გამოქვეყნებულია: 17 ივნისი, 2010 - 02:03
ალეკო ცქიტიშვილი
ეთნოგრაფს ყოველთვის ჰგონია, რომ ისეთ საქმეს აკეთებს, რომელიც უკვე დაგვიანებულია. მართალია, ბოლოს აღმოჩნდება, რომ თვითონაც ბევრი რამ გადაარჩინა დავიწყებას და მტვერს, მაგრამ მას მაინც არ შეუძლია, დამშვიდდეს, დაისვენოს. ეს მოუსვენრობა და ნერვიულობა ერთგვარი პროფესიული დაავადებაა, რასაც გასაგები მიზეზი აქვს –მეცნიერული აღწერა–ფიქსაციის მიუხედავად, დრო დაუნდობლად ანადგურებს უნიკალურ ტრადიციებს, ნივთიერ ძეგლებს. შეგროვებული მასალები არქივებსა და ბიბლიოთეკებში ინაცვლებს დაარავინ იცის, ვინმეს გამოადგება თუ არა. თუმცა, ეთნოგრაფი აუცილებლად ოპტიმისტია – მას არასოდეს ტოვებს იმედი, რომ სათუთად აღწერილი საუკუნოვანი ტრადიციები ერთ დღესაც გაცოცხლდება და თანამედროვე ყოფა–ცხოვრებას დაუბრუნდება.
სწორედ ასეთი ოპტიმიზმით განაგრძობს მუშაობას 80 წელს მიტანებული ეთნოგრაფი ლევან ფრუიძე. ასაკის მიუხედავად, იმდენად დატვირთული სამუშაო გრაფიკი აქვს, ინტერვიუსთვის დრო რამდენიმე დღით ადრე შევათანხმეთ. უმეტესწილად ეროვნულ ბიბლიოთეკაში ნახავთ – ქართველოლოგიის განყოფილებაში, სადაც თაბახის ფურცლებზე რაჭული სიდინჯით წერს თავის ყველაზე მნიშვნელოვან ნაშრომს – საქართველოს მევენახეობა–მეღვინეობის ისტორიას (ისტორიულ–ეთნოგრაფიულ მასალებზე დაყრდნობით).
50 წელია, საქართველოს მევენახეობა–მეღვინეობის ტრადიციებს იკვლევს. ამ საქმეს ხელი როცა მოჰკიდა, ნიკო კეცხოველის რედაქტორობით უკვე გამოცემული იყო „საქართველოს ამპელოგრაფია“. ეს საუკუნის ნაშრომი იმდენად სრულყოფილია, რომ იმ პერიოდში ძნელი წარმოსადგენი იქნებოდა, კიდევ რა უნდა დაწერილიყო ქართულ მევენახეობაზე. სწორედ ამ დროს დაიწყო ლევან ფრუიძემ მუშაობა მრავალტომეულზე ამბიციური სახელწოდებით – „მევენახეობა და მეღვინეობა საქართველოში“. პირველი ტომი მშობლიურ კუთხეს – რაჭას მიუძღვნა და საკანდიდატო დისერტაციაც დაიცვა ლეგენდარული ეთნოგრაფის, გიორგი ჩიტაიას ხელმძღვანელობით.
"დაღუპული ხარ", – ეუბნებოდნენ კოლეგები, როცა გაიგეს, რომ დისერტაციის დაცვაზე მისი ოპონენტი თვით ნიკო კეცხოველი იქნებოდა. ფრუიძემ გადაწყვიტა, წინასწარ ენახა აკადემიკოსი და შეეტყო, რა განაჩენს გამოუტანდა. შენ რატომ მოხვედი, ნაშრომი სადააო – ჰკითხა კეცხოველმა.
„გადავეცი ნაშრომი. მერე დამირეკა და მითხრა – ორი ღამე გავათიე, წავიკითხე და ძალიან მომეწონა, დროულად მოგისწრია იმ საგანძურის ფიქსაცია, რაც ყოველდღიურად იკარგებაო“, – იხსენებს ლევან ფრუიძე.
სადისერტაციო ნაშრომის წიგნად გამოცემაზე გიორგი ჩიტაია დაეხმარა. მაშინ სამეცნიერო შრომების გამოქვეყნებაზე ნებართვა მოსკოვიდან გაიცემოდა. ფრუიძის წიგნში კი ძველ ეროვნულ ტრადიციებზე იყო საუბარი, რასაც საბჭოთა კავშირის დროს კარგი თვალით არ უყურებდნენ. ავტორმა წინასწარ იცოდა, რომ მოსკოვი ასეთი წიგნის გამოცემის ნებას არ მისცემდა. ამ დროს გიორგი ჩიტაია თავჯდომარეობდა საისტორიო საზოგადოებას, რომელსაც ჰქონდა გარკვეული ლიმიტი წიგნების მოსკოვის გვერდის ავლით გამოცემაზე. ოღონდ, ასეთ შემთხვევაში, საკითხს საისტორიო საზოგადოების საბჭო წყვეტდა, სადაც რამდენიმე ისეთი კაციც შედიოდა, რომლებიც ნაშრომების გამოცემას ბლოკავდნენ, თუკი მასში მარქსის ციტატები არ იქნებოდა.
ლევან ფრუიძის ნაშრომი – „მევენახეობა და მეღვინეობა საქართველოში, წიგნი I - რაჭა“ მარქსისტებმა არაპოლიტიკურად ჩათვალეს და ეჭვქვეშ დააყენეს მისი გამოცემის სარგებლიანობა. ავტორი იძულებული გახდა, პირობა დაედო, რომ უარს ამბობდა ჰონორარზე, საისტორიო საზოგადოებას კი თავდებობით გარანტიას აძლევდა, რომ წიგნი მომგებიანი იქნებოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ზარალიც მას უნდა აენაზრაურებინა. ამ პირობით და გარანტიით გამოიცა წიგნი. მაღაზიებში გატანილი ტირაჟი მთლიანად გაიყიდა და საზოგადოებამ 9 000 მანეთი მოგება მიიღო. ამის მიუხედავად, მარქისტებმა ფრუიძე ყრილობაზე მაინც გალანძღეს – გიორგი ჩიტაიას კეთილგანწყობით ისარგებლა და საზოგადოება აზარალაო.
"ისე გავბრაზდი, რომ სასამართლოში ვიჩივლე. ხუთი წელი ვიბრძოლე და ბოლოს გავიმარჯვე – დავამტკიცე, რომ ჩემი წიგნით საზოგადოებამ მხოლოდ მოგება მიიღო. შესაბამისად, კუთვნილი ჰონორარიც ავიღე“, - იხსენებს მეცნიერი.
ამის შემდეგ ლევან ფრუიძისათვის წიგნი აღარ დაუბეჭდავთ. ხელნაწერის სახით მზად აქვს „მევენახეობა და მეღვინეობა საქართველოში, წიგნი II - ლეჩხუმი“, მაგრამ მის დაბეჭდვას თვითონვე აღარ ჩქარობს. ახლა მისი მთავარი მიზანია, დაასრულოს ბევრად უფრო მოცულობითი ნაშრომი – „საქართველოს მევენახეობა–მეღვინეობის ისტორია“, რომელიც მთლიანად დაიტევს სრულყოფილ ინფორმაციას საქართველოში მევენახეობა–მეღვინეობის განვითარებაზე უძველესი პერიოდიდან დღემდე. სხვა საქმეები გვერდზე აქვს გადადებული.
„ჩემს თვალწინ ისე გაქრა ეთნოგრაფიული ყოფის დიდი ნაწილი, თანამედროვე საშუალებებით მათი აღრიცხვა ვერ მოვახერხე. ახლაც კი ისეთი მარნები ნადგურდება სოფლებში, მესაკუთრეებმა არც კი იციან, რა სიმდიდრეს ფლობენ. ლეჩხუმში უძველეს მარნებში დევებივით დიდი საწნახელები მაქვს ნანახი – გაუქმებული და უფუნქციო, მათში ქიმიურ სასუქებს ინახავდნენ და ალპობდნენ. შევძარი ქვეყანა, მაგრამ სახელმწიფო დონეზე რომ დაეცვათ ეს სიმდიდრე, ამას ვერ მივაღწიე“, – წუხს ლევან ფრუიძე.
თავისი ნაშრომით სურს, სრულყოფილად, უწყვეტი სახით წარმოადგინოს მევენახეობა–მეღვინეობის ისტორია ეთნოგრაფიულ მასალებზე დაყრდნობით. იმედი აქვს, რომ ხალხი მისი გაცნობის შემდეგ მაინც გაიგებს, რომ ქართველი კაცი ღვინოს კომერციის მიზნით არ აყენებდა. მისთვის ეს იყო უმაღლესი დონის ესთეტიური სიამოვნება. ვენახი და ღვინო განსაზღვრავდა ქართველი კაცის კულტურას და დამოკიდებულებას სამყაროსთან, ღმერთთან.
აგრარული რეფორმა – "ქართული გზის" უარყოფით
არასოდეს ჰქონია სურვილი, ვინმეს უფროსი ყოფილიყო. უფრო მეტად მკვლევარი–მეცნიერია, რომელსაც საკუთარი საქმეებიც თავზესაყრელად აქვს და სხვების ნაშრომებზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს. ამიტომ უყოყმანოდ ამბობდა უარს თანამდებობებზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა 90–იანი წლების დასაწყისში პარლამენტში აგრარულ რეფორმაზე მომუშავე ჯგუფს ჩაუდგა სათავეში. დღემდე ვერ ურიგდება იმ ფაქტს, რომ მაშინდელმა ხელისუფლებამ ჯგუფის მიერ მომზადებული აგრარული რეფორმის პროექტი დაიწუნა და მიწის კერძო საკუთრებაში გადაცემა სრულიად სხვა პრინციპებით განახორციელა.
„8 თვის განმავლობაში სისტემატიურად ვხვდებოდი პრეზიდენტ შევარდნაძეს და როგორც სტუდენტს, ლექციებს ვუტარებდი, რატომ იყო ქვეყნისთვის სასიცოცხლო ჩვენს მიერ მომზადებული პროექტის განხორციელება. ყველაფერი კარგად რომ გაიგო და დაისწავლა, ჯერ დაგვეთანხმა, ბოლოს კი, როგორც იცოდა ხოლმე, გვიღალატა – კანონპროექტი პარლამენტში კენჭისყრაზეც არ გაიტანა“, – იხსენებს ლევან ფრუიძე.
ამასობაში, იმ პარლამენტს ვადა გაუვიდა. მომდევნო მოწვევის პარლამენტი კი სხვა შემადგენლობით დაკომპლექტდა და აგრარული რეფორმაც სხვა ჯგუფის მიერ მომზადებული კანონით გატარდა. ამ რეფორმას ლევან ფრუიძე უარყოფითად აფასებს: „ჩვენმა ჯგუფმა, რომელიც სხვადასხვა დარგის კომპეტენტური მეცნიერებისგან შედგებოდა, შეიმუშავა აგრარული რეფორმის ქართული გზა, რომელიც ეყრდნობოდა ილია ჭავჭავაძის მოძღვრებას სოფლის უზენაესობის შესახებ. მიწის კერძო საკუთრებაში გადაცემისას უნდა გათვალისწინებულიყო საკუთრების ფლობის საუკუნოვანი ქართული ფორმები და ტრადიციები. უპირველეს ყოვლისა, დაცული უნდა ყოფილიყო ქართული სოფლის ინტერესები და ქართველი გლეხის ღირსება. სათიბი, საძოვარი, ტყე უნდა გადასულიყო სოფლის საკუთრებაში, სოფლის სავარგულები კი – კომლების საკუთრებაში. ქვეყნის მართვა უნდა წარმართულიყო ქვემოდან ზემოთ. ჩვენმა მოწინააღმდეგე ჯგუფმა კი ხალხს თავს მოახვია აგრარული რეფორმის ისეთი მოდელი, სადაც მიწა არ არის გააზრებული ეროვნულ ღირებულებად, არამედ – მხოლოდ უძრავ ნივთად, საქონლად. დაკანონდა მიწის შეუზღუდავი ყიდვა–გაყიდვა ისე, რომ არც ინვენტარიზაცია და არც კადასტრი არ ჩატარებულა. სწორედ ამის ბრალია, რომ ახლა ნახევარი საქართველო გაყიდულია და ხვალ–ზეგ რა გველის, არ ვიცით.
2006 წლის თვითმმართველობის არჩევნებით საერთოდ უარესი შედეგი მივიღეთ – სოფელი, როგორც ადმინისტრაციული ერთეული, საერთოდ გაუქმდა. ტერმინი „სოფელიც“ კი ამოიღეს ხმარებიდან და სოფლებს თვითმმართველობის ყოველგვარი უფლება წაართვეს. ჩვენი ჯგუფი ცდილობდა, გაუქმებულიყო საბჭოთა პერიოდის ანომალიური საკუთრების ფორმები და სოფლად ჩამოყალიბებულიყო ძლიერი საშუალო ფენა. მოწინააღმდეგე ჯგუფის რეფორმით კი უარესი ანარქიული ვითარება მივიღეთ. ქართული სოფლის ინსტიტუტის გაუქმებამ და უძველესი ტრადიციების მოშლამ კიდევ უფრო დააჩქარა სოფლების დაცარიელების პროცესი. უმაღლესი ხარისხის მიწები ჩალის ფასად ხელში ჩაიგდო საბჭოთა პერიოდის ნომენკლატურამ და შემდგომში საეჭვოდ გამდიდრებულმა ფენამ. მერე მათ დაიწყეს პლანტატორული მეურნეობების შექმნა. უპირველეს ყოვლისა, ხელი დაავლეს მევენახეობა–მეღვინეობის დარგს, სადაც ქართველ მევენახე–მეღვინეს პლანტაციებში მონის ადგილი მიუჩინეს... მაგრამ სწორედ აქ დაუშვეს მთავარი შეცდომა – ვერ გათვალეს, რომ ქართველი გლეხი მონად არასოდეს იქცევა. მას ურჩევნია, სოფლიდან საერთოდ გაიქცეს, ვიდრე მონად იმუშაოს. ამიტომაც არის, რომ ეს პლანტატორები უზარმაზარ ტერიტორიებზე გაშენებულ ვენახებს ვეღარ უვლიან და აღარ იციან, რა ქნან. ეს გზა აუცილებლად მიდის მათ კრიზისამდე, როცა ღვინის ფალსიფიკაციის უდიდესი მასშტაბები და პლანტატორული ყაიდის მევენახეობა საკუთარ თავს მთლიანად ამოწურავს. ამ დროს კიდევ გაჩნდება შანსი, მევენახეობა–მეღვნეობის დარგი გადარჩეს და დაცარიელებული ქართული სოფლები აღორძინდეს, თუკი საკანონმდებლო ბაზა შეიცვლება და მიწა თავის ისტორიულ პატრონს – მევენახეს დაუბრუნდება. მე ჯერ კიდევ მაქვს იმედი, რომ სწორედ ასე მოხდება. ამ იმედით ვცოცხლობ“.
ამბობენ, პესიმისტი კარგად ინფორმირებული ოპტიმისტიაო. ეს გამონათქვამი ყველაზე მეტად, ალბათ, ეთნოგრაფს შეეფერება, რომელიც მუდმივად წუხს ტრადიციების დაკარგვაზე, მაგრამ იმედსაც არ კარგავს, რომ მის მიერ აღნუსხული ტრადიციები ოდესმე გაცოცხლდება. ლევან ფრუიძეს დროებით ჩვენც "კარგად ინფორმირებულები" ვემშვიდობებით, ვუსურვებთ ნაშრომის დროულად დასრულებას და რაღა თქმა უნდა - ველით „ღვინის კლუბში“.
©ღვინის კლუბი/vinoge.com
თქვენი კომენტარი