Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ღვინის ბაზარი ბაზარში

ლევან სეფისკვერაძე

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში საქართველოში არაერთი ღვინის სპეციალიზებული მაღაზია თუ ბარი გაიხსნა, ჩვენს ქვეყანაში ღვინის დიდი ნაწილი ჯერ ისევ აგრარულ ბაზრებში იყიდება. ამის უმთავრესი მიზეზი, რა თქმა უნდა, ბაზრებში გასაყიდად შეტანილი ღვინის სიიაფეა. თუმცა, სიიაფის გარდა, საქმე გვაქვს ერთგვარ ტრადიციასთან. ჩვენს ქვეყანაში ხომ ათწლეულების მანძილზე ყველა სახის საკვები პროდუქტი სწორედ ბაზარში იყიდებოდა.

შაქარი და წყალი

დღეს საქართველოში ბოთლის ღვინო სამწუხაროდ ჯერ კიდევ მცირე რაოდენობით იყიდება და ქართული ბაზარი გაჯერებულია ე.წ. ჩამოსახმელი, სხვაგვარად კი ”ოჯახის ღვინით“. ქართული ღვინის კომპანიების მცირე ნაწილმა (უმეტესად მცირე კომპანიებმა) ფეხი აუწყვეს ამ ტენდენციას და ძირითადად პლასტმასის 3-5 ლიტრიან ჭურჭელით თავადაც დაიწყეს ღვინის გაყიდვა. ზოგიერთი კომპანია ჩამოსასხმელ ღვინოს ყოველგვარი ჭურჭლის გარეშეც ყიდის. ასეთი ტიპის ღვინოების ფასი პრაქტიკულად სტანდარტულია და საფერავის ჯიშის ყურძნისაგან დამზადებული 1 ლიტრი ღვინო 3.5.-5.0. ლარი, რქაწითელი კი 3.-4 ლარი ღირს. სხვა, ნაკლებად წარმოებულ და იშვიათი ჯიშების ყურძნისგან დამზადებული ღვინის ფასი კი, 5-დან 7 ლარამდეა.

თბილისის თითქმის ყველა ყოფილ საკოლმეურნეო ბაზარში ღვინის საკმაოდ დიდ არჩევნია. მაგალითად ვაგზალზე, ცენტრალურ სუპერმარკეტში, ანუ, ყოფილ ”დეზერტირების ბაზარში” 12 დახლი დავითვალეთ, სადაც ღვინო იყიდებოდა. ბაზარში ღვინის ღირსებებზე მეტად, მის სიიაფეს უსვამენ ხაზს და მართებულადაც... ვაგზალზე ერთი ლიტრი კახური რქაწითელის ფასი 2 ლარიდან იწყება. საფერავი კი, 3-3.5 ლარი ღირს. ასევე ვნახეთ იმერული ცოლიკოურიც, რომელსაც ვანელი ხვიჩა კაკაბაძე 3 ლარად ყიდდა. ეს ადამიანი მთელს ბაზარში ერთადერთი კაცი აღმოჩნდა, რომელსაც იმერული ღვინო ჰქონდა გასაყიდად ჩამოტანილი.

ხვიჩა კაკაბაძე, გლეხი: “ყოველ წელს დაახლოებით 2 ტონა ღვინოს ვაყენებ და მთელი წლის მანძოლზე თავს ამ ღვინის გაყიდვით ვირჩენ. წლების მანძილზე ჩემს ღვინოს სულ ქუთაისის ბაზარში ვყიდდი და მხოლოდ წელს გადავწყვიტე თბილისში ღვინის წამოღება. აქ კლიენტი აშკარად უფრო მეტია. ჩემს ღვინოს ძირითადად ისეთი ადამიანები ყიდულობენ, ვისაც იმერული ღვინო ადრე გაუსინჯავს. ზოგს ჰქონია, რომ იმერული ღვინო მაინცა და მაინც მჟავე უნდა იყოს, რაც არ არის სწორი აზრი.

- თქვენი ღვინის ხარისხზე რას გვეტყვით? ნატურალური ღვინო გაქვთ თუ?...

- ტყუილს არ გეტყვით. წყალი კი მაქვს ზედ დასხმული, თუმცა ძალიან ბევრიც არა... მთლად ნატურალური ღვინო რომ დავაყენო, ღვინოც ცოტა გამომივა და უფრო ძვრად გაყიდვაც მომიწევს. ხალხი უფრო მეტ ფულს ალბათ არ გადაიხდის. ისე, ვინც სინჯავს, ყველას მოსწონს ჩემი ღვინო...”

ხვიჩა კაკაბაძე “დეზერტირების ბაზარში” ერთადერთი ადამიანი არ ყოფილა, ვინც თავის ღვინოზე წყლის დასხმა აღიარა. საგარეჯოელი გია ყამსაშვილი ორნაირ რქაწითელს ყიდდა. ნატურალურსა და “გაკეთებულს” და მყიდველებსაც არ უმალავდა, რომელი ღვინო იყო ნატურალური და რომელი არა. მის ღვინოებს შორის ფასის მხრივ განსხვავება მხოლოდ ერთი ლარი იყო. გია ყამსაშვილმა ჩვენთან ვრცელი საუბარი არ ისურვა. მხოლოდ ის გვითხრა, რომ მთელს ბაზარში ყველა წყალდასხმულ და შაქარდაყრილ ღვინოს ყიდის და სხვებისგან განსხვავებით, იგი კლიენტებს არ ატყუებს.

მითი “სუფთა ღვინოზე”

ყველაზე საინტერესო და უცნაური ალბათ ის არის, რომ თბილისის ბაზრებში ღვინის საყიდლად მისული ადამინების უმეტესობამ თავიდანვე იცის, რომ მათ მიერ შეძენილი ღვინო ნატურალური არ იქნება. თუმცა, უხარისხო ღვინოს მაინც ყიდულობენ. ვაგზლის ბაზარში გავიცანით 27 წლის კახა მაისურაძე, რომელმაც გვითხრა, რომ მისი აზრით, ნატურალურ ღვინოს დასალევად ე.წ. გაკეთებული ღვინო სჯობს და როგორც გაგვიმხილა, ჩვენ პირველი ვიყავით, ვინც ამის საპირისპირო მოსაზრება გამოთქვა.

“ვიცი “სუფთა” ღვინო ჯანმრთელობისათვის უფრო სასარგებლო რომ არის. მაგრამ, ასეთ ღვინოს ერთ ლიტრაზე მეტს ალბათ ვერავინ დალევს. მე კი არ დაგიმალავთ და ბევრი ღვინის დალევა მიყვარს. თქვენ პირველი ხართ, ვინც ამტკიცებს, რომ “ნამდვილ ღვინოდ” მხოლოდ ნატურალური ღვინო შეიძლება ჩაითვალოს. მე მაინც ვფიქრობ, რომ დასალევად ნატურალური ღვინო მძიმეა.” – გვითხრა თბილისელმა კახა მაისურაძემ.

”დეზერტირების ბაზრისგან” განსხვავებით, ღვინის ბევრად უფრო მცირე არჩევანია გლდანის აგრარულ ბაზარში. ღვინო გასაყიდად გლდანის ბაზარში მხოლოდ სამ დახლზე ვნახეთ და ყველა ეს ღვინო, საკმაოდ დაბალხარისხიან რქაწითელს წარმოადგენდა. როგორც ღვინის გამყიდველმა, გოგი ხაბარელმა გვითხრა, ღვინო მასთან გურჯაანიდან ჩამოაქვთ. რაც შეეხება ღვინის ხარისხს – ამაზე გლდანის ბაზარში არ საუბრობენ.

გოგი ხაბარელი, ღვინით მოვაჭრე: ”მე სულ ამ ღვინოს ვსვამ და ძალიანაც მომწონს. კლიენტები ახალი წლის დღეებში არ მაკლდა. დაახლოებით 200 ლიტრი ღვინო გავყიდე. პრეტენზიით არავინ მოსულა – შენი ღვინო არ მოგვეწონაო. თუმცა, ინტრიგან ხალხს რა დალევს...”

საბურთელოზე, ქავთარაძის ქუჩის დასაწყისში მდებარე ბაზარში ღვინო საერთოდ ვერ ვნახეთ. როგორც გამყიდველებმა გვითხრეს, რამდენიმე თვის წინ, აღნიშნულ ბაზარში ერთი თელაველი კაცი ყიდდა ღვინოს. თუმცა, ის კაცი ბაზარში კარგა ხანია აღარ გამოჩენილა.

თბილისის ბაზრებს შორის, ყველაზე კარგი ღვინო ნავთლუღის ბაზარში გავსინჯეთ. თან არა ერთი, არამედ ღვინის სამი კარგი ნიმუში! 60 წლის ანტონ პაპიაშვილს სოფელ კოლაგიდან საკმაოდ კარგი საფერავი ჰქონდა ჩამოტანილი, რომელსაც 3 ლარად ყიდდა. ასევე საინტერესო ღვინო ჰქონდა ქალაქ გურჯაანში მცხოვრებ გიორგი ვართანიანს, რომელმაც გვითხრა, რომ რქაწითელის ყურძნისგან დაყენებული ღვინო გურჯაანის რაიონის სოფელ შაშიანში 1.5 ლარად შეიძინა. გიორგი ვართანიანი ბაზარში ღვინოს 2.5 ლარად ყიდდა.

გიორგი ვართანიანი, ღვინით მოვაჭრე: ”სოფელ კაჭრეთში პატარა ვენახი მეც მაქვს, მაგრამ, იქ მოკრეფილ ყურძენს ოჯახში ჩემთვის ვიყენებ და ჩემი ღვინო წლის ბოლომდეც კი არ მყოფნის ხოლმე. გასაყიდ ღვინოს სოფელ შაშიანში ერთი კარგი კაცისგან ვყიდულობ. უკვე მესამე წელია აქ ვვაჭრობ ღვინით და ბევრი მუდმივი კლიენტიც გავიჩინე. კარგი ღვინო ყველას უყვარს.”

სიიაფე ყველაზე კარგი რეკლამაა!

თბილისის ბაზრებში ღვინის გარდა, ჭაჭის არაყიც თითქმის ყველგან იყიდება. ერთი ლიტრა ჭაჭის ფასი “დეზერტირების ბაზარში” 5-8 ლარი იყო, გლდანში კი 7 ლარად საკმაოდ კარგი ჭაჭის არაყი ვნახეთ. გამყიდველი ირწმუნებოდა, რომ ჭაჭა გურიიდან ჰქონდა ჩამოტანილი. ნავთლუღის ბაზარში კოლაგელი მამა-შვილი, ზეზვა და ილია პატივაშვილები გავიცანით, რომლებიც ნორმალური ხარისხის ჭაჭას 6 ლარად ყიდდნენ. ილია პატივაშვილის თქმით, არაყი მთლიანად საფერავის ჭაჭისგან იყო დამზადებული.

ილია პატივაშვილი, კახელი გლეხი:”თბილისში კარგი ჭაჭა არ დამილევია! როგორც გინდათ ისე გაიგეთ და როგორც ვამბობ, ასე დაწერეთ ჩემი სიტყვები! ჩემს ჭაჭაზე არაფერს ვიტყვი. ვინც გასინჯავს, ის შეაფასებს და იმან თქვას სათქმელი. დილიდან-საღამომდე მიწევს ხოლმე ამ ბაზარში დგომა და თუკი რამ სასმელია, თითქმის ყველაფერი მაქვს გასინჯული. ვისაც უნდა იმას ეწყინოს. აქ რაც ჭაჭა იყიდება, მათი უმეტესობა კაპიკად არ ვარგა! არყების უმეტესობას დამწვარი ჭაჭის სუნი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ გამოხდა ბევრმა არ იცის. თუ არყის მხდელი არ ვარგა, სულ რომ ოქროსავით მარცვალი ჩაყაროს ქვაბში, მაინც ცუდი სასმელი გამოუვა. ყველაფერს ცოდნა სჭირდება. თუ თბილისში 6 ლარად ჩემს ჭაჭაზე კარგ არაყს ნახავთ, მოდით და მითხარით რომ ვტყუივარ!”

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ჩამოსასხმელი ღვინო ბოთლის ღვინოზე ბევრად მეტი იყიდება, ბოლო პერიოდში ჩვენს ქვეყანაში თანდათან ბრუნდება, გასული საუკუნის 90-იან წლებში ესოდენ მივიწყებული ბოთლის ღვინის შეძენის კულტურაც. ჰიპერმარკეტ ”გუდვილის“ მენეჯერის თქმით: რომ არა ეკონომიკური კრიზისი, ბოთლის ღვინის გაყიდვები შესაძლოა დაახლოებით 2-3-ჯერ გაზრდილიყო, თუმცა ზრდის ტენდენციას ხელი ვერც კრიზისმა და განვლილმა არჩევნებმა შეუშალა და დღეს თბილისის ყველაზე დიდ ჰიპერმარკეტში შარშანდელისაგან განსხვავებით, დაახლოებით 1.3%-ით მეტი ღვინო იყიდება. თუმცა, საკუთრივ ღვინოზე ორიენტირებული ღვინის მაღაზიები სულ სხვას ამბობენ, და აცხადებენ, რომ მათი გაყიდვები წლიდან-წლამდე ეცემა.

უცნაური, თუმცა უკვე საკმაოდ დიდი ხნის ტენდენციაა ის, რომ მომხმარებლების მიერ ქართული ღვინო ევროპაში და საქართველოში სხვადახვა რამით ფასობს. ჩვენს მიერ გამოკითხული 4 ქართული ღვინის კომპანიის თანამშრომლებიდან, თითქმის ყველა იდენტურ მონაცემებს იძლევა. მონაცემები კი საშუალოდ ასეთია: საქართველოში გაყიდული ბოთლის ღვინიდან, 45% საფერავზე მოდის. დაახლოებით ამდენივე იყიდება რქაწითელიც (მათში შედის რქაწითელისა და სხვა ჯიშის წურძნის კუპაჟური წესით ერთად დაწურვისაგან მიღებული ღვინოებიც), დარჩენილი 10%-დან დაახლოებით 7-8% დასავლეთ საქართველოში მოწეული ყურძნისაგან (ალექსანდროული, ალადასტური, მუჯურეთული, ცოლიკოური, უსახელოური და სხვა..) დამზადებულ ღვინოზე მოდის. ხოლო ისეთი ბოთლის ღვინოები, როგორიცა მაგალითად: ციცქა, ხიხვი, ჩინური და სხვა.. საქართველოში სამწუხაოდ ძალიან მცირე რაოდენობით იწარმოება და ცოტაც იყიდება.

როგორც ბაზრებში, ასევე ღვინის მაღაზიებში გასაყიდად გამოტანილი ქართული ღვინის უმთავრესი პრობლემა კვლავინდებურად მცირე გაყიდვებია. ჩვეულებრივ მარკეტებში კი ამბობენ, რომ ღვინის მყიდველების რაოდენობა იმატებს. ძნელია ამას ტენდენცია დაარქვა. თუმცა, გვარიან უცნაურობასთან კი ნამდვილად გვაქვს საქმე.

ბაზრების მოვაჭრეები და გლეხები იმის გამო, რომ ღვინოს უფრო იაფად ყიდიან, ვიდრე ე.წ. ჩამოსასმელი ღვინის მწარმოებელი კომპანიები, - შედარებით უფრო კარგად ვაჭრობენ. მათი მთავარი პრობლემა ღვინის ხარისხის დაუცველობა და ფალსიფიკაციაა. თუმცა, ქართული ღვინის ბაზრის “აგრარული ბაზრის სეგმენტი” მომხმარებლების მიერ ერთ-ერთი ყველაზე ათვისებულია. სიიაფე ხომ თავისთავად ყველაზე კარგი რეკლამაა!

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული