Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართველი მეღვინეების რჩევები ახალბედა მეღვინეებს

ლევან სეფისკვერაძე

ბოლო დროს, საქართველოში მრავალ ადამიანს გაუჩნდა მეღვინეობისადმი ინტერესი. გამოჩნდნენ ადამიანები და დაინტერესებული ჯგუფები, რომლებიც საკუთარ სახსრებს, ხშირად კი უკანასკნელ დანაზოგსაც კი ხარჯავენ მცირე მარნების მოსაწყობად და მეღვინოების საიდუმლოებების შესაცნობად. სამწუხაროა, რომ ბევრი ჩვენი თანამემამულის მეღვინეობის მასშტაბები ე.წ. გარაჟის მეღვინოებას ვერ სცდება, მაგრამ გარკვეული გზებით ასეთი ღვინო მაინც ხვდება ქართულ ბაზარზე (უმეტესად ე.წ. აგრარულ ბაზრებზე).

მხოლოდ ნატურალური

ეკოლოგიურად სუფთა ღვინის მწარმოებელი ქართველი მეღვინეები დამწყებ მეღვინეებს ურჩევენ, რომ სანამ ამ საქმეს მოჰკიდებენ ხელს, ჯერ ყველა ის სირთულე თუ ნიუანსი გაითვალისწინონ, რაც მეღვინეობას და მანამდე მევენახეობას ახლავს თან. წარმატებული მეღვინეების რჩევები ღვინის დაყენებით (შემდგომში კი შესაძლოა გაყიდვითაც) დაინტერესებულ ჩვენს თანამემამულეებს წესით სწორედ ახლა უნდა გამოადგეთ.

მალხაზ ჯაყელი, მეღვინე, კომპანია ”ჯაყელების ღვინოების” თანამფლობელი:”დამწყებმა მეღვინემ ერთადერთი, რაც შეუძლია კარგი შესთავაზოს მომხმარებლებს, და ზოგადად ღვინის მოყვარულებს, ეს არის ის, რომ მისი ღვინო აუცილებლად უნდ აიყოს ”ბიო” ან ნატურალური. როგორც იცით, ”ბიოსა” და ნატურალურს შორის არსებობს განსხვავება. მე მაგალითად მაქვს პრეტენზია, რომ ”ჯაყელების ღვინოები” არის ნატურალური, რადგან ჩვენ ზედმეტს არაფერს ვამატებთ ღვინოში და დაღვინებისათვის უმცირესი გოგირდის გარდა, საერთოდ არანაირ ქიმიურ დამატებით საშუალებას არ ვიყენებთ. ამასვე ვურჩევდი დამწყებ მეღვინეებს.

ასეთი ბიოლოგიურად სუფთა მეთოდებით დაყენებული ღვინო იქნება ის პრემიუმ ღვინო, რომელიც ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ მაგალითად უკრაინის ბაზარს, მაგრამ ძალიან მცირე რაოდენობით, რადგან ასეთი ღვინო დიდ გაყიდვებზე არსად გადის. დამწყებ მეღვინეებს ასევე ვურჩევდი, რომ სანამ ამ საქმეს მოჰკიდებენ ხელს, მოიქცნენ ისე, როგორც მე და ჩემი მეგობრები მოვიქეცით. ანუ, მოვიდნენ ჩვენთან, სხვა მეღვინეებთან და ყველას გამოჰკითხონ თუ როგორ აყენებენ ღვინოს. ასევე უნდა ნახონ მევენახეები და მათი მეთოდებიც უნდა გაიცნონ. საქმის ზერელედ დაწყება არ შეიძლება. სხვის შეცდომებზე კი მართლა ძალიან ბევრი რამის სწავლაა შესაძლებელი”.

მეღვინე იაგო ბიტარიშვილი თვლის, რომ დამწყები მეღვინეებისათვისზოგადი რჩევის მიცემა საკმაოდ ძნელია, რადგან რჩევა გამომდინარეობს ადამიანის ინდივიდუალურობიდან, მისი საბაზისო ცოდნიდან და ზოგადად იქიდან, თუ რა უნდა ამ ადამიანს. ვიღაცას თუ უნდა, რომ დიდი ქარხანა ააშენოს, მას სხვა ტიპის რჩევა სჭირდება, პატარა მარნებში ექსკლუზიური ღვინის წარმოების მსურველთ კი სულ სხვა კუთხიდან სჭირდებათ საქმეში გარკვევა.

“მომხმარებელი ზედმეტ ფულს იშვიათად იხდის”

იაგო ბიტარიშვილი, მეღვინე, ღვინო “ჩარდახის” ავტორი: ”თუ ვისაუბრებთ მცირე მარნებზე, მე ყველას ვურჩევდი, რომ აერჩიათ მხოლოდ და მხოლოდ ეკოლოგიური მიმართულება, ნატურალური ღვინოების დაყენება. აუცილებელია, რომ პატარა მარანმა ისეთ სეგმენტში დაიწყოს თავის დამკვიდრება, სადაც დიდი ქარხნები ნაკლებად არიან. თუკი პატარა მარანი დიდ ქარხნებს ღვინის ფასის სიმცირესა და რაოდენობაში გაეჯიბრება, მას ”ვეშაპებთან” მეტოქეობის დროს უბრალოდ შანსი არ ექნება. პრინციპში პატარა მარნის საქმე არცაა დიდი ქარხნის კონკურენცია, თუმცა არიან მცირე მეღვინეები, რომლებიც რატომღაც მაინც ცდილობენ ამას და წარმოუდგენიათ, რომ მეღვინეობა აუცილებლად უნდა ასოცირდებოდეს იმასთან, რომ გაქვს ღვინის ქარხანა, გაქვს ჩამოსასხმელი ხაზი, გაქვს მასტაბური ტექნოლოგიები. ჯერ კიდევ არის შემორჩენილი ასეთი წარმოდგენები. ასეთი ამბიციის მქონე პატარა მარნების ბოლო, როგორც წესი, გაკოტრებაა, რაც ბევრმა დამწყებმა მეღვინემ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს.

დამწყებ მეღვინეებს ასევე ვურჩევდი, რომ საკუთარი შესაძლებლობები რეალურად შეაფასონ და არ მოინდომონ ის, რისი შესაძლებლობებიც რეალურად არა აქვთ. ბევრ მეღვინეს ჰგონია, რომ მისი ღვინო ყველაზე მაგარია და ფასი აუცილებლად 30-40 ლარი უნდა დაადოს. ასეთი ამბიცია ერთის მხრივ ძალიან კარგია, რადგან მეღვინეს თვითრწმენა უყალიბდება, მაგრამ მეორეს მხრივ ჩვენ ხომ ვიცით, რომ ხელოვნურად გაბერილფასიანი ღვინითაა გადაჯერებული ქართული ბაზარი და იმასაც ვხედავთ, რომ მომხმარებელი ზედმეტ ფულს იშვიათად იხდის”.

ახალბედა მევენახემ და მეღვინემ წინასწარ უნდა განსაზღვროს, თუ რა მოცულობის ვენახის დამუშავება შეუძლია და რამდენი ღვინის წარმოება შეესაბამება მის შესაძლებლობებს. არიან მეღვინეები, რომლებიც თავიდან უზარმაზარ ვენახებს ყიდულობენ და მერე გვიან ხვდებიან, რომ ამდენს უბრალოდ ვერ მოუვლიან. ასევე არიან ისეთები, რომლებიც ჭარბი რაოდენობის ღვინოს აყენებენ და ამის გამო დიდ ზარალზე მიდიან. აუცილებლად უნდა დაითვალოს ხარჯები და პროდუქციის მინიმალური ფასიც აქედან უნდა დადგინდეს.

ჯერ ვაზი!

ევროპასა და ე.წ. ახალი სამყაროს ქვეყნებში არის დიდი კომპანიები, რომლებიც ახალ ბაზრებზე წინასწარ გათვლილი ზარალით შედიან. ანუ, ღვინოს იმაზე იაფად ყიდიან, ვიდრე ის რეალურად ღირს. ესაა ერთგვარი წინასწარი ინვესტიცია, რომელსაც თავისი ნაყოფის გამოღება მომავალში შეუძლია. პატარა მეღვინეს ასეთი ”ფუფუნების” საშუალება არ აქვს და სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ მის მიერ განსაზღვრული საკუთარი ღვინის ფასი რეალურიც იყოს და მყიდველისთვის მისაღებიც. მეღვინეები თვლიან, რომ არავინ არ არის იმის წინააღმდეგი, რომ კარგი და ექსკლუზიური ღვინო ასი დოლარი და თუნდაც მეტი ღირდეს, მაგრამ ფასი უნდა იყოს რეალური და უნდა შეესაბამებოდეს რეალურ და არა უსაგნო ამბიციას.

რამაზ ნიკოლაძე, მცირე მარნის, ”ნიკოლაძეების მარანი” – მფლობელი: ”ვიფიქრე რა რჩევა უნდა მივცე მე დამწყები მეღვინისათვის და მივხვდი, რომ განსაკუთრებულს ვერაფერსაც ვერ ვურჩევ. ხშირად მე თვითონ მჭირდება რჩევა, რადგან ყველაფერი არავინ არ იცის.. მეღვინეობის დაწყების წინ აჯობებს კაცმა ინგლისური და კომპიუტერი ისწავლოს. ხოლო თუ მაინც არ მოასვენებს გამჩენი და მეღვინეობას ახლავე მოინდომებს, ერთი თხოვნა მექნება მასთან – ვენახიდან დაიწყოს და ჯერ ვაზი ჩაყაროს. ამაზე კარგს, დამიჯერეთ, ის ვერაფერს იზამს”.

როგორც ხედავთ, ქართველი მეღვინეების დიდი ნაწილის რჩევა დამწყები მეღვინეებისადმი ის არის, რომ მათ სწორად უნდა შესაფასონ საკუთარი შესაძლებლობები და არ უნდა გაეჯიბრნონ დიდ ქარხნებს. ამ დროს, კი, ქართული მასშტაბით ღვინის დიდი ქარხნები ცდილობენ კონკურენცია ავსტრალიის, ჩილეს, ახალი ზელანდიის და საფრანგეთის დიდ ქარხნებს გაუწიონ. ეს მაშინ, როცა მარტივი სტატისტიკიდან ჩანს, რომ დიდი ევროპული თუ ახალზელანდიური ღვინის კომპანია, რომელიც წელიწადში რამოდენიმე მილიონ ბოთლ ღვინოს ყიდის, სულ სხვა კატეგორიის საწარმოა და მასთან გაჯიბრება ყოველთვის ცუდი შედეგით მთავრდება.

მითების ტყვეობაში

იაგო ბიტარიშვილი: “ამასწინათ, მე და ღვინის კლუბის პრეზიდენტი, მალხაზ ხარბედია ტელევიზიაში ვიყავით ერთ-ერთ გადაცემაში მიწვეულები. იქ ჩვენთან ერთად მიწვეულები იყვნენ აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები. ძალიან დამწყვიტა გული მათმა არასწორმა წარმოდგენებმა. მათ ზუსტად ისეთივე წარმოდგენა აქვთ, რაც დღეს ზოგიერთ ქართულ სოფელშია დამკვიდრებული. ანუ მათ მიაჩნიათ, რომ ქართული ღვინო მსოფლიოში ერთადერთი კარგი ღვინოა და ერთ-ერთმა სტუდენტმა ისიც კი თქვა, რომ თითქოს გერმანელებს გერმანიაში გააქვთ ჩვენი ყურძენი, ურევენ საკუთარ ყურძენში და ასე გადაფარავენ მათი ყურძნის სიმჟავეს. ეს არის უბრალოდ არასწორი ინფორმაცია და მითი, რომელიც სულაც არ ასხამს წყალს ქართული მეღვინეობის წისქვილზე.

როდესაც ამ სიტყვების მთქმელი ბიჭი, შემდგომში ახალგაზრდა მეღვინე გახდება და თავის ღვინოს დააყენებს, მას შეიძლება მართლა მოუნდეს ღვინოს ძალიან დიდი ფასი რომ დაადოს და შემდეგ ალბათ ვერასოდეს მიხვდება იმას, თუ რატომ ვერ გაყიდის რამდენიმე ბოთლზე მეტს. მე ხშირად მეუბნებიან ხოლმე იმას, რომ ღვინოს ძალიან იაფად ვყიდი და ასეთი სიიაფეც არა არის კარგი. ამ ხალხს მხოლოდ იმას ვეუბნები, რომ ჩემი ღვინო დასავლეთ ევროპაში იყიდება, წელს კი ინგლისსა და ამერიკაშიც უნდა გავაგზავნო. ზოგიერთი დარეკლამებული ქართული ღვინო კი უკრაინის, ყაზახეთის და ბელორუსიის საზღვრებს ვერ ცდება. ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს, რადგან ევროპელი მომხმარებელი სულ სხვა მოთხოვნებს აყენებს. ყოფილი საბჭოთა კავშირის მომხმარებელი კი მინიმალურ სტანდარტებზეც თანახმაა. ღვინის ფასი ხელოვნურად რომ გამებერა, დარწმუნებული ვარ, ჩემი ღვინისადმი დაინტერესება ბევრად მცირე იქნებოდა. მით უმეტეს, რომ ამ ქვეყნებში მე არც მარკეტინგული კვლევა ჩამიტარებია და არც არაფერი“.

და ქვევრი...

საქართველოში სამწუხაროდ ჯერ კიდევ შემორჩენილია ქართული ქვევრისადმი უნდობლური დამოკიდებულება და ქვევრის, როგორც ძნელად მოსავლელი ღვინის ჭურჭელის გამოყენება ბევრ ადამიანს მხოლოდ იმიტომ არ სურს, რომ ეშინია, რომ “რაღაც ისე ვერ გამოუვა, როგორც უნდა გამოუვიდეს“. ამის მიზეზი სხვა ყველაფერთან ერთად, ინფორმაციის ნაკლებობაცაა. ქართული ნატურალური ღვინის მწარმოებლები დამწყებ მეღვინეებს ურჩევენ, რომ არ შეეშინდეთ ჭურჭლად ქვევრის გამოყენების, რადგან წავიდა ის დრო, როდესაც ქვევრებს აუქმებდნენ, ქვით ავსებდნენ და სამუდამოდ მარხავდნენ ბეტონის სქელი ფენით.

რამაზ ნიკოლაძე: “ვიცი, რომ ძნელია ადამიანმა უცებ მოინდომოს, ქვევრებიც ჩაყაროს და ღვინოც სწრაფადვე მიიღოს კარგი ხარისხის, მაგრამ, თუ ერთხელ არ დაიწყე, მერე ვერც ვერასოდეს დაიწყებ. ამიტომ, დამწყებ მეღვინეებს ქვევრის გამოყენებას ვურჩევდი. მით უმეტეს, რომ თანხობრივად ქვევრი სხვა ტიპის ჭურჭელზე ძვირი ნამდვილად არ არის“.

დაბოლოს, უნდა ვთქვათ ისიც, რომ საკუთარ ღვინოზე გადამეტებული წარმოდგენა ახასიათებთ როგორც ქართველ, ასევე უცხოელ მეღვინეებს. როგორც იაგო ბიტარიშვილი ამბობს: ”ღვინო და ამბიცია და ღვინო და მითი იმდენად გადაჯაჭვულია ერთმანეთზე, რომ სადაც კი არ უნდა ჩახვიდე, ყველა ამბობს, რომ მსოფლიოში საუკეთესო ვენახი და ყურძენი იქ არის”. ერთ-ერთი ასეთი მითის კლასიკური ნიმუშია ის, რომ თითქმის ყველა ღვინის ქართველი მწარმოებელი ამბობს, რომ მათი ღვონო ადრე მიდიოდა სტალინთან. ანუ, ეს ხალხი თვლის, რომ თუკი სტალინთან მიდიოდა, ის ღვინო აუცილებლად კარგი უნდა ყოფილიყო, რაც საერთო შეფასებით - არასწორია. იმის გარდა, რომ ქართული წარმოშობის რუსი დიქტატორი მეღვინეობის მეტრი არასოდეს ყოფილა, ასევე წარმოუდგენელია ისიც, რომ სტალინს ერთად ყვარებოდა ატენური და ჩხავერი, ხვანჭკარა და ოჯალეში, უსახელოური და გორული მწვანე... არადა, ყველა ზემოთდასახელებული ღვინის მწარმოებელი სტალინისათვის საყვარელ, ერთადერთ და სანუკვარ ღვინოდ მხოლოდ და მხოლოდ თავისას რაცხს.

ერთი სიტყვით, ქართველი მეღვინეები დამწყებ კოლეგებს ურჩევენ, რომ პირველ რიგში კარგად შეისწავლონ ეს საქმე, ყურადღება მიაქციონ არამხოლოდ ღვინოს, არამედ ვენახსაც, იცოდნენ საკუთარი ღვინის რეალური და არა ხელოვნურად გაბერილი ფასი, ისწავლონ სხვების შეცდომებზე და რაც შეიძლება ნაკლებად ახსენონ იოსებ ბესაიონის ძე სტალინი. 

© ღვინის კლუბი/Weekend



მეღვინე გაცილებით ღირებულ და ღირსეულ რჩევას უნდა იძლეოდეს,ან საერთოდ არაფერს–სტალინი რა შუაშია!?


როგორ თუ რა შუაშია! შეჭამა ამ მონსტრმა ქართული ღვინო, ყველაფერი ამ მყრალ ადამიანზე იყო მიბმული :) დავიჯერო პირველად გესმით ეს ამბავი? და რჩევებს რას ერჩით? იქნებ უფრო კონკრეტულად გვითხრათ?


მეც ვერ გავიგე თქვენი პოზიცია, ბოდიშს გიხდით და ვინ შეჭამა ქართული ღვინო და ვენახიო? სტალინის დამცველი არ ვარ მაგრამ, მაინც ვერ გავიგე :(


თითქმის 60 წ რაც სტალინი მიიცვალა–შევარდნაძე აგერ გვიზის ––– გამგები გაიგებს! რაც შეეხება რჩევებს –ვინ სად რა გაყიდა იაფად (ისიც საკითხავია რა გაყიდა) ეგ რჩევა არ არის, პირადად მე მივცემ თავს უფლებას ვუთხრა და არა ვურჩიო ახალბედებს მონახონ ნამდვილად მცოდნე პირი ან მოიძიონ ლიტერატურა და ისწავლონ ანბანი მეღვინეობის,რომ უბრალოდ გაარჩიონ ღვინის გაკეთება ღვინის დაყენებისგან.


ეს სტატია სულაც არ გამორიცხავს, რომ დამწყებმა მეღვინემ არ წაიკითხოს ლიტერატურა (თუმცა ეს ლიტერატურა სადაა ნეტავ თუ იცის ვინმემ?!) და არ კითხოს ,,ნამდვილად მცოდნე” მეღვინეს. ეს სტატია ეხება რჩევებს იმ ადამიანებისაგან რომლებმაც დიდი ხანი არაა რაც თვითონ დაიწყეს მეღვინეობა და ჟურნალისტმა ჩათვალა, რომ მათი გამოცდილებაც არ იქნებოდა ხელის შემშლელი იმათთვის ვინც ახლა აპირებს მეღვინეობას. რაც შეეხება იმის დაჯერება არ დაჯერებას ვინ სად რა გაყიდა ეს თქვენი უფლებაა და შეგიძლიათ დაიჯეროთ ან არ დაიჯეროთ.


ღვინის წარმოებას რა ლიცენზია ჭირდება?


მოგესალმებით, მაქვს ძალიან დიდი სურვილი შევქმნა მცირე ზომის მარანი. მაინტერესებდა, რომ თუ ვენახი არ გამაჩნია, როგორ ფიქრობთ შესაძლებელია თუ არა მარნის შექმნა და ყურძნის შესყიდვა და ისე ღვინის დაყენება თუ აუცილებელია რომ პირველ რიგში ვენახი მქონდეს საკუთარი და მერე ვიფიქრო მარანზე? პატივისცემით

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული