Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინის ფესტივალი მეღვინის თვალით - ლაშა გურულის ბლოგი

ვეცდები ღვინის ფესტივალი ამჯერად ერთი კუთხით, მხოლოდ მეღვინის მხრიდან წარმოვადგინო. ვფიქრობ, ნათლად გამოვხატავ დამოკიდებულებას ფესტივალებისადმი და ვეცდები გადმოვცე ის ემოციები, რაც ფესტივალებზე მეღვინეს ეუფლება.
მეღვინისთვის საღამოდანვე იწყება ემოციური განწყობა. ფიქრობს არ გამორჩეს არაფერი, რაც შეიძლება ფესტივალის პერიოდში დასჭირდეს, მცირე დეტალიც კი. ამზადებს, ალაგებს, ფიქრობს, იხსენებს, წარმოიდგენს და ნელ-ნელა იზრდება ჩანთების რაოდენობა. დრო საკმარისი აქვს, მითუმეტეს თუ უკვე აქვს ფესტივალებში მონაწილეობის გამოცდილება, იმისათვის რომ არაფერი არ გამორჩეს და სრულყოფილად წარსდგეს მომდევნო დღეს. განსხვავებულია ის ღამეც, უცნაურად პოზიტიური მოლოდინით გაჯერებული. რასაც შემიძლია შევადარო ბავშვობიდან, ეს არის 31 აგვისტოს ღამე, როცა 1 სექტემბრის მოლოდინში ემოციურად დამუხტული ვიძინებდით ბავშვები სკოლაში წასვლის წინ.

დილა სტანდარტულად იწყება, ტექნიკური დეტალების მოწესრიგებით. მისვლა, ჩამოცლა, დალაგება, რეგისტრაცია. დიდი დრო არ მიაქვს ამას. და აი, ჯერ ბოლომდე არც გვაქვს დალაგებული სტენდი, რომ პირველი სტუმრები უახლოვდებიან მაგიდას. აშკარად ეტყობათ, თვითონაც იციან, რომ ადრე მოვიდნენ და დიდი ინიციატივით არ გამოირჩევიან, თუმცა იცი, რომ თუკი შეთავაზებ, ეგრევე მოვლენ გასასინჯად. ეძახი, მოდიან ღიმილით. უხსნი იმ ღვინოს, რომლის გასინჯვის სურვილიც გამოთქვეს. კმაყოფილი ჩანან აშკარად, ერთმანეთს უზიარებენ შთაბეჭდილებას და იღიმიან, თავს გიქნევენ და შეკითხვებს გისვამენ. მოკლე ხანში გტოვებენ და სხვაგან ინაცვლებენ.
ამასობაში ხედავ, მოგროვილა ნელ-ნელა ხალხი. მონაწილეებიც განლაგებულან. იწყება ის პროცესი, რაც ასე ძალიან გხიბლავს და მოგწონს. თავაზიანი ღიმილით ხვდები შემდეგ სტუმრებს. გონებაში იხსენებ ინგლისურად საჭირო სიტყვებს, რაც უცხოელებთან კომუნიკაციისას შესაძლოა დაგჭირდეს. ბევრი ნაცნობი სახეა უკვე სტუმრებს შორის, იცი, დღის ბოლომდე ყველა მოვა შენთან, ზოგი შორიდან გესალმება ჯერ. გვერდითა მაგიდებთანაც ნაცნობი მეღვინეები დგანან. უკვე გაწოდებენ თავიანთ ღვინოს გასასინჯად, მაგრამ ჯერ თავს იკავებ, ძალიან ადრეა ჯერ, უფრო შუადღის შემდეგ ფიქრობ სხვების ღვინოების დაგემოვნებას. 

აი ნაცნობი სახე მოდის მაგიდასთან, გულთბილად გესალმება, მოგიკითხავს, ჭიქას გაწვდის, რომ ღვინო დაუსხა. უსხამ, უღიმი და გონებაში გამალებით ფიქრობ, თუ ვინ არის, საიდან გახსოვს, რა ჰქვია. ბოლოს იხსენებ, ან თავს არწმუნებ, რომ იხსენებ და იგივენაირად გულთბილად ესაუბრები. საუბარი ძალიან იოლია ამ დროს, საუბრობთ ღვინოზე, გაუთავებლად და ინტერესით. ხედავ, სტუმრისთვისაც როგორი საინტერესოა შენგან, უშუალოდ მწარმოებლისგან მოისმინოს კონკრეტული ღვინის შექმნის ისტორია. აი, მოდის კიდევ ერთი ნაცნობი სტუმარი, დაჟინებით ითხოვს წითელი ღვინო გაასინჯო. რატომღაც თვლი, რომ წითელი ამ წლის მოსავლიდან შენი საუკეთესო ღვინო არაა, თუმცა ის მაინც გთხოვს. თანაც პლასტმასის ჭიქა უჭირავს. უსხამ მაინც, სინჯავს. უყურებ გულისფანცქალით, აბა რას იტყვის. თავდაპირველად სიჩუმე, გაოცებული მზერა შემდეგ, სიტყვები - ამას მალავდი? და ისევ გამოწვდილი ჭიქა. უვსებ და გადადიხარ მეორე სტუმარზე, ერთვები სხვებთან დიალოგში, გადის ხუთი, ათი, თხუთმეტი წუთი და უცებ, მაგიდის წინ მდგომ ხალხს შორის თვალს მოკრავ, რომ 3-4 მეტრში ის პირი კვლავ შენი მაგიდის გასწვრივ დგას და არც მეტი, არც ნაკლები, ისევ შენს წითელ ღვინოს აჭაშნიკებს, ჭიქაში აღარც ჩანს თითქმის ღვინო უკვე, თვალს მოკრავს შენს მზერას, გიახლოვდება და ჭიქას გიწვდის, რომ შენც დარწმუნდე ჭიქაში დარჩენილ არომატების სიმძაფრეში, ყველაფრით გამოხატავს აღფრთოვანებას და ის კი არ იცის, რომ ამით შენ ათმაგ ბედნიერს გხდის, რომ უკვე, ამ ერთი ფაქტითაც კი მართლდება შენი მონაწილეობა დღევანდელ ფესტივალზე.  

დრო სწრაფად გარბის აქ. ისე ახლოვდება შუადღე, ვერც კი იაზრებ. არ გაწუხებს ამ დღეს არც შიმშილი, წყურვილს ხომ ღვინოც გიკლავს. უკვე იცლი იმისთვის, რომ გვერდით მაგიდებთან მეზობელ მეღვინეების ღვინოები გასინჯო. გამორიცხული არაა, მთელმა დღემ ისე ჩაიაროს, სხვა ვერავის ღვინო ვერ გასინჯო. ერთი ამაზე გწყდება გული, რომ იშვიათად გიწევს მაგიდის მიტოვება. კეთილი შურით გშურს სტუმრების ან სტუმრად მოსული მეღვინეების, რომლებიც გულზე დაკიდებული ჭიქებით არხეინად დააბიჯებენ მაგიდებს შორის და სურვილისამებრ აგემოვნებენ მრავალფეროვან ღვინოებს.

რამდენი ძველი ნაცნობობა აღადგინა ამ ფესტივალებმა, განსაკუთრებით სხვა ქალაქებში გამართულმა. მერედა რა კარგი ადგილია, ძველ ნაცნობებთან შესახვედრად. ბევრად სჯობს ქუჩაში შეხვედრას. საუბრობთ, იხსენებთ, ჭიქებს ივსებთ და უჭახუნებთ, და იცინით ბევრს, ისევე როგორც, ყველა იცინის და ხალისობს ირგვლივ. ესაა ფესტივალი, დღესასწაულის განცდა, ბევრი ღიმილიანი და კმაყოფილი სახე.
საქმიანი შეხვედრებიც არ აყოვნებს. ნაცნობი მაღაზიების და რესტორნების წარმომადგენლებიც გეწვივნენ. აგემოვნებენ მათთვის ახალ ღვინოს, გამოხატავენ შთაბეჭდილებებს. ღვინის შექმნის დეტალების შემდეგ, საქმიან საუბარზე გადადიხართ უკვე, როგორიცაა ფასი, მოწოდების ვადა, ეტიკეტი, გადახდა და ა.შ. სავიზიტო ბარათების გაცვლით მთავრდება კომუნიკაცია. ღვინო გაკლდება, გადიხარ მოსატანად. გზაში უამრავ ნაცნობს ხვდები, ესალმები. თუ ვერ ხვდები, აცეცებ თვალებს იქეთ-აქეთ, შორიდან მაინც ამჩნევ, ხელის აწევით ესალმები, უღიმი.

ყველაზე მეტად იმ ქართველი სტუმრების დანახვა გსიამოვნებს, ახუნძლული ბოთლებით რომ დადიან, ყიდულობენ ყველა ღვინოს, რომელიც მოეწონებათ. უცხოელებისგან იმდენად არ გიკვირს ეს, მაგრამ ქართველებშიც რომ იმატებს წლიდან წლამდე ღვინის მოხმარების კულტურა და ხარისხიანი ღვინის დაფასების მაჩვენებელი, ესაა სასიამოვნო.

უკვე ნაშუადღევია და კულმინაციისკენ მიდის ფესტივალი. შეზარხოშებულია სტუმრების დიდი ნაწილი, თუმცა სილაღე და გულწრფელობა ეტყობათ მეტად. ერთი კია, რამდენად კომპეტენტურობას ინარჩუნებენ ამ მდგომარეობაში ღვინის შეფასებისას, ეჭვი გეპარება. თუმცა ამას უკვე აღარც აქვს მნიშვნელობა. კმაყოფილი ხარ დღით და აღვსილი ხარ სასიამოვნო ემოციებით. უკვე რამდენიმე წინადადებიდან, თუ დღის ბოლოს ვისთან ერთად და ვისი ღვინით დაასრულო საღამო, არჩევანს აკეთებ რომელიმეზე. ისეც ყოფილა, რომ უკვე ჩალაგებულია ღვინოები და ასაბარგებლად მომზადებულს მოგადგება საინტერესო სტუმარი. სახეზე სინანული აწერია, რომ ვერ მოგისწრო, ვერ მოახერხა შენი ღვინის გასინჯვა და შენც უყოყმანოდ ხსნი ყუთს ხელახლა, იღებ მისთვის სასურველ ღვინოს და უსხამ. ერთს მეორე მოყოლია და კიდევ ნახევარი საათით ან მეტითაც გაგრძელებულა ეს პროცესი.

ფესტივალის დღის ბოლოა. მოდიხარ დატვირთული ღვინის ყუთებით, ერთი სული გაქვს მიაღწიო ავტოსადგომამდე. ერთ მხარეს ვერ იხედები, მეორე მხარეს, არ. და ამ მეორე მხარეს მომავალი ავტომობილიდან გესალმება მეღვინე გულითადი ღიმილით. ცნობ რა თქმა უნდა, ასევე მხიარულად ესალმები. და უცებ, დაიცა, გეუბნება, გადმოდის მანქანიდან, საბარგულიდან იღებს ჩალაბრიანის ვარდისფერ ღვინოს და გაწვდის ღიმილით. ისედაც სასიამოვნოდ დატვირთული დღის ბოლოს ისეთი ემოციური ჟესტია ეს, რომ იქვე უზიარებ მეგობრებს და ოჯახის წევრებსაც შინ დაბრუნებული და ეს კონკრეტული ღვინის ფესტივალის კულმინაცია ამ ღვინით და მეღვინით გახსენდება სულ.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული