Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

დავით მაღრაძის ლექცია ქართული ვაზის გენეტიკური კვლევების შესახებ

28 აპრილს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში „საქართველოს ღვინის კლუბის“ მორიგი საჯარო ლექცია ჩატარდა, რომელსაც უძღვებოდა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის მევენახეობის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, პროფესორი დავით მაღრაძე. მოხსენება შეეხებოდა ვაზის ზოგიერთი ჯიშის გენეზისის საკითხებს, მათს სინონიმურ და ომონიმურ მიმართებებს.  მომხსენებელმა მიმოიხილა ვაზის ქართული გენოფონდის მრავალფეროვნება - როგორც აბორიგენული, ასევე, სელექციონერების მიერ გამოყვანილი ახალი ჯიშები, მათი რეგიონული წარმოშობა და წარმომადგენლობის რაოდენობრივი სტატისტიკა რეგიონების მიხედვით.

ვაზის ქართული გენოფონდის შესწავლის მიზანია ვაზის ქართული ჯიშებისა და ველური ვაზის ბიომრავალფეროვნების კვლევა ამპელოგრაფიისა და მოლეკულური გენეტიკის თანამედროვე მეთოდების გამოყენებით. კვლევის ძირითადი მიმართულებებია: ვაზის ორგანოების აღწერა, მისი მოლეკულური შესწავლა, სიმწიფის პროფილებისა და ფენოლოგიური განვითარების ფაზების განსაზღვრა, მარცვლის კანის ქიმიურ-ტაქსინომიური დახასიათება, დნმ-ის ანალიზი და სხვ. ქართული ვაზის დნმ-ის კვლევის პროცესში გამოიკვეთა, რომ დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში გავრცელებული ჯიშები ორ სხვადასხვა გენეტიკურ ჯგუფს მიეკუთვნება. მომხსენებელმა დეტალუტად განიხილა საქართველოსა და ვასლეს (საფრანგეთი) ვაზის ჯიშების ნათესაური მიმართებების საკითხი და გამოყო ის სახეობები (ფორთოკა, წულუკიძის თეთრა), რომლებიც ვაზის ფრანგულ ჯიშებთან ნათესაური კავშირების შესახებ გარკვეულ ვარაუდებს ბადებს.

საქართველოში ვაზის გენეტიკური რესურსების კვლევა და კონსერვაცია რამდენიმე მასშტაბური პროექტის ფარგლებში განხორციელდა. ესენია - Biodiversity International-ის პროექტი „ვაზის გენეტიკური რესურსების კონსერვაცია და მდგრადი გამოყენება კავკასიაში და შავი ზღვის ჩრდილოეთ რეგიონებში“ (2003-2008), ECO NET Project-ის ფარგლებში შესრულებული სამეცნიერო კვლევა - „ვაზის გენეტიკური რესურსების მოლეკულური შესწავლა“ (2006-2007), GrapeGen06-ის მიერ მხარდაჭერით განხორციელებული პროექტი „ვაზის გენეტიკური რესურსების კონსერვაცია, დახასიათება და მენეჯმენტი ევროპაში“ (2008-2011) და COST Action FA 1003-ის პროექტი „აღმოსავლეთ-დასავლეთის თანამშრომლობა ვაზის მრავალფეროვნების აღწერისა და სელექციისათვის ადაპტური ნიშნების მობილიზაციისათვის“ (2010-1014).

ლექციაზე განხილული იყო ვაზის ქართული ჯიშების, ალექსანდროულის, მუჯურეთულისა და ძველი ალექსანდროულის, რქაწითელისა და ვარდისფერი რქაწითელის, ქართლისა და იმერეთის ალადასტურის გენეტიკური კავშირების საკითხი. მომხსენებელმა ვრცლად ისაუბრა სამეცნიერო მეთოდებზე, რომელთა საშუალებით შესაძლებელი გახდა აღნიშნული კავშირების შესწავლა, განიხილა კვლევამდელი ჰიპოთეზები აღნიშნული ჯიშების წარმოშობის შესახებ და ისაუბრა კვლევების შემდგომ დასკვნებზე. კვლევის შედეგებმა გამოავლინა, რომ მუჯურეთულის ჯიში ალექსანდროულისგან წარმოიშვა რაჭის ტერიტორიაზე, ძველი ალექსანდროული კი ამ უკანასკნელის ომონიმურ ჯიშს წარმოადგენს. კვლევების შედეგად, ასევე, გამოიკვეთა, რომ ვარდისფერი რქაწითელი წარმოშობილია თეთრყურძნიაი რქაწითელის ჯიშისაგან კვირტული მუტაციის გზით. რაც შეეხება, ალადასტურს, ამ სახელით აღმოსავლეთ საქართველოში გავრცელებული ჯიში არ არის დასავლეთში გავრცელებული ჯიშის იდენტური და წარმოადგენს მე-20 საუკუნის 60-იან წლებში მოლდოვაში გამოყვანილ ჭრაქის მიმართ შედარებით გამძლე სასუფრე ჯიშს, „მოლდოვას“. აღნიშნული ჯიშების დასახელებების ომონიმურობა კი განაპირობა მათმა გარეგნულმა მსგავსებამ. 

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.