Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინის კომპანიები კრიზისს თავს ვერ აღწევენ

მარი ჩიტაია

ქართული ღვინის ექსპორტის შესახებ ბოლო დროს საკმაოდ დამაიმედებელი ინფორმაცია ვრცელდება. ცვლილება ღვინის ექსპორტის ზრდას შეეხება. რუსული ბაზრის დაკარგვის შემდეგ ალტერნატიული ბაზრის მოძიება ქართველი მეღვინეებისთვის რთული აღმოჩნდა, რის გამოც ღვინის ექსპორტი წლიდან წლამდე საკმაოდ დიდი მაჩვენებლებით განაგრძობდა კლებას.
  სტატისტიკის თანახმად, ქართული ღვინის ექსპორტი რუსეთის ემბარგომდე - 2006 წელს 60 მილიონ ბოთლს შეადგენდა, გასულ წელს კი ექსპორტმა 16 მილიონი ბოთლი შეადგინა. თუმცა, საგულისხმოა, რომ 2010 წლის დასაწყისიდან ქართული ღვინის ექსპორტი იზრდება. იანვარ-ივნისის მდგომარეობით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 48%-ით არის გაზრდილი.
  ქართველ მეღვინეებს ღვინის ექსპორტთან დაკავშირებით ბაზარზე არაერთგვაროვანი პოზიცია უჭირავთ. შესაბამისად, სხვადასხვა კომპანიებში არსებული მდგომარეობა ერთმანეთისგან განსხვავებულია. ზოგიერთი მათგანი ბოლო პერიოდში ღვინის ექსპორტის გაუმჯობესებულ ვითარებაზე საუბრობს. ზოგიც პირიქით, ამბობს, რომ მდგომარეობა წინა წელთან შედარებით, არსებითად არ შეცვლილა.
  აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო რატომღაც არ საუბრობს. დიდი მცდელობის მიუხედავად, ვერ მოიძებნა კომპეტენტური პირი, რომელიც ღვინის ექსპორტის შესახებ სათანადო ინფორმაციას მოგვაწოდებდა.
  ოფიციალური მონაცემებით, რომელიც წინა წლის მდგომარეობას ასახავს, 2009 წელს, 11 თვის განმავლობაში ქართული ღვინო ექსპორტზე 46 ქვეყანაში გაიგზავნა. საერთო ჯამში, ექსპორტირებულმა ღვინომ 10 015 392 ბოთლი შეადგინა. წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, ეს რიცხვი 1 523 428 ბოთლით ნაკლებია. 2008 წლის 11 თვის
  მონაცემებით, ექსპორტზე 11 538 820 ბოთლი ღვინო გავიდა. სტატისტიკის მიხედვით, პროდუქციის დიდი ნაწილი უკრაინაში, ყაზახეთში, ბელორუსიაში, ამერიკაში, პოლონეთში, ლატვიაში, გერმანიასა და ისრაელში გაიგზავნა. თუმცა, ზოგიერთ ქვეყანაში ბევრად ნაკლები ღვინის ექსპორტი განხორციელდა, ვიდრე 2008 წელს. მაგალითად, თუკი 2008 წელს უკრაინაში 6 421 000 ბოთლი ღვინის ექსპორტი განხორციელდა, 2009 წელს მხოლოდ 4 006 503 ბოთლი გაიგზავნა.
  ასევე საგრძნობლად შემცირდა ღვინის ექსპორტი ამერიკაში. 2008 წელს აშშ-ში 460 690 ბოთლი ქართული ღვინო გავიდა, 2009 წელს კი იქ ექსპორტირებული ქართული ღვინის რაოდენობამ 369 832 ბოთლი შეადგინა. ღვინის ექსპორტი შემცირდა ლატვიაშიც, სადაც შარშან 11 თვის განმავლობაში 813 089 ბოთლი ღვინო გავიდა, წლეულს მარტოოდენ 348 974 ბოთლი.
  სოფლის მეურნეობის სამინისტროში ღვინის ახალი ბაზრების შესახებ არ საუბრობენ. ქართველი მეღვინეების ინფორმაციით, ასეთია კორეა, კანადა, ყაზახეთი და სხვა, სადაც ქართული ნაწარმი იგზავნება.
  გავრცელებული ინფორმაციით, წლის ბოლომდე ქართული ღვინო გაიყიდება ნორვეგიაშიც. ნორვეგიის სახელმწიფო კომპანია ვინმონოპოლეტ-მა 2010 წლის მეორე ნახევარში ტენდერების საფუძველზე შესაძენი ალკოჰოლური სასმელების ნუსხაში ქართული ღვინოც შეიტანა, ამის შესახებ ევროკავშირ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ხელმძღვანელმა კოტე ზალდასტანიშვილმა განაცხადა.
  მისი ინფორმაციით, სატენდერო პირობების თანახმად ნორვეგია მხოლოდ 2007 წლიდან ჩამოსხმულ, თეთრ ღვინოს მიიღებს, რომლის ღირებულებაც 300 ნორვეგიულ კრონზე ნაკლები იქნება.
  საკუთარი პროდუქციის რეალიზაცია "საქართველოს ღვინოებისთვის" გასულ წელს ძნელი აღმოჩნდა. კომპანიას გაყიდვები, ფაქტობრივად, ჩაუვარდა. კომპანიის ნაწარმის ძირითადი მყიდველია უკრაინა. "საქართველოს ღვინოების" პროდუქცია ექსპორტზე ასევე იგზავნება გერმანიაში, ყაზახეთში, ამერიკაში, ბოლო დროს კორეასა და კანადაში.
  გასულ წელს კომპანიამ მხოლოდ 130-140 ათას ბოთლამდე ღვინის გატანა მოახერხა. ეს იყო "საქართველოს ღვინოების" საქმიანობაში პირველი ცუდი წელი, როდესაც 2007-სა და 2008 წელთან შედარებით, გაყიდვები საკმაოდ დაეცა. თუმცა, ამ ეტაპისთვის მდგომარეობა გაუმჯობესებულია.
  "გასულ წელთან შედარებით, 2010 წელს უკეთესი ვითარება შეიმჩნევა, აშკარად გაუმჯობესებულია. ვფიქრობ, კრიზისმა თავისი სათქმელი თქვა და სიძნელეები უკან ჩამოვიტოვეთ. ქართული ღვინის ექსპორტის თვალსაზრისით, არის გარკვეული სიახლეებიც. გვაქვს ახალი ბაზრები. ასეთია კორეა, სადაც გარკვეული რაოდენობით შევიტანეთ ჩვენი ნაწარმი. ამასთან, ახალი ბაზარია კორეა. ინტერესი ნებისმიერი ქვეყნიდანაა. კორეაში ჩვენ ჯერჯერობით ერთი კონტეინერი გავუშვით. შედეგზე საუბარი ჯერ ძალიან ნაადრევია. წელიწადნახევრის შემდეგ შევძლებთ ამაზე საუბარს. დადებითი შედეგის მისაღწევად საჭიროა დრო, რეკლამა, სწორი გათვლა და ა.შ. ძალიან დიდი ძალისხმევა იქნება გასაწევი იმისთვის, რომ ქართული ღვინოს რეალიზაცია წარმატებით განხორციელდეს საგარეო ბაზრებზე, როგორც ეს რუსეთში, ქართული პროდუქციისთვის ემბარგოს გამოცხადებამდე ხდებოდა", - ამბობს "საქართველოს ღვინოების" დირექტორი მამუკა გვალია.
  "სამეფო ხარისხი 2009"-ს დირექტორი ვანო ნოზაძე აცხადებს, რომ კომპანია პროდუქციის ექსპორტს ქვეყნის გარეთ არ ახორციელებს. რაც შეეხება შიდა ბაზარზე გაყიდვებს, ზრდა ამ მიმართულებით არ შეინიშნება.
  "საგარეჯოს საექსპორტო ღვინოების კომპანიაში" აცხადებენ, რომ მდგომარეობა 2010 წელს, ფაქტობრივად, არ შეცვლილა. პირიქით, გაყიდვების მაჩვენებელი ბოლო პერიოდის განმავლობაში უკან იწევს. კომპანია "თბილღვინოში" მიიჩნევენ, რომ ქართული ღვინის ინდუსტრია რუსული ბაზრის ჩასანაცვლებლად უუნარო აღმოჩნდა.
  ასეთი ხმაურიანი განცხადება სულ რამდენიმე დღის წინ გააკეთა "თბილღვინოს" ხელმძღვანელმა გიორგი მარგველაშვილმა, რომლის თქმით, რუსეთის ემბარგოს შემდეგ ქართული ღვინის ბაზარმა საექსპორტო პოტენციალის 90% დაკარგა. შემდეგ ბაზარს კრიზისმა მოუსწრო, რომლის შედეგები ჯერ კიდევ სახეზეა.
  მისივე განმარტებით, სიტუაციის უახლოეს პერიოდში გამოსწორებას ღვინის კომპანიები არ ელოდებიან. კომპანია "თელიანი ველის" გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ რუსეთის ბაზარზე ძირითადად უხარისხო ქართული ღვინო იყო გავრცელებული, "თელიან ველს" კი ყოველთვის ევროპული და უკრაინული ბაზარი აინტერესებდა. ამიტომ, შოთა ხობელიას განცხადებით, რუსეთის ემბარგოს კომპანია არ დაუზარალებია.
  მისივე თქმით, 2010 წლის დასაწყისიდან 2009 წელთან შედარებით ექსპორტის გამოცოცხლება შეინიშნება, ხოლო "თელიანი ველი" ახალი ბაზრების ათვისებას ინდოეთის, სინგაპურის და ჰონგ-კონგის მიმართულებით აპირებს.
  გაყიდვების მიხედვით, კომპანიას ქართულ ბაზარზე 45% უჭირავს. ამასთან, ექსპორტს ახორციელებს 25-ზე მეტ ქვეყანაში: ბელორუსი, უკრაინა, დიდი ბრიტანეთი, კანადა, ფინეთი, ამერიკა, სინგაპური, თურქეთი და სხვა ქვეყნები. ღვინის ქართული კომპანიებისთვის დიდი იმედის მომცემია გადაწყვეტილება, რის მიხედვითაც საქართველოში დაცულ "ხვანჭკარას", "თელიანს", "ქინძმარაულსა" და კიდევ სხვა 18 დასახელების ღვინოს, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთაღიარების შეთანხმების ძალაში შესვლისთანავე, დაცვა ევროკავშირის ქვეყნებშიც მიენიჭება.
  ორმხრივი ურთიერთაღიარების შეთანხმების ძალაში შესვლისთანავე ღვინოების ჩამონათვალს სოფლის მეურნეობისა და სხვა საკვები პროდუქტების გეოგრაფიული აღნიშვნებიც დაემატება. ევროკავშირთან შეთანხმება ქართულ ბრენდებს ფალსიფიცირებისგან დაიცავს და, გარკვეულწილად, პროდუქციის ექსპორტსაც გააუმჯობესებს.
 
© რეზონანსი
 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.