Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ტასკას სიცილიური სული

ძმები, ჯუზეპე და ალბერტო ტასკა დ’ალმერიტები იმდენად განსხვავდებიან გარეგნობით, ხასიათითა და მანერებით, რომ ამ ადამიანების სისხლით ნათესაობაში მხოლოდ რამდენიმედღიანი ნაცნობობის შემდეგ რწმუნდები. იგივე შეიძლება ითქვას მათ მამულებზე, რომლებიც სიცილიის სხვადასხვა კუთხეში მდებარეობს. ისინი კონტრასტული არიან, სული კი ერთი აქვს და მას ტასკა ჰქვია.
 
საგვარეულო ენერგია
 
უმცროსი, ალბერტო, კომპანიაში 2003 წლიდან მუშაობს, ჯუზეპე კი 1990-იანებიდან არის საოჯახო სახლის მთავარი ენოლოგი. მათი მეურნეობა უკვე მეორე საუკუნეა სიცილიურ მეღვინეობაში ამინდს ქმნის. ტასკას ღვინოები 64 ქვეყანაში გადის. ძმების უკან მათი მამა – კონტე ლუჩოა, რომელიც ჩრდილში რჩება, თუმცა ყველაზე უკეთ გრძნობს მამულის მაჯისცემას. "ჩვენ მთიელები ვართ, - განმარტავს კონტე ლუჩო. ჩვენი წინაპრები ნებროდის მთებში მესაქონლეობას მისდევდნენ. სიცილიის ბევრი ცნობილი გვარისგან განსხვავებით, ძალიან ჯანსაღი სისხლი გვაქვს, რომელშიც სამი რამაა შერწყმული: სიჯიუტე, მოქმედების სურვილი და მშობლიური მიწის სიყვარული.”
ტასკას საგვარეულო ისტორიაში ორი სახელი მონაცვლეობს: ლუჩო და ჯუზეპე. პირველმა ხუთმა თაობამ სანაქებო ლატიფუნდია შექმნა, ბოლო სამმა კი მეღვინეობის მეურნეობად გადააქცია. 1830 წელს პირველმა ლუჩო ტასკამ ერთ-ერთი ესპანელი დიდგვაროვნისგან კუნძულის ცენტრალურ ნაწილში მდებარე რეგალეალი შეისყიდა. ამ დროისთვის ეს ერთი მიყრუებული ადგილი იყო, სადაც მხოლოდ ჯორებით გადაადგილდებოდნენ. 1837 წელს ლუჩომ აქ სახლი ააშენა და სარდაფში ღვინის დაყენება დაიწყო. ღვინის გაყიდვით უკვე მისი შვილიშვილი, მეორე ლუჩო ტასკა დაინტერესდა. პატივმოყვარე და მიზანდასახული ახალგაზრდა დიდგვაროვნის ქალიშვილზე დაქორწინდა, გრაფი გახდა და მოგვიანებით პალერმოს მერობასაც მიაღწია. ქალაქის მერი და სენატორი მომდევნო ჯუზეპე ტასკა ლანცაც იყო, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია, მეღვინეობითაც დაკავებულიყო. ყურძენი პირდაპირ პალერმოს ვილაში მოჰყავდა და ღვინოსაც იქვე ასხამდა. XX საუკუნეში დაწყებულმა ომებმა ეს პრაქტიკა შეაჩერა. ბრენდი Camastra, რომელიც ტასკების პირველი სასმელია,  ასი წლის შემდეგ უკვე რეგალეალის მიწებზე ააღორძინეს.
პოლიტიკაში აქტიურად მონაწილეობდა ჯუზეპესა და ალბერტოს დიდი ბაბუა, ლუჩო ტასკა ბორდონარო, რომელიც პალერმოს პირველი მერი იყო პოსტფაშისტურ ეპოქაში (1943-1944). იგი სიცილიის დამოუკიდებლობისთვის ერთ-ერთი აქტიური მებრძოლიც გახლდათ, თუმცა პარალელურად მშვენივრად უძღვებოდა ლატიფუნდია რეგალეალის: ომამდე მეურნეობა მექანიზებული გახადა, რაც სიცილიისთვის დიდი ნახტომი იყო, ომის შემდეგ კი მისი დივერსიფიცირება მოახდინა: გაასამმაგა ვენახების ფართობი და სარდაფებიც გააფართოვა, თუმცა 1950 წლის მიწის რეფორმამ მისი მიწები 500ჰა-მდე შეამცირა. ლუჩოს ვაჟმა (მორიგი ჯუზეპე) უარი თქვა პოლიტიკაზე და მთლიანად ოჯახურ მეურნეობაზე გადაერთო. საგვარეულო ენერგია სახუმარო საქმე არ არის - ჯუზეპემ ღვინის ოლიმპი დაიპყრო.
 
პერმანენტული რევოლუცია
 
როდესაც მარცვლის ფასი მკვეთრად დაეცა, ჯუზეპე ტასკამ სხვადასხვა საქმიანობა სცადა (რეგალეალიში ყვავილებიც კი გამოჰყავდათ: ტიტები, გლადიოლუსები და კალები), მაგრამ მალე გადაწყვიტა, რომ ფრანგებს არაფრით ჩამოუვარდებოდა და 1959 წელს იტალიური ღვინის რევოლუციას შეუერთდა. ახალგაზრდა ამბიციური ენოლოგი ეციო რიველა მოიწვია და დაუყოვნებლივ დაიწყო Regaleali Bianco-ს ბოთლებში ჩამოსხმა. 10 წლის შემდეგ ბაზარზე კიდევ ერთი ღვინო - Regaleali Rosso Riserva del Conte გაჩნდა. ჯუზეპე ტასკა პედანტი პრომოუტერი იყო და ძალზე აფასებდა ადგილობრვ ჯიშებსა და ტექნოლოგიებს, მისი ვაჟი, კონტე ლუჩო კი ექსპერიმენტების მოყვარული გახლდათ. როგორც კი მშობლის ძალაუფლების შესუსტება იგრძნო, საკუთარი გეგმების განხორციელებას შეუდგა. 80-იანების შუა წლებში მამისგან მალულად კანონით აკრძალული შარდონე და კაბერნე გააშენა და ფრანგული მუხის პროპაგანდაც დაიწყო. 
1989 წლის ბოლოს კონტე ლუჩომ მამას ორი შესანიშნავი ჯიშური ღვინო წარუდგინა და სულ მალე მხოლოდ მისი კი არა, მსოფლიო აღიარებაც მოიპოვა. წარმატებასთან ერთად საწარმო უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვა, რაზეც 5 მლნ. დოლარი დახარჯა, ამასთან, წაბლის კასრები მუხით შეცვალა და ლითონის ბარიკებიც შემოიტანა. 2000 წლის დასაწყისში, როდესაც ყველაფერი უკვე მზად იყო, ჯიშებით ექსპერიმენტები დაიწყო. სხვათა შორის, მის საჯიშე მეურნეობაში რამდენიმე ქართული ჯიშიც მოიპოვება. კონტე ლუჩოს დაწყებულ საქმეს ახალი სისხლი სჭირდებოდა და ეს ფუნქცია მისმა შვილებმა – ჯუზეპემ და ალბერტომ იტვირთეს. 
 
რეგალეალის რელიეფი
 
ნებისმიერ იტალიელისთვის  სიტყვათშეთანხმება Regaleali  ორ ცნებას უკავშირდება: "საჩუქარი” (regalo) და "სამეფო”(regale), მაგრამ ტასკები არაბულ Rahal Ali ("ალის ფერმა”)-ს ემხრობიან, რომელიც XII საუკუნის წყაროშია მითითებული. პალერმოდან რეგალეალიმდე მანქანით საათნახევრის სავალია. ოქროსფერი პურის ყანების შემდეგ მწვანეში ჩაფლული მამული საოცარ კონტრასტს ქმნის: ოტელის სტილში აშენებული ვილა, სუპერთანამედროვე ღვინის საწარმო, 400ჰა ვენახი 420-დან 800 მეტრ სიმაღლეზე, 100 ჰა ტყე, ზეთისხილის პლანტაციები, მინდვრები და საძოვრები რეგალეალის სტუმრებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის ღვინოს. შემოდგომაზე საოცარი ფერებია, აქაურობა ჭრელ საბანს ჰგავს, სადაც თითოეულ ჯიშსა და ნიადაგის ფენას თავისი ფერთა გამა შეესაბამება.                 
50 წლის განმავლობაში მამულში არაფერი შეცვლილა. სამაგიეროდ, ცვლილებები სარდაფში ბოლო დრომდე გრძელდება. ტასკები თავიანთ საფირმო ღვინოს, Rosso del Conte -ს, რომელსაც 1970 წლიდან ასხამენ, ჯერ წაბლის, შემდეგ იმავე მოცულობის ფრანგული მუხის კასრებში აძველებდნენ. მოგვიანებით ისინი ბარიკებმა ჩაანაცვლა. მათი რიცხვი ნელ-ნელა იზრდებოდა და 2004 წლისთვის 100% შეადგინა. ტრადიციულად, Rosso del Conte ნერო დ’ავოლასა და პერიკონეს საფუძველზე მზადდება. ბოლო წლებში ბლენდში შევიდა კაბერნე სოვინიონი, 2006 წელს მისი წილი 30%-მდე გაიზარდა, 2008 წლის ვინტაჟში კი 5%-მდე შემცირდა. "სრულყოფილების ძებნა არასოდეს მთავრდება – ამბობს ჯუზეპე, - თუმცა, როგორც ჩანს, ოქროს შუალედი ვიპოვეთ.”
 
შევსებული ყულაბა
 
ტასკა დ’ალმერიტას "ყულაბას” გარკვეული პერიოდულობით ემატება ახალი მამულები, რომელთაც თავად "შეხვედრას” და "გულის დაპყრობას” ეძახიან. პირველი მიწა ეოლიის კუნძულებზე შეიძინეს. მიზეზი – საიახტო სპორტით ოჯახის გატაცება იყო.
იახტ-კლუბი მონდელოში (პალერმოსთან ახლოს) ჯერ კიდევ კონტე ლუჩოს მამამ დააფუძნა. მისი წევრობა შთამომავლობითია და მხოლოდ დიდგვაროვნებზე ვრცელდება. ადგილი კაპოფარო კუნძულ სალინის ჩრდილოეთით 5-ვარსკვლავიან ოტელად გადაიქცა. იგი რამდენიმე თეთრი სახლისგან შედგება, რომლებიც იდეალურად მოვლილ მალვაზიის ვენახშია გაბნეული. მეზობლები ახალმოსახლეებს დიდი სიხარულით არ შეხვედრიან. აგრესიულნიც კი იყვნენ, რადგან გრაფებმა მხოლოდ მათი მიწა კი არ მიითვისეს, ტრადიციასაც შეეხნენ: მაგარი ქარვისფერი პასიტოს ნაცვლად მსუბუქი ჩალისფერი სადესერტო ღვინო დააყენეს. "რა აზრი აქვს ტრადიციას, რომელიც არ ვითარდება? – მიიჩნევს ჯუზეპე. – მე ჩვენი პასიტო უფრო მომწონს, რადგან მასში მეტადაა ასახული ამ ზღაპრული კუნძულების სილამაზე.” ტასკამ უარი თქვა პასიტოში ტკბილი შავი ყურძნის, კორინტო ნეროს დამატებაზე, რითაც DOC-ის კანონები დაარღვია. ძმები სიახლეებს არ ერიდებიან, თუმცა არც ტრადიციულ ფასეულობებზე ამბობენ უარს. "ჩვენი მიზანი არ არის ყველაფრის უნიფიცირება და თითოეულ ბორცვზე ტასკას ალმის აღმართვა. პირიქით, გვინდა თავი მოვუყაროთ მეტ კონტრასტს, შევიმეცნოთ და მაქსიმალურად პირველყოფილი სახით წარმოვაჩინოთ თითოეული ადგილის უნიკალობა,” - ამბობს ალბერტო. 
 
ნათესავი კრუები 
 
თავადი კამპორეალეები – ტასკების უახლოესი ნათესავები არიან. პალერმოსთან ახლოს მდებარე მათი მამული Sallier de La Tour - იდეალური ადგილია სირასთვის. როდესაც კამპორეალეები მიხვდნენ, რომ ბიძაშვილები წარმატებით ართმევენ თავს მეღვინეობას, გრძელვადიანი არენდით გადასცეს თავიანთი ვენახები. ეს შეთავაზება ხელსაყრელი აღმოჩნდა ტასკებისთვისაც, რომლებიც კარგად იცნობენ აქაურობას და იციან ადგილობრივი ნიადაგისა და კლიმატის თავისებურებები. ეს ადგილი ახლოსაა ზღვასთან, ამიტომ უფრო ცხელა და ტენიანობაც მეტია, რაც სირასთვის საუკეთესო გარემოს ქმნის. სამი წლის განმავლობაში ტასკებმა ვენახების რეორგანიზაცია მოახდინეს, ახლა სარდაფების კეთილმოწყობაზე მუშაობენ. ორმა ტოპ-კრუმ - La Monaca-მ და Le Bianche-მ უკვე დაიმკვიდრა აქ თავისი ადგილი. La Monaca მდიდრული ღვინოა, ოღონდ არა გადამეტებულად, როგორც ავსტრალიური შირაზი; ელეგანტურია, მაგრამ რონული სირას მსგავსად ჩარჩოებში არ ზის. ცოცხალი ხილის ნოტები მასში ინტენსიურადაა, იგრძნობა სანელებლების, განსაკუთრებით კი შავი პილპილის ზომიერი არომატიც. ჯუზეპე დარწმუნებულია, რომ მათ ყველაფერი აქვთ იდეალური სირას დასაყენებლად, რომელსაც სიცილიური სული ექნება შთაბერილი.
 
