Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ახალი მარნები და ქართული ღვინის აღორძინება

მალხაზ ხარბედია

ტრადიცია არც წელს დარღვეულა და ახალი ღვინის ფესტივალი მესამეჯერაც ჩატარდა თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში. ისევე, როგორც შარშან და შარშანწინ, წელსაც, ახალი ღვინის ფესტივალი მაისის მეორე შაბათს გაიმართა. მეორე შაბათი ამჯერად 12 მაისს დაემთხვა. წინა დღის თავსხმამ ძალიან კი შეგვაშინა ღვინის კლუბის წევრები და ფესტივალის ბევრი გულშემატკივარიც, მაგრამ 12–ში ისეთი ამინდი გამოვიდა, ღვინის გაგრილებას ვერ აუდიოდნენ მეღვინეები.  

წლევანდელი ახალი ღვინის ფესტივალი კიდევ უფრო მასშტაბური და მრავალფეროვანი გახლდათ. ეს დღე განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო რამდენიმე ახალი მცირე მარნისთვის. უნდა ითქვას, რომ მცირე მარნების ასეთი მრავალფეროვნება აქამდე არ ყოფილა ახალი ღვინის ფესტივალზე. რა თქმა უნდა, ფესტივალზე ტრადიციული მონაწილეებიც იყვნენ, ჩვენი მეგობრები, ღვინის კლუბის წევრი მცირე მარნებიც, მაგრამ ერთბაშად რამდენიმე ძალიან საინტერესო ღვინის მწარმოებლის გამოჩენამ (აქამდე მათ არავინ იცნობდა), კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახადა თანამედროვე ქართული ღვინის სურათი – ასეთები იყვნენ, ავთანდილ ბედენაშვილის მარანი კარდენახიდან, ბაბანეურის მარანი, ბექა გოცაძის საგვარეულო მარანი, ვლადიმერ გულაშვილის მარანი, სალხინოს დადიანების მარანი.

ძალიან სასიამოვნო იყო იმ ღვინის კომპანიების მონაწილეობა, რომლებიც  პირველად გახდნენ ახალი ღვინის ფესტივალის გმირები – ასკანელი ძმები, ბადაგონი, კახური ტრადიციული მეღვინეობა, ჩელთი... დარწმუნებული ვარ, ეს კომპანიები ჩვენი ფესტივალის ერთგული მონაწილეები გახდებიან. ცალკე საუბრის თემაა "აგროს", ვაზისა და ხეხილის სარგავი მასალის წარმოების ეროვნული ცენტრის მონაწილეობა ფესტივალში, რომელთაც ძალიან ბევრი იშვიათი ჯიში წარმოადგინეს დასაჭაშნიკებლად, 30–მდე თეთრმა და წითელმა ღვინომ მნახველი ძალიან დააინტერესა და ხალხმრავლობა ფესტივალის ბოლომდე შეინიშნებოდა "აგროს" კარავთან. და რაც მთავარია, ოჯახური მარნების მონაწილეობა, როგორც ყოველთვის, ძალიან ამშვენებს ხოლმე  ჩვენს ფესტივალს. ყოველ წელს სულ ახალ–ახალი სახეები, ახალი ჯიშები, ახალი ტიპის ღვინოები ჩნდება ამ ფლანგზე, იმ დიდ "ფარდულში", რომელსაც მევენახე–გლეხების ღვინოები ჰქვია. მათ შორის ყველაზე ეკზოტიკური რეგიონებიდან...

სამწუხაროა, რომ ზოგიერთმა ღვინის კომპანიამ ახალი ღვინის ფესტივალზე ძველი, 2010, 2009, 2008 და ა.შ. მოსავლის ღვინოები გამოიტანა გასასინჯად. გასაგებია, რომ ბევრ მომხმარებელს შეიძლება საერთოდაც არ აინტერესებდეს რომელი წლის ღვინოს სვამს ანდა საერთოდ, რას სვამს, მაგრამ ფესტივალს თავისი წესები აქვს და მას დაცვა სჭირდება. მითუმეტეს, რომ ამ "წესების დაცვამ" ბოლო 3 წლის მანძილზე ძალიან საინტერესო შედეგები გვაჩვენა. საქმე ისაა, რომ ფესტივალის პირველ, 2010 წელთან შედარებით, 2012 წლის სტუმრები გაცილებით გათვითცნობიერებულები და მოტივირებულები ჩანდნენ. მათი დიდი ნაწილი კონკრეტული მოსავლის შესაფასებლად მოვიდა, რადგან პირველ რიგში 2011 წლის, ბოლო მოსავლის შესახებ სურდათ შთაბეჭდილების შექმნა.

2011 წლის მოსავლის ავკარგიანობის შესახებ სხვა დროსაც დავწერ, ახლა კი ერთ უცნაურ ტენდენციას მინდა ხაზი გავუსვა, რომელსაც 2010 წლიდან მოყოლებული ვადევნებ თვალყურს. საქმე ისაა, რომ ხშირად ერთი კონკრეტული მხარის წარმომადგენლები, მაგ. რაჭველები, ან გურულები, მხოლოდ თავიანთი კუთხის ღვინით იკმაყოფილებენ ცნობისწადილს და თითქმის არ ინტერესედებიან სხვა კუთხის ღვინოებით, არადა ჩვენი ფესტივალი სწორედ ამ მიზანს ემსახურება, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიცნოს სხვადასხვა მხარის ღვინოები.

დაბოლოს, აუცილებლად მინდა მივმართო ყველა დამწყებს, მათ, ვინაც ფესტივალზე საკმარისი მუხტი მიიღო საიმისოდ, რომ თავისი წამოწყება კიდევ უფრო სრულჰყოს, ზოგიერთმა კი, სულაც პირველად სცადოს თავისი ღვინის დაყენება. შემოდგომამდე ჯერ კიდევ რამდენიმე თვეა, გაბედეთ, დაწურეთ თქვენს ვენახში მოყვანილი ყურძნიდან ღვინო, ვინ იცის, იქნებ მომავალ ფესტივალზე წარმოდგენილმა თქვენმა ნაშრომმაც თავისი წვლილი შეიტანოს ქართული ღვინის აღორძინების საქმეში.

© tabula

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული