ანდრეს ინიესტა, სამხრეთაფრიკული მუნდიალის ფინალის გამარჯვების გოლის ავტორი აცხადებს, რომ სპორტული კარიერის დასრულებისთანავე სერიოზულად დაკავდება მეღვინეობით. ამისაკენ პირველი ნაბიჯები მან უკვე გადადგა. რამდენიმე წლის წინ საფეხბურთო კლუბ "ბარსელონას" და ესპანეთის ნაკრების 26 წლის ვარსკვლავმა 9 მილიონი ევრო დახარჯა ვენახების შესაძენად და კასტილია ლამანჩას რეგიონში მარნის მოსაწყობად. პირველი ღვინო Bodega Iniesta-საგან გაყიდვაში უკვე შემოდგომაზე გავა.
ინიესტა გეგმავს გამოუშვას პრემიუმ კლასის 700 ათასი ბოთლი წითელი, თეთრი და ვარდისფერი ღვინო და იმედი აქვს, რომ მისი სახელი გავლენას იქონიებს ღვინის წარმატებაზე არა მხოლოდ ესპანეთში, გერმანიაში, ინგლისსა და იაპონიაში. ევროპის რესტორნებში ღვინო 40 ევრო ეღირება.
ვიდრე ანდრესი ტყავის ბურთს დასდევს, წარმოებას მისი მამა ხოსე ანტონიო მართავს. ის ყოველ ეტაპს ყურადღებით აკვირდება ვენახშიც და მარანშიც, რომელიც უახლესი, თანამედროვე დანადგარებითაა აღჭურვილი.
ფინანსურად ინიესტას ყველაფერი რიგზე აქვს - მშობლიურ "ბარსელონაში" ხელფასთან ერთად მან სოლიდური პრემია აიღო ევროპის 2008 წლის და მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატებზე გამარჯვებისთვის.
ინიესტას ოჯახი მეღვინეობას არა მხოლოდ ჰობად აღიქვამს, ეს მათთვის ბიზნეს-პროექტიც გახლავთ. "ჩემი ვაჟის მიერ ჩადებულ ყოველ 10 ევროზე მე მას 11 უნდა მოვუტანო, ჩვენ აქ ძალიან კარგ ღვინოს ვაკეთებთ" - აცხადებს ხოსე ანტონიო. თავად ანდრეასი კი აცხადებს, რომ სურს შექმნას ღვინო, რომელიც შეძლებს გაუწიოს კონკურენცია მეზობელი რიოხას საუკეთესო ნიმუშებს.
© ღვინის კლუბი/Weekend
თქვენი კომენტარი