Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

Wine of Georgia – საერთო იმიჯის ძიებაში

ნინა ახლოური

ყველასათვის ცნობილი ამბავია, რომ რუსულმა ემბარგომ ქართული ღვინის ხარისხის ზრდას ხელი მნიშვნელოვნად შეუწყო. ჩვენი მეღვინეობის სექტორი თანდათან ვითარდება და ახალ წარმატებებსაც აღწევს, როგორც ადგილობრივ, ისე უცხოურ ბაზარზეც. ბოლო წლებში ქვეყნის შიგნით ბოთლის ღვინის გაყიდვებმა ზრდა დაიწყო, საერთაშორისო ბაზარზე კი ახალი ქვეყნები გამოჩნდა, სადაც არსებობს ექსპორტის კარგი შესაძლებლობები.

ამ წარმატებებს ხელს არა მხოლოდ ღვინის ხარისხის ზრდა უწყობს. პირველ რიგში, ეს მიზანმიმართული კამპანიის დამსახურებაა, რომელიც ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას ემსახურება. ბოლო წლებში ამისთვის ბევრი რამ კეთდებოდა, რაშიც საკმაოდ დიდი წვლილი სახელმწიფოს მიუძღვის. ამ მხრივ ერთ-ერთი ყველაზე ღირსშესანიშნავი მოვლენა ღვინის მსოფლიო კონგრესის ჩვენს ქვეყანაში ჩატარებაა. იგი გასულ წელს თბილისში გაიმართა დევიზით "შეეხე ისტორიას". ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციამ საქართველო წარმოაჩინა, როგორც ღვინის აკვანი, ქვეყანა, რომელსაც მრავალათასწლოვანი ტრადიციები გააჩნია, უახლოეს პერიოდში კი მეღვინეობის დარგის რესტრუქტურიზაციაც მოახდინა. ღვინის სფეროში მსოფლიოს წამყვანმა ექსპერტებმა, მეცნიერებმა და ჟურნალისტებმა გაიგეს, რომ ღვინის უძველეს სამშობლოში მისი დამზადების უნიკალური ტექნოლოგიები გააჩნიათ. მაშინ მათ ძალიან კარგად შეაფასეს ქვევრის ღვინო, რაც უდავოდ დადებით შედეგს გამოიღებს არა მხოლოდ ცნობადობის გაზრდის, აგროტურიზმის განვითარების კუთხითაც.

ასეთი მასშტაბური ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობდა ქართული მეღვინეობის პოპულარიზაციას, საკმაოდ იშვიათია. აქაური ღვინის კომპანიები საერთაშორისო გამოფენებზე მონაწილეობას იღებენ, უცხოეთიდან ჯილდოებიც ჩამოაქვთ, თუმცა ჩვენი პროდუქტის პოპულარობა იქ ძალიან ნელა იზრდება. ქართული ღვინის, როგორც უნიკალური პროდუქტის პოპულარიზაციას დამატებით ხელს შეუწყობს იზაბელ ლეჟერონის ფილმიც ქართულ ღვინოზე, რომელიც Travel Channel-ის არხზე ახლახანს გამოჩნდა. ამ ყველაფრის შედეგებს თითქოს უკვე ვიმკით, მაგალითად, გასულ წელს ღვინის ექსპორტი ოცდაათზე მეტი პროცენტით გაიზარდა, თუმცა, თუ სურათს რეალურად შევხედავთ, ეს არც ისე მნიშვნელოვანი წარმატებაა და იმავე კონგრესთან საერთო არაფერი აქვს. ეს უკრაინაში, ყაზახეთსა და ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში გაყიდვების ზრდას უკავშირდება, სადაც მოთხოვნა კვლავინდებურად ნახევრად ტკბილ ღვინოებზე, როგორც უწინ, საბჭოთა პერიოდში. ის, რაც ქართული ღვინის ნამდვილი სახეა - ტრადიციული ტექნოლოგიით დაყენებული ქვევრის ღვინო, დიდი ცნობადობით უცხოურ ბაზარზე არ გამოირჩევა. ეს ბუნებრივიცაა - ის კომპანიები და ოჯახური მეღვინეობები, რომლებიც ასეთ პროდუქტს ამზადებენ, ცოტაა, არ აქვთ გათვლა მასიურ ექსპორტზე და შესაბამისად, არც იმის სახსრები გააჩნიათ, რომ ევროპის ან რომელიმე სხვა დიდ ბაზარზე მასშტაბური სარეკლამო კამპანია გამართონ. ამას რომ თავი დავანებოთ, ღვინის მსხვილ კომპანიებსაც არ აქვთ სახარბიელოდ საქმე - ევროპულ თუ ამერიკულ ბაზარზე დიდი გაყიდვებით ნამდვილად ვერ დაიკვეხნიან, აზიაშიც ახლა ცდილობენ ფეხის მოკიდებას, თუმცა ეს ურთულესი ამოცანაა ძლიერი კონკურენციისა და სუსტი ცნობადობის ფაქტორის გათვალისწინებით.

არც ისე დიდი ხნის წინ მსოფლიო ბანკმა, ჩვენი მთავრობის დაკვეთით, ქართული პროდუქციის კონკურენტუნარიანობა შეისწავლა. საიმონ ბელმა, მსოფლიო ბანკის ჯგუფის დარგორივი კონკურენტუნარიანობის ექსპერტმა საყურადღებო რჩევები მოგვცა. მისი აზრით, ქართველი მწარმოებლებისთვის უმჯობესი იქნება, თუ უცხოურ ბაზარზე დამკვიდრებას საერთო ძალებით შეეცდებიან, რადგან პატარა ქვეყნის შემთხვევაში მსგავსი ტაქტიკა უფრო მეტადაა წარმატების მომტანი. ამასთან, სანამ საერთაშორისო ბაზრის ათვისებას დაიწყებდნენ, აქაურმა კომპანიებმა ჯერ ადგილობრივ ბაზარზე დამკვიდრებაზე უნდა იზრუნონ. ისეთი რევოლუციური ამ რჩევებში, თითქოს, არაფერია, მაგრამ ჩვენთან მათი განხორციელება ძალიან ნელა ხდება. არსებობენ ღვინის კომპანიები, რომელთა პროდუქტსაც ჩვენში არავინ იცნობს, თუმცა საექსპორტოდ საკმაოდ დიდი რაოდენობით ღვინოს აწარმოებენ. რაც შეეხება საერთო ძალებით უცხოეთის ბაზრის დაპყრობას, ამაზე უკვე მერამდენე წელია მსჯელობა მიდის, თუმცა რეალურად დღემდე ცოტა რამ გაკეთდა.

როდესაც ამას ვამბობ, დიდი მასშტაბის პროექტს ვგულისხმობ, როგორზეც საიმონ ბელს აქვს საუბარი. წლების წინ განხორციელდა პროექტი, რომელმაც რამდენიმე ღვინის კომპანია ერთი ბრენდის, Georgian Wine Family-ის ქვეშ გააერთიანა. სწორედ ამ სახელით იყვნენ წარდგენილნი ისინი მსოფლიო ბაზარზე. როგორც ასოციაცია "ქართული ღვინის" თავმჯდომარის, ქალბატონ თინა კეზელისგან შევიტყვეთ, ეს ინიციატივა წარმატებული აღმოჩნდა. მეტიც, ამ წამოწყებამ ევროპის ღვინის ჟურნალისტების პრიზიც მიიღო წლის საუკეთესო წამოწყებისთვის.

დღეს ქართული ღვინის ასოციაცია ახალი ინიციატივით გამოდის. მისი საერთაშორისო ურთიერთობებისა და მარკეტინგის მენეჯერმა, ბატონმა გიორგი აფხაზავამ გვითხრა, რომ აქაურ და უცხოელ ექსპერტებთან, სახელმწიფო სტრუქტურებსა და მწარმოებელ კომპანიებთან ერთად მათ მუშაობა წამოიწყეს დოკუმენტ-სტრატეგიაზე, რომელიც დარგის საექსპორტო ბაზრების განვითარების სამოქმედო გეგმას წარმოადგენს. ეს დოკუმენტი უცხოური ბაზრების პოტენციალის ათვისებას ერთიანი ბრენდით, ანუ სახელით, "ქართული ღვინო" გულისხმობს.

თინა კეზელის თქმით, ყველა ქვეყანას აქვს რაღაც ლეგენდა (თუ არ აქვს, ცდილობს შექმნას ის), რაზეც აიგება ღვინის ეროვნული პიარ-კამპანია და იქნება ერთიანი იმიჯის საფუძველი. ჩვენ ამისთვის დიდი მასალა გვაქვს და ამაზე ეთნოგრაფები, ისტორიკოსები, მეღვინეები, უცხოელი ექსპერტები ერთობლივად მუშაობენ, რომ შეჯერდნენ ერთ იდეაზე. "მთელი ჩვენი კულტურა გადაჯაჭვულია ღვინოსთან. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რამაა, რაც მსოფლიოსთვის გვაქვს სათქმელი - ის, რომ ღვინის სამშობლო ვართ. თუმცა გვინდა არა მხოლოდ იმაზე ვისაუბროთ, რომ მეღვინეობის რვა ათასწლოვანი ისტორია გვაქვს, არამედ იმაზეც, რომ საქართველო დღეს აწარმოებს ძალიან მაღალხარისხიან ღვინოს", - ამბობს თინა კეზელი. მისი განცხადებით, ეს არ არის ისეთი მარტივი პროექტი, რომ წარმოვიდგინოთ, როგორც მხოლოდ ეტიკეტზე რაიმეს დატანა. მოსაფიქრებელია ერთიანი სლოგანი, რომელიც შესაძლოა არც იყოს ეტიკეტზე, თუმცა ის ითამაშებს დიდ როლს ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდაში.

ერთ-ერთი მთავარი ამ წამოწყებაში ის გახლავთ, რომ ამგვარი სტრატეგია ხელს შეუწყობს უცხოეთის ბაზარზე ქართველი მწარმოებლის შესვლას ისე, რომ ფალსიფიცირება თავიდან იქნას აცილებული. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც საერთო რეკლამა იქნება, რომელიც ქართული ღვინის ფენომენს მსოფლიოს გააცნობს. ეს ყველა კომპანიის წარმატებისთვის გამიზნული სტრატეგიაა, რომელიც მათ არა მხოლოდ მარკეტინგული, არამედ პიარის თვალსაზრისითაც ძალიან დადებით შედეგებს მოუტანს. ეს წამოწყება არ გულისხმობს კომპანიების დავალდებულებას, რომ აუცილებლად მიიღონ მასში მონაწილეობა. "თუ სახელმწიფო ჩათვლის, რომ ყველასთვის სავალდებულო უნდა იყოს ერთიანი ბრენდის ქვეშ გაერთიანება და კანონს მიიღებს, სხვა საქმეა. საერთო ჯამში, ეს იქნება ყველას წარმატებისთვის გამიზნული რაღაც და ეს ყველა საღად მოაზროვნე კომპანიისთვის გასაგებია", - ამბობს კეზელი.

ღვინის კლუბის პრეზიდენტი, მალხაზ ხარბედია მიიჩნევს, რომ პირველ რიგში, უნდა მოხდეს საერთო ღირებულებების, გნებავთ  პრიორიტეტების განსაზღვრა, რომელიც გააერთიანებს ღვინის კომპანიებს, რომლებიც მომხმარებელს სრულიად სხვადასხვა ტიპის ღვინოებს სთავაზობენ. მისი აზრით, ამ წამოწყების სისრულეში მოყვანა ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა სწორად უნდა ჩამოყალიბდეს მთავარი კონცეფციაც, რომლითაც ქართული ღვინის მსოფლიოსთვის გაცნობა მოხდება და ყურადღებით შეირჩეს ის კომპანიებიც, რომლებიც ამ ფენომენს გააცნობენ უცხოელ მომხმარებელს.

ეს, მართლაც, ძალიან საყურადღებო მომენტია. ის, რაზეც ამდენი პროფესიონალი მუშაობს - მთავარი იდეის, სლოგანის შემუშავებაზე, ბუნებრივია, მხოლოდ ქართული ღვინის წარმატებაზეა გათვლილი. ამასთან, არსებობენ ღვინის კომპანიები, რომლებიც აწარმოებენ და უცხოეთში ჰყიდიან პროდუქტს, რომელსაც ქართული ღვინის ფენომენთან, მის სახესთან არაფერი აქვს საერთო, რომ არაფერი ვთქვათ დაბალ ხარისხზე. ამიტომ ზოგიერთ მწარმოებელს, რომელსაც პრეტენზია აქვს ღვინის ხარისხზე, მაინცდამაინც არ ხიბლავს იდეა, რომ Wines of Georgia ეწეროს მისი ბოთლის ეტიკეტზეც და იმათ პროდუქტზეც, ვინც ეჭვის ქვეშ აყენებს ქართული ღვინის იმიჯს. თუ უცხოელი მომხმარებელი ქართულ ღვინოს წარუმატებელი პროდუქტით გაიცნობს, მან მართლაც შეიძლება შემდეგში გვერდი აუაროს სხვა ღვინოებსაც, რომელზეც აღნიშვნა Wines of Georgia იქნება გაკეთებული. ამიტომ ის კომპანიები, რომლებსაც გააერთიანებს ეს ბრენდი, ყურადღებით უნდა იქნეს შერჩეული. აქედან გამომდინარე, მიმზიდველობას კარგავს კანონის ძალით ყველა ქართული წარმოშობის ღვინის გაერთიანების იდეაც.

ზოგადად კი, ბრენდების ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანება სხვა ქვეყნების მიერ აპრობირებული, წარმატებული მეთოდია. მაგალითად, 2007 წელს საფრანგეთმა გადაწყვიტა ღვინის ეროვნული ბრენდის შექმნა, რომელიც ადგილობრივ ღვინოს ერთი სახელის ქვეშ – ‘Vignobles de France’ (საფრანგეთის ვენახები) გააერთიანებდა. ეს, უმეტესწილად, ერთი პრობლემის გადაჭრის მიზნით კეთდებოდა – უნდა შემცირებულიყო გასაყიდად დარჩენილი ღვინის მოცულობა, რაც ბოლო ხანებში დიდ პრობლემად იქცა. მთავარ ღირებულებას ამ პროექტს ბრენდის სახელწოდების სიტყვა "საფრანგეთი" ანიჭებდა, რომელიც მომხმარებლისთვის ნამდვილად ბევრს ნიშნავს. ჩვენს შემთხვევაში, რა თქმა უნდა, სწორედ ამ კომპონენტებზე, ანუ ქართულზე და საქართველოზე უნდა მოხდეს მუშაობა, რაც არის კიდეც ქართული ღვინის ასოციაციის სტრატეგიის მთავარი ნაწილი. არსებობს ერთი არანაკლებ მნიშვნელოვანი გარემოებაც - მარკეტინგის ერთობლივი წარმოება და საერთო დისტრიბუციის ქსელის შექმნა ფინანსურადაც ძალიან მომგებიანია, რადგან ნაკლებ სახსრებს მოითხოვს. ასე რომ, ჩვენებური მაქსიმა "ძალა ერთობაშია" ამ პროექტს შესანიშნავად ერგება. აქ მთავარი ისაა, რომ ყველას, ვინც ქართულ ღვინოს აწარმოებს, ინტერესები და ღირებულებები ერთმანეთს დაემთხვეს.

© ღვინის კლუბი/Weekend



http://www.youtube.com/watch?v=dmsmJocj2wE&NR=1


შემეშალა ლინკი :) http://www.youtube.com/watch?v=gPKcBpazOzg&feature=related

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული