Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ღვინის სტრატეგია – მოკლედ

მარტის დასაწყისში ღვინის ეროვნულ სააგენტოსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) კერძო სექტორის განვითარების პროგრამის ორგანიზებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა სასტუმრო „თბილისი მერიოტში“, სადაც ,,საქართველოს ღვინის სექტორის განვითარების სტრატეგია“ წარადგინეს.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებული დოკუმენტი გრძელვადიან ხედვას გულისხმობს და მიმდინარე სიტუაციის ანალიზის გარდა სექტორის განვითარების პერსპექტივებსაც ეხება. ეს გახლავთ სამუშაო, პირველადი დოკუმენტი, რომელიც დროთა განმავლობაში ალბათ კიდევ დაიხვეწება და უფრო საჯარო განხილვის საგანიც გახდება.

სამუშაო შეხვედრა ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, გიორგი სამანიშვილმა გახსნა, სტრატეგია კი დარგის სპეციალისტმა, ბერტოლდ ზაიცმა წარმოადგინა. წარდგენის შემდეგ გაიმართა დისკუსია, ასევე შეიქმნა 4 სამუშაო ჯგუფი, რომლებმაც რამდენიმე საათის განმავლობაში განსაზღვრეს ის ძირითადი მიმართულებები, რომელიც კიდევ უფრო დააკონკრეტებდა წარმოდგენილ სტრატეგიას. მევენახეობა-მეღვინეობა, ღვინის მარკეტინგი და ღვინის ტურიზმი, კვლევა და კონსულტაცია, ინსტიტუციონალური განვითარება, ღვინის კონტროლი და რეგულაცია, განათლება და უნარები, კლიმატი და გარემოს დაცვა. ეს ის ძირითადი თემებია, რომლებზეც შეხვედრაზე წარიმართა მუშაობა.

სტრატეგიაში გათვალისწინებული იყო ყველა მიმართულება, მევენახეობის რგოლიდან დაწყებული – ღვინის მარკეტინგითა და საკონსულტაციო ცენტრებით დამთავრებული. ცხადია, ყველაფერი ვენახიდან იწყება და ამ სფეროში ვერანაირი განსაკუთრებული ძვრა ვერ მოხდება, თუკი პირველ რიგში ვენახშივე არ შეიცვალა მიდგომები. იგულისხმება ყურძნის მოყვანის ყველა ეტაპი, ჯიშის შერჩევიდან და გასხვლიდან – რთვლამდე. ამ კონკრეტულ სტრატეგიაში ყველაზე მეტი ყურადღება რთვლის პერიოდს ეთმობა, საუბარია ყურძნის სუბსიდირების მარტივი სისტემიდან, ხარისხზე ორიენტირებულ სუბსიდირების სისტემაზე გადასვლაზე და ასევე ვენახის კადასტრის, როგორც მევენახეობის მართვის ერთგვარი მექანიზმის შემუშავებაზე. ყურადღებაა გამახვილებული სერტიფიცირებული ვაზის სელექციის სისტემის შექმნაზეც და პრაქტიკული სასწავლო ცენტრების დაარსებაზე მევენახეობა-მეღვინეობაში. ცხადია, დიდი ადგილი უნდა დაეთმოს ტრადიციული ვაზის ჯიშების განვითარება–პოპულარიზაციასაც.

დღესდღეობით ნამდვილად არასახარბიელო მდგომარეობაა ამ რგოლში, რადგან, ჯერ კიდევ აქტიურად ხდება რთვლის მარტივი სუბსიდირება, არადა ბოლო წლებმა გვაჩვენა, რომ სუბსიდირება უკვე ზედმეტია თანამედროვე პირობებში, მაშინ, როდესაც ხარისხიან ყურძენს უკვე გამოუჩნდა მყიდველი, როცა დიდი კომპანიები პოსტსაბჭოთა ქვეყნების გარდა, ახალ ვრცელ ბაზრებზეც აქტიურად იკიდებენ ფეხს (მაგ. ჩინეთში) და შესაბამისად რაოდენობებსაც ზრდიან, ხოლო მცირე და საოჯახო მარნების მკვეთრად გაზრდილმა რიცხვმა კი ფაქტობრივად მოხსნა ყურძნის ჭარბწარმოების პრობლემა. ამ თვალსაზრისით, წლევანდელი წელი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი იქნება. იმედია სრულად თუ არ მოიხსნება, მნიშვნელოვნად მაინც შემცირდება რთვლის სუბსიდირება.

შემდეგი საფეხური სტრატეგიაში მეღვინეობა და ღვინის ხარისხის გაუმჯობესება გახლავთ. სტრატეგიის ავტორები რამდენიმე ახალ პუნქტს გვთავაზობენ: მათი აზრით, პირველ რიგში მნიშვნელოვანია გადაიხედოს დაცული კონტროლირებადი ადგილწარმოშობის სტანდარტები და ამოქმედდეს დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის ცნება, რომელიც უკვე რამდენიმე წელია აქტიურად გამოიყენება ევროპაში. გარდა ამისა, არსებობს იდეა ღვინის უმაღლესი ხარისხის კლასიფიკაციის შემოღების შესახებ, მაგ. ცნება – რეზერვი, რომელსაც უკვე ქართული ღვინის რამდენიმე კომპანია იყენებს. და კიდე ერთი, ტრადიციული ქართული, ქვევრის ღვინო, რომელსაც ექსპერტების აზრით, ნამდვილად სჭირდება ხარისხის განვითარებაში ხელშეწყობა.

ღვინის ეროვნული სააგენტოსა და GIZ–ის კვლევაში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა კლიმატურ და ეკოლოგიურ პრობლემებსაც, თუმცა იგი მხოლოდ სამ საკითხს მოიცავს: სათბურის ეფექტის შემცირების პოპულარიზაციას, წყლისა და ენერგიის ეფექტიან გამოყენებასა და ადგილობრივი ვაზის ჯიშების ადაპტაციას გარემო პირობებისა და გლობალური კლიმატის ცვლილების გათვალისწინებით.

ალბათ ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი პუნქტები ქართული ღვინის სტრატეგიაში საექსპორტო და ქვეყნის შიდა ბაზრებია. ექსპორტის თვალსაზრისით სტრატეგიის ავტორები უპირველესად ქართული ღვინის ბრენდის ინტენსიურ მხარდაჭერასა და პოპულარიზაციას ახსენებენ, ასევე საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციას, ტრადიციული ბაზრების შენარჩუნებასა და ახალი ბაზრების მოძიებას. მათი აზრით, დიდი ადგილი უნდა დაეთმოს მცირე მარნების წახალისებას, ბიოღვინოების და ავთენტური ქართული ღვინოების პოპულარიზაციას, რაშიც პირველ რიგში რასაკვირველია ქვევრის ღვინოები იგულისხმება. ამ თვალსაზრისით უკანასკნელ წლებში ნამდვილად არის ძვრები უცხოურ ბაზრებზე, თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩინეთმა უკვე მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა საექსპორტო ქვეყნებს შორის, ხოლო ექსკლუზიური, ტრადიციული ქართული ღვინოები სულ უფრო ცნობადი ხდება მთელს მსოფლიოში.

შედარებით გაურკვევლობაა ადგილობრივ ბაზარზე, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში საგრძნობლად იმატა ბოთლის ღვინის მოხმარებამ, გაიხსნა ათეულობით ახალი ღვინის მაღაზია და ბარი თუ ხარისხიან ღვინოზე ორიენტირებული რესტორნები. საქმე ისაა, რომ წლების მანძილზე საქართველოში არ აღირიცხება გაყიდული ღვინის რაოდენობა. მაგალითად, ჩვენ დეტალურად ვიცით, თუ რამდენი ბოთლი ღვინო გაიყიდა უკრაინაში, პოლონეთსა თუ გერმანიაში, სამაგიეროდ არაფერი ვიცით იმის შესახებ, თუ რა რაოდენობის ღვინო იყიდება წლის განმავლობაში მაგ. საქართველოს დედაქალაქ თბილისში, ან რა სტილის ღვინოა ყველაზე პოპულარული საქართველოში და მრ. სხვ. სტრატეგიაშიც რატომღაც მხოლოდ უცხოელი ტურისტების მიერ მოხმარებული ღვინის მაჩვენებლების კვლევაა ჩადებული, არადა ყველაზე საინტერესო ადგილობრივი ბაზრის კვლევისას სწორედ ადგილობრივი მომხმარებლის გემოვნების კვლევაა, რომელიც ბოლო წლების მანძილზე შედარებით დაიხვეწა, უფრო მომთხოვნი, სიახლის მაძიებელი და მრავალფეროვანი გახდა.

გარდა ამისა, შიდა ბაზრის მიმართულებით კიდევ რამდენიმე თემაა ხაზგასმული: ბოთლში ჩამოსხმული ღვინის მიმართ ადგილობრივი მომხმარებლის ნდობის ამაღლება, რეგიონალური ღვინის ფესტივალებისა და საჯარო კონკურსების პოპულარიზაცია ტელევიზიისა და სოციალური მედიის საშუალებით და ზომიერი სმის კონცეფციიის პოპულარიზაციის გზით ადგილობრივ ბაზარზე ღვინის საშუალო მოხმარების მაჩვენებლის ამაღლება.

გარკვეულწილად შიდა ბაზარს ებმის ღვინისა და გასტრონომიული ტურიზმის განვითარების სტრატეგიაც, რომელიც გაცილებით უფრო კონკრეტულ ფორმულირებას და ნაბიჯებს მოითხოვს, ვიდრე ეს სტრატეგიაშია ასახული.

კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი სფეროა ღვინის სექტორის განათლება, რომელიც ბაზრებთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდების გარდა გულისხმობს მოზრდილთა განათლების ხელშეწყობას მევენახეობა, მეღვინეობა, მარკეტინგისა და ღვინის ტურიზმის სფეროში, ასევე უცხოური ლიტერატურის, სახელმძღვანელოებისა და საცნობარო გამოცემების თარგმნას, ქართული სახელმძღვანელოების შექმნას. უკვე წლებია მიმდინარეობს საუბარი ტექნიკური პროფესიული განათლებისა და დუალური განათლების სისტემის პოპულარიზაციაზე და ხელშეწყობაზე, რაც საგრძნობლად შეუწყობს ხელს ქვეყანაში პროფესიონალების ახალი თაობის გაჩენას.

და ბოლოს, სტრატეგიას ასრულებს ღვინის სექტორის კვლევისა და საკონსულტაციო მომსახურების მიმართულება, რომელიც ვაზიდან დაწყებული, ისტორიით დამთავრებული, არაერთ თემას მოიცავს - ვაზის მოვლა, ნიადაგის ანალიზი, ვაზის დაავადებები, ქვევრში ღვინის დაყენების კვლევა, ადგილობრივი ვაზის ჯიშების კვლევა, ვაზის კულტურის ისტორიის კვლევის ხელშეწყობა, ღვინის შესახებ ფართო საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი მონაცემთა ბაზის დაარსება, საუნივერსიტეტო კვლევითი და საგანმანათლებლო ცენტრების დაარსება და ხელშეწყობა ვაზისა და ღვინის კვლევისათვის და სხვ.

სტრატეგიაში კონკრეტული ციფრები და თარიღებიცაა მოყვანილი. მაგალითად ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს 1). 100 მილიონი ბოთლის წლიური ექსპორტი (2021 წლისთვის), 2). იმავე წლისთვის ბოთლზე საშუალოდ მოგების 1 აშშ დოლარით ზრდა, ანუ 3-4 დოლარი, 3). რეგიონის მოსახლეობისა და ღვინის სექტორში დასაქმებულთათვის სტაბილური შემოსავლის შექმნა, 4). დაბეგვრის შედეგად შემოსავლის მიღება, 5). საქართველოს, როგორც ცნობადი ბრენდის შექმნა, 6). საქართველოს ღვინისა და გასტრონომიული ტურიზმის საერთაშორისო დანიშნულების ადგილად ქცევა, 7). მდგრადი მევენახეობა და მეღვინეობის განვითარება, 8). დივერსიფიკაციის შედეგად მდგრადი წლიური ექსპორტის მიღწევა, და რაც მთავარია, 9). სუბსიდირების სისტემის გაუქმება.

მოკლედ, ასე გამოიყურება ქართული ღვინის სტრატეგია. იმედია ახლო მომავალში კიდევ უფრო დაზუსტდება პრობლემები და გამოიკვეთება ის პრიორიტეტული სფეროები, რომლებსაც მეტ-ნაკლებად ყველა მიმართულება მიებმება და ის რეალური ცვლილებები, რომლებიც საბედნიეროდ უკვე გვაქვს კერძო სექტორის, არასამთავრობო ორგანიზაციების, სახელწიფო უწყებების თუ სხვათა მონდომებით, კიდევ უფრო თვალსაჩინო და ეფექტური გახდება.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული