Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ამერიკამ ქართულ ღვინოს კარი გაუღო

როგორი ღვინო გადის უცხოეთში ახლა და რა უნდა გავყიდოთ მერე...

ლევან სეფისკვერაძე

მას შემდეგ, რაც საქართველოსა და ამერიკის შერთებული შტატების პრეზიდენტებმა ოფიციალურად განაცხადეს, რომ ქართული-ამერიკული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ძალაში შევა, ამ სიახლით უპირველეს ყოვლისა ქართული ღვინის კომპანიები დაინტერესდნენ. ქართული ღვინო ხომ ერთ-ერთი (ერთად-ერთი თუ არა) ის პროდუქტია, რომელიც მსოფლიო ბაზარზე დღემდე კონკურენტუნარიანია და ამას გარდა, პერსპექტივების მქონეც გახლავთ.

ღვინო – დიდი პოლიტიკის გაგრძელება

ღვინის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილის, პაატა ჭავჭანიძის განმარტებით, ამჟამად ქართული ღვინის პირველი ექსპორტიორი ქვეყანა უკრაინაა, სადაც რუსეთის ემბარგოს შემდეგ ქართული ღვინის გაყიდვები წლიდან-წლამდე განუხრელად იზრდება. უკრაინის შემდეგ მოდიან ბელორუსი და ყაზახეთი. რაც შეეხება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, აღმოსავლეთ ევროპის ე.წ. ყოფილი სოციალისტური ბანაკის ქვეყნებიდან ქართული ღვინო ყველაზე პოპულარული პოლონეთშია. ქართული ღვინო ასევე კარგად იყიდება ბალტიისპირეთში. შედარებით ახალი ბაზრებია ჩინეთი და აშშ, თუმცა ღვინის ეროვნულ სააგენტოში იმედი აქვთ, რომ მომავალში ქართული ღვინის ერთ-ერთი მთავარი რეალიზატორი სწორედ აშშ გახდება, რომელიც საქართველოსთან სამხედრო და პოლიტიკური სფეროს გარდა, ეკონომიკურადაც აპირებს თანამშრომლობას.

სხვათა შორის, ამერიკასთან ქართული ღვინით ვაჭრობის კუთხით, გარკვეული პროგრესი ბოლო წლებში (ანუ ხელშეკრულების დადებამდე) უკვე შეიმჩნეოდა. სხვადასხვა დიდი თუ პატარა ამერიკული სავაჭრო ქსელის წარმომადგნელები და ღვინის ვაჭრები საქართველოში რამდენჯერმე უკვე იყვნენ ჩამოსული და სწორედ მათ მიერ დაიგეგმა შემდგომი მოქმედების სტრატეგია.

ამერიკელები ქართველ მეღვინეებს მთავარ პირობად ღვინის ხარისხის აუცილებელ დაცვას უყენებენ. უკვე 2012 წლის ზაფხულ-შემოდგომიდან, შეერთებულ შტატებში და კანადაში ქართული ღვინის პირველი დიდი პარტიები ჩავა და ამაზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს. ამერიკელებთან კონტრაქტებს ამ ეტაპზე ძირითადად დიდი ქართული კომპანიები დებენ, თუმცა ქართული ღვინის რეალიზატორები ამბობენ, რომ ასევე დიდია დაინტერესება ე.წ. "ბიო" ღვინის მწარმოებელი შედარებით პატარა სეგმენტის მიმართ.

ღვინის გაყიდვები იზრდება

როგორც ღვინის ეროვნულ სააგენტოში გვითხრეს, ამჟამად ჩვენი ქვეყნიდან ღვინის ექსპორტს (ძირითადად უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპასა და ყაზახეთში) აწარმოებს 85 სხვადახვა სიმძლავრის ღვინის კომპანია და ინდუვიდუალური მეწარმე, რაც აშკარად წინგადადგმული ნაბიჯია. 2011 წელს, საქართველოს გარეთ 37%-ით მეტი ქართული ღვინო გაიყიდა, ვიდრე 2010 წელს. ღვინის ექსპორტის ასეთ დიდ მატებას ბევრი ქართული კომპანია ნამდვილად არ ელოდა და რაკი უახლოეს პერსპექტივაში ამერიკა-კანადის ბაზარიც გამოჩნდა, თითქმის ყველა დიდი კომპანია ღვინის წარმოების გაზრდას აპირებს. იმედია, ღვინის წარმოების გაზრდა ღვინის ხარისხის დაცემის ხარჯზე არ მოხდება, ისე, როგორც ეს საბჭოთა კავშირის დროს ხდებოდა, როდესაც ღვინის ჭარბწარმოებამ როგორც ყურძნის, ასევე ღვინის ხარისხის მკვეთრი ვარდნა გამოიწვია.

დღეს ბევრი მეღვინე ფიქრობს, რომ ამჟამად ქართულ მეღვინეობაში არსებული პრობლემების დიდი ნაწილი სწორედ საბჭოთა კავშირის დროს დაწყებული პრობლემების გაგრძელებაა (ღვინის ხარისხის რეგულაციის დაბალი დონე, მობერებული ვენახების ნაგვიანევი განახლება, ღვინის ხარისხთან შედარებით გაბერილი ფასები და სხვა...), თუმცა, ყველაფრის საბჭოთა კავშირის პერიოდზე გადაბრალებაც არ იქნებოდა სწორი, რადგან გასული საუკუნის 90-იან წლებში, ანუ საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში ქართული ღვინის ფალსიფიკაციამ წარმოუდგენელ მასშტაბებს მიაღწია. ამან ჩვენი ღვინის იმიჯი ძალიან დააზარალა.

მაგალითად, 90-იან წლებში უკრანის ქალაქ ლვოვში მცხოვრები ქირურგი, ალექსანდრე გეგეშიძე იხსენებს, რომ საკუთარი თვალით აქვს ნანახი ღვინო, რომელსაც ეტიკეტზე რაჭული ”ხვანჭკარა” ეწერა და მისი ფასი ჩვენს ვალუტაზე 3.5 ლარი გამოდიოდა. ალბათ თქვენც ადვილად მიხვდებით, რა შეიძლება ესხას 3.5 ლარის ღირებულების ბოთლში, რომელსაც ყოვლად ურცხვად ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ქართული ნახევრადტკბილი ღვინის სახელი აწერია.

შიში და იმედები

სამწუხაროდ, ალექსანდრე გეგეშიძის მიერ ნაამბობი ამბავი მხოლოდ წარსულის ბნელი მოგონება არ გახლავთ და ქართული ფალსიფიკაციის შემთხვევები დღესაც მრავალ ქვეყანაში შეგხვდებათ. მაგალითად, ერთ-ერთი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის წევრი, ლაშა ბლიაძე იხსენებს, რომ ლიტვაში ყოფნის დროს, ერთ-ერთ მაღაზიაში თავად გამყიდველმა გულრწფელად ურჩიათ, რომ ფალსიფიცირებული ქართული ღვინის ნაცვლად, ისევ მოლდოვური დაბალი ხარისხის ღვინო ეყიდათ, რადგან გარანტიებულად მაინც ეცოდინებოდათ, რომ ყურძნის წვენს სვამდნენ და არა უცნაურ და გაურკვეველ სითხეს. სხვათა შორის, მაღაზიის ხსენებული გამყიდველი ქართული (ნამდვილი) ღვინის დიდი დამფასებელი აღმოჩნდა და ქართველებს ისიც გაუმხილა, რომ თუ ნამდვილი ქართული ღვინის ყიდვა სურდათ, ქალაქის ცენტრში მდებარე ერთ-ერთი მაღალი კლასისი სუპერმარკეტში უნდა ეყიდათ. როგორც ხედავთ, პრობლემები ქართული მეღვინეობის თანმდევია და ეს ახლა, როდესაც დასავლური სამყაროს ღვინის ბაზრის კარი როგორც იქნა ჩვენთვისაც შეიღო. იმედია მომავალში მაინც აღარ იქნება საქართველოდან გატანილი ღვინის ხარისხი იჭვნეული განსჯის საგანი.

დღეს საქართველოდან ძირითადად შემდეგი დასახელების ღვინოები გადის: "ქინძმარაული", "ხვანჭკარა", "წინანდალი", "მუკუზანი", "ახაშენი". ხოლო, ე.წ. სუფრის ღვინოებიდან კი, ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე და ევროპაში ყველაზე დიდი პოპულარობით "ალაზნის ველი" სარგებლობს (ღვინის დასახელებების ჩამონათვალი მოცემულია გაყიდვების რაოდენობის მიხედვით). როგორც ხედავთ, გასული ათწლეულების ტენდენცია დიდად არ შეცვლილა და ჩვენი ქვეყნის გარეთ ძირითადად სწორედ იმ დასახელების ბრენდებია პოპულარული, რომლებიც ყოველთვის პოპულარული იყო.

ცოტა რამ აუცილებლად უნდა ვთქვათ "ქინძმარაულზე", რომელიც კვლავაც პოპულარული ღვინოა. გასულ წელს, ღვინის კლუბის მიერ ჩატარებულმა დეგუსტაციამ ცხადყო, რომ ქართული კომპანიების მიერ წარმოებული "ქინძმარაულების" არცთუ მცირე ნაწილი ხარისხის მხრივ მოიკოჭლებდა. ამას გარდა, დეგუსტაციაზე გამოტანილი "წინანდალის" ბევრი ნიმუში საერთოდ დაავადებული აღმოჩნდა.

დიდი თუ პატარა პრობლემები აქვს ასევე ქართული ღვინის კომპანიების მიერ ბოთლში წარმოებულ "მუკუზანსა" და "ხვანჭკარასაც". თუმცა ხსენებულმა დეგუსტაციამ აჩვენა, რომ ყველაზე პრობლემატურ ღვინოდ სამწუხაროდ მაინც "წინანდალი" რჩება და ეს მაშინ, როდესაც გაყიდვების მხრივ, ეს ღვინო მაინც ლიდერია.

 

ღვინის გზა ბაზრამდე

 

როგორც პაატა ჭავჭანიძე ამბობს, ბოლო პერიოდში ძალზედ გამოცოცხლდა პატარა კომპანიების "ფლანგი". დღეს პატარა კომპანიებს და მცირე ინდ-მეწარმეებს თავისი წვლილი შეაქვთ ღვინის ექსპორტის საერთო რაოდენობაში. აღსანიშნავია, რომ ისინი განსაკუთრებით აქტიურები არიან ტრადიციული ქვევრის მიმართულებით. ეს ღვინოები ძირითადად ცენტრალურ და დასავლეთ ევროპაში, ასევე კანადაში გადის. M

მიუხედავად იმისა, რომ მცირე მეწარმეების მიერ გასაყიდად გატანილი ღვინის საერთო რაოდენობა დიდი კომპანიების პროდუქციას ბევრად ჩამოუვარდება, წარმოებული ღვინის რაოდენობის ზრდა მაინც სახეზეა. ამას გარდა, ასევე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ რუსეთის ყბადაღებული ემბარგოს შემდეგ, პატარა კომპანიები და ე.წ. მცირე მარნები საქართველოში სოკოებივით მრავლდება. თუკი ადრე მცირე მარნების არეალი ძირითადად კახეთით შემოისაზღვრებოდა, ახლა იმერეთი, ქართლი და გურიაც გააქტიურდა. სხვადასხვა საერთაშორისო ღვინის სიმპოზიუმებსა და ფესტივალებზე, კახური ღვინის გვერდით, ჩვენი ქვეყნის სხვა კუთხეებში წარმოებულ ნატურალურ ღვინოსაც ხშირად ნახავთ. ეს ტენდენცია იძლევა საფუძვლიან იმედებს, რომ დასავლეთის ბაზარზე ქართული ღვინო უახლოეს მომავალში მრავალფეროვნად იქნება წარმოდგენილი, რაც ქართველი მეღვინეებისათვის შემოსავლის ზრდის წყაროც გახდება...

ბოლოს კი, ერთ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი: მოლოდინისამებრ, თუკი ქართული ღვინის ექსპორტი მომავალ წლებში გაიზრდება, რა გზები და ხერხები არსებობს იმისათვის, რომ რიგითმა ქართველმა მეღვინემ თავისი ღვინო უცხოეთში გაიტანოს?... ღვინის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ყველა მეღვინეს ურჩევს, რომ მათ ითანამშრომლონ ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან. ითანამშრომლონ რთველიდან დაწყებული ღვინის ბოთლში ჩამოსხმამდე და პროცედურულად დოკუმენტაციის მომზადებამდე. ეს საჭიროა იმისათვის, რომ ჩამოსხმული ღვინო დაექვემდებაროს ექსპორტს. ამის შემდეგ კი, ღვინოს დიდი ბაზრებისაკენ გზა უკვე ხსნილი ექნება.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.