Wines of Georgia ქართული ღვინის კურსს, უფასო საგანმანათლებლო პროგრამას Napa Valley Wine Academy-სთან პარტნიორობით სთავაზობს უცხოელ ღვინის მოყვარულ ადამიანებს, რომლებიც ქართული ღვინით არიან დაინტერესებულნი. კურსის დასასრულს მონაწილეები სერტიფიკატებს აიღებენ. აღსანიშნავია, რომ კურსი ინგლისურ ენაზე იქნება ონლაინ, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველას შეეძლება კურსზე დასწრება, ნებისმიერი ქვეყნიდან.
Wine Enthusiast-ზე ვკითხულობთ, რომ პროგრამის დაწყებამდე რეკომენდირებულია ღვინის შესახებ გარკვეული საფუძველი ჰქონდეს მსურველს (Wine 201 ან WSET level 2). ლექციები მოიცავს ღვინის ქვევრში დაყენების ტექნოლოგიის დეტალურად გაცნობას, ქართული ღვინის კულტურისა და ისტორიის, კულინარიული ტრადიციებისა და მეღვინეობის მნიშვნელობის შესწავლას: “მონაწილეები გაეცნობიან ქართულ უძველეს ჯიშებს, სხვადასხვა სტილის ღვინოებს (მათ შორის საფერავს, რქაწითელსა და ქარვისფერი ღვინის კატეგორიას) ღვინოთა იმ გასაოცარ მრავალფეროვნებას, რითიც ეს ქვეყანა ცნობილია. სტუდენტებს, რომლებიც ამ კურსს გაივლიან, საფუძვლიანად ეცოდინებათ ქართული ღვინო, მისი ისტორია. კურსის დასასრულს კი მიიღებენ საგანმანათლებლო სახელმძღვანელოსა და პრეზენტაციას საქართველოს შესახებ, ასევე საშუალო დონის (Intermediate-level) სერტიფიკატს “ნაპას ველის ღვინის აკედემიისაგან” - ვკითხულობთ გვერდზე.
ქართული ღვინით დაინტერესებულ ადამიანებს, ღვინით მოვაჭრეებს, იმპორტიორებს, ყველას შეუძლია დარეგისტრირდეს სასერტიფიკატო კურსზე Napa Valley Wine Academy-ს ვებ. გვერდზე. ყველა სტუდენტისთვის განკუთვნილია კურსის სამუშაო წიგნი, დეტალური აღწერა ქართული ღვინის ყველა რეგიონისა და ვაზის ჯიშების შესახებ, კურსზე წვდომა მსურველებს 12 თვის განმავლობაში ექნება, დამთავრების შემდეგ კი სერტიფიკატს PDF სახით მიიღებენ. კურსის კურიკულუმს აქ გაეცნობით.
ქართული ღვინის ექსპორტმა შეერთებულ შტატებში 29%-იან ზრდას მიაღწია ბოლო 6 წლის განმავლობაში, Napa Valley Wine Academy-ის მიერ ქართული ღვინის სერტიფიკატის გაცემა კი მნიშვნელოვანია, რადგან ქართულ ღვინოს სულ უფრო და უფრო მეტი მომხმარებელი ჰყავს ამერიკაში. იმის გამო, რომ ქართულ ღვინოებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად იზრდება, საცალო ღვინის საშუალო ფასიც სულ უფრო იწევს, ინტერესი კი ძალიან დიდია ამერიკელი ღვინის მოყვარულთა მიერ. ეს კურსი აუცილებელია ყველასთვის, ვისაც ქართული ღვინის სამყაროს უკეთ გაგება სურს.
© ღვინის კლუბი/vinoge.com
თქვენი კომენტარი