22 იანვარს ჰონგ კონგში გამართულ Sotheby'sაუქციონზე ლეგენდარული ბრიტანელი კომპოზიტორის, ენდრიუ ლოიდ ვებერის ღვინოების კოლექცია გამოიტანეს. ვაჭრობამ ექვს საათს გასტანა. კოლექცია, რომელიც ექსპერტების მიერ 4,1 მილიონ დოლარად იყო შეფასებული, საბოლოო ჯამში ბევრად ძვირად – 5,6 მილიონ დოლარად გაიყიდა. ამ ფაქტმა კომპოზიტორი ძალიან გაახარა. ,,იმედს ვიტოვებ, რომ ჩემი კოლექცია ახალ მფლობელებსაც ისეთივე სიამოვნებას მიანიჭებს, როგორსაც მე მანიჭებდა. ახლა უკვე ერთი სული მაქვს ეს ღვინოები ჩინეთის რესტორნებში დავაჭაშნიკო” – განაცხადა მან. ენდრიუ ლოიდ ვებერმა, რომელიც ბრიტანეთში, ბერკშირის საგრაფოში ცხოვრობს, ღვინის კოლექციის შეგროვება ჯერ კიდევ მოზარდობისას დაიწყო. ის ირწმუნება, რომ კოლექციას ვეღარსად ატევს და მხოლოდ ამიტომ გადაწყვიტა მისი გაყიდვა. კომპოზიტორს ღვინო აუქციონზე პირველად არ გამოუტანია, შეგახსენებთ, რომ 2007 წელს მან კოლექციიდან დაახლოებით 18 ათასი ბოთლი ღვინო გაყიდა. კოლექციის ყველაზე ძვირფასი ღვინო 1947 წლის მოსავლის ექვსლიტრიანი Chateau Cheval-Blanc –ია. ცნობილია, რომ 2010 წლის ნოემბერში ანონიმმა კოლექციონერმა ჟენევის აუქციონზე ერთ ასეთ ბოთლ ღვინოში 304,4 ათასი დოლარი გადაიხადა. ,,1997 წელს ლონდონში გამართულ აუქციონზე ვებერის კოლექციის ნაწილი გავყიდეთ. ეს ის დროა, როცა ღვინის ბაზარზე ფასები უცებ ავარდა” – იხსენებს Sotheby'sღვინის აზიური ბაზრის განყოფილების მმართველი რობერტ სლეი (Robert Sleigh). ,, ამდენი წლის გასვლის შემდეგ კომპოზიტორმა ალბათ გააცნობიერა, რომ სამწუხაროდ, ვერ შეძლებს ამ რაოდენობის ღვინის დალევას. სწორედ ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ მისთვის შეგვეთავაზებინა კოლექციის აზიურ ბაზარზე გატანა, რომელიც დღეისათვის ყველაზე დიდია მსოფლიოში,” - განაცხადა რობერტ სლეიმ. შეგახსენებთ, რომ 2009 წლის ოქტომბერში ენდრიუ ლოიდ ვებერს ექიმებმა კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. კომპოზიტორმა ოპერაცია გაიკეთა და 2010 წლის დასაწყისში ჟურნალისტებს დაპირდა, რომ კიბოს დაამარცხებს და განიკურნება.
© ღვინის კლუბი/Weekend
თქვენი კომენტარი