Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ყინვამ და გვალვამ იმერეთში ყურძენი საძებარი გახადა

ალეკო ცქიტიშვილი

იმერეთში მევენახეებს დიდი გასაჭირი აქვთ - 2014 წლის განმავლობაში ჯერ ყინვისგან, შემდეგ ვაზის დაავადებებისგან, ბოლოს კი არანორმალური გვალვისგან მოსავალი არათუ გაუნახევრდათ, არამედ მეხუთედიც ძლივს მოიწიეს. ბევრმა მევენახემ მოსავალზე საერთოდ ხელი ჩაიქნია და რთველიც არ ჩაატარა. რამდენიმე ღვინის კომპანია და ოჯახური მარანი წელს ღვინოს ჩვეულებრივზე ბევრად მცირე რაოდენობით დააყენებს.

სექტემბრის ბოლოსთვის საქართველოში რთველი აქტიურ ფაზაში შევიდა. ამ დროისთვის კახეთის ვენახების უმეტესი ნაწილი დაკრეფილია. თვის შუა რიცხვებში მოსულმა ნალექმა და ტემპერატურის კლებამ ყურძენში შაქრიანობა დასწია და კახელ მევენახეთა ნაწილმა რთველი დაგეგმილზე ერთი-ორი კვირით გვიან დაიწყო. ყურძენი ახლა ყვარლისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების სოფლებში იკრიფება. გარე კახეთში კი რთველს ოქტომბრის დასაწყისში გეგმავენ.

მედიით, ძირითადად, კახეთში მიმდინარე რთველი შუქდება. პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წევრები პერიოდულად ჩანან კახეთში, რთველისთვის გახსნილ სპეციალურ შტაბში. წინააღმდეგობრივი ინფორმაციები ვრცელდება საფერავის ფასებთან დაკავშირებით. მედია საფერავის ფასად ხან 2 ლარს, ხან 1,50 ლარს, ხანაც 2,50 ან სულაც 3 ლარს ასახელებს. როგორც ჩვენთან საუბრისას მსხვილი კომპანიების დირექტორებმა განაცხადეს, საფერავის ფასის განსაზღვრისას მნიშვნელოვანი ფაქტორია, თუ სად არის იგი დაკრეფილი. თუკი მუკუზნის, ან სხვა ცნობილი ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის სპეციფიკურ ზონაშია დაკრეფილი და ხარისხიც კარგია, ასეთ საფერავში 3 ლარის გადახდაც ღირს. ხოლო ალაზნის ველსა და სხვა ნაკლებად საინტერესო ადგილებში დაკრეფილი საფერავი შედარებით იაფი ღირს.

საფერავზე ასეთი მაღალი ფასის დადგენა ქართული ღვინოებისთვის რუსეთის ბაზრის გახსნამაც განაპირობა. საქმე ის არის, რომ საფერავისგან მზადდება რუსეთისათვის ყველაზე პოპულარული ნახევრადტკბილი წითელი ღვინოები, როგორიცაა „ქინძმარაული“, „ახაშენი“ და სხვა. ამიტომ რუსულ ბაზარზე ორიენტირებულ კომპანიებს საფერავისთვის კონკურენცია აქვთ.

რთველში აქტიურად ჩაერთო რუსულენოვანი სახელწოდების სახელმწიფო საწარმო „გრუზვინპრომი“, რომელიც წინა წლებში ასეთი აქტიურობით არ გამოირჩეოდა. „გრუზვინპრომმა“ წელს დაზიანებული ყურძენიც კი ჩაიბარა - კილოგრამი 40 თეთრად. ღვინის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ სახელმწიფო საწარმოებმა საკუთარ თავზე იკისრეს უხარისხო ყურძნის ჩაბარება, მათ შორის კახეთის ისეთი მუნიციპალიტეტებიდან, სადაც მაღალხარისხიანი საღვინე ყურძენი არ მოდის და ამიტომ ასეთი ნედლეულით კერძო კომპანიები არ ინტერესდებიან.

კახეთისგან განსხვავებით, იმერეთში რთველი ტრადიციულად სახელმწიფოს სუბსიდირების გარეშე მიმდინარეობს. ამის მიუხედავად, ყურძენი იმდენად მცირეა და მასზე იმხელა მოთხოვნაა, რომ 1 კგ ცოლიკოურის ფასი ბაზარზე 1,20 ლარიდან 1,50 ლარამდე მერყეობს. შედარებით იშვიათი ვაზის ჯიშის - კრახუნას ყურძენი კი 2 ლარიც ღირს.

„მეღვინეობა ხარებას“ ვენახები კახეთშიც აქვს და იმერეთშიც. კახეთში რთველი კომპანიამ 26 აგვისტოდან დაიწყო, იმერეთში კი - 5 სექტემბრიდან. კომპანიის მეღვინე, ლადო კუბლაშვილი ამბობს, რომ ორივე რეგიონში მოსავალი გვალვისგან ძალიან შემცირებულია. რაღა თქმა უნდა, სიცხეში ყურძენი ადრე დამწიფდა და ამან რთველის დაწყების თარიღზეც იმოქმედა.

„იმერეთში რთველი 5 სექტემბერს, კრახუნას კრეფით დავიწყეთ. კრახუნას ვენახი სვირში გვაქვს. მერე წვიმები დაიწყო და ყურძენში შაქრიანობა დავარდა. ეს განსაკუთრებით ციცქას შეეტყო. ამიტომ რთველი გადავადდა და ახლაც მიმდინარეობს. გლეხები ძალიან შეწუხებულნი არიან. აქ სახელმწიფო რთველის მიმდინარეობაში არ ერევა - არც სუბსიდირებით და არც რაიმე კომპენსაციით. მიუხედავად იმისა, რომ იმერეთში გლეხებისგან ყურძენს მხოლოდ ერთი-ორი კომპანია იბარებს და კონკურენცია, ფაქტობრივად, არ არის, ყურძნის ფასი შარშანდელზე რამდენადმე მაღალია. მაგალითად, გასულ წელს კრახუნა ღირდა - 1,40 ლარი, ციცქა - 1,10 ლარი, წელს კრახუნას ფასმა 2 ლარამდე აიწია, ციცქა კი 1,50 ლარი ღირს. ასეთი მაღალი ფასები, ცხადია, გამოწვეულია ყურძნის დეფიციტით“, - ამბობს ლადო კუბლაშვილი.

მსხვილმა კომპანიებმა, აქტიური აგროქიმიური ღონისძიებებით, მეტ-ნაკლებად წარმატებით გაართვეს თავი ვაზის დაავადებების მკურნალობას. გლეხებს კი, რომლებიც სათანადოდ და დროულად ვერ გეგმავენ ამა თუ იმ დაავადებასთან ბრძოლის ღონისძიებებს, მეტი ზარალი აქვთ.

„იმერული ღვინის კომპანიის“ ვენახები სოფელ სვირში ვაზის ქართული და უცხოური ჯიშების მრავალფეროვნებით გამოირჩევა. კომპანიის მფლობელის, ლაშა ჯუღელის თქმით, წლევანდელი მოსავლის დანაკარგი ორმა მოვლენამ განაპირობა - ყინვამ კვირტობის პერიოდში და გვალვამ ზაფხულში: „ყინვამ ვაზის ყვავილი თითქმის მთლიანად ძირს ჩამოყარა. ზაფხულში კი ტემპერატურა ცელსიუსით 45 გრადუსამდე ავიდა. დაავადებებს ჩვენს ვენახზე არ უმოქმედია, რადგან ძალიან ყურადღებით ვიყავით და დროულად ვწამლიდით. გლეხებს კი გაზაფხულის ხშირი წვიმების სეზონზე დაავადებებმაც შეუტია. ამდენად, იმერეთში კახეთზე ცუდი სიტუაცია გვაქვს. ხალხს ყურძენი აღარა აქვს. ყურძნის ყიდვა რომ გინდოდეს, შეიძლება სადმე 50 და 100 კგ ძლივს იშოვო, დიდი რაოდენობით კი ვერ იყიდი. ჩვენ თვითონ ძალიან მცირე მოსავალი გვაქვს - იმის მეხუთედი, რასაც ველოდით“.

ვაზის იმ ჯიშებიდან, რაც სვირში „იმერული ღვინის კომპანიას“ აქვს გაშენებული, წლევანდელი სიცხეების პირობებში, საუკეთესო კონდიციები აქვს კახურ ჯიშს, საფერავს. ლაშა ჯუღელი ვარაუდობს, რომ 2014 წლის მოსავლის ღვინო „საფერავი“, მართალია, ჩვეულებრივზე ბევრად მცირე რაოდენობით იქნება, მაგრამ სამაგიეროდ - მაღალი ხარისხის. სასიამოვნო სიახლეა ჭურებში დაყენებული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო „სვირი“, რომელსაც „იმერული ღვინის კომპანია“ წელს პირველად დააყენებს და მომავალი წლიდან უკვე შესთავაზებს ღვინის მოყვარულებს.

სხვათაშორის, ადრე ვწერდით კიდეც, რომ ამ კომპანიას და ასევე - „მეღვინეობა ხარებას“ ყველაფერი აქვთ იმისათვის, რომ ჩამოასხან „სვირი“ - ერთადერთი ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო იმერეთიდან, რომელიც საბჭოთა პერიოდის შემდეგ, ფაქტობრივად, არავის ჩამოუსხია. ნავსი „მეღვინეობა ხარებამ“ გატეხა და  ბაზარზე 2013 წლის მოსავლის „სვირის“ საცდელი პარტია გამოიტანა. ლადო კუბლაშვილის თქმით, ცდამ გაამართლა, რის გამოც, წლევანდელი შემცირებული საერთო მოსავლის მიუხედავად, 2014 წლის „სვირს“ უფრო მეტი რაოდენობით ჩამოასხამენ. ამდენად მომავალი წლიდან ბაზარზე ორი კომპანიის „სვირი“ იქნება წარმოდგენილი.

ყინვამ და გვალვამ მოსავალი მთლიანად გაუნადგურა ბაღდათელ მეღვინეს, გაიოზ სოფრომაძეს: „აქ ათასი მოსახლიდან ორს თუ ექნება ორი გოდორი ყურძენი. ჩემ ვენახს იმდენი ყურძენიც არ შერჩა, საჭმელად რომ მაინც დავკრიფო. ამიტომ წელს რთველი არ მაქვს. 63 წლის კაცი ვარ და ჯერ ასეთი უმოსავლო წელი არ მახსოვს. იძულებული ვარ, ვისაც გადაურჩა, მისგან შევიძინო ჩხავერი. ბედად, ეს კაცი ჩემი მითითებით, უკვე რამდენიმე წელია, კონტაქტური პრეპარატებით წამლობს ვაზს და მისგან შეძენილი ყურძნით კვლავ შევძლებ ორგანული ღვინის დაყენებას“.

გაიოზ სოფრომაძე გულს მაინც არ იტეხს და კვლავ აგრძელებს ახალი ვენახების გაშენებას, რაშიც უკვე საკმაოდ დიდი ინვესტიცია აქვს ჩადებული: „ყოველ წელს ასე ხომ არ იქნება?! უკვე დამუშავებული მაქვს 2 ჰექტარი მიწა და გაზაფხულზე ვაპირებ გავაშენო: ჩხავერი, ცოლიკოური, ძელშავი, ციცქა და ასევე, ძალიან მინდა გადაშენების პირას მისული ვაზის ჯიში - კუნძა, მაგრამ მგონი, მის ნერგებს ვერ ვშოულობ“.

დანაკარგის მიუხედავად, რთველს შედარებით ოპტიმისტურად ხვდება არჩილ გუნიავა კვალითიდან: „ჩემთან ყველაფერი კარგადაა - შაქრიანობაც, მოსავლიანობაც და ხარისხიც. კი, გაზაფხულზე ჩემთანაც მოყინა ვაზი, მაგრამ მეორადმა კვირტებმა მაინც მოისხა თითქმის იმდენივე. დაავადებებისგან ვენახი ხშირი წამლობით გადავარჩინე. ხოლო გვალვა ჩემ აყალო მიწას ვერაფერს უშვრება, თანაც მე ყლორტებს თავს არ ვაჭრი და ესეც იცავს დაწვისაგან. ეს რაც შეეხება ციცქას, ცოლიკოურს და კრახუნას. აი, ოცხანურ საფერეს კი ვერ ვუშველე. მართალია, უფრო ხშირად ვწამლიდი - თითქმის ხუთი დღის ინტერვალით, მაგრამ ჭრაქი მაინც გაუჩნდა და მთელი სეზონის განმავლობაში ვერ ჩავაქრე ეს დაავადება. საერთოდ, ოცხანური საფერე უფრო მოწყვლადია დაავადებებისადმი. ასე რომ, მთლად კმაყოფილი არც მე ვარ“.

წლევანდელი ანომალური მოვლენებიდან საინტერესოა ისიც, რომ როგორც წესი, იმერეთში რთველი უფრო გვიან იწყება, ვიდრე ქართლში. წელს კი პირიქით მოხდა. ქართლელი მევენახე იაგო ბიტარიშვილი ამბობს, რომ ეს მასაც უკვირს, რადგან გვალვა ქართლშიც ისევე იყო, როგორც კახეთსა და იმერეთში. შესაძლოა, ქართლში ნალექების წლიური ჯამური რაოდენობა მეტი იყო, რამაც განსაზღვრა ასეთი ვითარება, ან შეიძლება სხვა ისეთ ფაქტორზეც არის ეს დამოკიდებული, რისი გაზომვა და შეფასებაც დღესდღეობით არ ხდება. ფაქტია, რომ წელს რთველის ესტაფეტა იმერეთიდან ქართლს გადაეცა და არა ქართლიდან იმერეთს.

© vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული