Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ახალი ღვინოები, ახალი სახელები, ახალი ჯიშები

ალეკო ცქიტიშვილი

ახალი ღვინის ფესტივალის ფორმატი გურმანებისთვის მხოლოდ ახალი, ანუ ბოლო მოსავლის ღვინოების გაცნობას ითვალისწინებს. ამდენად, 12 მაისს თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში, სადაც ღვინოები საქართველოს მევენახეობის თითქმის ყველა რეგიონიდან იყო წარმოდგენილი, ფაქტობრივად, 2011 წლის რთვლის შედეგები შეჯამდა. ახალი ღვინის ფესტივალმა ახალი ტენდენციებიც გამოკვეთა და დაგვიტოვა არა მხოლოდ იმედი, რომ ქართული მეღვინეობა ვითარდება, არამედ საფიქრალიც ამ პროცესის თანმდევ პრობლემებზე.

ცნობილი მსხვილი კომპანიების გარდა ახალი ღვინის ფესტივალში წლიდან წლამდე სულ უფრო მეტი მცირე მარანი მონაწილეობს. რამდენიმე ოჯახური მარანი ინდ/მეწარმედ და შპს–დ დარეგისტრირდა და ფესტივალზე უკვე ცალკე სტენდი დაიქირავა. ამ სეგმენტში გამოჩნდნენ სრულიად ახალი სახელები. მისასალმებელია, რომ მცირე მარნების ჩამოყალიბების ინიციატივას, ძირითადად, ახალი თაობა იჩენს. ამავე დროს, ეს მარნები მეტწილად ტრადიციული ქართული ნატურალური მეღვინეობის მიმართულებას აძლიერებენ და ქარხნულ ტექნოლოგიებს უარყოფენ. ვისაც მამაპაპისეული ძველი მარანი და ქვევრები აქვს, ამას მარკეტინგისთვისაც იყენებს და ქვევრებსაც უბრუნებს თავის რეალურ ფუნქციას. ეს ყველაფერი გვიჩვენებს, რომ არ გამართლდება სკეპტიკური პროგნოზი, თითქოსდა ქვევრის ბუმი საქართველოში მხოლოდ მოდაა და ეს მოდა „მალე გადავა“.

მელაანელი დიანა ინანაშვილი ახალგაზრდა ჟურნალისტია გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ მელაანიდან. იგი ამჟამად ერთ–ერთი სახელმწიფო უწყებისPR–სამსახურში მუშაობს და თან ქართულ–ამერიკულ უნივერსიტეტში  საზოგადოებრივ ურთიერთობებსა და ინტეგრირებულ მარკეტინგს სწავლობს. ახალი ღვინის ფესტივალზე ქვევრში დაყენებული რქაწითელი წარმოადგინა. დიანას დაგეგმილი აქვს, თავისი ცოდნით დაეხმაროს ოჯახს, განსაკუთრებით კი – მევენახე მამას და ჯერჯერობით უცნობი მელაანური მარანი ბრენდად აქციოს. სახელიც შერჩეული აქვს – „ჯორჯიან ვაინ მელაანი“. ჟღერს!.. და თუ ყველაფერი ახალბედა მარკეტოლოგის გეგმით წარიმართა, მომავალი წლის ახალი ღვინის ფესტივალზე ამ ოჯახს მცირე მარნის სტატუსით ვიხილავთ.

ბექა გოცაძე ქართული სამთო მეღვინეობის ტრადიციების აღორძინებას ცდილობს. მისი მარანი კიკეთში ზღვის დონიდან 1300 მეტრზეა ბაზირებული. ვენახი, მართალია, საკმაოდ შორსაა – ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაბანეურში, მაგრამ ახალგაზრდა ენთუზიასტისთვის მანძილი დაბრკოლებას არ წარმოადგენს. ხის ყუთებში აკურატულად ჩაწყობილი ყურძენი (ქისი, მწვანე კახური, ხიხვი, საფერავი, რქაწითელი) „პიკაპით“ 2,5 საათში ჩამოაქვს და მაშინვე ქვევრებში წურავს. ცნობილია, რომ ძველად ქართველი მეფეები ღვინოებს სპეციალურად აყენებდნენ მთის მარნების ბუნებრივ სიგრილეში და ეს ღვინოები  მეტად სასიამოვნო დასალევი გამოდიოდა. „ბექა გოცაძის საგვარეულო მარნის“ ქვევრის ღვინოებმა ფესტივალის სტუმრები ძალიან მოხიბლა.

ისტორიულად სამთო მეღვინეობის ეტალონი იყო ღვინო „ატენური“, რომელიც მართალია, ახლაც არის დარეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოდ, მაგრამ მას პრაქტიკულად არც ერთი კომპანია არ აწარმოებს. ახალი ღვინის ფესტივალზე „ატენურის“ გემო ხიდისთაველმა მევენახემ გოგი დვალიშვილმა გაგვახსენა. მან სამი ვაზის ჯიშის ყურძნისგან (თავკვერი, გორული მწვანე, ჩინური) ოთხნაირი ღვინო დააყენა. ამ ღვინოებმა ღვინის კლუბის წევრებს ჯერ კიდევ ოჯახური მარნების შესარჩევ დეგუსტაციაზე დაგვამახსოვრა თავი.

ქართლის მეღვინეობა ახალი ღვინის ფესტივალზე კიდევ ხუთმა ოჯახმა წარმოადგინა. მათ შორის პირველად მონაწილეობდა ქვემო ქართლის ღვინო (ნიკოლოზ კაპანაძის მარნის „რქაწითელი“, ბოლნისის მუნიციპალიტეტი სოფ. ხატისსოფელი). ვალერი რჩეულიშვილს კი თავისი „მხიარული ხიდისთავურით“ არც ერთი ახალი ღვინის ფესტივალი არ გამოუტოვებია.

ახალი ღვინის ფესტივალზე ახალი ამპლუით მოგვევლინა გერმანელი მეღვინე ჰილარიუს პუტცი, რომელიც „ბაგრატიონი 1882“–ის მთავარი ტექნოლოგია და მისმა ცქრიალა ღვინოებმა უკვე კარგად დაგვამახსოვრა თავი. ჰილარიუს პუტცი პარალელურად ქვევრში ღვინის დაყენების ქართული ტრადიციული მეთოდით დაინტერესდა და კარდენახელ ავთანდილ ბედენაშვილის მარანში შესანიშნავი ქვევრის ღვინოც დააყენა.

ქვევრის ღვინოებისადმი ინტერესი არითმეტიკული პროგრესიით იზრდება. ქვევრის ღვინის პოპულარიზაციაში დიდი როლს ასრულებს ალავერდის მონასტრის მარანი და პირადად აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი მეუფე დავითი. მისი ლოცვა–კურთხევით ალავერდის მონასტრის გარშემო შემოიკრიბნენ ოჯახური მარნები, რომლებმაც გასულ წელს ახალი ღვინის ფესტივალში „ალავერდის მონასტრის მარნის მეგობრების“ სახელით მიიღეს მონაწილეობა. წელს კი რამდენიმე მათგანი ფესტივალზე უკვე ეტიკეტირებული ბოთლის ღვინით გამოჩდა.

ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ამ ჯგუფის წარმომადგენლის, გიორგი გაბრიჩიძის ქვევრის „ციცქამ“. ოჯახს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ კვალითში 1926 წელს აშენებული მარანი აქვს. შესაბამისად, ეტიკეტზე გაჩნდა სახელი – „გაბრიჩიძეების ასწლოვანი საოჯახო მარანი“. აქვე არ შემიძლია, გვერდი ავუარო „მარნის“ მკითხველისთვის კარგად ცნობილი მეღვინის, რამაზ ნიკოლაძის ქვევრის „ცოლიკოურს“, რომელიც თითქმის კახური წესით, 6 თვით ჭაჭაზე (კლერტის გარეშე) დაყოვნებით არის დაყენებული.

გაბრიჩიძეების „ციცქა“ და ნიკოლაძეების „ცოლიკოური“ ამსხვრევს ვაზის წამყვან იმერულ ჯიშებზე საბჭოთა პერიოდიდან ჩამოყალიბებულ სტერეოტიპს, რომლის თანახმად, ციცქა, ცოლიკოური და კრახუნა ევროპული და ცქრიალა ღვინოებისთვის არის გაჩენილი. ჭაჭაზე ხანგრძლივად დაყოვნებით ქვევრში დაყენებული იმერული ღვინოები სხეულიანობით გამოირჩევა, რაც მოძველებული წარმოდგენების ტყვეობაში მყოფ გურმანს უჩვეულოდ შეიძლება მოეჩვენოს. არადა, რეალურად ეს არის იმერული მეღვინეობის მივიწყებული მიმართულება, რომელიც ამჟამად ჩვენს თვალწინ ცოცხლდება.

ცნობილი არქეოლოგი იულონ გაგოშიძე სამივე ახალი ღვინის ფესტივალს დაესწრო და ჩვენთან საუბრისას მცირე მარნების გაძლიერების ტენდენცია შეაფასა: „ქართული მევენახეობა–მეღვინეობის საუკეთესო პერსპექტივაა ჯიშური მრავალფეროვნების აღდგენა და მცირე მარნების განვითარება. აქ მე ისეთი ღვინოები გავსინჯე, რომ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი – ასეთ პატარა მარნებს ელიტური ღვინოების წარმოება შეუძლიათ. საქართველო პატარა ქვეყანაა და ტურიზმი თუკი განვითარდება, მთლიანად აქვე დაილევა ღვინის ის რაოდენობა, რასაც მცირე მარნები დააყენებენ. წარმოიდგინეთ - პატარა მარანი იმერეთში, გურიაში, რაჭაში ან ნებისმიერ კუთხეში, სადაც სტუმარს შეუძლია სრულიად განსხვავებული ღვინო დალიოს და იყიდოს. ამას საოჯახო სამზარეულოც თუ დაემატება, ტრადიციული ეთნოგრაფიული ელემენტებით, საქართველოში ღვინის ტურიზმი აყვავდება“.

მივიწყებული ჯიშების მეღვინეობაში დაბრუნებას მსხვილი კომპანიებიც გეგმავენ და ამისთვის უკვე კონკრეტულ ნაბიჯებსაც დგამენ. „მეღვინეობა ხარება“ იმერეთში მივიწყებული ვაზის ჯიშების ვენახს აშენებს. კომპანიის ღვინოების მარაგში უკვე ათამდე ვაზის ჯიში მონაწილეობს. მომავალი წლიდან მათ კიდევ ერთი ჯიში, „ძელშავი“ შეემატება, შემდეგ კი – სხვა კიდევ უფრო ნაკლებად ცნობილი ჯიშებიც.

ჯიშური მრავალფეროვნებით და საინტერესო ექსპერიმენტებით გამოირჩევა „იმერული ღვინის კომპანია“, რომელსაც იმერეთის ერთადერთ ოფიციალურ მიკროზონაში – სვირში აქვს ვენახები გაშენებული. იმერული ჯიშების გარდა, მის განკარგულებაშია რამდენიმე უცხოური ჯიში, ასევე – კახური საფერავი, რაჭული ალექსანდრეული და მუჯურეთული. მათგან იმერეთში დაყენებული ღვინოები ამ ჯიშების ფართო შესაძლებლობებს გვიჩვენებს. საფერავი პრაქტიკულად საერთაშორისო ჯიშია. მისგან ღვინოებს აყენებენ სომხეთში, უკრაინაში, მოლდოვაში, ამერიკაში, ავსტრალიაში, კანადაში... და რა გასაკვირია, თუკი საქართველოს ერთ–ერთ კუთხეში – იმერეთშიც კარგ შედეგს აჩვენებს?!

ვაზის მივიწყებული ქართული ჯიშები ყოველ წელს ემატება ქართულ მეღვინეობას და ეს ტენდენცია ახალი ღვინის ფესტივალზეც იგრძნობა. გურიის ვაზის ჯიშების კოლექციონერმა, სოფელ შემოქმედის მკვიდრმა ანდრო ვაშალომიძემ წელს ფესტივალზე უიშვიათესი ჯიში - ათინაური წარმოადგინა. ეს ჯიში პირადად მან მოიძია და თავის კოლექციაში მიუჩინა ბინა. სამომავლოდ კარგი იქნება, თუკი ათინაურის იდენტიფიკაციაზე პროფესიონალი ამპელოგრაფებიც იმუშავებენ.

ამპელოგრაფების დახმარებას ითხოვს მატნელი მევენახე გოგი ოტიაშვილიც, რომლის ვენახშიც რქაწითელისგან განსხვავებული რამდენიმე ძირი ვაზი ურევია. ოტიაშვილმა ამ ვაზის ყურძენი ცალკე დაწურა და ევროპული წესით დააყენა. ღვინო მეტად საინტერესო გამოვიდა - ვარდის გამოკვეთილი სურნელით და არომატით. მევენახის თქმით, მისთვის უცნობი ვაზის ჯიში ფოთლითაც და მტევნითაც რქაწითელისგან სრულიად განსხვავებულია. მას დიდი სურვილი აქვს, დაადგინოს ამ ჯიშის სახელი, მაგრამ ჯიშთმცოდნეების გარეშე ამას ვერ ახერხებს.

ვაზის ქართული ჯიშების გულშემატივრებს სიურპრიზი მოუმზადა საგურამოს ვაზისა და ხეხილის სარგავი მასალის წარმოების ეროვნულმა ცენტრმა, რომელსაც პროფესორი ლევან უჯმაჯურიძე ხელმძღვანელობს. საგურამოს საკოლექციო ვენახში 430-მდე ჯიშია დაცული. გასულ წელს ღვინის კლუბის ინიციატივით, ვენახში 25-მდე ჯიშის ყურძენი დაიკრიფა და 20-მდე სახეობის ღვინო დაიწურა. ამ ღვინოების პრეზენტაციამ სასიამოვნო ემოციებით ჩაიარა. საკოლექციო ვენახის 2011 წლის მოსავალი ენოლოგმა გიორგი სამანიშვილმა ჩაიბარა და ამჯერად, 50-ზე მეტი ვაზის იშვიათი ქართული ჯიშის ყურძნისგან ევროპული ტიპის ღვინოები დააყენა. ცენტრის სტენდთან ახალი ღვინის ფესტივალის სტუმრების განსაკუთრებული სიმრავლე აი, ამ ჯიშების ღვინოებმა გამოიწვია: კახური მცვივანი, ჩიტისკვერცხა, საფერავი ბუდეშურისებრი, გრძელმტევანა, ჩიტისთვალა ბოდბური, სიმონასეული, შავკაპიტო, თეთრი ბუდეშური, საფერავი ატენის, დანახარული, მესხური მწვანე, მესხური ჩიტისთვალა, მესხური საფერე, მესხური ხარისთვალა, კუნძა, გაბეხაური წითელი, არგვეთული საფერე, ჭუმუტა, არაბეული შავი და სხვა. 

ახალი ღვინის ფესტივალმა კიდევ ბევრი საინტერესო და სადისკუსიო თემა დატოვა. ფესტივალზე იმდენი ახალი ენთუზიასტი გავიცანი, თავიანთი გეგმებით და საინტერესო ამბიციებით, მიჭირს, ყველა მათგანზე ერთ სტატიაში ვისაუბრო. მათ საქმიანობას „მარანში“ გზადაგზა ვრცლად გავაშუქებთ და იმის იმედიც მაქვს, რომ თვითონაც ხშირად შეგვახსენებენ თავს.

© ღვინის კლუბი/Weekend



საგურამოს სანერგის ღვინოებიდან განსაკუთრებით გამოვარჩევდი კაპისტოს, რომელიც ჩემი აზრით საუკეთესო იყო მთლიან ფესტივალზე.(თეთრ მშრალ ღვინოებს შორის).

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული