Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ახალი ღვინის ფესტივალი ახალ ადგილზე და ახალი შემართებით!

ლევან სეფისკვერაძე

ჰკითხეთ ღვინის მოყვარულ ნებისმიერ თბილისელს, თუ რომელ დღეს ელის ის წლის განმავლობაში ყველაზე დიდი მოლოდინით და აუცილებლად ახალი ღვინის ფესტივალს დაასახელებს. ეს ჭეშმარიტება ბოლო წლებში ჩვენს ქალაქში და მთლიანად საქართველოში ისეთივე ბუნებრივი გახდა, როგორც ის, რომ ახალი ღვინის ფესტივალი წლიდან წლამდე განსაკუთრებულ სიახლეებს სთავაზობს ღვინის მოყვარულებს და ერთ წელს ჩატარებული ფესტივალი ბოლომდე თითქმის არასოდეს იმეორებს მეორეს.

2015 წლის 9 მაისს, თბილისში, დედა ენის ბაღში გამართული ახალი ღვინის ფესტივალის უპირველესი სიახლე რა თქმა უნდა საფესტივალო ადგილი იყო. 2010 წლიდან მოყოლებული, პირველი ხუთი ფესტივალი როგორც იცით, კუს ტბის გზაზე მდებარე ეთნოგრაფიული მუზეუმის ტერიტორიაზე იმართებოდა და ფესტივალის ორგანიზატორების გადაწყვეტილებამ ადგილის შეცვლასთან დაკავშირებით, ღვინის არაერთ მოყვარულში გამოიწვია აზრთა სხვადასხვაობა. იყვნენ ისეთები, რომებიც საფესტივალოდ შერჩეულ ადგილს ღიად იწუნებდნენ, თუმცა თავად ფესტივალმა დაადასტურა, რომ კლუბის აღნიშნული გადაწყვეტილებს სწორი იყო და დროული.

ლევან ლიპარტელიანი, ახალი ღვინის ფესტივალის სტუმარი: “ამ დღეს ყოველ წელს ველოდები და როდესაც გავიგე, რომ ახალი ღვინის ფესტივალი სხვა ადგილზე უნდა გამართულიყო, სიმართლე გითხრათ არ მომეწონა ეს ამბავი, რადგან ვფიქრობდი, რომ დედა ენის ბაღის ტერიტორია არ იქნებოდა საკმარისი ასეთი ღონისძიოების გასამართად. თუმცა, უნდა ვაღიარო, რომ შევცდი. დედა ენის ბაღი იმაზე დიდი გამოდგა, ვიდრე მე წარმომედგინა და მოსასვლელადაც რომ ფანტასტიური ადგილია, არც ამას უნდა ბევრი ლაპარაკი. მოკლედ, ვაღიარებ, რომ მართალი გამოდგნენ ფესტივალის ორგანიზარტორები და ეს ნამდვილად მშვენიერი ადგილია ფესტივალის ჩასატარებლად“.

წლევანდელ ახალი ღვინის ფესტივალზე როგორც ღვინის კომპანიების, ასევე საოჯახო მარნების რეკორდულად დიდმა რაოდენობამ მიიღო მონაწილეობა და ეს რა თქმა უნდა მეტყველებს იმაზე, რომ ფესტივალის მასშტაბები იზრდება და საქართველოს მეღვინეობისათვის შეიძლება ითქვას, რომ შეუცვლელი ღონისძიება ხდება. წელს ფესტივალში მონაწილე 55 ოჯახური მარნიდან ერთი ნაწილი ამ ღონისძიების დებიუტანტი იყო და იმ ხალხთან გასაუბრება გადავწყვიტეთ, ვისთვისაც ეს ფესტივალი მონაწილის ამპლუაში პირველია.

ალექსანდრე ბერუაშვილმა ახალი ღვინის ფესტივალისათვის ქარელიდან ქართლის ცნობილი ჯიშის, ჩინურისგან დაყენებული ღვინო ჩამოიტანა და თავის ქალიშვილებთან ერთად საკუთარ ღვინოს განსაკუთრებული ენთუზიაზმით სთავაზობდა ფესტივალის სტუმრებს. მისი თქმით, ეს დღე განმორჩეული იყო მის ცხოვრებაში, რადგან დიდი ხნის ნატვრა აისრულა და საკუთარი ღვინო თითქმის მთელს საქართველოს დააგემოვნებინა.

ალექსანდრე ბერუაშვილი, მეღვინე: “ქართლის ღვინო სამწუხაროდ არ არის ისეთი პოპულარული, როგორც მაგალითად კახური. განსაკუთრებით ჩვენი რაიონის ღვინო თბილისში არც ისე ბევრმა იცის. ახლა ვუყურებ ამ ხალხს, როგორ სვამენ ჩემს ჩინურს და მჯერა, რომ მალე ქარელის ღვინოს შესახებ ყველას ეცოდინება და ჩემი მიზანიც სწორედ ესაა. გარდა ამისა, აქ შესანიშნავი ხალხი გავიცანი – მეღვინეები ჩვენი ქვეყნის ყველა კუთხიდან. სულ ოქრო ხალხია და თუნდაც მარტო ამის გამო მინდა ვუთხრა მადლობა ღვინის კლუბს ამ ფესტივალის ჩატარებისათვის“.

ახალი ღვინის ფესტივალის ახალბედა მონაწილეები ალექსანდრე ბერუაშვილის მსგავსად ყველაზე მეტად კმაყოფილები სხვა მეღვინეების გაცნობითა და მათთან დამეგობრებით იყვნენ. როგორც სამწუხარო რეალობა გვაჩვენებს, საქართველოში სხვადასხვა კუთხეში მიმოფანტულ ოჯახური ღვინის შემქმნელებს ერთმანეთთან ურთიერთობის საშუალება არ ეძლევათ და ამ დანაკლისს ისინი ძალიან განიცდიან. ჩვენ მიერ გამოკითხული კახელი, ქართლელი, იმერელი თუ თბილისელი მეღვინეები ახალი ღვინის ფესტივალის უმთავრეს ღირსებად სხვა მეღვინეებთან დამეგობრებას მიიჩნევენ, რადგან ღვინოსთან დაკავშირებული აზრების გაცვლა–გამოცვლა, მათი აზრით, უმნიშვნელოვანესია.

გიორგი ჩიხორია, მეღვინე თბილისიდან: “ყურძენს ბევრი თბილისელის მსგავსად, მეც კახეთში ვყიდულობ, აქ ჩამომაქვს და ვცდილობ, ყოველ წელს რაღაც ახალი ვისწავლო. ფესტივალში მონაწილეობა სხვა მეღვინეების გაცნობის სურვილმა და ჩემი ღვინის შესახებ მეტის გაგების ინტერესმა გადამაწყვეტინა. აქ ისეთი ხალხია, ბევრ რამეს ისწავლი, რაც ჩემი მთავარი მიზანი იყო. წინა ფესტივალებზე სტუმრის სტატუსით ვმონაწილეობდი და ეს სიტუაცია ისე ძალიან მომწონდა, რომ როგორც ხედავთ მეც გადავწყვიტე ჩემი ღვინის გამოტანა. თბილისში ბევრ ადამიანს აქვს კარგი ღვინო და ბევრს უნდა, რომ სხვებსაც გააგებინოს მისი ღვინის შესახებ. ახალი ღვინის ფესტივალი, ვფიქრობ, რომ ამ მხრივ ერთადერთი და საუკეთესო საშუალებაა“.

ოჯახური მარნების გარდა, 2015 წლის ახალი ღვინის ფესტივალზე მონაწილე კომპანიების დიდი სიმრავლეც შეინიშნებოდა. მონაწილე 36 ღვინის კომპანიიდან ბევრი იყო ისეთი, რომლებიც ამ გრანდიოზულ ღონისძიებაში პირველად მონაწილეობდა. “სხვანაირად არ იქნებოდა. თუ გინდა, რომ ქართულ მეღვინეობას ბლომდე მიჰყვე, ახალ ღვინის ფესტივალში აუცილებლად უნდა მიიღო მონაწილეობა. სხვა შემთხვევაში ჩამორჩები ყველას და ყველაფერს. აქ არმონაწილეობა იგივეა, რომ ჩვენმა ფეხბურთის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპში მონაწილეობაზე უარი თქვას, მაშინ საერთო რად გვინდა ნაკრები?“ – გვითხრა ერთ–ერთი ახალი ღვინის კომპანიის წარმომადგენელმა.

წლევანდელ ღვინის ფესტივალზე სასიამოვნო სიახლე იყო ისიც, რომ ბევრი ღვინის მარანი, რომლებიც წინა ფესტივალებზე ე.წ. გლეხურ მარნებს წარმოადგნენდნენ და ოჯახური მეღვინეობის ფარგლებს ვერ სცდებოდნენ, წელს ღვინის მცირე კომპანიების სახით წარუდგენენ ღვინის მოყვარულებს. ეს ტენდენცია ნიშნავს იმას, რომ ბევრმა გლეხმა უკვე სერიოზულად მიჰყო ხელი ღვინის ბიზნესს და მათი უმეტესობისათვის ეს საქმიანობა ოჯახის რჩენის მთავარი და ხშირად ერთადერთი წყარო გახდა. ასეთ მწარმოებელთა შორის შეგვიძლია დავასახელოთ ბაბანეურის მარანი, პეტრიაანთ მარანი, კომპანია “ნაოტრები“ და სხვა...

“ნაოტრების“ შესახებ ჩვენ ადრეც ვწერდით. ჭიკაანელი ძმების, ბექა და ალექსანდრე ნეშუმაშვილების ღვინოებმა პოპულარობა ჯერ კიდევ მაშინ მოიპოვა, როდესაც ისინი გლეხური მარნის არეალში მოქმედებდნენ. ამის შემდეგ მათი წარმოება განვითარდა, ღვინის ხარისხი კიდევ უფრო დაიხვეწა და ღვინის ფესტივალზე ჩვენ ვნახეთ ახალგაზრდების ჯგუფი, რომლებსაც წინა ფესტივალიდან ახსოვდათ “ნაოტრების“ ღვინო და ფესტივალის ორგანიზატორებს ეკითხებოდნენ, თუ სად, რომელ კარავში იყო შესაძლებელი აღნიშნული ღვინის დაგემოვნება.

ალექსანდრე ნეშუმაშვილი, მეღვინე: “წელს განსაკუთრებული მოწონებით ჩვენი მწვანე კახური სარგებლობს. ეს ღვინო შარშანაც ძალიან პოპულარული იყო. წელს გვაქვს სიახლე, როზეს სახით, რომელიც თავიდან ექსპერიმენტის სახით დავაყენეთ და ისეთი გამოვიდა, რომ როგორც ხედავთ აგერ ბოთლშიც გვაქვს ჩამოსხმული და ჩვენი ტიპის პატარა საწარმოსათვის მსგავსი სიახლეები ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია. მადლობა მინდა ვუთხრა ღვინის კლუბსა და ამ ფესტივალის ორგანიზატორებს, რომლებიც ფესტივალის სტუმრებსაც და მონაწილეებსაც ასეთ კარგ დღეს სჩუქნიან. პირადად მე, ჩემი ძმაც და მამაც, სულ ვემზადებთ ხოლმე ამ ფესტივალისათვის, რადგან მთელი წლის მანძილზე პირველად სწორედ აქ ხდება ჩვენი ახალი ღვინის დაგემოვნება და შეფასება“.

2015 წლის ახალი ღვინის ფესტივალი ტრადიციულად დატვირთული იყო სიახლეებითა და სურპრიზებით. წელს, სხვადასხვა სახის სახალისო გათამაშებებში არაერთი ღვინით სავსე კასრი გათამაშდა და აღსანიშნავია, რომ ამ გათამაშებებში ღვინის კლუბის ლოგოტიპით დამშვენებული ღვინის კასრების მფლობელები ძირითადად ქალები გახდნენ. ჩვენს ქვეყანაში ქალების ღვინით დაინტერესება უკვე საკმაოდ ცნობილი ტენდენციაა და 9 მაისის ფესტივალზეც ბევრ ისეთ ქალბატონს ნახავდით, რომლებიც თანმხლებ მამაკაცებზე უკეთ ერკვეოდნენ ამა თუ იმ ღვინის რაობაში და სხვადასხვა ღვინის კომპანიის შესახებაც ბევრ მამაკაცზე უფრო დეტალური ინფორმაცია ჰქონდათ.

ეკა მასურიშვილი, ახალი ღვინის ფესტივალის სტუმარი: “ხშირად ვსტუმრობ ღვინის კლუბის ვებ–გვერდს და ვცდილობ მეტი გავიგო ქართული ღვინის შესახებ. უკვე წაკითხულო მაქვს ამ ფესტივალის მონაწილეების შესახებ ინფორმაციები და ასე თუ ისე წინასწარ ვიცი რომელი ღვინის გასინჯვას ვაპირებ. ჩემი მეუღლე სულ მეხუმრება ხოლმე – ღვინის სიყვარულში მაჯობეო, რაც ძალიან მახარებს. ვფიქრობ, ჩვენ ქალებს ღვინის ცნობა, შეფასება და სიყვარული მამაკაცებზე ნაკლებად ნამდვილად არ შეგვიძლია“.

დედა ენის ბაღში ახალი ღვინის ფესტივალზე მისულ ათიათასობით ჩვენს თანამემამულეს და უამრავ უცხოელ სტუმარს ერთმანეთისაგან განსხვავებული ღვინოების დაგემოვნების გარდა, ღვინის ტურიზმის ასოციაციის დახლთან ასევე შეეძლოთ მეტი ინფორმაცია მიეღოთ საქართველოში ღვინის საინტერესო ტურების შესახებ. ამას გარდა, ფესტივალზე წარმოდგენილი იყო ნუკრიანის ცნობილი სკოლა–სახელოსნოს ნაწარმი. ხოლო ქართული თექის მოყვარულებს კი თექის დამზადების სპეციალისტები თექისგან შექმნილ ისეთ ლამაზ ნივთებს სთავაზობდნენ, გულგრილი ნამდვილად ვერავინ დარჩებოდა.

2015 წლის ახალი ღვინის ფესტივალი, რომელიც ჩვენს დედაქალაქში მეექვსედ გაიმართა წინა წლებისგან განხვავებით მხოლოდ ერთდღიანი არ იყო. ფესტივალის უმთავრეს ღონისძიებამდე, რომელსაც უკვე ვისაუბრეთ, წინა დღეს, 8 მაისს, ღვინის კლუბის ორგანიზებით ღვინის იშვიათი ჯიშებისგან დამზადებული ღვინოების საინტერესო დეგუსტაცია გაიმართა. 10 მაისს კი, ასევე ღვინის კლუბის, ღვინის ტურიზმის ასოციაციისა და ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, კახეთსა და ქართლში ღვინის ტურები გაიმართა, რომლის შესახებაც შემდგომ სტატიაში დეტალურად გიამბობთ.

© საქართველოს ღვინის კლუბი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული