Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

საქართველოს 2014 წლის მოსავლის მიმოხილვა

შეგახსენებთ, უკვე თვეზე მეტია გამოვიდა "ქართული ღვინის გზამკვლევი 2016"–ის (ავტორი, მალხაზ ხარბედია) მეოთხე გამოცემა. ეს ორენოვანი (ქართული და ინგლისური) წიგნი 2012 წლიდან მოყოლებული უკვე მეოთხედ გამოვიდა და იგი ერთად–ერთი რეგულარული სპეციალური გამოცემაა ამ სფეროში. მასში ფართოდაა მიმოხილული საქართველოს ღვინის რეგიონები, ისტორია, ჯიშები, ადგილწარმოშობის დასახელებები, ღვინის საუკეთესო ტურისტული კერები, ღვინის სფეროში წლის უმნიშვნელოვანესი მოვლენების ქრონიკა, სხვადასხვა პრესტიჟული ჯილდოს ლაურეატი ღვინოების ჩამონათვალი და სხვ. აქ ასევე შეხვდებით 150–მდე სხვადასხვა ქართული ღვინის დახასიათებას. წიგნს მოყვება გასაშლელი რუკა, სადაც ყველა მნიშვნელოვანი ღვინის კერაა დატანილი. 

გზამკვლევი უკვე 4 წელია სპეციალურ რუბრიკას უძღვნის საქართველოში მოსავლის წლებს, სადაც სხვადასხვა კუთხეში წლის მოსავლის ხარისხი და მომავალი ღვინის პოტენციალი ფასდება. ამ, 2014 წლის მოსავლის მიმოხილვის გარდა ბოლო გამოცემაში შესულია 2015 წლის მოსავლის შეფასებაც. 

2014 წელი ერთ–ერთი ყველაზე რთული იყო ბოლო 10–20 წლის მანძილზე. ეს განსაკუთრებით კახეთში გამოჩნდა. ზამთარი თითქმის უთოვლო იყო, შეიძლება ითქვას, თბილი, რის გამოც ვენახში მავნებლები ზამთრიდანვე მომძლავრდნენ. მართალია გაზაფხული ყინვებით დაიწყო და სიცივეები აპრილის პირველ ნახევარშიც გაგრძელდა, მაგრამ მალე დათბა და მაისის ბოლომდე ზომიერად ნალექიანი გაზაფხული გაგრძელდა.

სეტყვას ვერც ამჯერად გადაურჩა კახეთი, ყვავილობის პერიოდში თელავისა და გურჯაანის რაიონი დაისეტყვა, თუმცა ისეთი მასშტაბის დანაკარგები ნამდვილად არ ყოფილა, როგორც მაგ. 2012 წელს (მცირე სეტყვა იყო მწიფობის დროსაც თელავის რაიონის რამდენიმე სოფელში, მაგ. გულგულასა და რუისპირში). ერთი სიტყვით, ვეგეტაცია კარგად მიმდინარეობდა, მაისის ბოლოსა და ივნისში ვენახები შესანიშნავ ფორმაში იყო, განსაკუთრებით ალაზნის მარჯვენა ნაპირზე, გურჯაანის, სიღნაღისა და თელავის რაიონის სხვადასხვა სოფელში. პრობლემები ივლისიდან დაიწყო, როდესაც ძლიერი სიცხეები დაიჭირა და სრული უწვიმობის ხანგრძლივმა პერიოდმა ძალიან დააზარალა მოსავალი. გვალვის შედეგები ყველაზე მეტად ქიზიყში იგრძნობოდა, ქვედა მხარეს, სადაც ზოგ ადგილას ვენახები ძირიანად გახმა, თუმცა იგივე პრობლემები იყო სხვაგანაც, გურჯაანის რაიონში, თელავის რაიონში და ალაზნის მარცხენა ნაპირზე, ქინძმარაულებში და ა.შ. 

ნაკლები ნალექისა და დაბალი ტენიანობის გამო ზაფხულის დასაწყისიდან მოყოლებული, ვაზის დაავადებები ხშირი არ იყო, თუმცა ლამის სამთვიანმა უნალექობამ ძალიან დააზიანა ვენახები. ცნობილი ზვრებიდან, განსაკუთრებით ეს კარდანახის წარაფებში გამოჩნდა – ბევრ ვენახში მარცვალი დაპატარავდა და მფლობელები იძულებული გახდნენ აგვისტოს ბოლოს, სექტემბრის პირველ რიცხვებში დაეწყოთ რთველი (ბოლო წლებში უკვე ტრადიციად იქცა კახეთში ნაადრევი რთველი). ბაკურციხეში, მაგ. ხიხვს აგვისტოს ბოლოს 27 შაქრიანობა ჰქონდა. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ აგვისტოს მეორე ნახევარში ღამის ტემპერატურაც ძალიან ცხელი იყო, რაც საკმაოდ იშვიათი მოვლენაა ამ მხარეში. ღამის გრილი ნიავის ნაცვლად ვენახებში ცხელი ქარები გაბატონდნენ, რის გამოც ვაზს ძალიან გაუჭირდა, განსაკუთრებით კი ხნიერ და ახალგაზრდა (4–6 წლის) ვაზებს. მარცვალი არ გაიზარდა, გამოშრა, დაჩამიჩდა. ზოგიერთმა მევენახემ მორწყვაც სცადა გურჯაანისა და სიღნაღის რაიონებში, თუმცა ამან უარესი შედეგი გამოიღო, რადგან მოწყურებულმა ნაყოფმა ბევრი წყალი შეისრუტა და მარცვლების უკვე გაუხეშებული კანი დასკდა, რის გამოც ლპობის პროცესები დაიწყო.

ყურძნის ქიმიურ და ორგანოლეპტიკურ მაჩვენებლებს რაც შეეხება, საერთო ტიტრული მჟავიანობა დაბალი იყო თითქმის მთელს რეგიონში, PH მაღალი, ასევე ძალიან მაღალი იყო შაქრიანობა, ხოლო არომატული პოტენციალი შედარებით ნაკლები ჰქონდა ყურძენს. ბევრი წლევანდელი ღვინო სუსტი სტრუქტურით ხასიათდება და არასტაბილურია, საფერავები კი ნაკლებადინტენსიური შეფერვის გამოვიდა, განსაკუთრებით იმ ყურძნიდან დაყენებული ღვინოები, რომლებიც ძალიან ადრე დაიკრიფა.

თუმცა არსებობს გამონაკლისებიც, კახეთის ყველაზე გრილ მიკროზონებში, ახმეტის, თელავის, გურჯაანის, სიღნაღის და საგარეჯოს რაიონებში, ვენახი ნაკლებად დაზიანდა და ასევე უნდა აღინიშნოს ის კომპანიები და მცირე მარნები, რომლებსაც თავიანთი ვენახები აქვთ და მოსახლეობისგან უმწიფარ ყურძენს არ იბარებდა.

მცირეთოვლიანი ან სულაც უთოვლო იყო ზამთარი ქართლშიც. გაზაფხული აქაც ნალექიანი გამოდგა, შიდა ქართლში, მარტ–აპრილში თითქმის ყოველდღიურად წვიმდა მთელი ერთი თვის განმავლობაში, რამაც საკმაოდ კარგი წინაპირობა შექმნა დაავადებების განვითარებისთვის. ეს განსაკუთრებით ბიო–მევენახეეებისთვის იქცა პრობლემად. ვინც დიდ ყურადღებას არ უთმობდა ვენახის მოვლას და დროულად არ ატარებდა პროფილაქტიკურ ღონისძიებებს, საგრძნობლად დაზარალდნენ. ქართლშიც, გვალვები ივნისის ბოლოდან სექტემბრამდე გაგრძელდა, თუმცა, როგორც ჩანს, გაზაფხულზე მოსული დიდი ნალექის ხარჯზე, ვენახები ისე ძლიერად არ დაიგვალა, როგორც კახეთში. შაქრიანობა ყურძენს შედარებით დაბალი ჰქონდა, მიუხედავად სიცხეებისა, მჟავიანობა კი მაღალი. შემოდგომა ძალიან ცივი იყო. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ადგილობრივი მევენახეები 2014 წელს ერთ–ერთ ყველაზე უცნაურ წლად მიიჩნევენ უკანასკნელი ათწლეულების მანძილზე.

იმერეთში თბილი ზამთარი იყო, გაზაფხულის დასაწყისში კიდევ უფრო დათბა, რის გამოც კვირტი ადრე გამოვიდა. სამწუხაროდ, მარტის ბოლოს ერთი ღამე მოყინა (–3°C) და ბევრგან კვირტიც დააზიანა. ზოგიერთ სოფელში მოსავალი მთლიანად დაკარგეს ამის გამო, თუმცა ბევრგან ხელახალი კვირტი გამოვიდა და მოგვიანებით შედარებით ნორმალურადაც დაისხა ვაზმა. სამწუხაროდ, მოსალოდნელი რაოდენობა არსად მოსულა. მოსავალი თითქმის ყველგან განახევრდა. მარცვლის გამონასკვის პერიოდს გადაუღებელი წვიმები დაერთო, რამაც კიდევ უფრო მეტი პრობლემა შექმნა. მევენახეები შეწამვლასაც კი ვერ ახერხებდნენ ამინდის გამო. შესაბამისად, ძალიან დაზარალდა ციცქა და ოცხანური საფერე, განვითარდა ჭრაქი, რომელსაც მხოლოდ ცოლიკოურმა გაუძლო. გვალვამ იმერეთის კლიმატური და ნიადაგური პირობებიდან გამომდინარე, შედარებით ნაკლები უარყოფითი გავლენა მოახდინა ვენახზე, თუმცა ამ დროისთვის მოსავალი უკვე საკმაოდ იყო შემცირებული. რთველი 2014 წელსაც, ისევე, როგორც 2012–2013 წლებში, ადრე დაიწყო, დაახლოებით, 15–20 სექტემბერს.

უცნაურ კლიმატურ ძვრებს რაჭაშიც უჩიოდნენ მევენახეები. ვაზმა კვირტის გაშლა 15–20 აპრილს დაიწყო და პირველი შეწამვლა მაისის პირველ რიცხვებში დასჭირდა ვენახს. გაყვავილებაც ჩვეულებრივ ვადებში მოხდა, თუმცა უკვე ლამის დაისრიმებული მტევნები ჭრაქმა ძლიერად დააზიანა (ძირითადად ხვანჭკარა–ჭყვიშის ზონაში). ივნისში ამბროლაური და მიმდებარე სოფლები დაისეტყვა, ცხელი ზაფხულის ბოლოსკენ, 23 აგვისტოს კი რაჭაში კიდევ ერთი სეტყვა მოვიდა, ამჯერად ქვიშარი–ჭრებალოს მხარეს. სიმწიფეში შესული ყურძენი საგრძნობლად დააზიანა სეტყვამ და ქარიშხალმა. საბოლოო ჯამში რაჭაში ყურძნის მოსავალი არ იყო მაინცდამაინც მოსავლიანი და არც განსაკუთრებული ხარისხით გამოირჩეოდა. საკმაოდ გაუჭირდათ თეთრ ჯიშებს (ცოლიკოური, წულუკიძის თეთრა), წითლები კი (ალექსანდროული, მუჯურეთული, ძელშავი) შედარებით ნაკლებინტენსიური შეფერვის დადგა, განსაკუთრებით რიონის მარცხენა ნაპირზე.

ლეჩხუმშიც რთული წელი იყო, გაზაფხულზე სიცივეები დიდხანს გაგრძელდა, იყო ყინვები, იმდენად, რომ აპრილის ბოლოსაც კი ტემპერატურა 2–4°C–ს არ ასცილებია. ხშირი იყო ძლიერი ქარები, რის გამოც ძალიან დაზიანდა ვაზის ყვავილი. ამის გამო 2014 წელს ხილის უპრეცედენტოდ მცირე მოსავალი მოვიდა, ტყეშიც, კენკრა და ველური ხილი თითქმის არ მოისხა. ზაფხულში ვენახში სოკოვანი დაავადებები გაჩნდა, შემდეგ გვალვაც იყო, თუმცა ლეჩხუმზე ნაკლებად დრამატულად აისახა ეს მოვლენა. სამაგიეროდ, სექტემბრის ბოლოსკენ, ჩიტები შეესიენ ვენახებს (გაზაფხულის ყინვებით გამოწვეული უმოსავლობის გამო ეს ტენდენცია თითქმის მთელს დასავლეთ საქართველოში შეინიშნებოდა) და ლამის გაანახევრეს მოსავალი.

გურიაში ყველაზე რთული გაზაფხული იყო, რადგან მარტის ბოლოს (30–31 მარტს) თოვლი მოვიდა, შემდეგ მოყინა და ნაადრევი სითბოს გამო წამოსული კვირტები მთლიანად გაანადგურა. ასეთი გაზაფხული საერთოდ არ ახსოვთ გურულებს. დაზიანდა არამხოლოდ ვაზი, არამედ სხვა მრავალწლიანი ნარგავებიც. ზაფხულში შედარებით გამოკეთდა სიტუაცია, თუმცა გაზაფხულის ყინვებმა მაინც გამოუსწორებელი კვალი დატოვეს ვენახებზე, იმდენად, რომ ზოგიერთ ვენახში (განსაკუთრებით ახალგაზრდა ვენახებში) ვაზის ფორმირებაც კი შეიცვალა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, შემოდგომამდე გადარჩენილ მარცვალს ჩიტებმა მოუთავეს ხელი.

ყინვები იყო სამეგრელოშიც, რის გამოც მევენახეებმა მოსალოდნელი მოსავლის მხოლოდ მესამედი მოიწიეს. ზაფხული აქაც მშრალი და ცხელი იყო, თუმცა აღმოსავლეთ საქართველოსგან განსხვავებით, ისეთი ზარალი არ მოუტანია. სექტემბერიც ცხელი და უნალექო გამოდგა. მშრალი და თბილი ამინდები გაგრძელდა ოქტომბერშიც, რის შედეგადაც სამეგრელოში რეკორდულად ადრე დაიწყო რთველი. ასეთი რამ წლების მანძილზე არ ყოფილა ამ რეგიონში. ცოლიკოურის კრეფა 20 სექტებრიდან დაიწყეს სამეგრელოში, ხოლო რაც შეეხება ოჯალეშის რთველს, ის ჩვეულზე 1 თვით ადრე, 15–20 ოქტომბრიდან დაიწყო. თვის ბოლოს რთველი ფაქტობრივად დასრულებული იყო.

აჭარაშიც თბილი ზამთარი იყო, უნალექო, თუმცა თებერვლის ბოლოს უეცრად აცივდა და გათოვდა, ბარში მცირე, ხოლო მთაში უხვი ნალექით. მალე დათბა და კვირტიც გამოვიდა მარტის ბოლოსკენ, რასაც ისევ თოვლი და მცირედი ყინვები მოჰყვა. სუსტი კვირტები და ფოთლები დაზიანდა და მიუხედავად იმისა, რომ აპრილში კვირტი ხელახლა გამოიღო, ყინვებმა დიდი კვალი დაამჩნიეს მოსავალს. ზოგადად გაზაფხული ცივი და წვიმიანი იყო, ივნისში ჭრაქი გაჩნდა მასობრივად, ივლისი კი ძალიან ცხელი და ტენიანი გამოდგა, ასევე აგვისტო – სიცხე და წვიმა ერთმანეთს ენაცვლებოდა (შედარებით უკეთესი მდგომარეობა იყო ამ მხრივ ზემო აჭარაში), გაჩნდა ნაცარი. მწიფობის პერიოდში ვაზს ფრინველი შეესია, რამაც კიდევ უფრო დააზარალა ვენახი. საბოლოო ჯამში ყურძენი კარგად ვერ დამწიფდა, ჩხავერს 10–15 ნოემბერს მხოლოდ 19% შაქრიანობა ჰქონდა.

© ღვინის კლუბი/ ქართული ღვინის გზამკვლევი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული