Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქალი და ქართული მეღვინეობა

ნინა ახლოური
 
     საუკუნეების მანძილზე ქართული მეღვინეობის სფეროში სქესთა ფუნქციები მკაცრად იყო განსაზღვრული. ქალი ვენახში მხოლოდ დამხმარეს როლს ასრულებდა, გარკვეულ ტექნოლოგიურ საკითხებში კი მისი ჩარევა აკრძალულიც იყო. მიიჩნეოდა, რომ ამგვარი წესების დარღვევა, ანუ ქალის დაშვება ღვინის შემოქმედების პროცესში უარყოფით გავლენას მოახდენდა პროდუქტის ხარისხზე.
 
     ამგვარი დისკრიმინაცია არა მხოლოდ ქართული, არამედ ზოგადად ქრისტიანული ტრადიციის დამსახურებაცაა. ადრეულ ქრისტიანულ ხანაში ქალებს ეკრძალებოდათ არა მხოლოდ ღვინის დამზადება, არამედ მონაწილეობა ისეთ რიტუალებში, სადაც ეს სასმელი ფიგურირებდა. ბოლო ხანებში, როცა რელიგია ვეღარ ახერხებს ქალისა და მამაკაცის ფუნქციების ასე მკაცრად დაყოფას, ფემინიზაცია მეღვინეობის სფეროსაც შეეხო. დაიწერა მრავალი წიგნი, ჩატარდა კვლევები ღვინის ინდუსტრიაში ქალის როლის გაზრდაზე გლობალური მასშტაბით.
     ქართული მეღვინეობის სექტორში გენდერული საკითხების შესახებ კვლევა კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების ცენტრმა (ICCN) ჩაატარა. მისი ავტორები ნანა ბერეკაშვილი, ნინა ციხისთავი და გიორგი ნიჟარაძე არიან.
     აღნიშნულ ნაშრომში აქცენტი გაკეთებულია სქესზე ორიენტირებული ეკონომიკური პოლიტიკის სწორად გატარების მნიშვნელობაზე. მასში საკმაოდ ვრცლად არის წარმოდგენილი ისტორიული ექსკურსი მეღვინეობის სფეროში გენდერული გადანაწილების შესახებ. სწორედ აქედან შევიტყვე, რომ დღევანდელი სიტუაციის შექმნაზე ქრისტიანულ დოგმებთან ერთად არანაკლები გავლენა იქონია საბჭოთა კავშირის პოლიტიკამ ადამიანური რესურსების განაწილების სფეროში. მიუხედავად იმისა, რომ გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან საქართველოს მთავარი წარმოება ღვინოს უკავშირდებოდა და ამ ინდუსტრიაში უამრავი ადამიანი იყო ჩართული, წამყვან პოზიციებს მაინც მხოლოდ მამაკაცები იკავებდნენ. ქალი ძირითადად ფინანსურ სფეროში და ლაბორატორიაში ყოფილა რეალიზებული, ზოგადად კი საშუალო და დაბალი დონის მენეჯმენტში იღებდა მონაწილეობას.
     რა პროცესები განვითარდა ქართული მეღვინეობის სექტორში მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, ყველასთვის კარგადაა ცნობილი. ეკონომიკურმა ქაოსმა გამოიწვია ღვინის ხარისხის მკვეთრად დაცემა, თუმცა როდესაც მდგომარეობას გაუმჯობესება დაეტყო და ქართულმა წარმოებამაც ღვინის ბიზნესზე დაიწყო ორიენტირება, პარალელურად გენდერულმა ტრადიციებმაც ნელა, თუმცა შესამჩნევად იწყეს შესუსტება. დღეისათვის ღვინის წამყვანი კომპანიები აცხადებენ, რომ პრიორიტეტი პროფესიონალიზმს ენიჭება და არა რომელიმე სქესს. მიუხედავად ამისა, ღვინის კვალიფიციურ სპეციალისტ ქალთა რიცხვი დღეს საკმაოდ მცირეა. მკვლევარებს მიაჩნიათ, რომ ამჟამად ამის მიზეზი უკვე ტრადიციულ აზროვნებაში უნდა ვეძებოთ და არა დამქირავებელთა მხრიდან დისკრიმინაციის არსებობაში. თუ გოგონა არ არის ღვინის მწარმოებელთა ოჯახიდან, ის არ ფიქრობს მეღვინის პროფესიაზე, რის გამოცაა, რომ უნივერსიტეტებში მეღვინეობის ფაკულტეტებზე მდედრობითი სქესი უმცირესობაშია.
     როგორია ზუსტი ციფრები ბოლო მონაცემებით? ღვინის კომპანიებში მთლიან განაკვეთზე მომუშავე პერსონალის 70-80%-ს მამაკაცები შეადგენენ, შესაბამისად ქალები – მხოლოდ 20-30%-ს. განსხვავებული სურათია ნახევარ განაკვეთზე მომუშავეებთან - ქალებთან გაფორმებული კონტრაქტების წილი თითქმის 70%-ზე მოდის.
     მიუხედავად იმისა, რომ ქალები დღესაც არ იკავებენ ისეთ წამყვან პოსტებს, როგორიცაა ღვინის კომპანიებში პრეზიდენტისა და გენერალური მენეჯერის თანამდებობა (ერთიორი გამონაკლისის გარდა), საშუალო დონის მენეჯმენტში ისინი უმრავლესობას წარმოადგენენ. ისინი უძღვებიან ხარისხის კონტროლის ლაბორატორიებს, ასევე იკავებენ ოფისის, მარკეტინგის თუ ფინანსური მენეჯერის თანამდებობებს. "ღვინის შემოქმედი"-ს საპატიო ფუნქცია ისევ მამაკაცებს ეკუთვნით, რადგან სწორედ ისინი არიან წამყვანი ტექნოლოგები მეღვინეობის სფეროში. იგივე შეიძლება ითქვას ქარხნებზეც – ე.წ. მარანის სამუშაო ფიზიკურად მძიმე შესასრულებელია, რაც ბუნებრივად იწვევს მოთხოვნილებას ძლიერ სქესზე, თუმცა ჩამოსასხმელ განყოფილებებში, ასევე იქ, სადაც საქმე ბოთლის გარეგნულ სახეს ეხება, უმეტესად ქალები არიან დასაქმებულნი.
     ვენახშიც კაცები ასრულებენ ძირითად და მნიშვნელოვან სამუშაოს – ისინი არიან პროფესიონალი აგრონომები, ამზადებენ ნიადაგს, რგავენ ნერგებს, ქალებს კი მხოლოდ მათი მოვლა ევალებათ. რთველი ის ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც მდედრობითი სქესი დისკრიმინაციას არ განიცდის. ამ დროს მის არცთუ დიდ ფიზიკურ შესაძლებლობებს არავინ დაგიდევთ - მართალია, თეორიულ დონეზე მამაკაცს ევალება გოდრების ტარება, ქალს კი მხოლოდ მათში ყურძნის ჩაყრა, მაგრამ რთველის დროს ამ უკანასკნელს ისევე უწევს მძიმე სამუშაოს შესრულება, როგორც მის ძლიერ ნახევარს.
     როგორც ვხედავთ, საერთო ჯამში მეღვინეობა-მევენახეობის სფეროში კაცი უფრო დაფასებულია, ვიდრე ქალი. ექსპერტები ამბობენ, რომ ზოგადად დარგი კვალიფიციური პერსონალის ნაკლებობას განიცდის და ვინაიდან ადამიანური რესურსების ბაზარზე პროფესიონალი მამრობითი სქესი გაცილებით აჭარბებს მდედრობითს, კაცებს უპირატესობა ბუნებრივად ეძლევათ. პროფესიონალიზმი, მოგეხსენებათ, განათლებასა და განსაკუთრებით კი გამოცდილებას მოაქვს.  ვინაიდან ქალები ხშირად ჩამოშორებულნი არიან ღვინის დამზადების პროცესს, მათი კვალიფიკაციაც შესაბამისად ნაკლებია. ამიტომ კლიშეს, რომ ამ სფეროში მუშაობას კაცები უკეთესად ართმევენ თავს, მყარი საფუძველი აქვს და ამავე დროს, მიზეზიც - მამრობით სქესს მეტი შანსი აქვს გახდეს კვალიფიცირებული, პროფესიონალი მეღვინე თუ მევენახე.
     გარკვეული წვლილი იმაში, რომ ქართველ ქალებს ნაკლები ძალაუფლება გააჩნიათ, მათ პასიურობაში უნდა ვეძებოთ. სტერეოტიპების გავლენით ისინი უარს ამბობენ საქმის შესრულებაზე, რადგან "ეს კაცის გასაკეთებელია და ყოველთვის ასე იყო". ოჯახშიც პრობლემები ექმნებათ, ვინაიდან სახლისგან მოშორებით, ხშირად ღამით მოუწევთ მუშაობა. ანა გოდაბრელიძის მაგალითი, რომელიც ამ კვლევის რესპონდენტი გახლდათ, კიდევ უფრო ამყარებს ამ მოსაზრებას. იმისთვის, რომ ნამდვილი პროფესიონალი გამხდარიყო, მას ხშირად გაუთენებია ვენახში, ასრულებდა ყველა სამუშაოს, რაც მეღვინის კომპეტენციაში შედის. ბორდოსა და ბურგუნდიაში ორწლიანი მუშაობის შედეგად მან ფასდაუდებელი გამოცდილება შეიძინა, რის შედეგადაც მისმა დამზადებულმა საფერავმა ოქროს მედალი მოიპოვა, თავად ღვინის კომპანიას ჩაუდგა სათავეში, მოგვიანებით კი საქართველოს სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარე გახდა. დღეს ის დარწმუნებულია, რომ მეღვინეობის დარგში ქალებს აქვთ შანსი, წარმატებას მიაღწიონ. "ყველაფერი პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული" - ამბობს გოდაბრელიძე. მისი თქმით, უნივერსიტეტში მის გვერდით ისეთივე წარმატებით სწავლობდნენ სხვა გოგონები, როგორც თვითონ, მათგან ზოგიერთმა დოქტურანტურაც დაამთავრა, თუმცა შემდეგ პროფესიის შეცვლა მოუხდათ, რადგან მათი ცოდნა არ იყო დამქირავებლებისთვის საჭირო. უნდა ვივარაუდოთ, რომ პრაქტიკული გამოცდილების მიღების შემთხვევაში ისინი თავიანთ დარგში წარმატებას მიაღწევდნენ.
     მავანს ალბათ გაუჩნდება კითხვა, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ქალების აქტიურად ჩართვა ამ სფეროში. აქ შეიძლება დაუსრულებლად ისაუბრო სოციალური სამართლიანობის შესახებ, თუმცა მთავარი სიკეთე, რაც შეიძლება გენდერულმა თანასწორობამ მოიტანოს, ეკონომიკური წინსვლაა, რაც თავის მხრივ სიღარიბის დონის შემცირებას გამოიწვევს. საქართველოში არც ისე ბევრი დარგია, რომლის განვითარებაც ხელს შეუწყობდა სიღარიბის დაძლევას. მეღვინეობა მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიულია. ესეც რომ არ იყოს, ქალებმა მთელს მსოფლიოში უკვე დაამტკიცეს, რა დიდი წვლილის შეტანა შეუძლიათ დარგის განვითარებაში. მათგან მრავალი საუკეთესო მეღვინე, სომელიე თუ ქარხნის მფლობელია. ამის გამო დიდ მნიშვნელობას იძენს ისეთი სტრატეგიის დასახვა, რომელიც გენდერულ სურათს შეცვლის და ქართველი ქალის როლს გაზრდის ვენახსა თუ მარანში.
     კვლევის საბოლოო შედეგებზე დაყრდნობით მისმა ავტორებმა პრობლემების აღმოფხვრისთვის რეკომენდაციები შეიმუშავეს. პირველი და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რჩევა ღვინის საწარმოებსა და ქარხნებს უკავშირდება. მათ აქვთ ყველანაირი შესაძლებლობა, რომ აკონტროლონ შიდაორგანიზაციული პროცესები, შესაბამისად შეუძლიათPისეთი პოლიტიკის შემუშავება, რომელიც მოაწესრიგებს გენდერულ დისბალანსს და უზრუნველყოფს, რომ ორივე სქესის წარმომადგენლები თანაბრად იყვნენ ჩართულნი მართვის და სხვა ნებისმიერ პროცესში, მათივე კვალიფიკაციის შესაბამისად.
     პირველი რეკომენდაციის შესრულება აზრს დაკარგავს, თუ არ გაიზარდა ქალი პროფესიონალების რიცხვი, ამიტომ შემდეგი პუნქტი განათლების სფეროს შეეხო. მკვლევარებს მიაჩნიათ, რომ მდედრობითი სქესის წახალისება, მიიღოს განათლება ამ დარგში, მნიშვნელოვან ცვლილებებს მოიტანს. ამისთვის საჭიროა სტერეოტიპებისგან გათავისუფლება და სტუდენტებში მეღვინის პროფესიის პოპულარიზაცია.
     ამ ყველაფერთან ერთად მნიშვნელოვანია სამთავრობო და არასამთავრობო სექტორების მხარდაჭერა, რომლებიც ზურგს გაუმაგრებენ ზემოთ ნახსენებ ღონისძიებებს. მთავარი მაინც კანონმდებლობაა, რომელიც უზრუნველყოფს გენდერული თანასწორობის დაცვას არა მხოლოდ მევენახეობა-მეღვინეობის, არამედ ნებისმიერ სფეროში. ბოლოს კი, მნიშვნელოვანია პოზიტიური იმიჯის შექმნა, მაგალითად არატრადიციული საქმიანობის დარგში "მამაკაცურ" აღჭურვილობასთან  მომუშავე ქალისა. ეს ალბათ არა მხოლოდ გონივრულ პიარზე, არამედ ყველა იმ ქალბატონზეა დამოკიდებული, რომელსაც სურვილი აქვს ამ სფეროში კარიერის გაკეთების, მაგრამ საუკუნეების წინ ჩამოყალიბებული სტერეოტიპები გამბედაობას ართმევს და ხელს უშლის გახდეს ნამდვილი მეღვინე. ტრადიციული აზროვნებისგან გათავისუფლება დამქირავებლებისთვისაც არ იქნებოდა ურიგო - როგორც ნაშრომიდან შევიტყვე, ჩვენთან ზოგიერთს მიაჩნია, რომ ღვინის გასინჯვა ანუ სომელიეს საქმე კაცის სფეროა. ალბათ ეს წარმოდგენა მხოლოდ ქართველ ქალებზე ვრცელდება, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ღვინის კონკურსებზე უკვე მდედრობითი სქესის ბევრი უცხოელი ექსპერტი მოიწვიეს საქართველოში. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქართველმა ქალმა თვითონ უნდა დაიმკვიდროს თავი მეღვინეობის სფეროში და საზოგადოებას დაანახოს, რომ ფიროსმანის "რთველი", მისი გამოსახულებით უკანა პლანზე, ქართულ რეალობას სულ უფრო ნაკლებად ასახავს.
 
© ღვინის კლუბი/“Weekend“
 


არ მესმის, რა ქალის საქმეა საერთოდ ღვინო? :)


Cemi azriT meRvineobis sferoSi qalis rolis gazrdaze saubars ar unda qondes raRac xelovnuri da maprovocirebeli xasiaTi. es saerTod aramarTebuli midgomaa, romelic dResdReobiT swored rom stereotipuli feministuri ideologiidan momdinareobs. meRvineoba saukuneebis manZilze istoriulad ganviTarebuli dargia, sadac mamakacis roli ufro bunebrivad gamovlinda, vidre qalisa, romlis fiziologiuri gansazRvruloba da socialuri statusi warmoadgenda ZiriTad xelisSemSlel garemoebebs misi am sferoSi aqtiurad CarTvisaTvis. raTqmaunda konservatiuli midgoma ar unda gulisxmobdes qalis mTlianad gamoTiSvas am dargisagan, Tu garkveulma garemoebebma masSi aRzarda kargi specialisti, magram amavdroulad yovelTvis unda gaimijnos mamakacisa da qalis istoriul-biologiuri evoluciiT gansazgvruli obieqturi mocemulobebi, rac zogadad sazogadoebriv cxovrebas saukuneebis manZilze awesrigebda da dResac awesrigebs.


ვეთანხმები რა წინა გამომსვლელს :-), მიმაჩნია რომ ეს წერილი არაფრის მომცემი არ გახლავთ, უბრალოდ ტყულად ატეხილი აურზაურია, ქართველ ქალს კარგად აქვს გააზრებული მისი როლი ამ ქვეყანაზე. მობრძანდით და ნახეთ რა თანამდებობები უჭირავთ ჩვენთან ქალბატონებს და რა წარმატებულად მიყავთ დეპარტამენტების საქმიანობა. მაგალითათ ბებიაჩემი ერთერთი წამყვანი მეღვინე გახლდათ სწორედ რომ საბჭოთა კავშირის დროს. და სულ ბოლოს: ქრისტიანულ "დოგმებზე" სანამ ისაუბრებდეთ, კარგი იქნება ჯერ შესაბამისი კონსულტაციები გაიაროთ კომპეტენტურ ადამიანებთან.


ეს კომენტარები! სტატიამ მკაფიოდ აჩვენა, რომ მამაკაცებს მხოლოდ მაღალი პოსტები აინტერესებთ და როცა ნამდვილ სამუშაოზეა საუბარი, მაშინ კი ქალებს უთმობენ არენას. დრო მოვიდა რომ მიხვდეთ, რომ ქალსაც ზუსტად იგივე უფლებები აქვთ რაც მამაკაცებს და შეეგუეთ იმ აზრს, რომ ქალებს დიახაც თუნდაც ღვინის საქმეში, მშვენივრად შეუძლიათ თავის გართმევა. აუცილებლდა უნდა დაიმსხვრეს ეს სტერეოტიპული მიდგომა, რომ ქვეყანაში სიღარიბის დონემ დაიწიოს და ქალებს მიეცეთ თვითრეალიზაციის საშუალება. პ.ს. და ბატონო გია, რადგენ თქვენს ბებიას გამორჩეული სტატუსი ჰქონდა, არ ნიშნავს იმას რომ ყველა ქალბატონი საქართველოში ასეთი პრივილეგირებულია. დიახაც, ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი რომ დაინგრეს საზოგადოებაში წლობით გამჯდარი არაადეკვატური დოგმები და ბევრ ქალს, და რაც შეიძლება ბევრ ქალს მიეცეს თვითრეალიზების საშუალება!

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული