გიორგი მერაბიშვილი
ლონდონის ნატურალური ღვინის გამოფენა, The Real Wine Fair– ნატურალური ღვინის კუთხით, ევროპაში ერთ-ერთი მთავარი ღონისძიებაა. 17-18 მარტს გამართულ ორდღიან გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში წარმოებული ნატურალური ღვინოები. ღონისძიების ერთი დღე დაეთმო ღვინის მოყვარულებს, მეორე დღეს კი გამოფენაში მონაწილეობა მხოლოდ პროფესიონალებმა მიიღეს. გამოფენაზე მოხვედრა ნებისმიერ ლონდონელს სპეციალური ბილეთების საშუალებით შეეძლო.
12 მცირე მარანი The Real Wine Fair-ზე
ეს ღონისძიება ლონდონში ტრადიციულად ტარდება და ქართველი მეღვინეები მასში საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით უკვე მეორედ იღებენ მონაწილეობას. შარშან The Real Wine Fair-ში მხოლოდ სამი ქართული ღვინის მწარმოებელი მარანი მონაწილეობდა (“იაგოს მარანი”, “ხოხბის ცრემლები” და “ალავერდის მონასტრის მარანი) წელს კი უკვე ქართული ღვინის 12 მცირე კომპანიის ღვინო იყო წარმოდგენილი – “ხოხბის ცრემლები”, “ალავერდის მონასტრის მარანი”, “იაგოს ღვინო”, “ჯაყელების ღვინოები”, “ნიკოლოზ ანთაძის მარანი”, “კახა ბერიშვილის მარანი”, “ჩვენი ღვინო”, “გაიოზ სოფრომაძის მარანი”, “ნიკოლაძეების მარანი”, “მარანი ნიკა”, “თელედა” და “ტყუპების საღვინე სახლი”. ამ მარნებმა ლონდონის გამოფენაზე საკუთარი ღვინოები წარმოადგინეს და ქართული ღვინის მოყვარულებისათვის სასიხარულოა ის, რომ ჩვენმა ღვინომ ამ გამოფენაზეც დიდი მოწონება და ინტერესი დაიმსახურა.
ასეთ გამოფენაში მონაწილეობას აქვს როგორც პირდაპირი, ასევე სწრაფი, ირიბი და მომავალზე გათვლილი ეფექტი. ერთ-ერთი მთავარი შედეგი ქართველი მეღვინეებისათვის არის ის, რომ ქართულ ღვინოს ევროპელი ღვინის მოყვარულები უკვე ცნობენ და ეს ცნობადობა ხშირად ღვინის გაყიდვასთან არის პირდაპირ კავშირში.
რამდენიმე წლის წინ, ევროპაში ბევრმა საერთოდ არ იცოდა, რომ საქართველოში ზოგადად ღვინო და მით უმეტეს ნატურალური ღვინო მზადდებოდა. დღეს არამხოლოდ ღვინის შესახებ იციან, არამედ უკვე ისიც გაიგეს, რომ ქართული ღვინო განსაკუთრებული ტექნოლოგიით მზადება. როგორც ლონდონიდან დაბრუნებული ქართველი მეღვინეები ამბობენ, ეს შედეგი უკვე ძალიან ბევრს ნიშნავს, რადგან ქართველების დახლებთან მიდიოდნენ ღვინოში საკმაოდ გარკვეული ხალხი (რესტორნების მეპატრონეები, ლონდონელი სომელიეები, მაღაზიების მფლობელები და სხვა...), რომლებიც ამბობდნენ, რომ ნატურალური ქართული ღვინის ნიმუშები საკუთარ მაღაზიებსა თუ რესტორნებში ჰქონდათ შეტანილი. ქართველმა მეღვინეებმა ლონდონის ერთ-ერთ მაღაზიაში ნახეს გასაყიდად დახლებზე დადებული ქართული ღვინოები, რაც ნატურალური ღვინის დამფასებლებისათვის შეიძლება ითქვას, რომ უკვე დიდი წარმატებაა.
ლონდონის ღვინის გამოფენაზე ქართული ღვინით დაინტერესებული ნეგოციანტები მოლაპარაკებას უშუალოდ ქართველ მეღვინეებთან აღარ აწარმოებენ. ეს ადამიანები უკავშირდებიან ქართული ღვინის ევროპაში შეტანაზე ორიენტირებულ კონკრეტულ იმპორტიორებს და მათთან ათანხმებენ ცალკეულ დეტალებს. ეს კარგია თუნდაც იმისათვის, რომ მეღვინეებს აღარ უწევთ ათასგვარ მარკეტინგულ ხრიკებში გარკვევა და უშუალოდ ღვინის წარმოებაზე და ღვინის ხარისხის დაცვაზე არიან ორიენტირებულნი. ამჟამად ლონდონში ფუნქციონირებს ქართული რეტორანი “კოლხი”, სადაც წარმოდგენილი ნატურალური ქართული ღვინო ქართველ მეღვინეებს არ მოუწოდებიათ. რესტორნის მფლობელმა ლონდონში ქართული ღვინის ჩატანა იმპორტიორების საშუალებით განახორციელა.
იაგო ბიტარიშვილი, მეღვინე, ლონდონის ღვინის გამოფენის მონაწილე:“ლონდონის ღვინის გამოფენაზე გავიცანი ერთ-ერთი ღვინის მაღაზიის მეპატრონე, რომელსაც მაღაზია არა ლონდონში, არამედ სამხრეთ ინგლისში ჰქონდა. გაკვირვებულები დავრჩით, როდესაც ამ კაცმა გვითხრა, რომ თავის მაღაზიაში ქართულ ღვინოს ყიდდა და იმდენად კარგად იცოდა ქართული ნატურალური ღვინის რაობა, რომ სულ დეტალებში გვითხრა რომელი წლის მოსავლის ღვინოები ჰქონდა მაღაზიაში და ქართული ვაზის ჯიშებშიც საკმაოდ კარგად ერკვეოდა. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ინგლისში ღვინის პროფესიონალიზმი ძალიან მაღალ დონეზეა. ღვინოს სხვანაირად სინჯავენ, სხვანაირად უდგებიან... მაღალ დონეზეა არამხოლოდ ღვინის ტექნოლოგიები, არამედ ღვინით ვაჭრობაც. ამასაც თავისი დიდი ცოდნა და კულტურა სჭირდება, რაც ინგლისელებს ნამდვილად არ აკლიათ.”
ის, რაც ინგლისელებისგან უნდა ვისწავლოთ...
The Real Wine Fair-ში მონაწილე ქართველები ასევე მოიხიბლნენ იმითაც, რომ გამოფენა ორგანიზაციული კუთხით მაღალ დონეზე იყო გათვლილი და შესრულებული. გამოფენაზე მისულ ადამიანებს ხელზე სპეციალურ სამაჯურებს უკეთებდნენ, რომელთა ფერის მიხედვით მეღვინეები ხვდებოდნენ მათ დახლებთან მისული ადამიანები მონაწილეები იყვნენ, ღვინის პროფესიონალები თუ ღვინის მოყვარულები. ყველა სტუმარს დაურიგდა სპეციალური კატალოგები, სადაც მაღალ დონეზე იყო განხილული გამოფენაში მონაწილე ყველა ღვინის რაობა. მითითებული იყო კონკრეტული მონაწილე, მისი ღვინო, ქვეყანა, ღვინის ჯიში და მოსავლის წელი.
ბუნებრივია, რომ ასეთ დიდ ღონისძიებებზე ერთი ადამიანი ღვინის ყველა ნიმუშის გასინჯვას ფიზიკუარდ ვერ შეძლებს. ამიტომ, კატალოგების საშუალებით ლონდონის ღვინის გამოფენაზე შესვლისათანავე ადამიანები თავიდანვე იღებდნენ გადაწყვეტილებას რომელ ნომერ დახლთან უნდა მისულიყვნენ და რომელი ღვინოები უნდა გაესინჯათ. საქართველოში ყველაზე დიდი ღვინოსთან დაკავშირებული ღონისძიების, “ახალი ღვინის ფესტივალის” ორგანიზაციის კუთხით, ფესტივალის ქართველ ორგანიზატორებს ლონდონური გამოცდილება მომავალში ალბათ ძალიან გამოადგებათ.
გამოფენის პირველი დღის საღამოს, ღონისძიების ორგანიზატორმა ერიკ ნაირომ, რომელიც ასევე არის ქართული ღვინის იმპორტიორი ევროპაში, გამოფენის მონაწილეები თავის რესტორანში დაპატიჟა. რესტორანში მოხდა ქართული ღვინოების “საფუძვლიანი” გასინჯვა-დაგემოვნება და სასიხარულოა, რომ ქართულმა ღვინომ იქაც აღფრთოვანებაში მოიყვანა თითქმის ყველა უცხოელი მეღვინე. მათ შორის ფრანგი ნატურალისტი მეღვინეებიც, რომელთა გაოცება არც ისე ადვილი საქმეა.
“ჩვენი ღვინო არც ერთ ღვინოს არ ჰგავს და ევროპელებისათვის ქართული ღვინო როგორც წესი ყოველთვის სასიამოვნო მოულოდნელობებითაა სავსე. ქართული ღვინო განსხვავებულია არა მხოლოდ იმიტომ, რომ ქვევრი უნიკალური ჭურჭელია. რა თქმა უნდა ქვევრიც ამბობს თავის სიტყვას, მაგრამ ყველაზე მეტად უცხოელებს მოსწონთ და აინტრიგებთ ღვინის დაყენების ქართული ტრადიციული ტექნოლოგიები. როგორც იცით, ბოლო დროს ბევრმა უცხოელმა წაიღო საქართველოდან ქვევრი და ქვევრში დაიწყეს ღვინის დაყენება. მაგრამ, ჭაჭა-კლერტზე ქვევრში 6 თვიანი დაყოვნებით ღვინოს ჯერჯერობით მხოლოდ საქართველოში ვაყენებთ. ევროპელები ასეთ რამეს (ქვევრში ღვინოს მხოლოდ ჭაჭაზე ტოვებენ კლერტის გარეშე) ჯერჯერობით ვერ “რისკავენ.” – ამბობს იაგო ბიტარიშვილი.
როდესაც მონაწილეობა გამარჯვებას ჯობია..
ქართველი მეღვინეების ლონდონში სტუმრობიდან მესამე დღეს, რესტორან “ტერუარში” ქართველებისა და ინგლისელების ერთობლივი ორგანიზებით მოეწყო სპეციალური ქართული სუფრის ღონისძიება. სუფრაზე მოხვედრა სპეციალური ბილეთებით ხდებოდა და 50 ფუნტის გადახდის შემდეგ, ნებისმიერ ადამიანს შეეძლო ქართული კერძებისა და ღვინის დაგემოვნება. ქართულ დელეგაციასთან ერთად ლონდონში ჩასული იყო, კომპანია “ხოხბის ცრემლების” მზარეული, გია როკაშვილი, რომელსაც ინგლისის დედაქალაქში წაღებული ჰქონდა ქართული კერძების მოსამზადებლად საჭირო ინგრედიენტები. სუფრაზე წარმოდგენილი თითქმის ყველა მნიშვნელოვანი ქართული კერძი უცხოელებს ძალიან მოეწონათ.
რესტორან “ტერუარის” ორი სართული თითქმის ბოლომდე გაივსო სტუმრებით (დაახლოებით ასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა). სუფრა ტრადიციული ქართული თამადობის პრინციპით წარიმართა. მაღლა სართულზე ჯონი ვურდემანი იყო თამადა, დაბლა კი, იაგო ბიტარიშვილი. ამ ღონისძიების მონაწილეები ლონდონში გაშლილი ქართული სუფრის ამბებს დღეს იუმორით იხსენებენ. მიუხედავად იმისა, რომ ქართველი მეღვინეების ერთ ნაწილს ინგლისური არ ესმოდათ, ინგლისელებს კი ქართული, სუფრის დასკვნით ნაწილში მეტად სახალისო სანახავი იყო იმერელი მეღვინე, გაიოზ სოფრომაძე ქართულად როგორ ესაუბრებოდა ინგლისელ მეღვინეებს და ისინიც თითქოს ყველა მისი სიტყვა ესმოდათ, ინგლისურად პასუხობდნენ.
ქართველ ნატურალისტებს მათ მიერ წარმოებული ღვინის გაყიდვის პრობლემა დიდი ხანია მოგვარებული აქვთ. ღვინის მწარმოებელი ქართული დიდი კომპანიებისაგან განსახვავებით, ნატურალისტები ღვინოს დასავლეთ ევროპის ქვეყნებში და ამერიკის შეერთებულ შტატებში უპრობლემოდ ყიდიან და ერთადერითი პრობლემა რაც მათ აწუხეთ, ეს ღვინის წარმოების მცირე მასშტაბებია. მოთხოვნა მათ ღვინოზე დიდია, მაგრამ იმის გამო, რომ ნატურალური ღვინის ფილოსოფია მეღვინის მხრიდან ვენახის საკუთარი ხელით მოვლასა და “ბიო” მეთოდების აღიარებას გულისხმობს, ფიზიკურად ძალიან რთულია ერთმა კონკრეტულმა მეღვინემ განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ღვინო რომ აწარმოოს. ნატურალისტები ფიქრობენ, რომ ღვინის დიდი მასშტაბით წარმოება შესაძლებელია ღვინის ხარისხზე უარყოფითად აისახოს.
ქართველი ნატურალისტები 6 აპრილს იტალიაში მიემგზავრებიან. იტალიაშიც მთელი მსოფლიოდან შეიკრიბებიან ნატურალური ღვინის მწარმოებლები და ქართველი მეღვინები ეცდებიან, რომ ჩვენი ღვინის რაობა აპენინებზეც ბევრმა ადამიანმა გაიგოს. ასეთ ღონისძიებებს შეჯიბრების სახე არ აქვთ და გამარჯვებული ღვინოები არ სახელდება. ეს ის შემთხვევაა, როდესაც მონაწილეობა ნამდვილად ჯობია გამარჯვებას!
© ღვინის კლუბი/Weekend
თქვენი კომენტარი