Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ვაზის ტერასული კულტურა მესხეთში


ლიანა ბერიაშვილი
ძეგლის მეგობარი - 1968, N16

    საქართველოს მიწა-წყალი უდიდესი მრავალფეროვნებით ხასიათდება და მეურნეობის მრავალი დარგის აღმოცენებასა და განვითარებას უწყობს ხელს. უძველესი და მაღალი კულტურული ტრადიციების მქონეა საქართველოს ერთ-ერთი შესანიშნავი კუთხე - მესხეთი. მის მეურნეობაში წამყვანი ადგილი მიეკუთვნება მიწათმოქმედებას. ტერასული მეურნეობა მესხეთის მიწათმოქმედების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგია, რომლის ეთნოგრაფიული შესწავლა მრავალ საყურადღებო მასალას გამოავლენს.
    მეურნეობის ტერასული ფორმა მესხეთში შეპირობებულია ამ კუთხის გეოგრაფიულ თავისებურებებთან, განვითარებულია ხეობათა ზოლში და მისი ტერიტორიის განსაზღვრულ ნაწილს მოიცავს. თავისთავად ამ სახის მეურნეობა მიმართულია მიწისმოქმედებისათვის მავნე მოვლენათა წინააღმდეგ საბრძოლველად - მთიანი რელიეფი, ნიადაგის ეროზია და მორწყვის თავისებური სისტემა. ამის გარდა, ტერასებს ერთ-ერთი არსებითად დადებითი მნიშვნელობა ენიჭებოდათ იმ თვალსაზრისითაც, რომელიც მზის ენერგიის სამეურნეო დანიშნულებით გამოყენების ეფექტთან არის დაკავშირებული. სატერასედ ამორჩეული ფერდობი აუცილებლად "მზის გულია" და არა "ჩრდილის მხარე". ამიტომ გაზაფხულზე ეს ნაკვეთები მზის სითბოს სხვებთან შედარებით გაცილებით ადრე ღებულობენ და ნარგავის გამოღვიძებაც დროზე ხდება. ეს ნაყოფის დროულად მომწიფების საწინდარია.
    ფერდობების მდებარეობისა და იმის მიხედვით, თუ რა დახრილობის კუთხით არიან განლაგებულნი ისინი ხეობის მიმართ, ტერასები განირჩევიან ერთმანეთისაგან სიდიდითა და კონფიგურაციით. რაც უფრო მეტადაა დაქანებული ფერდობი, მით უფრო მაღალი კედელი ესაჭიროება სატერასე ნაკვეთს, ხოლო ტერიტორია კი ნაკლებ ფართობს ფლობს. და პირიქით, ნაკლებად დაფერდებულ ნაკვეთებზე ტერასები გაცილებით მეტი სიდიდისაა, კედლები კი შედარებით - მცირე ზომისა. როგორც ეთნოგრაფიული მასალით დასტურდება, ტიპიური დარიჯის სიგანე 4-8მ-ია, სიგრძე კი 30 მ-ს არ აღემატება.
    დარიჯის შენება იწყებოდა ფერდობზე მიწის გამოთხრით, "გამოზელვით". ჯერ მიწის ერთ ნაწილს გამოთხრიდნენ, მერე მოიტანდნენ ქვას და საძირკველს ჩაყრიდნენ: ამის შემდეგ იწყებოდა ფერდობის "გამოკაფვა", რომლის დროს მიწიდან ამოსული ქვა და ღორღი სულ კედლის შენებაში გამოიყენებოდა. კედელი მშრალი წყობით იგებოდა. დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა კედლის სიმტკიცეს, რადგან მორწყვისა თუ დიდი წვიმების შედეგად ის არ უნდა დაზიანებულიყო. ხშირად აგებული სატერასე ნაკვეთის ნიადაგი არ იყო ვარგისი ამა თუ იმ კულტურის დასანერგად. ამიტომ მშენებლობის შემდეგ ხდებოდა ახლად შექმნილი დარიჯის დამუშავება, ქვა-ღორღისაგან მისი გასუფთავება. თუ ნიადაგი მწირი და ნაკლებ ნოყიერი იყო, ხდებოდა მასზე გაკულტურებული ფენის დამატება: საამისოდ განკუთვნილი მიწა თუ ახლომახლო არ მოიპოვებოდა, შორი მანძილიდან მოჰქონდათ. ასეთი ფენა ხშირად 1 მეტრის სისქესა და მეტსაც აღწევდა.
    ტერასები მესხეთში გამოყენებული იყო მევენახეობა-მებაღეობის საწარმოებლად. ამ დარგებს მთელი მხარის სოფლის მეურნეობაში უძველესი დროიდან წამყვანი ადგილი ჰქონდა დამკვიდრებული.
    ხშირად ბაღი და ვენახი ერთსა და იმავე ნაკვეთზე შენდებოდა. ასეთ დროს ჭარბობდა "მაღლარი" ვენახი, რომელიც ადგილობრივ კლიმატურ პირობებს კარგად იყო შეგუებული და უხვ მოსავალს იძლეოდა. მესხეთში მევენახეობა-მეღვინეობის მაღალ დონეზე არსებობაზე მრავალი დამადასტურებელი მასალა მიუთითებს. მრავლადაა დღევანდელი მესხეთის ტერიტორიაზე საწნახლები, ღვინის მარნები, ქვევრები, აღმოჩენილი მის სხვადასხვა უბანზე. საუკუნეთა განმავლობაში შემორჩენილი ეს უტყვი მოწმენი, მესხეთის ოდესღაც დიდება-აყვავებაზე ღაღადებენ. დიდ და მრავალფეროვან მასალას გვაწვდის ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალში აღმოჩენილი "სალხინო მარანი" დარბაზითურთ. მარანი მოთავსებულია ორ დიდ გამოქვაბულში, სადაც დღემდეა დაცული 13 ქვევრი სხვადასხვა ზომისა და ტევადობისა. ამ მხარის სხვადასხვა უბანზე აღმოჩენილია არა ერთი საწნახელი, მარანი, ქვევრები, უძველესი ვაზის ნაშთები და სხვ. ყოველივე ეს იმის მაჩვენებელია, რომ აქაური მკვიდრნი მევენახეობასა და ღვინის დაყენებას იმთავითვე კარგად იცნობდნენ.
    ამასვე მიუთითებს მესხეთის ტერიტორიის მრავალ უბანზე ნანახი გაგარეულებული ვაზები - ვარძია, ჭაჭკარი, გუგათა, ტოლოში, ბაგები, იდუმალა, ოშორა, უდე, ოხერა და სხვ. ამ ადგილებში დღეისათვის კვალიც კი აღარა ჩანს ოდესღაც აყვავებული ვენახებისა. ახლომახლო არც ტყეა და არც სარწყავი წყალი.
    წარსულში ვენახების დიდი ფართობების არსებობაზე სხვა მასალასთან ერთად მიუთითებს მევენახეობა-მეღვინეობის ამსახველი ტოპონიმიკაც: სოფლ. გურკელის აღმ. ფერდობს ეწოდება "ნავენახარი". 1948 წ. ამ ფერდობზე ვენახის გაშენების დროს აღმოჩნდა მიწაში ჩამარხული ქვევრები, ღვინის ნარჩენებით.
    სოფ. არალის დასავლეთ ფერდობს ეხლაც "ნაზვრევი" ეწოდება. სოფ. საყუნეთი განთქმული ყოფილა დიდი რაოდენობის ვენახებით და სოფელს საღვინეთი რქმევია. სოფ. მუსხის მარჯვენა ფერდობებს მუსხელები ამჯამადაც "ტობურ ვენახებს" უწოდებენ, თუმცა ოსმალთა ბატონობის პერიოდიდან აქ ვენახი არა ყოფილა გაშენებული.
    ამავე რიგისაა ტოპონიმები - "ბებერი ვენახები" და "მილახევის ვენახები", სოფ. ტოლოშთან; "მარნის ყანები", სოფ. მუსხთან; "მარნის ხევი", სოფ. ანდრია წმინდასთან და სხვ. ტერასების ნაშთები და გაგარეულებული ვაზის ჯიშები დიდი რაოდენობით გვხვდება ახალციხის, აწყურის, წინუბნის, გურკელის, კლდის, ანდრია-წმინდის, წყორძის, მუსხის, წრიოხის, მარდის, საფარის და რიგი სხვა სახელწოდების პუნქტებში.
    თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო მესხეთში ვაზის კულტურა და რა დიდი ადგილი ეჭირა ქვეყნის სამეურნეო ყოფაში, ამის მასალებს უხვად გვაწვდის "გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი", სადაც დაწვრილებით არის აღნუსხული ამა თუ იმ სოფელზე შეწერილი გადასახადები, მათი რაოდენობა და გავრცელება. "ვილაიეთის დავთრის" ფურცლებზე იმდროინდელი დარაიონების მიხედვით აღნიშნულია ყველა სოფელი, სადაც მევენახეობას მისდევდნენ. ვენახები "ნაკვეთების" სახით არის წარმოდგენილი და დაბეგრილია როგორც ეს ნაკვეთები, ასევე ყურძნის წვენი - შირა და მოცემულია რაოდენობა გამოსაღებისა - ანუ, ვინ რამდენს იხდიდა.
    დავთარში მოხსენიებული ბევრი სოფელი დღესაც შემორჩა მესხეთის ტერიტორიას და ამრიგად შესაძლებლობა გვეძლევა აღნიშნული გარემოების ეთნოგრაფიული დაკვირვებისათვის.
    მესხეთი, როგორც საქართველოს ისტორიულ-მატერიალური კულტურის ცენტრი მევენახეობისა და მეღვინეობის ფართოდ განვითარებასთან ერთად, ვაზის მთელი რიგი აბორიგენული ჯიშების კერად არის აღიარებული. ამჟამად ჩვენ დრომდე შემორჩენილი ვაზის მეტად ხნოვანი ეგზემპლიარი - ცხენის ძუძუ, სპეციალისტების მიერ ერთ-ერთ უძველეს ჯიშადაა მიჩნეული. მესხეთის რაიონებში გავრცელებული უძველესი ჯიშების უმეტესობა საუკუნეთა განმავლობაში ვითარდებოდა მაღალმთის კლიმატური პირობების გარემოცვაში, რის გამოც კარგად არის შეგუებული ადგილობრივ ჰავას და საუკეთესო მოსავლიანობით გამოირჩევა.
    მესხეთში გავრცელებული იყო როგორც დაბლარი, ასევე მაღლარი ვაზი. მაგრამ ეს უკანასკნელი გაცილებით ჭარბობდა დაბლარს და ზოგი სპეციალისტის აზრით, საერთოდ გამორიცხავდა მას. დაბლარ ვენახს უწოდებდნენ "ფეხის ვაზს", მაღლარს კი ეწოდებოდა ბარნა ვენახი. მაღლარი ვენახი ხშირად იმართებოდა მსხმოიარე ბაღის ნაკვეთზე, ან ცალკე, სადაც ნაკლებად მოსავლიან ან უნაყოფო ხეებს დარგავდნენ. გასათვალისწინებელი იყო ის გარემოება, რომ ხეივნისათვის საჭირო გახდებოდა ხის გახმობა და ამიტომ ნაყოფის მომცემ ხეს ამ მიზნით არ მოაცდენდნენ. საამისოდ განკუთვნილი იყო სპეციალური ჯიშები - ჭერამი, ატამი, იფნის ხე. ვაშლზე და მსხალზე ვაზს არ აუშვებდნენ, რადგან ჯერ ერთი ხეზე ასვლით ვაზი ფუჭდებოდა, მეორეც - საბოლოოდ ხის გახმობა იქნებოდა საჭირო, როცა ვაზი გაიზრდებოდა, შემოაცლიდნენ ხეს ქერქს, შემოქერქავდნენ, ის გახმებოდა და იყენებდნენ დასახული მიზნისათვის.
    დაბლარი ვაზი ტერასებზე შემდეგნაირად იყო განლაგებული - ვაზს ჩააწვენდნენ და რამდენიმე მტკაველის მოშორებით ამოაყოფინებდნენ რქას დარიჯის კედელთან, მის ნაპირზე ტოტები ეფინებოდა კედელს და ნაყოფიც ზედ მწიფდებოდა, ისე რომ სარი არ სჭირდებოდა. კედელზე დამწიფებული დახუნძლული ნაყოფი მწიფობისას შესანიშნავი სანახავი იყო. ამიტომაა შედარებული ძველ წყაროებში მესხეთი ნაყოფიერებით აღსავსე უმშვენიერეს წალკოტთან.
    ტერასებზე გარდა ვენახისა, გაშენებული იყო ხილის ბაღები. უმთავრესად მისდევდნენ ვაშლის მოშენებას, ჰქონდათ მრავალი შესანიშნავი ჯიშის მსხალი, ქლიავი, ღოღნოშო და სხვ. ვაშლი და მსხალი ამ კუთხისა განსაკუთრებით საუკეთესო მოდიოდა და დიდი რაოდენობით გაჰქონდათ ბაზარზე, სადაც ის საქართველოს სხვა კუთხეთა ჯიშებს უწევდა მეტოქეობას.
    დღეისათვის არსებული ვითარებით ჯერ ვერ ვილაპარაკებთ ტერასული მეურნეობის აღდგენის რეალურ ღონისძიებებზე. მართალია, თანდათან ხდება უძველესი დარიჯების აღდგენა და ბევრზე ახლად აღმოცენებულ ვაზსაც შეხვდება კაცი, მაგრამ მთლიანად ამ საკითხის მოგვარება უფრო პერსპექტივაში სჩანს, რაც უთუოდ მცირე ირიგაციის განხორციელების მზარდ ტემპებთან არის დაკავშირებული.
პუბლიკაცია ხორციელდება “ღვინის კლუბის” საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.