Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

წმინდა გრაალი და მოციქულები

სოფიკო კვანტალიანი

როგორც ამბობენ, პომროლის პლატოზე მიწა ზოგან ლურჯია ან "ოქროვანი" ქვიშნარია, ან რკინის მინარევებით, ზოგან კი მიწა ხავერდივით ნაზია... სენტ-ემილიონის მახლობლად არსებული ეს სუბრეგიონი (აქ მევენახეთა სინდიკატი 126 წევრს ითვლის, მთლიანი ფართობი კი 800 ჰექტარს შეადგენს) XX საუკუნის ღვინის ისტორიის ერთ-ერთ პარადოქსად იქცა, რომელმაც სულ რაღაც 50 წლის განმავლობაში კოლოსალურ წარმატებას მიაღწია.
 
ჯერ კიდევ 1926 წელს ცნობილმა ბრიტანელმა მწერალმა მორტონ შანდიმ თავის "ღვინის წიგნში" პომროლს სენტ-ემილიონის შემოგარენის საუცხოო ადგილი უწოდა. თვითონ სენტ-ემილიონელი კრიტიკოსებისთვის კი ეს რეგიონი ყურადღების ცენტრში არ მოქცეულა, რადგან ისინი პომროლის ღვინოებს უბრალო სოფლის ღვინოებად მიიჩნევდნენ. როგორც ჩანს, პრობლემა, გარკვეულწილად, ღვინის კრიტიკოსებშია. საქმე ის გახლავთ, რომ პომროლის ღვინოები ბელგიისა და ჰოლანდიის საექსპორტო ბაზრებმა აითვისეს, განსხვავებით ბორდოელი მოვაჭრეებისგან, რომელთათვის მთავარი ბაზარი დიდი ბრიტანეთი იყო. ასე რომ, დღეს XX საუკუნის დასაწყისის ბელგიაში ჩამოსხმულ პომროლის ღვინოებზე ძალიან დიდი მოთხოვნაა აუქციონებზე, მაშინ, როცა ბორდოული ღვინოების ცნობილ ბრიტანელ ექსპერტს ჯორჯ სეინტსბერის პომროლი თავის რეიტინგებში სრულებით არ უხსენებია. მხოლოდ 1950-იან წლებში ბრიტანელმა ღვინით მოვაჭრეებმა ჰარო ვომ  (Waugh) და რონალდ ეივერიმ (Avery) პომროლის ღვინოები დასავლური ბაზრებისთვის თავიდან "აღმოაჩინეს".
"ღვინის დიდოსტატი" ჟურნალ Wine International-ის მთავარი რედაქტორი რობერტ ჯოზეფი (Joseph) დაინტერესდა იმით, თუ როგორ შეძლო დავითმა გოლიათის დამარცხება (ალეგორია პომროლსა და მედოკზეა). იგი ამტკიცებს, რომ პომროლის შემთხვევაში, შეიძლება სამი კონკრეტული პიროვნება დავასახელოთ, რომლებიც მსოფლიო ბაზარზე ამ აპელასიონის ამჟამინდელ ვითარებას განაგებენ.
პირველი - ეს კრისტიან მუექსია - დახვეწილი მანერების ფრანგი არისტოკრატი, რომელმაც თავისი დამაჯერებელი ხმით მთელი მსოფლიო პომროლის ღვინოების დიდებულებაში დაარწმუნა.
პომროლის მეორე "გმირი" ამერიკელი კრიტიკოსი რობერტ პარკერია. მან მოდური გახადა ის სტილი, რომელსაც პომროლის ღვინოები შეესაბამება. ეს არა მარტო ცნობილი ე.წ. "გარაჟული" ღვინოებია, არამედ ადგილობრივი ტერუარის განუმეორებელი ლალისფერი სასმელი, რომელიც განსაკუთრებით ძვირად ფასობს თანამედროვე სამყაროში.
დაბოლოს, მესამე პიროვნება, ვის წინაშეც "ვალშია" პომროლი, ენოლოგი მიშელ როლანია. მისი რეგულარული კონსულტაციებით პოპულარული გახდა რეგიონის ღვინოები. როლანის მეთოდები მარტივია, თუმცა შედეგი გამაოგნებელი. მთავარი აქ მოსავლის მაქსიმალურად გვიანი აღება (ორი კვირით გვიან, ვიდრე კლასიკური ენოლოგიის სახელმძღვანელოებშია მითითებული) და ახალი მუხის ბარიკებში ვაშლ-რძემჟავული ფერმენტაციაა. სულ ეს არის!
ორი უკანასკნელი პერსონაჟის, პარკერისა და როლანის გარშემო ბოლო წლებში რამდენიმე სკანდალიც აგორდა, მაგრამ ამაზე სხვა დროს ვისაუბროთ.
 
Château Pétrus
 
Pétrus – ეს ის წითელი ღვინოა, რომელსაც ყველაზე მდიდარი ადამიანები ყიდულობენ. ვენახის ფართობი სულ რაღაც 12 ჰექტარია, ეს კი იმას ნიშნავს, რომ რთველის დასასრულებლად ერთი დღეც კი საკმარისია. შესაბამისად ყოველწლიურად აქ მხოლოდ 65 კასრს ავსებენ. Pétrus-ის არაჩვეულებრივობის საიდუმლო, როგორც აღვნიშნეთ, პომროლის უჩვეულო ნიადაგია.  
Pétrus-ის ღვინის საწარმო სულაც არაა მაღალტექნოლოგიურად მოწყობილი. პირველი, რაც მნახველს აოცებს, ბეტონის საფერმენტაციო რეზერვუარებია. საფერმენტაციო ჭურჭლის მოდა ბორდოში რამდენიმე წელიწადში ერთხელ იცვლება: ხან ხეა, ზოგჯერ უჟანგავ ფოლადზეც გადადიან, მაგრამ ბეტონი?! ეს ისეთივეა, კრინოლინებსა და კორსეტებზე რომ გადავიდეთ. თითოეულ რეზერვუარში თერმორეგულაციის კომპიუტერიზებული სისტემაა დამონტაჟებული, რაც მის კონტროლს აადვილებს. ვაშლ-რძემჟავული ფერმენტაციაც ბეტონშივე ხდება და არა კასრებში. ღვინო აქ 20 თვის განმავლობაში ვარგდება. ახალი მუხის კასრებს წინასწარ წყალში დიდხანს ალბობენ, რომ ღვინისთვის უსარგებლო ნივთიერებები გაეცალოს.  
პომროლში მოსავლის აღება მაშინ იწყება, როცა ნაყოფი ოპტიმალურ სიმწიფეს აღწევს. აქ ოქროს ზღვარია გადამწიფებამდე, რომ წვენმა მჟავიანობა არ დაკარგოს.  
ასე რომ, Pétrus-ის 100 ქულიანი ვინტაჟი ასე შეიძლება დახასიათდეს: ეს მონუმენტური ღვინოა, მწიფე შავი მოცხარის, ბალახის, კარამელის, ეგზოტიკური სანელებლების, კვამლისა და მოხალული თხილის საუცხოო ბუკეტით. ყოველ წვეთში იგრძნობა წონა, მასიური პროპორციულობა და სრულყოფილი ბალანსი, რომელსაც თან ერთვის კონცენტრირებული, მდიდარი, ექსპანსიური არომატები და პორტვეინისთვის დამახასიათებელი სიბლანტე.
 
Château Le Pin
 
იგი "გარაჟული" ღვინის კვინტესენციაა. სტილით უფრო კალიფორნიულია, ვიდრე ბორდოული. წლების წინ Le Pin ყველაზე ძვირადღირებული ღვინოც იყო, თუმცა გარაჟულ ღვინოებთან დაკავშირებულმა სკანდალმა პრობლემები შეუქმნა შატოს. კვამლის, შავქლიავის, ეკზოტიკური სუნელების არომატიანი ღვინო ახალგაზრდა მუხის კასრებიდან ვანილის თავბრუდამხვევ სურნელს და სასიამოვნო ტექსტურას იძენს. დაბალი მჟავიანობის და მაღალი ალკოჰოლის შემცველ Le Pin-ს კარგი კონცენტრაცია და, როგორც ამბობენ, სექსუალური "ხასიათი" აქვს.
 
Vieux Chateau Certan
 
ტიენპონებმა ეს შატო 1924 წელს შეიძინეს. ისინი ფერმენტაციისთვის ძველ მუხის კასრებს იყენებენ, სადაც ღვინოს ორი წლის განმავლობაში ავარგებენ და საერთოდ არ ფილტრავენ. ამ ღვინის საუკეთესო ვინტაჟად პარკერი 1950 წელს თვლის: "მომრგვალებული, ნაზი ფაქტურა და ხავერდოვნება; ხილის ღრმა ექსტრაქტიულობა. მწიფე ყურძნის ინტენსიურ სიტკბოს მუხისა და ტრიუფელების არომატების მოულოდნელი შერწყმა ერთვის. ამ მაღალხარისხიანი ტანინების მქონე ღვინის მასიურ სხეულს ეხამება მინერალები, სანელებლები და თამბაქო. მოკლედ, ეს არის ღვინო, რომელსც არქიტექტურული სიმეტრიულობით შევყავართ თავბრუდამხვევ შეგრძნებებში.
 
Château Trotanoy
 
80-ინი წლებიდან, ანუ იმ დროდან, როცა მუექსებმა ღვინის გაფილტვრა დაიწყეს, Trotanoy უკვე აღარ შედის პომროლის ლიდერთა სამეულში. თუკი 80-იან წლებამდე ეს ღვინო, პარკერის აზრით, მდიდარი ფაქტურით, არომატების გამით, მაღალი სიმკვრივით და ე.წ. დეკადენტური ფორმით გამოირჩეოდა, დღეს უკვე აღარ არის ასეთი განსაცვიფრებელი.  
 
Château La Fleur de Gay
 
ამ ღვინის გემო სულ ერთი სიტყვით შეიძლება აღიწეროს - აფეთქება! შოკოლადის მაცდუნებელი არომატი, მოცვის და ყავა მოკკოსი, რომლებიც ახალგაზრდა მუხის თავბრუდამხვევ სურნელს ერთვის. Château La Fleur de Gay, პარკერის აზრით, ხარისხით მედოკის მხოლოდ 5-ე კლასს შეესაბამება.
 
Château Lafleur
 
ეს ღვინო თანამედროვე "გარაჟის" ღვინოების კონცეფციას მიჰყვება, მაგრამ ღვინის წარმოების კლასიკური რეცეპტების მკაცრი დაცვით. 11 აკრზე გაშენებულ ამ პატარა ვენახის ერთი ნახევარი მერლოსგან შედგება, მეორეს კი კაბერნე-ფრანი შეადგენს. მისი საუკეთესო კუპაჟი (1975) პარკერმა ასე დაახასიათა: "ეს ლეგენდარული ღვინო ძველმოდურ,  "მძიმე" Lafleur-ს ჰგავს: ძალიან მუქი, მდიდრული ბუკეტი, მწიფე არომატი, სანელებლებისა და თამბაქოს სურნელით".
  
Château Certan de May
 
იგი გამორჩეულად კონცენტრირებულია, საოცარად ეგზოტიკური ბუკეტით დ გლიცერინის ოპტიმალური შემცველობით. იგი სტილით Pétrus-ს ჩამოჰგავს. დღესდღეობით იგი მედოკის 2-ე კლასს შეესაბამება. აქაც მოსავლის გვიან აღებასთან გვაქვს საქმე, თანაც ძალიან ხანგრძლივ მაცერაციასთან. შედეგი კი მუქი ლალისფერი, მაღალექსტრაქტიული ღვინოა. კრიტიკოსი ჰიუ ჯონსონი თვლის, რომ იგი დორდონის მარჯვენა სანაპიროს ერთ-ერთი საუკეთესო ღვინოა.
 
Château La Conseillante
 
ძალიან ლამაზ ვერცხლისფერ და თეთრ ეტიკეტზე გამოირჩევა ასო N ნიკოლას (Nicolas) ოჯახის ინიციალი, რომელსაც შატო 1871 წლიდან ეკუთვნის. იგი ისეთი მდიდარი და არომატულია, როგორც ქრესტომათიული Pomerol-ი, მაგრამ არამც და არამც ყვავილოვანი, პოპმეზური არომატით და არც ქლიავის ტონებით. ის სტილისტიკურად ბურგუნდიულ ღვინოებსაც ჩამოჰგავს, ამიტომაც მედოკის მე-2 კლასის ღვინოებზე ძვირია. კაბერნე ფრანის (45%) მაღალი შემცველობის გამო ახალგაზრდობაში იგი მსუბუქსხეულიანია, თავის განსაკუთრებულ კეთილშობილებას მხოლოდ 12-15 წლის შემდეგ იძენს.
 
Château l'Évangile
 
1862 წლიდან ეს შატო დუკასის გავლენიან ოჯახს ეკუთვნოდა, მაგრამ 1990 წლებში აქციების საკონტროლო პაკეტი როტშილდებმა (Château Lafite Rothschild-ის მფლობელთა შტო) შეიძინეს. მანამდე ეს ღვინო გაუმჭვირვალე-ლალისფერი, მდიდრული, მაღალკონცენტრირებული იყო. მინერალური ნოტებით, ყვავილების, მოხალული თხილის და მოხცარის არომატით დამშვენებული. ახალი კი შედარებით მსუბუქსხეულიანი და ძალიან ღია ფერისაა.
 
Château Clinet
 
ეს ღვინო ადრე მოდერნიზაციას დიდად არ სწყალობდა. 1985 წელს ჟან-მიშელ არკოტის (Arcaute) ხელმძღვანელობით და მიშელ როლანის კონსულტაციით სრულიად სხვაგვარი გახდა. დაკარგა უწინდელი, მედოკისთვის დამახასიათებელი, მკაცრი, კლასიკური "სხეული" და მსუბუქი, "ფუმფულა" გახდა. ღვინის წარმოების ძირითადი პრინციპები აქაც მოსავლის გვიანი აღება, 6-კვირიანი მაცერაცია და ახალ მუხის კასრში დავარგებაა.
 
Château Lafleur Petrus
 
მუექსების თანავარსკვლავედში იგი თეორიულად მესამეა. საკმაოდ ტანინიანი, კარგად სტრუქტურირებული, აბრეშუმის ტექსტურით. ღვინის კომპოზიციურ სირთულეს ჩინური შავი ჩაის, მაყვლისა და ალუბლის ნოტები ქმნიან.
 
Château Latour à Pomerol
 
მუესკების კომპანია ამ ღვინოს "მეოთხე ნომრად" ასახელებს და მედოკის მეორე კლასის ღვინოებთან ათანაბრებს. მისი ღრმა არომატები, მინერალების მსუბუქი შემცველობა და არასაკმარისი კონცენტრირებულობა კარგად დავარგებულ პორტვეინს მოგვაგონებს.
 
Château Petit-Village
 
ეს ერთადერთი ადგილია პომროლში, რომელიც ბორდოში გავლენიან ჯგუფს AXA Millesimes-ს ეკუთვნის. გარდა კარგი დამზადების წესისა, აღსანიშნავია ღვინის შენახვის განსაკუთრებული წესი. აღსანიშნავია მისი საოცარი ხავერდოვანი ფაქტურა და ზეკონცენტრაცია.
 
© ღვინის კლუბი/“Weekend“

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული