Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

წინასაარჩევნო რთველი

ლევან სეფისკვერაძე, ალეკო ცქიტიშვილი

„წელს ჩვენ გვექნება ყველაზე მაგარი რთველი, რაც კი ოდესმე გვქონია“ - ეს სიტყვები პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კახეთში რთველის დაწყებამდე ორი თვით ადრე თქვა. მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ კახეთში ვენახების დიდ ნაწილს სეტყვა და ქარიშხალი გაანადგურებდა. ძნელი სათქმელია, სეტყვა რომ არ მოსულიყო, "რთველი 2012" იქნებოდა თუ არა "ყველაზე მაგარი".

კახეთში რთველი პოლიტიზებულია და წინასაარჩევნოელფერიდაჰკრავს. თუმცა, კახელი მევენახეები კვლავ საკუთარი პრობლემების ანაბარა რჩებიან და ხელისუფლების მიერ გაღებულ სუბსიდიებს ან ოპოზიციური პარტიების დაპირებებს, მათთვის შვება ვერ მოაქვს.

ზოგადად მოვლენებს ისეთი პირი უჩანს, რომ ხელისუფლება წლევანდელ რთველსაც კახეთში დაამთავრებს. ქართლი, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი, გურია სახელმწიფოსგან კვლავ უყურადღებოდ დარჩება - არც სუბსიდია, არც რაიმე პროექტები გლეხების და მევენახეობის მხარდასაჭერად. დასავლეთ საქართველოს მევენახეობის რეგიონებში რთველის მიმდინარეობა სახელმწიფოს დიდად არ აინტერესებს. აღარაფერს ვამბობთ, ისეთ მხარეებზე, სადაც მევენახეობა ძალიან დაკნინებულია – სამეგრელოში, გურიაში, აჭარაში ან მესხეთში. ამ რეგიონებში რთველი თითქოს არც არის და ყველაფერი თვითდინებაზეა მიშვებული.

ამ თვალსაზრისით, საინტერესო გამონაკლისია აჭარა, სადაც აგერ, მესამე წელიწადია, რთველი გამოაცოცხლა ერთმა კომპანიამ - „აჭარულმა ღვინის სახლმა“, რომელიც მევენახე გლეხებისგან ვაზის იშვიათი ქართული ჯიშის, ჩხავერის ყურძენს 4-5 ლარად იბარებს. ეს აჭარელი მევენახე გლეხებისთვის დიდი სტიმული აღმოჩნდა. ბევრმა მათგანმა ჩხავერის გაშენებაც დაიწყო. "აჭარული ღვინის სახლის" საქმიანობა აჭარაში, ფაქტობრივად, არის კარგი მაგალითი, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს კერძო ბიზნესი და როგორ შეიძლება წარმატებულმა ბიზნესმა რეგიონში მთელი დარგი გამოაცოცხლოს. რა თქმა უნდა, ასეთ ერთ შემთხვევას კახეთში იგივე ეფექტი ვერ ექნება, რადგან იქ ჭარბწარმოებაა, მაგრამ მსგავსი რამ შეიძლება მოხდეს, თუნდაც – ლეჩხუმში, სადაც სოფელ ოყურეშში ვაზის უნიკალურ ქართულ ჯიშს, უსახელოურს ჩხავერზე ბევრად დიდი პერსპექტივები აქვს. ასევე, სამეგრელოში შესაძლებლია ოჯალეშზე მსგავსი აქცენტის გაკეთება, ხოლო გურიაში ჩხავერის გარდა სხვა იშვიათი ჯიშების (ჯანი, სხილათუბანი, საკმიელა და ა.შ.) აღდგენა.

სტიქიის შედეგები

წელიწადი ისე არ გავა, ქართული მევენახეობის ფლაგმანი რეგიონის რომელიმე კუთხეს ან სოფელს თავს სეტყვა არ დაატყდეს. თუმცა, ზოგიერთი წელი, ამ მხრივ, განსაკუთრებით მკაცრია. სწორედ ასეთი მკაცრი გამოდგა 2012 წელი. მაისის შუა რიცხვებში საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლები დაისეტყვა – წყაროსთავი, ნინოწმინდა, პატარძეული, მანავი, ხაშმი და სხვა. სეტყვას თან ძლიერი წვიმა ახლდა, რის გამოც საგარეჯოში და ზოგიერთ სოფელში საცხოვრებელი სახლები დაიტბორა. გლეხები იხსენებდნენ, რომ სეტყვამ დაახლოებით ნახევარი საათი გასტანა და უკვე მსხმოიარობაში შესული ვენახების 80% გაანადგურა.

გაცილებით დამანგრეველი აღმოჩნდა 19 ივლისს ერთბაშად რამდენიმე მუნიციპალიტეტის - თელავის, გურჯაანის, ლაგოდეხის, ყვარლისა და ახმეტის სოფლების თავს დამტყდარი უბედურება – გრიგალი და სეტყვა ერთად!

საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ქარიშხალმა 200-ამდე სახლს მთლიანად, ათასზე მეტს კი სახურავი ნაწილობრივ გადახადა. 30-მდე სოფელში მოსავალი მთლიანად განადგურდა – ვენახები, ხეხილის ბაღები და ბოსტნეული 11 600 ჰექტარზე დაისეტყვა. დაიხოცა შინაური ფრინველი და პირუტყვი. გრიგალმა თელავი-გურჯაანი-თბილისის გზის პირას გაშენებული მრავალწლიანი ხეები ძირფესვიანად მოგლიჯა. მთავრობამ სტიქიის სალიკვიდაციო შტაბი შექმნა და სტიქიით დაზარალებულები სამ კატეგორიად დაყო. პირველ კატეგორიას, კომპენსაციის სახით, 1300-1500 ლარი გადაეცა, მეორეს - 800-900 ლარი, მესამეს - 300-500 ლარი. მთავრობა ასევე სამშენებლო სამუშაოებში დაეხმარა იმ ოჯახებს, რომელთა სახლებს გრიგალმა სახურავი გადახადა.

იღბლიანები

ღვინის კლუბის ინფორმაციით, დაზარალებულ სოფლებში ზოგიერთი ვენახი სასწაულებრივად გადაურჩა სტიქიას. თუმცა, ძირითადად, ვენახები პირწმინდად დაისეტყვა და არათუ ნაყოფი, ზედ ფოთოლიც არ შერჩა. ღვინის კლუბის წევრს, შალვა ოქრუაშვილს ვენახი მუკუზნის მიკროზონაში აქვს. იგი იმ იღბლიან მეღვინეთა შორის აღმოჩნდა, რომლის ვენახიც მხოლოდ მსუბუქად დაისეტყვა.

შალვა ოქრუაშვილი, მევენახე:"საფერავის ვენახი მუკუზნის მიკროზონაში მაქვს, კერძოდ - მუკუზანსა და ვაზისუბანს შორის, მდინარე ალაზნის მარჯვენა მხარეს, საავტომობილო გზასა და რკინიგზას შორის. ცოტა დაისეტყვა და მოსავალიც გასულ წელთან შედარებით ნაკლები იქნება, მაგრამ იმ ფონზე, რაც მიმდებარე ტერიტორიებს დაემართა, ენა არ მიბრუნდება საწუწუნოდ. უკვე შეგუებული ვარ, რომ სეტყვა იმოქმედებს ყურძნის ხარისხზე, შესაბამისად -ღვინოზეც. ვერ წარმომიდგენია, ღვინის ის ქარხნები, რომლებიც წინა წლებში საუკეთესო ყურძნის მიღებაზეც ძნელად თანხმდებოდნენ, ახლა რა უნდა უქნან ამ დასეტყვილ და დროზე ადრე დაკრეფილ ყურძენს, უპრობლემოდ რომ იბარებენ?!

ზუსტად იმ დღეებში, როცა კახეთს თავს გრიგალი და სეტყვა დაატყდა, მუკუზანში ვიყავი. განსაკუთრებული უამინდობა მაინცდამაინც არ იყო. ქარი დაახლოებით ღამის პირველ საათზე ამოვარდა და თანდათან გაძლიერდა. 4–5 საათისათვის უკვე გრიგალი იყო, ჭექა-ქუხილისა და წვიმის თანხლებით, სეტყვა ჩემს ახლოს არ ყოფილა. ასე თეთრად გავათენეთ ღამე. ინათა თუ არა, გამოვედი, რომ მენახა, რა მოხდა. ვხედავ - გზებზე ნიაღვრები მოდის, ადგილ–ადგილ ხალხია შეკრებილი. წავედი ვაზისუბნისკენ, სადაც ჩემი ვენახია. ვაზისუბანში სეტყვის კვალი ჩანდა - ჩამოყრილი ფოთლები, ტოტები და ა.შ. თელავის მხრიდან მომავალი მანქანების მძღოლები პირდაპირ სასწაულებს ყვებოდნენ. ტალახიანი გზის მიუხედავად, ვენახში ჩავედი. ფოთლებზე სეტყვის კვალი შევატყვე, მაგრამ - უმნიშვნელო. რა თქმა უნდა გამეხარდა, მაგრამ შემდეგ შევიტყვე გარშემო დატრიალებული უბედურების შესახებ. წარმოიდგინეთ, მთელი წელი ელის კაცი მოსავალს, უვლის, ეფერება ვენახს, ვალს იღებს, რომ მოსავალი არ გაუფუჭდეს და ბოლოს ასეთი დასასრული!"

19 აგვისტოს, შედარებით მცირე მასშტაბით, სტიქია კვლავ განმეორდა გურჯაანის, ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტების სოფლებში.

სტიქიის შედეგად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში მოსავალი 100%-ით განადგურდა. განადგურებულია როგორც ვენახები, ასევე ბოსტნეულის ნარგავები და ხეხილი. სტიქიამ განსაკუთრებით დააზიანა სოფლები: ვაზისუბანი, შაშიანი, კალაური და ვაჩნაძიანი.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, სტიქიის შედეგად ახმეტის მუნიციპალიტეტში დაზარალებულია სოფლები: ხორხელი, ალავერდი, კოღოთო, ოჟიო, ქისტაური; ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში: ლელიანი, აფენი, არეშფერანი, გიორგეთი, კაბალი; ყვარლის მუნიციპალიტეტში: ახალსოფელი, ბალღოჯიანი, გავაზი, ჭიკაანი, კუჭატანი, სანავარდო; თელავის მუნიციპალიტეტში: თელავი, კურდღელაური, კონდოლი, ვანთა, კისისხევი, ხოდაშენი, ბუშეტი, წინანდალი, აკურა, შალაური, ნასამხრალი, ვარდისუბანი; გურჯაანის მუნიციპალიტეტში:L ქალაქი გურჯაანი, სოფელი გურჯაანი, შაშიანი, მუკუზანი, ველისციხე, ძირკოკი, კალაური, ვაზისუბანი, ვაჩნაძიანი, ახაშენი.

რქაწითელი შეიძლება საფერავზე ძვირი გახდეს

მიუხედავად იმისა, რომ ზუსტი ციფრები ჯერ არ დადგენილა, წელს კახეთში დაახლოებით 100 ათასი  ტონა ყურძენი მოვიდა, რაც  შარშანდელზე მინიმუმ ორჯერ მცირე რაოდენობაა.

საქართველოს კუთხეებიდან რთველი კახეთში ყველაზე ადრე იწყება და დედოფლისწყარო-სიღნაღისკენ უკვე დამთავრდა კიდეც. წელს განსაკუთრებით ცხელი წელიწადი იყო და რთველი გურჯაანისა და თელავის რაიონებშიც ადრიანად დაიწყო. ყურძნის გამალებული კრეფა მიმდინარეობს ყვარელის რაიონის იმ სოფლებშიც, რომლებიც სეტყვას გადაურჩა.

კახეთის გარდა, რთველი დაიწყო ქვემი ქართლის ზოგიერთ სოფელში. ბოლნისის მკვიდრის, აკაკი ჟორჟოლიანის თქმით, მის ვენახში, რომელიც სოფელ ტანძიაშია, რქაწითელის შაქრიანიობა 21 პროცენტამდე ავიდა.

კახეთში ზოგიერთი ღვინის ქარხანა რქაწითელის ჯიშის ყურძენს 75 თეთრად იბარებს, რასაც სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი სუბსიდიის ფარგლებში კილოგრამზე 25 თეთრიც ემატება. საერთო ჯამში, რქაწითელის ფასი 1 ლარია. საინტერესოა, რომ გასულ წელთან შედარებით 10 თეთრით გაიზარდა სახელმწიფო სუბსიდია თეთრ ყურძენზე (რქაწითელი, მწვანე კახური) და სუბსიადიამ 25 თეთრი შეადგინა. წითელ ყურძენზე კი, სუბსიდიის მოცულობა იგივე დარჩა, რაც შარშან იყო (35 თეთრი). შედეგად, თუ ქარხნები საფერავს იბარებენ 1 ლარად, რქაწითელს - 75 თეთრად, ზოგან 85 თეთრად და ზოგან 1 ლარადაც კი იბარებენ. თუ ასე გაგრძელდა, შემდეგ წლებში თეთრი ყურძნის ფასმა შესაძლოა წითელი ყურძნის ფასს გაუსწროს. ამას მევენახეთა ერთი ნაწილი იმით ხსნის, რომ წლევანდელი სეტყვის გამო განსაკუთრებით თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშებით გაშენებული ვენახები და მიკროზონები დაზარალდა. შესაბამისად, თეთრი ყურძენი დეფიციტური გახდა. თუმცა, არსებობს სხვა მოსაზრებაც - სოფელ კოლაგის მკვიდრის, მევანახე ალექსი ლაფაშვილის აზრით, სახელმწიფოს მხრიდან თეთრი ყურძნის პრიორიტეტულობა იმით არის განპირობებული, რომ საქართველოში უფრო მეტად თეთრ ღვინოს სვამენ და ვიდრე რუსული და ევროპული ბაზარი ქართული ღვინისთვის სათანადოდ არ გაიხსნება, მანამდე შესაძლებელია, რქაწითელი საფერავზე ძვირიც გახდეს.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.