბრიტანელებს: თუ ამ სტატისტიკის გამოც არ დაგეწყოთ სინდისის ქენჯნა, მაშინ ის გაითვალისწინეთ, რომ შობის დღეს, სამზარეულოს ნიჟარაში შემწვარი ინდაურისგან დარჩენილ 15 მილიონ ჭიქა ცხიმს ღვრით, რაც ოლიმპიურ საცურაო აუზსაც კი გაავსებს და მერე ამ მილების გაწმენდა თქვენს საოჯახო-სამეურნეო გადასახადებს 50 მილიონ გირვანქა სტერლინგამდე ზრდისო!
ჩვენ ვყრით თუ არა საკვებს? ამ თემაზე მსჯელობა ემპირიული დაკვირვებითაც კი არ მინდა. თუმცა, როგორიც არ უნდა იყოს პასუხი, ერთი რამ მაინც დანამდვილებით ვიცი: საახალწლო სუფრისთვის მზადება საერთო სახალხო ისტერიკად ჩვენთანაც იქცა და ზომიერების დაცვაში კიდევ მეტად გვიშლის ხელს ორკვირიანი ზეიმი - თრობა და ჭამა, ჭამა და თრობა და ამ ყველაფერზე ფიქრი! ამას ფსიქიკა ვერ უძლებს და წარმოიდგინეთ, რა ემართება კუჭს.
ამიტომ, მგონი, ჯობია, ვუთხრა საკუთარ თავს - ერთ 14 იანვარსაც გაუძელი და შემდეგ, გაგახსენდეს, რა ჯადოსნური ფურცელი გაქვს მიკრული მაცივარზე. ფურცელი, რომელზეც ჯანსაღი საუზმის ათნაირი ვარიანტი მაინც წერია იმისდა მიხედვით, თუ რამდენად მეჩქარება - 5 წუთში უნდა ჩავყლაპო საუზმე და გავიქცე სამსახურში, თუ 15 წუთიც მაქვს, სამზარეულოს მაგიდას რომ მივუჯდე… მოკლედ, აი, ნახავთ 15 იანვრიდან გადავალ ხილსა და სალათებზე, უშაქროდ, დაბალცხიმიან რძესთან ერთად დაბლენდერებულ ბანანსა და მოცვზე (იქნებ გამოვნახო ამის დროც და ბავშვებსაც მოვუმზადო, როგორი სასარგებლოა თან!); გადავალ თაფლიან და ლიმონიან წყალზე (ყავამდე რომ ვსვამდი, ყოველ დილას), და ცოტა მერე, სადღაც თებერვლისკენ, ისევ მომიბრუნდება გული ნიგოზზე - მოარული ლეგენდასავით ვიცი, რომ რამდენიმე ლებანი ნიგოზი ტვინსაც კვებავს და ძვლებსაც; ნუშზე რომ აღარაფერი ვთქვათ.
მოკლედ, ამასაც თავისებური ეშხი აქვს, მეგობრებო - ფსიქოლოგიურ-ფიზიოლოგიურ განწმენდას გადამეტებული გემოთმოყვარეობის შემდეგ. დიახ, ასე! ისევ მალე ვიქცევი თავშეკავებულ (და არა თვალხარბ), მოზომილ (და არა ქარაფშუტა) ადამიანად. მშვენიერია!
© რადიო "ცხელი შოკოლადი"
თქვენი კომენტარი