გამოქვეყნებულია: 11 მარტი, 2012 - 15:02
კანადელმა მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ღვინის მწარმოებელი კომპანიის დასახელება მის ფასზეც აისახება - რაც უფრო რთული სახელი ჰქვია კომპანიას, მით უკეთ იყიდება მისი ღვინო. პროფესორმა ანტონია მანტონაკისმა ჩაატარა კვლევა, რომლის საფუძველზეც დაადგინა, რომ ღვინის ინგლისურენოვანი დამფასებლები იმ ღვინის შეძენას ამჯობინებენ, რომლის მწარმოებელი კომპანიის სახელიც რთულად წარმოითქმის. ასეთ ღვინოებს მომხმარებელი რატომღაც უფრო ელიტურად, იშვიათად და, შესაბამისად, უფრო ძვირფასადაც თვლის, ვიდრე მათსავე უბრალოსახელიან სახეობებს. რთული დასახელება ღვინის ღირსებებს მყიდველის თვალში ერთგვარად ამაღლებს და ასეთი სასმელი მომხმარებელს უფრო ხარისხიანი და გემრიელიც კი ეჩვენება. დოქტორი მანტონაკისი აქვე აღნიშნავს, რომ ეს კვლევა, რა თქმა უნდა, არ ასახავს ღვინის ბაზრის რეალურ სიტუაციას. მეცნიერებს აქამდეც არაერთი საინტერესო კვლევა ჩაუტარებიათ და საინტერესო შედეგებიც მიუღიათ - მაგალითად, ადამიანთა უმრავლესობამ, ბრმა დეგუსტაციის პირობებში, საერთოდ ვერ განასხვავა ძვირფასი და იაფფასიანი ღვინოების გემო და არომატი.
© ღვინის კლუბი/Weekend
თქვენი კომენტარი