იანვარში „ღვინის ეროვნულმა სააგენტომ“ გასული წლის ღვინის ექსპორტის მონაცემები გამოაქვეყნა. როგორც გაირკვა, 2018 წელს რეკორდული რაოდენობის ქართული ღვინო გაიყიდა ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ასეთი მაჩვენებელი ბოლო 30 წლის მანძილზე არ ყოფილა საქართველოში.
2018 წელს, საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში 86,2 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინო გავიდა. ზრდამ 2017 წელთან შედარებით 13%-ს მიაღწია, ხოლო ექსპორტირებული ღვინის ღირებულებამ 203 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 2017 წლის მაჩვენებელთან შედარებით 20%-ითაა გაზრდილი.
უკვე წლებია არსებითად არ იცვლება პირველი ათეული, მხოლოდ გერმანია და ამერიკა თუ ჩაენაცვლებიან ხოლმე ერთმანეთს და ისიც მე–10 ადგილზე. სხვა მხრივ, როგორც წესი, ყოფილი სოც–ბანაკის ქვეყნები ლიდერობენ ამ ჩამონათვალში:
რუსეთი 53 682 627 ბოთლი
უკრაინა 10 687 835
ჩინეთი 6 951 019
ყაზახეთი 3 599 143
პოლონეთი 3 508 122
ლატვია 1 711 078
ბელორუსია 1 606 002
ესტონეთი 581 190
ლიტვა 488 154
გერმანია 483 791
კარგია, რომ ექსპორტი გაზრდილია ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: იაპონია - 37% (211 883), პოლონეთი - 31% (3 508 122), დიდი ბრიტანეთი - 33% (105 608) და აშშ - 2% (466 056). ევროპაში: შვეიცარია - 378% (25 350), დანია - 111% (17 834), რუმინეთი - 100% (99 774), ჩეხეთი - 81% (61 908), იტალია 69% (17 244), ბულგარეთი - 60% (26 790), ნიდერლანდები - 38% (82 641), გერმანია - 20% (483 791), ლიეტუვა - 17% (488 154), საფრანგეთი - 14% (113 885), ლატვია - 14% (1 711 078), ესტონეთი - 11% (581 190) და ა.შ. თუმცა დამაფიქრებელია, რომ რუსეთი სულ უფრო და უფრო ზრდის თავის წილს ქართული ღვინის მოხმარების თვალსაზრისით. ბოლო სამი წელიწადი გადამწყვეტი იყო ამ თვალსაზრისით. თუკი 2016 წელს 27 222 076 ბოთლი გავიდა რუსთეში, 2017–ში ეს რიცხვი თითქმის გაორმაგდა (47 778 920), 2018–ში კი კიდევ 12%–ით მოიმატა (53 682 627).
26%–იანი მატებაა უკრაინაში (10 687 835), ყაზახეთში - 8% (3 599 143), თურქმენეთში - 196% (197 694), ყირგიზეთში - 63% (218 550), აზერბაიჯანში - 40% (197 724), მონღოლეთში - 27% (214 398), - 26%, სამხრეთ კორეაში - 275% (68 124).
სამაგიეროდ ჩინეთში 8%–იანი კლებაა, ბელორუსში კი 12%–იანი. ორი წელია უკუსვლაა ისრაელის ბაზარზეც.
2018 წელს, ღვინის ექსპორტი 284-მა კომპანიამ განახორციელა. ექსპორტიორი კომპანიების რიცხვი გასულ წელთან შედარებით 34-ით გაიზარდა. მსოფლიოს 26 ქვეყანაში ექსპორტირებულია 20 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 9%-ით აღემატება 2017 წლის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია 40,7 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბრენდი - ზრდა 3%-ს აღწევს. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ყველაზე მეტი ბრენდის სპირტი (ჩამოსასხმელი) უკრაინაში გავიდა (7 936 736 ლიტრი), ასევე საფრანგეთში (7 727 682) და სომხეთში (1 450 546) (სხვათა შორის, მხოლოდ 2019 წლის იანვარში სომხეთში უკვე 632 914 ლიტრი ბრენდის სპირტია გასული).
მსოფლიოს 26 ქვეყანაში ექსპორტირებულია 422 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 47% შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავლები 1,2 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, ზრდამ კი 2017 წელთან შედარებით 44%-ს მიაღწია.
მთლიანობაში - ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ჩამოსასხმელი ბრენდის და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებული შემოსავლები 306,5 მლნ აშშ დოლარს შეადგენს - ზრდამ 2017 წელთან შედარებით 7%-ს მიაღწია.
საინტერესოა ქართული ღვინის საექსპორტო ფასების ტემაც. 2018 წლის აგვისტოში American Association of Wine Economists-ის (AAWE) მიერ გამოქვეყნებული მაჩვენებლების მიხედვით, 2014-16 წლებში, ექსპორტზე გატანილი 1 ლიტრი ღვინის საშუალო ღირებულებით - 3,49 აშშ დოლარი - საქართველო მსოფლიოში მე-5 ადგილს იკავებს. AAWE – „ღვინის ეკონიმისტების ამერიკული ასოციაციის“ მიერ შედგენილი რეიტინგით პირველ ადგილს საფრანგეთი იკავებს (6.59 $), მას მოსდევს ახალი ზელანდია (5.39 $), მესამე ადგილზე კი ამერიკის შეერთებული შტატებია (3.68 $). საქართველოს ერთი ადგილით ავსტრია უსწრებს, რომელიც რეიტინგში მეოთხე ადგილს იკავებს (3.51 $).საქართველოს ამ რეიტინგში ჩამორჩებიან ისეთი ქვეყნები, როგორიცაა ხორვატია (3.41 $), არგენტინა (3.11 $), პორტუგალია (3.07 $), გერმანია (3.06 $), იტალია (3.06 $) და სხვ.
© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი
თქვენი კომენტარი