ფინიკიური ღვინო
 
ტასკების ბოლო პროექტი არაორდინარობითა და ორიგინალობით ტოლს არ უდებს პომპეიში გაშენებულ Mastroberardino-ს ვენახებს:  დ. უითეკერის ფონდის მიწვევით, რომელიც ლაგუნა სტანიონეზე წმ. პანტელეიმონის კუნძულს ფლობს, ჯუზეპემ და ალბერტომ ძველი ფინიკიური ქალაქის ნანგრევებზე გრილოს მოშენება დაიწყეს. სამეცნიერო-არქეოლოგიური სამუშაოების გამო აქ მხოლოდ ორგანული მეღვინეობაა დაშვებული, ტექნიკა კი მხოლოდ თოხით შემოიფარგლება. მიწის გაფხვიერება 30 სმ-ზე ღრმად არ შეიძლება, რადგან 40 სმ-ს ქვემოთ ანტიკური შრე იწყება. 
ვიდრე სირაკუზელი ტირანი დიონისე გადაწვავდა, მოციო აყვავებული ქალაქი იყო, რომელსაც თითქმის მთელი კუნძული ეჭირა. ვენახის მახლობლად წარმოებული გათხრებისას ჩვილი ბავშვების გვამები იპოვეს, რომელთაც ადგილობრივნი ღმერთ ვაალ-ჰამონს სწირავდნენ. თავად ტაძარი, სადაც მსხვერპლშეწირვა ხდებოდა, უშუალოდ ვენახის ქვემოთ მდებარეობს, მაგრამ ყველაფრის გათხრა შეუძლებელია. ეს მთელი საუკუნის სამუშაოა. 
ტასკების მიერ წარმოებული Grillo Mozia მშვენირად მოერგო ადგილობრივ მარტივ სამზარეულოს. "ამ ადგილებში გრილოს განსაკუთრებული კლონი იზრდება. მას გრძელი მტევანი და დიდი მარცვლები აქვს, ამიტომ ღვინო დელიკატური და სავსე გამოდის” – ამბობს ადგილობრივი აგრონომი ფილიპო სამარტანო...
 
მოუსვენარი სული
 
და მაინც, რა არის ტასკა? რასაკვირველია, ძლიერი კავშირი ტრადიციულ კულტურასთან, სამშობლოს სიყვარული და ნოვატორული სული. კიდევ რა? "მხოლოდ იმის კეთება, რაც გულიდან მოდის” – ამბობს ჯუზეპე. "კონცენტრირებულ, გამორჩეულ სიცილიურ გემოთა შენარჩუნება და ამის ელეგანტურად კეთება” – ამატებს ალბერტო. ტასკა – ეს შრომისმოყვარეობა და სიჯიუტეა, როგორც თავის დროზე კონტე ლუჩო ამბობდა. ამასთან, გასაოცარი სიმსუბუქეც, თითქოს ყველაფერი ზედმეტი ძალდატანების გარეშე, თავისთავად გამოდის. როდესაც ამ გამორჩეული ოჯახის საქმიანობას ადევნებ თვალს, ბუნებრივად იბადება კითხვა: მას შემდეგ, რაც ტასკას ალამი Mamertino-ში, Cerasuolo di Vittoria-სა და სიცილიის სხვა ღირსშესანიშნავ ადგილზე აღიმართება, საით მიაპყრობს მზერას, სადღა წავა გულის კარნახით მოქმედი და გვარის ენერგიით ნასაზრდოები მომავალი თაობა? პასუხს ისევ ტასკების შთამომავალნი გაგვცემენ. 
 
მოამზადა ნანა კობაიძემ
 
© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული