Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

100 ათასი ტონა ყურძენი და ჯერჯერობით არც ერთი თეთრი დახმარება

ბოლო წლებში ყველაზე მცირე მოსავალი, ალბათ, წელს იქნება
 
მაკა ხარაზიშვილი
ერთ კვირაში რთველი დაიწყება. რა რაოდენობით თანხა გამოიყოფა რთველის სუბსიდირებისთვის ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი. არც ის არის ცნობილი, რა რაოდენობის ყურძენს მიიღებს ქვეყანა. თუმცა, ექპერტების ვარაუდით, მოსავალი მცირე იქნება, დაახლოებით, 100 ათასი ტონამდე, ვინაიდან გაზაფხულის მიწურულს მოსულმა სეტყვამ დიდი რაოდენობით ვენახი გააფუჭა.
  "ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი, რა ოდენობის თანხა გამოიყოფა სუბსიდირებისთვის. ამ საკითხზე ვმუშაობთ და მთავრობის სხდომაზე პრეზენტაციას გავაკეთებთ", - განაცხადა "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა.
  "ბიზნეს რეზონანსი": შარშან ამ მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტიდან 22 მილიონი ლარი გამოიყო. ეს თანხა მთლიანად დაიხარჯა.
  "ბ.კ": ამ თანხიდან მხოლოდ 10 მილიონი დაიხარჯა.
  როგორც უკვე აღვნიშნეთ, გაზაფხულის სეტყვამ ჰექტრობით ვენახი დააზიანა. გურჯაანელები აცხადებენ, რომ ზოგ ვენახში ერთი მტევანი ყურძენიც კი სანთლით საძებარია.
  "ველისციხეში ვენახი ორ ადგილზე მაქვს. ერთი შედარებით გადარჩენილია, მაინცდამაინც დიდი ვენახი გამიფუჭდა. მტევნები აქა-იქ ჩანს. თუ წინა წლებში 20-15 ტონა ყურძნის მოსავალს ვიღებდი, ახლა 2-3 ტონა შეიძლება მოვკრიფო. გარდა ამისა, გადარჩენილი ყურძენის დიდი ნაწილი უხარისხოა. ყურძენს ჭრაქი აქვს გაჩენილი, ეს უხარისხო შხამქიმიკატების ბრალია. 
  ხომ შეიძლება ერთხელ და სამუდამოდ, ვინმემ ფალსიფიცირებულ პროდუქტს მიხედოს, რა ქნას გლეხმა ამინდს ვებრძოლოთ თუ ფალსიფიკატორებს. როგორც ყოველთვის ვენახს ვალით მოვუარე, ახლა ვალსაც კი ვერ ვფარავ", - ამბობს ველისციხელი მევენახე.
  გარდა იმისა, რომ მოსავალი მცირეა, ექსპერტის პაატა კოღუაშვილის განცხადებით, დასეტყვილი ყურძენი მაღალი ხარისხის ღვინოს ვერ მოგვცემს. მისი გამოყენება მხოლოდ წვენის საწარმოებლად და დაბალი ხარისხის სპირტიანი სასმელებისთვისაა სასურველი.
  შარშან კახეთში, დაახლოებით, 180 ათასი ტონა ყურძენი მოვიდა, წლეულს კი მევენახეები 100 ათას ტონამდე მოსავალს ელიან.
  "ცხადია, შარშანდელზე ნაკლები მოსავალი გვექნება. ვენახი სერიოზულად დაგვესეტყვა, მძიმე მდგომარეობა შეგვექმნა ველისციხეში, რომელიც ერთ-ერთი დიდი სამეწარმეო ბაზა იყო. ჩვენ უნდა ვაწარმოოთ მხოლოდ და მხოლოდ მაღალი ხარისხის ღვინო. ამ მიმართულებით მეღვინეებთან სერიოზული საუბრებია საჭირო", - ამბობს კოღუაშვილი.
  ექსპერტი აღნიშნავს, რომ ქართული ღვინის რეალიზაციას უდიდესი პრობლემები აქვს. ევროკავშირის კანონმდებლობა მეღვინეეებს დიდ მოთხოვნებს უყენებს, ვინაიდან ევროკავშირის ბაზარი მაქსიმალურად დაცულია.
  "ამიტომ არაფერი გამოვა თუ რაღაც გამონაკლისი არ დაუშვეს. მარტო წლევანდელ მოსავალზე არ არის საუბარი, ჩვენი მომავალი კეთილდღეობა ამაზეა დამოკიდებული. ეს არ არის ემოცია, ჩვენი სინამდვილეა. ქართული ყურძენი უნიკალურია და უნდა გავუფრთხილდეთ", - აცხადებს კოღუაშვილი.
  2 წლის განმავლობაში ხელისუფლება გლეხებს ვაუჩერებს ურიგებს, ანუ ისინი სახელმწიფოდან სუბსიდიის სახით, ყოველ გაყიდულ 1 კილოგრამ ყურძენზე დანამატს იღებდნენ: ერთ კილოგრამ საფერავზე - 25 თეთრს, ხოლო რქაწითელზე - 15 თეთრს. მართალია, შარშან, რთვლის სუბსიდირებაზე გაცილებით მეტი თანხა დაიხარჯება, ვიდრე შარშანწინ, მაგრამ გლეხები მაინც უკმაყოფილოები დარჩნენ. მათი განცხადებით, 1 კილოგრამ საფერავს თავისი დანამატით 40-45 თეთრად ყიდიან, ეს თანხა კი თვითღირებულებაზე დაბალია.
  "წლეულს ყველა ხილი გაძვირებულია. იმედია, მეღვინეები ყურძენში შარშანდელ ფასს არ შემოგვთავაზებენ და ამ საკითხს სახელმწიფოც გაითვალისწინებს. მოსავალი ისედაც მცირეა და ვენახის მოვლაზე გაწეული ხარჯი ხომ მაინც უნდა ავიღოთ", - ჩივიან გლეხები.
  ექსპერტების განცხადებით, სახელმწიფო სოფლის მეურნეობის დარგის, კერძოდ რთვლის სუბსიდირებისათვის გარკვეულ პოლიტიკას ატარებს და შესაძლებლობის ფარგლებში საკმაო თანხებსაც ხარჯავს, მაგრამ დარგის განვითარების გრძელვადიანი პერსპექტივა ჯერ არ ჩანს.
  ექსპერტების აზრით, ამ დახმარებაში იხარჯება ათეულობით მილიონი ლარი, რომელიც გაცილებით აზრიანად შეიძლებოდა დახარჯულიყო. კერძოდ, გლეხის განათლებაში, საწარმოს გამართვაში, გლეხისთვის ჯანსაღი კონკურენციული გარემოს შექმნაში და ა.შ.
  "ფალსიფიკაციასთან ბრძოლა ჩვენთან, არსებითად, შეჩერებულია... შარშანდელი რთველი იმით უფრო იყო წარმატებული, რომ პრობლემები გაცილებით წარმატებულად იყო შენიღბული... ვენახების მდგომარეობა გაუმჯობესდა იმ აზრით, რომ გაცილებით შემცირდა ჰიბრიდული ჯიშებით გაშენებული ვენახების რაოდენობა. გაუარესება იმ მხრივ იგრძნობა, რომ მოსახლეობა ადგილობრივი ჯიშებით გაშენებულ ვენახსაც კი ჩეხავს", - აღნიშნავენ ექპერტები.
სტატისტიკური მონაცემებით, ბოლო 5 წლის განმავლობაში ქვეყანამ ყურძნის ყველაზე დიდი მოსავალი 2007 წელს მოიწია, როდესაც პროდუქციის რაოდენობამ 227 000 ტონა შეადგინა. 2006 წელს ქვეყანამ 163 000 ტონა ყურძენი მიიღო. ყველაზე ნაკლები, 130 000 ტონა ყურძენი 2008 წელს დაფიქსირდა. 2009 წელს ყურძნის მოსავალმა, დაახლოებით, 180 000 ტონა შეადგინა.
 
© რეზონანსი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული