გამოქვეყნებულია: 26 აპრილი, 2010 - 01:09
8 მაისს თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში „ღვინის კლუბი“ გიწვევთ „ახალი ღვინის ფესტივალზე“, რომელიც ქალაქ თბილისის საკრებულოსა და თბილისის მერიის პატრონაჟით გაიმართება.
„ახალი ღვინის ფესტივალის“ მხარდამჭერები არიან - საქართველოს ეროვნული მუზეუმი, Slow Food Tbilisi, ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“, წინანდლის მუზეუმი და ჟურნალი „ტაბულა“. საინფორმაციო უზრუნველყოფა – რადიო „უცნობი“, რადიო „ნაცნობი“, გაზეთი „მარანი – Weekend” და ბლოგი ღვინისა და გემოვნების შესახებ www.vinoge.com. ფესტივალის სამზადისი და მიმდინარეობა გაშუქდება როგორც ტელევიზიებით, ასევე ბეჭდურ და ელექტრონულ მედიაში.
„ახალი ღვინის ფესტივალში“ მონაწილეობენ არა მარტო ღვინის კომპანიები და მცირე მარნები, არამედ ოჯახებიც, რომელთა ღვინოები „ღვინის კლუბმა“ და ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანამ“ საქართველოს თითქმის ყველა ტრადიციულ მეღვინეობის მხარეში შეარჩია. ფესტივალის მონაწილეები 2009 წლის მოსავლის ახალ ღვინოებს წარმოადგენენ.
ახალი ღვინის ფესტივალების ტრადიცია დიდი ხანია არსებობს მთელს მსოფლიოში, მაგალითად: საფრანგეთში – Beaujolais Nouveau, ესპანეთში – Festival Vino Nuevo, იტალიაში – Vino Novello.
„ღვინის კლუბის“ პრეზიდენტის, მალხაზ ხარბედიას თქმით, მეღვინეობის ტრადიციულ ქვეყანაში – საქართველოში ასეთი ტიპის ფესტივალის არარსებობა უარყოფითად აისახებოდა ქართული ღვინის ცნობადობაზე, მომხმარებლის ინფორმირებულობაზე და ზოგადად ღვინის ბიზნესზე.
„ახალი ღვინის ფესტივალი“ საქართველოში ამ მიმართულებით გადადგმული პირველი ნაბიჯია. ფესტივალში მონაწილეობის სურვილი თითქმის ყველა ღვინის კომპანიამ და მცირე მარანმა გამოთქვა.
© ღვინის კლუბი/vinoge.com
თემა:
მოგვწერეთ info@wineclub.ge და kharbedia@yahoo.com-ზე
თქვენი კომენტარი