Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

რთველისწინა სამუშაოები სამეგრელოსა და გურიის „ღვინის სოფელში“

ლევან სეფისკვერაძე

წელს ზაფხულში დაიწყო პროექტი „ღვინის სოფელი“, რომელსაც „ღვინის კლუბი“ „USAID–ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის“ (The USAID Economic Security Program) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის პარტნიორია მარანი „ტალერის ტერასები“ - სამეგრელოში და „მენაბდის მარანი“ - გურიაში. პროექტი სამეგრელოსა და გურიის ღვინის მცირე მარნებისთვის ტურისტული კუთხით განვითარებისთვის ხელშეწყობას გულისხმობს და ექსპერტთა ჯგუფის უმთავრესი მიზანი იმ მარნების შერჩევაა, რომლებმაც 2023 წლის ზაფხულამდე შეძლებენ საკუთარი მარნებისა და ვენახების ტურიზმზე სათანადოდ მორგებას. ყურადღების მიღმა არ დარჩა ის მარნებიც, რომლებიც ამ ეტაპზე ვერ მოხვდნენ სამიზნე ჯგუფში. მევენახეობა-მეღვინეობასთან დაკავშირებული ლექცია-სემინარებს ყველა მსურველი ესწრება და მევენახეობა-მეღვინეობის ექსპერტებისგან სათანადო რჩევებსაც ნებისმიერ მონაწილე იღებს.

სამეგრელო-გურიაში პროექტ „ღვინის სოფელის“ სამუშაო ჯგუფის მეორე გასვლა 30-31 აგვისტოს და 1 სექტემბერს განხორციელდა და თემატურად უკავშირდებოდა მარანსა და ვენახში რთველისწინა სამუშაოებს.

სამეგრელოში, “ტალერის ტერასების“ კუთვნილ სადეგუსტაციო სივრცეში, გურიაში კი „მენაბდის მარანში“ მევენახეობა-მეღვინეობის ექსპერტებმა, გიორგი ბარისაშვილმა და იაგო ბიტარიშვილმა ხსენებულ ორივე რეგიონში ჩაატარეს ვრცელი ლექციები იმასთან დაკავშირებით, თუ რა მნიშვნელობა აქვს რთველის წინ კარგად მომზადებას, სწორად როგორ უნდა დაიგეგმოს მოსავლის აღება, როგორ უნდა მომზადდეს სათანადოდ საღვინე ჭურჭელი, ბუნებრივი მეღვინეობის მეთოდების დაცვით როგორ ხდება ვენახის სიმწიფის კონდიციამდე მიყვანა, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ყველაფერში სისუფთავეს და ჰიგიენის წესების დაცვას, ყურძნის გზა ვენახიდან მარნამდე და სხვა.

როგორც იცით, იაგო ბიტარიშვილი გამოცდილი, პრაქტიკოსი მევენახე-მეღვინეა, რომელიც თითქმის 20 წელზე მეტია „იაგოს მარანში“ საკუთარ ვენახში მოწეული ყურძნისგან ბუნებრივ ღვინოს აყენებს. მან მეგრელ და გურულ კოლეგებს პირველყოვლისა საკუთარი გამოცდილება გაუზიარა. იაგომ ასევე ისაუბრა იმ შეცდომებზე, რომლებიც საქმიანობის დასაწყისში დაუშვა და დეტალურად განმარტა როგორ წარმოუდგენია ხარისხოვანი ღვინის სწორად დაყენება.

მევენახეობა-მეღვინეობის მკვლევარი გიორგი ბარისაშვილი რთველისწინა სამუშაოების განხილვისას ვრცლად შეეხო იმ გამოცდილებას, რაც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ამ კუთხით არსებობს. კითხვა პასუხის რეჟიმში განიხილეს მთელი რიგი დეტალები ქართული საღვინე ყურძნის სხვადასხვა ჯიშების და ჰიბრიდული ვაზის სპეციფიურობაზე, ხარისხიანი ქვევრების მნიშვნელობაზე, ნაადრევ და ნაგვიანებ რთველზე, ვენახის წამლობის დროულად დასრულებაზე და სხვა. შეხვედრების დროს გიორგი ბარისაშვილმა  გამოთქვა სურვილი, რომ კარგი იქნება თუ საქართველოში ტერმინ „მევენახე-მეღვინის“ ნაცვლად დაბრუნდება და დამკვიდრდება ტერმინი „მემარნე“, რომელიც თავის თავში ბევრად უფრო მეტს მოიცავს, ვიდრე ღვინის დამყენებელი ადამიანია.   

ლექცია-სემინარებისადმი დიდი ინტერესი იყო სამეგრელოშიც და გურიაშიც. მეღვინეებმა იაგო  ბიტარიშვილს, გიორგი ბარისაშვილს და ღვინის კლუბის პრეზიდენტ მალხაზ ხარბედიას დაუსვეს კითხვები მრავალ საკითხზე, რაც მათთვის ყველაზე აქტუალურია. მეღვინეებმა გამოთქვეს მზაობა მონაწილეობა მიიღონ შემდეგ შეხვედრებშიც, რომელიც პროექტის ფარგლებში „ღვინის კლუბის“ მიერ გაიმართება.

მალხაზ ხარბედია, ღვინის კლუბის“ პრეზიდენტი, პროექტ „ღვინის სოფელი“-ს ხელმძღვანელი: „ღვინის სოფლის“ იდეამ და თავად პროექტმა შეიძლება ითქვას, რომ  უკვე გაამართლა და იმერეთის და რაჭა-ლეჩხუმის შემდეგ გურია-სამეგრელოც ჩაერთო მასში. ამ რეგიონებში ბევრი რამ ახლა იდგამს ფეხს, მიუხედავად უზარმაზარი ტრადიციისა. ჩვენი მიზანია, სასიკეთო ცვლილებებს ხელი შევუწყოთ და ადგილობრივ მეღვინეებს პირველ ყოვლისა მარნების ტურისტული მიმართულებით გარდაქმნაში დავეხმაროთ.

ახლანდელი ციკლის წამყვანი თემა არის ღვინის ტურიზმი, თუმცა ლექციების და ტრენინგების კურსი მევენახეობით დაწყებული და ღვინის ტურიზმით, ჰიგიენითა და ღვინით მომსახურებით დასრულებული, თითქმის ყველაფერს მოიცავს. შეხვედრები და საუბრები გვექნება ორგანულ მევენახე-მეღვინეობაზე, ღვინის მარკეტინგზე, შეფუთვაზე, გვყავს ძალიან კარგი დიზაინერი, რომელიც გამოცდილია ღვინის ეტიკეტის შექმნის თვალსაზრისით და ისიც დაეხმარება ჩვენს ბენეფიციარებს.

ამას გარდა, მევენახე-მეღვინეები თავად მოგვიყვებიან მათი საქმიანობის შესახებ, თუ როგორ დაიწყეს ეს საქმე, როგორ დგამენ პირველ ნაბიჯებს. სამეგრელოსა და გურიაში უზარმაზარი პოტენციალია. ამ კუთხეებში რაც უფრო მეტი ღვინის კერა გაჩნდება და ინფორმაციის გაცვლად აქტიურად მოხდება, მეღვინეებს უფრო მეტი ერთმანეთის ღვინო ექნებათ გასინჯული და თან კარგად ეცოდინებათ ერთმანეთის შესაძლებლობები.  ამ შემთხვევაში სიტყვა „კონკურენცია“ აზრს კარგავს“.

პროექტ „ღვინის სოფელი“-ს სამუშაო ჯგუფის დასახელებულ ორ რეგიონში ვიზიტი ტრადიციულად არ მოიცავს მხოლოდ ლექცია-სემინარებს. პროექტის ბენეფიციარები ასევე ეცნობიან ერთმანეთის საქმიანობას, რაც მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. 30 აგვისტოს მეგრელი მეღვინეები გაეცნენ მარტვილის მუნიცაპალიტეტის სოფელ ტალერში მდებარე მარან „ტალერის ტერასების“ საქმიანობას და შესანიშნავ ადგილზე ტერასულად გაშენებულ ვენახებს. მემარნე აკაკი თოდუამ “ღვინის სოფლის“ წარმომადგენლებს დეტალურად უამბო მათ მიერ გაწეულლი უზარმაზარი შრომის შესახებ, როგორც ვენახში, ასევე მარნის აშენებისას. ბატონი აკაკი ამთავრებს ახალი მარანის შენებას, რომელიც ტურისტული ელემენტებითაც უხვად დაიტვირთება.

31 აგვისტოს გურიაში გურულმა მეღვინეებმა ჯერ ვახუშტი მენაბდის კუთვნილი „მენაბდის მარანი“ დაათვალიერეს და მენაბდეების პოპულარული ღვინოები დააჭაშნიკეს, შემდეგ კი გურული ვაზის ჯიშების ცნობილ კოლექციონერს, ანდრო ვაშალომიძეს ესტუმრნენ, რომელმაც ოზურგეთში მის მიერ მოძიებული იშვიათი ვაზის ჯიშებისგან გაშენებული საკოლექციო ვენახი აჩვენა და ამავე ვენახში მოწეული იშვიათი ღვინოები გაასინჯა. სასიხარულოა, რომ ბატონი ანდროც „ღვინის სოფლის“ ბენეფიციარია.

დასასრულს, 1 სექტემბერს, „ღვინის სოფელი“-ს სამუშაო ჯგუფი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ამაღლებაში მარან „გურული ღვინოები - ამირან დოლიძე“-ს საქმიანობას გაეცნო და მათი მშენებარე მარანი დაათვალიერა. მოხდა ღვინის ჭაშნიკიც. ეს მარანი სულ ცოტა ხნის წინ დაარსდა და უკვე რამდენიმე სახის გურულ და იმერულ ღვინოებს აწარმოებენ.  „გურული ღვინოებიც“ „ღვინის სოფელი“-ს ბენეფიციარი გახდა.

პროექტის წარმომადგენლების გურიასა და სამეგრელოში შემდეგი ვიზიტი გვიან შემოდგომაზეა დაგეგმილი. ლექცია-სემინარები მთავარი თემა ღვინის დუღილი და რთველის შემდგომ მარანში განსახორციელებელი სამუშაოები იქნება.

„ღვინის სოფელის“ ახალი ეტაპი მიზნად ისახავს მომავალში საქართველოს ყველა ღვინის რეგიონი მოიცვას.

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებას.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული